Get All Access for $5/mo

''მხოლოდ ლოცვა არ არის საკმარისი'', - დალაი ლამა იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა ვებრძოლოთ კორონავირუსს ერთმანეთისთვის თანაგრძნობის გამოცხადებით

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Time

ზოგჯერ ჩემი მეგობრები მსოფლიო მასშტაბის პრობლემის მოგვარებაში მთხოვენ დახმარებას, რაღაც "მაგიური ძალების" დახმარებით. მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ დალაი ლამას მაგიური ძალები არ აქვს. რომ მქონოდა, აღარც ტკივილს ვიგრძნობდი ფეხებში და აღარც ყელი მეტკინებოდა. ჩვენ, როგორც ადამიანები, ერთნაირები ვართ − ყველას რაღაცის გვეშინია, ყველას რაღაცის იმედი გვაქვს, და ყველას რაღაცაში გვეპარება ეჭვი.

ბუდისტური თვალსაზრისით, ყოველმა გონიერმა არსებამ იცის, თუ რას ნიშნავს ტანჯვა და ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი. მაგრამ როგორც ადამიანებს, ჩვენი ბრაზისა და მრისხანების, პანიკისა და სიხარბის დასაძლევად საკუთარი გონების გამოყენების უნარი გვაქვს. ბოლო წლებში მუდამ ვუსვამდი ხაზს "ემოციურ განიარაღებას": ვცდილობ, შიშისა და გაბრაზების გარეშე, რეალისტურად და ნათლად დავინახო მოვლენები. თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, გზის მოძებნაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. თუ ასე არ არის, მასზე ფიქრში დრო არც უნდა დავხარჯოთ.

ჩვენ, ბუდისტებს გვჯერა, რომ მთელი სამყარო ერთიანია, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. აი, ამიტომ ვლაპარაკობ ხშირად უნივერსალურ პასუხისმგებლობაზე. ამ საშინელი კორონავირუსის აფეთქებამ გვიჩვენა, რომ იმან, რაც ერთ ადამიანს ეხება, შესაძლოა, სულ მალე, სხვა დანარჩენებზეც მოახდინოს გავლენა. თუმცა, ამასთან ერთად, ამან შესაძლოა შეგვახსენოს, რომ თანაგრძნობით ან კონსტრუქციული ნაბიჯებით ბევრს შეუძლია დახმარება, ეს საავადმყოფოებში მუშაობა იქნება თუ უბრალოდ, სოციალური დისტანციის დაცვა.

ჩემს დებსა და ძმებზე ვლოცულობ, რომლებიც როგორც ჩინეთში, ისე სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, უჰანში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ამ ვირუსისგან დაზღვეული არავინაა, ჩვენ ყველა ჩვენს ახლობელზე ვწუხვართ, მომავალზე, და როგორც გლობალურ ეკონომიკაზე, ისე ჩვენს სახლებზე, მაგრამ მხოლოდ ლოცვა არ არის საკმარისი.

ეს კრიზისი უჩვენებს, რომ სადაც შეგვიძლია, ყველამ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ ის გამბედაობა უნდა გავაერთიანოთ ემპირიულ მეცნიერებასთან, რომელსაც ექიმები და ექთნები იჩენენ, რათა ვითარება შემოვაბრუნოთ და ჩვენი მომავალი კიდევ სხვა ამგვარი საფრთხეებისგან დავიცვათ.

ამ დიდი შიშიანობის ჟამს მნიშვნელოვანია, გრძელვადიან გამოწვევებსა და მთელი სამყაროს შესაძლებლობებზე ვიფიქროთ. კოსმოსიდან გადაღებული ჩვენი სამყაროს ფოტოსურათები ნათლად უჩვენებს, რომ ჩვენს ცისფერ პლანეტაზე რეალური საზღვრები არ არსებობს. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მასზე და ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატის ცვლილება და სხვა დამანგრეველი ძალები. ეს პანდემია ჩვენი გაფრთხილებაა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული გლობალური პასუხით შევძლებთ ამ უპრეცედენტო მასშტაბების პრობლემებთან გამკლავებას.

ამასთან ერთად, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ტკივილისა და ტანჯვისგან არავინაა დაცული, და ხელი უნდა გავუწოდოთ, ვისაც არც სახლი აქვს და არც რესურსები, არც ოჯახი ჰყავს, რომ დაიცვან. ეს კრიზისი გვიჩვენებს, რომ ერთმანეთისგან განცალკევებულებულები მაინც არ ვართ, თუნდაც ცალ-ცალკე ვცხოვრობდეთ. ამიტომ ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს პასუხისმგებლობა, სხვებს გავუწიოთ თანაგრძნობა და დავეხმაროთ მათ.

როგორც ბუდისტს, ცვალებადობის პრინციპის მჯერა. ბოლოსდაბოლოს, ეს ვირუსიც ჩაივლის ისე, როგორც ის ომები და სხვა საშინელი საფრთხეები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში მინახავს. და ჩვენც გვექნება ჩვენი გლობალური საზოგადოების აღდგენის შესაძლებლობა, როგორც ეს აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია. იმედი მაქვს, რომ ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და მშვიდად ყოფნას. ასეთ გაურკვეველ დროს მნიშვნელოვანია, იმედი და რწმენა არ დავკარგოთ, და არც უამრავი ადამიანის კონსტრუქციული ძალისხმევა დავივიწყოთ.

წყარო: Time Magazine

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი