კონკურენტებმა შესაძლოა წარმატებული გაგხადონ მხოლოდ, ზოგიერთ გავრცელებულ მახეს უნდა აარიდოთ თავი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მეტოქე მოძებნეთ! − ასეთ რჩევას აძლევს დამწყებ სპორტსმენებს იზოტონური სასმელების კომპანია Gatorade-ის ბოლო სარეკლამო რგოლში, ფეხბურთის ეროვნული ლიგის ვარსკვლავი, ჯასტინ უოტსი. ის ირწმუნება, რომ მეტოქის არსებობა თქვენთვის მამოძრავებელი ძალა გახდება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას უკეთ შეძლებთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთი რჩევები მხოლოდ სპორტსმენებისთვის კი არა, ანტრეპრენერებისთვისაც სასარგებლო იქნება.
მსგავსი სტატია: ქართული ლუდსახარშების მედგარი კონკურენცია
კონკურენტის არსებობამ შესაძლოა თქვენს კომპანიაში შრომის ნაყოფიერება გაზარდოს. მაგალითად, კონკურენტი დაგეხმაროთ, რომ თქვენი მიზნების ერთგული დარჩეთ, მოტივაციაც გაგიძლიერდეთ, რათა გამარჯვებას მიაღწიოთ და ზოგადი შრომისუნარიანობაც გაგიუმჯობესდეთ. მაგრამ ვიდრე ქუჩაში გახვალთ და სხვა ანტრეპრენერს დაუწყებთ ძებნას, რომელსაც კონკურენცია უნდა გაუწიოთ, საჭიროა გააცნობიეროთ და თავიდან აირიდოთ მახეები, რომლებიც კონკურენციას ახლავს. თუმცა, ისიც მოსალოდნელია, კონკურენტულმა თანამშრომლობამ, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში შეგიშალოთ ხელი და გარდა ამისა, უფრო რისკიანი გაგხადოთ. ამ ნაბიჯებმა კი, შესაძლოა ზიანი მოუტანოს თქვენს კომპანიას.
გაეცანით 3 მოსაზრებას, რომლებიც კონკურენციის პირობებში მაქსიმალური შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ ისე, რომ მახეებსაც აარიდებთ თავს.
1. თქვენი პრინციპების ერთგული იყავით
ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც კონკურენციას გაუწევთ, შესაძლოა, საუკეთესო გზა იყოს თქვენს მიზნებზე ყურადღების გასამახვილებლად და თქვენი საწარმოს შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად. მაგრამ, როდესაც მთელ თქვენს ყურადღებას კონკურენტების დამარცხებაზე გაამახვილებთ, შესაძლოა, შემდეგი ფრაზა თქვენს დევიზადაც კი აქციოთ: "გამარჯვება ნებისმიერ ფასად". სწორედ ის გიბიძგებთ, არ იფიქროთ, რა გზით აღწევთ გამარჯვებას. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა შეისწავლა, თუ რა კავშირი არსებობს კონკურენციასა და არაეთიკურ ქცევას შორის და დაადგინა, რომ ადამიანები მზად არიან გაცილებით არაეთიკურად მოიქცნენ კონკურენტუნარიან მეტოქეზე გასამარჯვებლად (არაკონკურენტუნარიანთან შედარებით). ასეთმა საქციელმა შესაძლოა რეპუტაცია შეგილახოთ და სხვა ურთიერთობებშიც შემოიტანოს დაძაბულობა, რომლებიც თქვენი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. ამ მახის არიდების ერთ-ერთი საშუალება, შეჩერება და იმის გააზრებაა, რაც მნიშვნელოვანია. კონკურენტების წინააღმდეგ ბრძოლისას, არცთუ საამაყო საშუალებების გამოყენებამ, შესაძლოა მოკლევადიანი უპირატესობა მოგაპოვებინოთ, მაგრამ ღირსებას დაკარგავთ, რასაც შორს მიმავალი შედეგები ექნება. როგორც ერთხელ გარი კასპაროვმა, მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში, განაცხადა, − "თუ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილშობილური ზრახვებითაა მოფენილი, პრინციპებზე უარის თქმის ხარჯზე გაკეთებული კომპრომისები − ქუჩის ლამპიონებია".
2. გამონახეთ დრო − შეჩერდით და დაფიქრდით
კონკურენტის არსებობა ისეთ მღელვარებასა და აღგზნებას იწვევს, რომ გაიძულებთ მეტი იმუშაოთ და ეს თქვენი საწარმოს შრომის ნაყოფიერების გაზრდის ერთ-ერთი მიზეზია. მაგრამ გამარჯვების ამ სურვილმა, ამავე დროს, შესაძლოა თქვენს საწარმოს მიაყენოს ზიანი. განსაკუთრებით, თუ იმპულსური, არცთუ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას გაიძულებთ. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, კონკურენტზე ფიქრი კვლევის მონაწილეებს ბევრად რეაქტიული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდა, მაშინაც კი, როდესაც წარმატების მისაღწევად ფრთხილი და აწონილ-დაწონილი მიდგომა იყო აუცილებელი. შედეგად, მონაწილეები, როგორც წესი, მეტ შეცდომას უშვებდნენ, რომლებიც ზიანს აყენებდა მათ ზოგად შრომის ნაყოფიერებას. მაგრამ ამ ძვირადღირებული შეცდომების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ კრიტიკულ აზროვნებას ჩვევად გაიხდით − სხვადასხვა, ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს განიხილავთ და მოგება-ზარალის ანალიზს ჩაატარებთ. განსაკუთრებით კი იმ გადაწყვეტილებებს გადახედავთ, რომელთა მიღება გამორჩეულად რთულია და შესაძლოა, თქვენი საწარმოს მომავალი განსაზღვროს.
3. თავიდან აიცილეთ ზედმეტი რისკი
მოუთმენლობამ, რომელსაც კონკურენტის გამოჩენა იწვევს, შესაძლოა, გაცილებით ცუდი გადაწყვეტილებები მიგაღებინოთ და ამასთან ერთად, დიდი რისკის წინაშეც დაგაყენოთ, რაც საბოლოოდ სახიფათო იქნება თქვენი კომპანიისთვის. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა შეისწავლა, რატომ იყო ფეხბურთის გულშემატკივართა მეტოქე გუნდებს შორის კონკურენცია პოტენციურად სარისკო. მათ აღმოაჩინეს, რომ გულშემატკივრები, რომლებიც მოწინააღმდეგის გუნდს მეტოქედ მიიჩნევდნენ, ნაკლებად სარისკო თავდაცვით სტრატეგიებზე მეტად, შემტევს აქცევდნენ გაცილებით დიდ ყურადღებას. შემდეგ, სხვა კვლევისას, იგივე მეცნიერებმა კონკურენცია მოყვარულ სპორტსმენთა შორისაც შეისწავლეს.
შედეგებმა უჩვენა, რომ კონკურენტის ხსენებისას, მონაწილეები გაცილებით დიდ რისკზე წასასვლელად იყვნენ მზად, ვარჯიშზე აღარ ფიქრობდნენ, დაუყოვნებლივ სურდათ მატჩის დაწყება და ამით გამოცდილების მიღებაზე ამბობდნენ უარს. კონკურენტის არსებობისას, ცდუნების გადალახვა და ისეთ რისკზე უარის თქმა, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენებს თქვენი კომპანიის წარმატებას, მხოლოდ ერთს ნიშნავს. კერძოდ, თქვენი ემოციური მდგომარეობა უნდა აკონტროლოთ და აქტიურად ადევნოთ თვალ-ყური, გადაწყვეტილების მიღებისას რა გავლენას ახდენს თქვენზე ეს გრძნობები.
მსგავსი სტატია: ნუ შეგეშინდებათ თქვენი ბაზრის გიგანტების, დაადგინეთ ვინ არის რეალური კონკურენტი
შესაძლოა, თქვენი მოტივაციის გასაზრდელად და თქვენი კომპანიის შრომის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად, კონკურენტის პოვნა შესანიშნავი გზა აღმოჩნდეს, თუ მოახერხებთ და მახეებს აიცილებთ თავიდან. კონკურენციამ დადებითი შედეგები რომ მოგიტანოთ, თქვენი პრინციპების ერთგული უნდა დარჩეთ, კრიტიკული აზროვნების ჩვევა შეიძინოთ და ზედმეტ რისკს თავი აარიდოთ.