რას აკეთებენ დიდი ლიდერები ჩუმადშეუმჩნევლად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საუკეთესო ლიდერობა თვალს მიღმა, იმ მცირე დეტალებში ვლინდება, რომელთა შემჩნევაც რთულია. ამ სტატიაში ექვსი ლიდერი თავის ყველაზე მნიშვნელოვან ტაქტიკას გვიზიარებს:
1. იყავით მოწყვლადი და ამავდროულად – შეუპოვარი
"კრიტიკულ სიტუაციებში მიზანი ხშირად შეცდომების თავიდან არიდებაა. თუმცა, ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს დაანახოთ თქვენი ბრძოლის უნარიც. ლიდერობა წარმოუდგენლად რთულია. როდესაც პირველად გავხდი აღმასრულებელი დირექტორი, ეს ჩემი წინა პოზიციიდან დიდი ნახტომი იყო. სწრაფად სწავლა მიწევდა, ამიტომ დავეყრდენი ჩემი გუნდის გამოცდილებას და დახმარების სათხოვნელადაც მზად ვიყავი. გუნდმა დაინახა, რომ არ ვცდილობდი თავი ყველაფრის მცოდნედ მომეჩვენებინა და ამან ნდობა გააჩინა. მათ გაუჩნდათ სურვილი, დამხმარებოდნენ და ერთად საოცარ შედეგებს მივაღწიეთ. მოწყვლადობა, როდესაც ის შეუპოვრობასთან არის შერწყმული, სინამდვილეში ძალაზე მიუთითებს", – ჯულიეტ ტანგი, One/Size by Patrick Starrr-ის პრეზიდენტი.
2. გუნდი მუდამ ფოკუსირებული გყავდეთ
"საუკეთესო ყოველდღიური ლიდერული უნარი არის შესაძლებლობა, არ გაგეფანტოთ ყურადღება და არც თქვენს გუნდს მისცეთ ამის საშუალება. არსებობს უამრავი "კარგი იდეა", რომელმაც შეიძლება მიგიზიდოს, მაგრამ დრო შეზღუდულია. თუ ლიდერი ან გუნდი მუდმივად ახალ-ახალ მიმზიდველ იდეებს დასდევს, ისინი ვერცერთ მათგანს ვერ განახორციელებენ სრულყოფილად. უმეტეს შემთხვევაში, წარმატებას სრული მოცულობით საუკეთესო 1-5% აღწევს. ამის მიღწევა სრულ ფოკუსირებას მოითხოვს. ჩვენ ასე სწრაფად იმიტომ გავიზარდეთ, რომ მთელი ძალისხმევა ერთ არხზე – TikTok-ზე მივმართეთ და მასში საუკეთესოები გავხდით", – კალვინ კლასკი, Nobs-ის თანადამფუძნებელი და CEO.
3. აღმოაჩინეთ თქვენი ლიდერული აზროვნების მოდელი
"ლიდერობას აღვიქვამ არა როგორც უნარების ერთობლიობას, არამედ როგორც აზროვნების მოდელს. ჩემთვის ეს არის შემწყნარებლობა – საკუთარი თავის და გუნდის მიმართ. ეს ნიშნავს მოქნილი სივრცის შექმნას და როცა ვინმეს მხარდაჭერა სჭირდება, ამის გაცნობიერებას. ეს მარტივი არ არის, მაგრამ სწორედ ყოველდღიური ემპათია და მიზანდასახულობა აშენებს მედეგ გუნდებს და ქმნის ერთგულ თანამშრომლებს, რომლებიც თავს დაფასებულად გრძნობენ", – სარა ჰარდი, Bobbie-ს თანადამფუძნებელი.
4. დაგეგმეთ კომუნიკაცია გააზრებულად
"ლიდერობა დღის ყოველ წუთს ვლინდება, ამიტომ ვცდილობ, ძალიან გააზრებული ვიყო გუნდთან ურთიერთობისას. პირველ რიგში, ყოველ კვირა საღამოს მინიმუმ 30 წუთს ვუთმობ მომავალი კვირის დაგეგმვას, რათა ჩემი დრო პროაქტიულად გამოვიყენო. ვაუქმებ ან ვამატებ შეხვედრებს, ვტოვებ დროს სიღრმისეული მუშაობისთვის და ვიწერ იმ მთავარ გზავნილებს, რომელთა გაჟღერებაც მინდა იმ კვირაში. მეორე ასპექტი – მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელი უკუკავშირი კრიტიკულია, მჯერა, რომ ადამიანები პოზიტიური შეფასებით უფრო მეტ სარგებელს იღებენ. ხშირად წინასწარ ვიწერ იმ ქებას თუ მადლიერებას, რომლის გაზიარებაც მინდა ვინმესთვის შეხვედრაზე, სასურველია – კოლეგების თანდასწრებით", – სამი ინკინენი, Virta Health-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
5. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თანმიმდევრულობა
"ის, თუ როგორ ვეპყრობით ერთმანეთს ყოველდღიურად, განსაზღვრავს იმას, იქნებიან თუ არა თანამშრომლები შთაგონებული და მოტივირებული, რომ საუკეთესო შედეგს მიაღწიონ. ბოლო წლებში ყველას გვქონდა სტრესის მიზეზი – ეკონომიკური გაურკვევლობა თუ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები, მაგრამ მე მუდმივად ვახსენებ გუნდს, რომ ჩვენ ადრეც გადაგვილახავს სირთულეები და ამას ახლაც შევძლებთ. თანმიმდევრულობა და სიმშვიდე ფასდაუდებელია. ასევე, აუცილებელია, რომ ლიდერები გუნდის წევრებს ეპყრობოდნენ როგორც ზრდასრულებს, რომელთაც სამსახურს მიღმა სრულფასოვანი ცხოვრება აქვთ. მოქნილობა და ემპათია ლიდერებს ეხმარება ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ხალხს მუშაობის და ხანგრძლივად დარჩენის სურვილი აქვს", – პატრიცია ნეში, Patricia Nash Designs-ის CEO.
6. ლიდერობა არის უნარი, სხვა ადამიანებისგან შექმნა ლიდერები
"კრიტიკული მომენტები გამონაკლისი უნდა იყოს – დრო, როცა ლიდერს სჭირდება ინტუიციაზე დაყრდნობა ან სწრაფი გადაწყვეტილების მიღება სრული მონაცემების გარეშე. მაგრამ ყოველდღიური ლიდერობა თითქმის ამის საპირისპიროა. ეს არის სივრცის შექმნა თქვენი გუნდისთვის, რათა მათ იფიქრონ, იმოქმედონ და უსაფრთხო გარემოში შეცდომებიც კი დაუშვან. ასე იძენენ ადამიანები თავდაჯერებულობას, უვითარდებათ მსჯელობის უნარი და თავადვე იზრდებიან ლიდერებად. საბოლოო ჯამში, ყოველდღიური ლიდერობა გუნდის ნაცვლად ყველა გადაწყვეტილების მიღებას კი არ ნიშნავს, არამედ თანამშრომლების გაძლიერებას, რათა მათ თავად მართონ საკუთარი მიმართულება", – ბრუნო ლიმა, Pura-ს თანადამფუძნებელი და აღმსარულებელი დირექტორი.