Get All Access for $5/mo

გუნდების გუნდი შეიცვალე ან მოკვდი − ასეთია თანამედროვე ორგანიზაციების არჩევანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი შარაშიძე

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალ სტენლი მაქკრისტალის წიგნი "გუნდების გუნდი" ომსა და საბრძოლო ხელოვნებაზე დაწერილი წიგნი არ გეგონოთ. ეს წიგნი, უპირველესად, ლიდერობის წიგნია. ლიდერობის, რომლის დამსახურებითაც, არსებული შედეგის შეცვლა, მარცხის წარმატებად ქცევაა შესაძლებელი.

ეს არის ტრანსფორმაციული წიგნი სწრაფად ცვალებად გარემოში მუდმივი ადაპტაციისა და გუნდური აზროვნების მნიშვნელობაზე, რაც თანამედროვე ორგანიზაციების წარმატების საწინდარია.

სწორედ ადაპტაციის უნარი უნდა იქცეს თანამედროვე ორგანიზაციების მთავარ კომპეტენციად. თუ აქამდე, წარმატების კრიტერიუმად ეფექტიანობა მიიჩნეოდა, რაც მინიმალური რესურსებით მაქსიმალურ შედეგზე გასვლას გულისხმობს, გენერალ მაქკრისტალს ერაყსა და ავღანეთში "ალ-ქაიდასთან" წარმოებული კონტრტერორისტული ოპერაციების მართვამ ასწავლა, რომ ეფექტიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მასზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადაპტირების უნარია.

ადაპტირება კი სწორედ გუნდების გუნდის ჩამოყალიბებითა და ისეთი გარემოს შექმნით მიიღწევა, სადაც იერარქიულ მმართველობას გუნდური მუშაობა, მოქნილობა, სიტუაციაზე მორგება, სწრაფი გადაწყობა, ერთმანეთისგან სწავლა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ნდობა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება იქნება წახალისებული.

როგორ შეიძლება ლიდერმა შექმნას გარემო, სადაც გუნდები გამჭვირვალობითა და ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებით, კომუნიკაციისა და მართვის ახალი, მეტად დეცენტრალიზებული და ნაკლებად იერარქიული წესებით ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო?!

როგორ შეიძლება ლიდერმა შექმნას გარემო, სადაც გუნდები ბრძანების უსიტყვო შესრულების, სტანდარტული "ზემოდან-ქვემოთ" დირექტივის ნაცვლად, ერთმანეთთან თანამშრომლობით, ურთიერთნდობითა და სწრაფად ცვალებად, კომპლექსურ გარემოსთან მუდმივი ადაპტაციით, სიტუაციაზე მორგებითა და ინოვაციური მიდგომებით აღწევენ სასურველ მიზანს?

თანამედროვე ორგანიზაციებს, იმისათვის, რომ შეძლონ გარდაქმნა და რთულ, მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება, ავტორიტარული ლიდერების ნაცვლად ისეთი ლიდერები უნდა მართავდნენ, რომლებიც გუნდებს ერთი საერთო მიზნის მისაღწევად ერთობლივი საქმიანობის, ინოვაციური აზროვნებისა და გუნდური მუშაობისთვის შესაბამის გარემოს შეუქმნიან.

ელიტური სამხედრო დანაყოფის, სპეციალურ დავალებათა გაერთიანებული რაზმის, რომელსაც ავტორი წიგნში "სპეცრაზმად" მოიხსენიებს, ერაყსა და ავღანეთში საბრძოლო და ანტიტერორისტული ოპერაციების დროს მიღებულმა მუდმივი ადაპტირების გამოცდილებამ გენერალ მაქკრისტალის რაზმი ფუნდამენტურად ახალ დანაყოფად გარდაქმნა, რომელიც ახალ გარემოში უკვე სრულიად განსხვავებულად მოქმედებდა.

გუნდების გუნდის მოდელმა "ალ-ქაიდას" ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ არსებულ უპირატესობას, რაც საუკეთესო აღჭურვილობაში, რიცხოვნობასა და სამხედრო მომზადებაში გამოიხატებოდა, გენერალ მაქკრისტალის რაზმს სისწრაფე და მოქნილობა შემატა, რაც მტერზე უპირატესობის მოსაპოვებლად გადამწყვეტი აღმოჩნდა.

გენერალი მაქკრისტალი საკუთარი რაზმის ტრანსფორმაციას, რომელიც პრინციპით "ცვლილება-შეფასება-ისევ ცვლილება" სწრაფი გამეორებების მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა, ფეხბურთის გუნდის ტრანსფორმაციას ადარებს, როდესაც გადამწყვეტი მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელებს ნაცადი ტაქტიკის გადაწყობა უწევთ, მაგრამ მისი თქმით, სინამდვილე იმდენად დრამატული იყო, რომ არათუ ერთი ტაქტიკიდან მეორეზე, არამედ ფეხბურთიდან კალათბურთზე გადასვლას უფრო ჰგავდა.

"გუნდების გუნდი" ომის ისტორიების წიგნი არ არის. ეს არის წიგნი ცვლილებაზე, რომელიც თანამედროვე ლიდერის მთავარ გამოწვევად რჩება.

შეიცვალე ან მოკვდი − ასეთია თანამედროვე ორგანიზაციების არჩევანი. ასეთი არჩევანის წინაშე იდგა გენერალ მაქკრისტალის სპეცრაზმიც "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ ბრძოლისას ერაყსა და ავღანეთში, საიდანაც გამარჯვებული სწორედ მუდმივი ცვლილების, ადაპტაციისა და გუნდური მუშაობის გარემოს შექმნით გამოვიდა.

გენერალ მაქკრისტალისთვის "ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაა. თუ ეს თქვენგან ცვლილებას მოითხოვს, მაშინ ეს თქვენი მისიაა".

"გუნდების გუნდი" კი წიგნია, რომელიც თქვენი მისიის ახლებურად გააზრებაში დაგეხმარებათ.

გენერალ მაქკრისტალის წიგნი "გუნდების გუნდი" "ლურჯი ოკეანის" პროექტის ფარგლებშია ხელმისაწვდომი ონლაინ, Entrepreneur Shop-ზე, Plitral.ge-ზე ან ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი