Get All Access for $5/mo

რას გვასწავლის ილონ მასკი? დღეს გმირობის დროა! ყოველდღიური გმირობის!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2020 წლის მაისის ბოლოს, კორონავირუსთან მებრძოლი მსოფლიო ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა – კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კერძო კომპანიამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი გაფრენა შეასრულა.

ილონ მასკის SpaceX ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი კერძო კომპანია, რომელმაც კოსმოსურ ორბიტაზე წარმატებული ფრენა შეასრულა.

ალბათ არ დარჩენილა ადამიანი დედამიწაზე, ვისაც ამ მოვლენისთვის თვალყური არ უდევნებია. თუმცა, მათი უმრავლესობა, ალბათ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა შეიძლება ვისწავლოთ ამ მოვლენიდან და მისი მთავარი შემოქმედისგან.

მასკის ფენომენი იმდენად ამოუცნობია, რომ ერთ სარედაქციო სვეტში მისი გაშიფვრა შეუძლებელია, თუმცა ვეცდები, ყურადღება მთავარზე შევაჩერო.

და მაინც, რას გვასწავლის ილონ მასკი?

ადამიანები სხვადასხვა კრიტერიუმით სხვადასხვა კატეგორიად იყოფიან, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება.

სწორედ ეს განსხვავებები განსაზღვრავს ადამიანის წარმატების მასშტაბებს, და ადამიანებს უმრავლესობად და უმცირესობად ყოფს.

ეს შეუძლებელია! – გეტყვით საშუალოსტატისტიკური ადამიანი პლანეტა დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

ეს შესაძლებელია! – მოგიგებთ ილონ მასკი!

არჩევანი ჩვენზეა. არჩევანი ტკბილ, კომფორტულ, დოგმატურ, ჩარჩოებში მოქცეულ, კონფორმისტულ უმრავლესობასა და მწარე, ტკივილიან, დისკომფორტულ, მაგრამ უსაზღვრო შესაძლებლობებისა და გმირული თავდადების უმცირესობას შორის.

ის, რაც უმრავლესობისთვის შეუძლებელია, უმცირესობაში მყოფი მასკისთვის შესაძლებელია.

ის ხომ თანამედროვე ანტრეპრენერთა როლური მოდელია, რომელიც ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია ადამიანს, რა შეუძლია ადამიანის გონებას, რომლისთვისაც, შეუძლებელი, მართლაც რომ არაფერია!

ილონ მასკის SpaceX-ის ისტორია 2002 წელს იწყება. მან მხოლოდ თვრამეტი წლის შემდეგ შეძლო საკუთარი ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა.

თვრამეტი წლის შემდეგ...

უმრავლესობას კი, არათუ თვრამეტი წელი, თვრამეტი თვეც არ შეგვიძლია მოვითმინოთ. მოვითმინოთ არაერთი წარუმატებელი ექსპერიმენტი, კრიტიკა, მარცხი, გაკოტრების საფრთხის წინაშე დგომა, დაცინვა, იმედგაცრუება...

ჩვენ ხომ პირველსავე მარცხის შემდეგ ვნებდებით და არ ვაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ. ჩვენ ხომ ვაჟკაცები და მამაცები მხოლოდ სიტყვით ვართ და არა საქმით და ქმედებით!

გასაგებია, რომ ყველა მასკი ვერ გახდება. ყველა ვერ შექმნის ახალი თაობის კოსმოსურ ხომალდს, ყველა ვერ დაისახავს ისეთ მიზანს, როგორიც, მაგალითად, არც მეტი არც ნაკლები, მარსის კოლონიზაცია შეიძლება იყოს.

მაგრამ ჩვენც, რიგით მოკვდავებს, თუმცა ანტრეპრენერული სულისკვეთებით გაჟღენთილებს, ანტრეპრენერულად მოაზროვნეებს, ხომ შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი, საკუთარი მარსი, ჩვენი, საკუთარი SpaceX, რომელსაც მთელ ჩვენს ცხოვრებას, მთელ ჩვენს ენერგიას და შესაძლებლობებს მივუძღვნით და წინააღმდეგობების მიუხედავად, დასახულ მიზანს ბოლომდე ერთგულად და თავდადებით ვემსახურებით?!

ჩვენც, ჩვენ მიერ დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ხომ შეიძლება ვიყოთ ისეთივე შეუპოვრები და მამაცები, როგორიც ილონ მასკია?!

მისი SpaceX-ის თვრამეტწლიანი ისტორია ხომ შეუპოვრობის გამორჩეული და უნიკალური მაგალითია, რომელიც ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, როგორც სიმბოლო დასახული მიზნის ერთგულებისა, დაუღალავი შრომისა, წინააღმდეგობების გადალახვისა, ბოლომდე ბრძოლისა!

"ანტრეპრენერები პროგრესისთვის არსებობენ ამქვეყნად და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ისეთი საჭირონი ვართ, როგორც არასდროს. უბრალოდ, გარშემო მიმოიხედეთ − ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ბევრის გაკეთება შეიძლება. ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი და ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ", – ეს სიტყვები ჩემს ამერიკელ კოლეგას, ჯეისონ ფაიფერს ეკუთვნის, რომელსაც ძნელია, არ დაეთანხმო, მით უფრო დღეს, როცა კორონავირუსით გამოწვეულმა გლობალურმა პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, ბევრი რამ გამოააშკარავა, ბევრ რამეზე სხვანაირად დაგვაფიქრა...

არჩევანი ერთია და მკაფიო – სხვისი შექმნილით ვისიამოვნოთ, ან თავად შევქმნათ! დავრჩეთ მოწმედ, ან გავხდეთ გმირი!

დღეს გმირობის დროა! ყოველდღიური გმირობის!

და მაინც, რა შეიძლება იყოს შენი SpaceX, რომელსაც მთელ შენ ცხოვრებას მიუძღვნი?

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გურიის რესპუბლიკა. ბუკისციხე. 2020 წლის 28 ივნისი – ილონ მასკის დაბადების დღე. ის მხოლოდ 49 წლის გახდა...

P.S.: კოსმოსში წარმატებული გაფრენიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, ილონ მასკმა SpaceX-ის თანამშრომლებს ტოპ-პრიორიტეტული ამოცანა დაუსახა, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა ახალი თაობის კოსმოსური ხომალდის წარმოებაზე, რომელიც ერთდროულად 100 ადამიანის მთვარესა და მარსზე გამგზავრებას შეძლებს...

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ