Get All Access for $5/mo

დღეს ადამიანებს ავთენტური, ორიგინალური, ნამდვილი და ბუნებრივი შეთავაზებები სურთ ექსკლუზიური ინტერვიუ DINNER IN THE SKY-ის დამფუძნებელ დევიდ გიზელსთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Dinner in the Sky

როგორ უნდა განარჩიონ ანტრეპრენერებმა ერთმანეთისგან უბრალოდ კარგი იდეა და სიცოცხლისუნარიანი ბიზნესშესაძლებლობა?

ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ როდესაც გადაწყვეტ ახალი ბიზნესის წამოწყებას, ყველაზე მნიშვნელოვანია "ინგრედიენტების" სწორად შერჩევა. თუ ისინი კარგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზედმიწევნით ზუსტად არ იცი, როგორ განვითარდება და რა გზით წავა შენი ბიზნესი, შეძლებ წარმატების შანსის მაქსიმიზაციას. რა თქმა უნდა, როგორც ბუნების კანონია, დაგჭირდება დრო. ჩემთვის, ნებისმიერ ბიზნესს მინიმუმ სამწლიანი ციკლი სჭირდება იმისათვის, რომ დაინახო, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის. ამ ზღვარის გადასალახად კი საჭიროა გქონდეს საკმარისი ფინანსური, ადამიანური რესურსი და მზად იყო მუშაობის, მუშაობის და მუშაობისთვის...

რა ბიზნესშია Dinner in the Sky? სარესტორნო თუ გასართობ ბიზნესში?

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ Dinner in the Sky უფრო მეტად გასართობ ბიზნესს მიეკუთვნება. ეს არის უნიკალური გამოცდილება, უნიკალური მომენტი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩვენმა სტუმრებმა საკუთარ თავზე უნდა გამოსცადონ. დღეს ადამიანებს სურთ რაღაც არაორდინარული, უნიკალური და ექსკლუზიური. მათ სურთ იმის შეგრძნება, რომ განიცდიან ჭეშმარიტად უნიკალურ მომენტს, რაც მათ სხვა ადამიანებისგან განასხვავებს.

Dinner in the Sky არ არის მხოლოდ სადილი (ადამიანებს თუ მხოლოდ გასტრონომიული გამოცდილების მიღება სურთ, ტრადიციულ რესტორანში წავლენ), არამედ სადილის, გართობის, ლოკაციისა და შეფსა და სტუმრებს შორის ინტერაქციის კომბინაციაა.

გვითხარით თქვენი პარტნიორის, შტეფან კერხოფის შესახებ. როგორ გაქვთ განაწილებული როლები ბიზნესის მართვაში?

შტეფან კერხოფი არის The Fun Group-ის დამფუძნებელი, რომელმაც Dinner in the Sky-ს კონცეფცია რეალობად აქცია. კერხოფის და მისი გუნდის გამოცდილების გარეშე, ეს იდეა იდეად დარჩებოდა. ის არის ადამიანი, რომელიც იდეებს კონკრეტულ, უსაფრთხო და მართვად პროექტებად აქცევს. ჩემი კომუნიკაციების სააგენტო Hakuna Matata კი საუკეთესო თანხვედრა იყო, რადგან იდეების გენერირების გარდა, სააგენტო საკვების პრემიუმბრენდების კომუნიკაციაზე ზრუნავს, განსაკუთრებით "მიშლენის" ვარსკვლავის მქონე შეფმზარეულების მეშვეობით...

რატომ საქართველო?

Dinner in the Sky მშვენიერი კონცეფციაა, მაგრამ მისი მართვა არ არის ადვილი. ამ კონცეფციის წარმატებულ ბიზნესად ქცევა რომ შეძლოთ, უნდა გქონდეთ საუკეთესო ლოკაციები, კონტაქტები, გამოცდილება ეკოტურისტულ თუ ღონისძიებების მენეჯმენტში და ცოდნა იმისა, თუ როგორ შექმნათ რაიმე ექსკლუზიური. სოღოლ დავარიმ და აბთინ რალიმ (Dinner in the Sky-ს ფრანჩაიზის მფლობელები საქართველოში) შეძლეს ჩვენი დარწმუნება, რომ მათ აქვთ შესაბამისი უნარ-ჩვევები Dinner in the Sky-ს წარმატებით სამართავად, რომ ისინი კარგი პარტნიორები იქნებიან საქართველოში. მათ ასევე დაგვარწმუნეს, რომ თბილისი და ბათუმი საუკეთესო ლოკაციები იქნება საქართველოში. ყველაფერი, რაც მათ მიამბეს საქართველოს დინამიკის შესახებ, პირდაპირ ემთხვევა ჩემს პირად გამოცდილებას. ხუთი წლის წინ თავად ვიმოგზაურე საქართველოში და აღფრთოვანებული დავრჩი მისი სილამაზით.

რას ურჩევდით ქართველ ანტრეპრენერებს იმისათვის, რომ მათაც მოახდინონ რეალური ცვლილებები?

ჩემი რჩევა იქნება, დარჩნენ ისეთებად, როგორებიც არიან. ჩემი აზრით, ქართული კულტურა ძალიან მდიდარი და თვითმყოფადია, ქართველ ხალხს

ცხოვრების საკუთარი, დამახასიათებელი წესი აქვს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ის, რაც ნამდვილ ღირებულებას, ნამდვილ აქტივს წარმოადგენს. დღეს ადამიანებს უფრო და უფრო მეტად სურთ ავთენტური, ორიგინალური, ნამდვილი და ბუნებრივი შეთავაზებები... მათთვის უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება ერთი და იგივე რესტორნები, მაღაზიები, ბრენდები − ყველა ქალაქში მსოფლიოს გარშემო.

რა არის ანტრეპრენერისთვის დამახასიათებელი პიროვნული თვისებები? ადამიანი უნდა დაიბადოს ანტრეპრენერად?

იმისათვის, რომ იყოთ კარგი ანტრეპრენერი, საჭიროა კომფორტულად იყოთ თავგადასავლებთან. ჩემი აზრით, ანტრეპრენერები თანამედროვე მსოფლიოში თავგადასავლების მაძიებლები არიან. მე ვიტყოდი, რომ ანტრეპრენერად უნდა დაიბადო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია გახდე. უბრალოდ, ეს ცოტა უფრო რთული იქნება იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ასეთად დაიბადა. ყველაზე ღირებული გაკვეთილი ჩემი მთაში მოგზაურობის, მთამსვლელის გამოცდილებიდან მივიღე. როცა მწვერვალს შეჰყურებ, იცი, რომ ის შენი სამიზნეა, რომელიც უნდა დაიპყრო და მთელ ენერგიას ამ მიზნისაკენ მიმართავ. მაგრამ რასაც მალე ისწავლი, და ეს ანტრეპრენერების შემთხვევაშიც ასეა, არის ის, რომ მწვერვალი, რომელიც ქვემოდან მოჩანს, ფარავს სხვა მწვერვალს მის უკან, ის კი თავის მხრივ სხვა მწვერვალს და ასე შემდეგ... და როცა რეალურ მწვერვალს მიაღწევ, უნდა გქონდეს შემორჩენილი ენერგია უკან დასაშვებად, რაც ხშირად უფრო რთული და მომქანცველია, ვიდრე ზემოთ სვლა...

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge