Get All Access for $5/mo

რიჩარდ ბრენსონის ბედნიერებისა და წარმატების 8 გასაღები ყველაფერი ოჯახია, მეგობრები, გართობა, მიზანმიმართული სამუშაო და ფული - დიახ, ზუსტად ამ თანმიმდევრობით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

FilmMagic

თითქმის ნებისმიერი საზომით, რიჩარდ ბრენსონი წარმატების მწვერვალზეა. მულტიმილიარდერი ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც თავის პირველ ბიზნესს მოკიდა ხელი. 20 წლისამ მუსიკალური ფირფიტების ფოსტით შეკვეთის ბიზნესი დაიწყო, 22 წლისა უკვე ამ ფირფიტების მაღაზიათა ქსელს მართავდა. მას შემდეგ უთვალავი კომპანია და კონგლომერატი დააარსა, მათ შორისაა: Virgin Records, Virgin Airlines, Virgin Express, Virgin Mobile, Virgil Hotels, Virgin Cruises და Virgin Galactic.

სხვებისგან ანტრეპრენერული ნიჭით არის გამორჩეული და ამასთან იმითაც, რომ მუდამ ბედნიერად გრძნობს თავს. როდესაც სპორტით ან რაიმე ექსტრემალური ჰობით არ არის დაკავებული, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ატარებს დროს და მათ ნამდვილად ეთაყვანება.

ბრენსონის თქმით, ასეთი ცხოვრების შექმნა საკმაოდ მარტივია: უნდა გიყვარდეთ სხვები; ყველაფრისთვის, რაც გაქვთ, მადლიერი იყოთ და ამასთან, კეთილი და მზრუნველი. და კიდევ − "არასდროს თქვათ არა, უბრალოდ სვლა გააგრძელეთ, ვიდრე წარმატებას არ მიაღწევთ".

წარმატებისა და ბედნიერების ოსტატისგან თქვენც მიიღეთ რამდენიმე რჩევა. გამოიყენეთ ეს რვა გასაღები და საკუთარი გასაოცარი ცხოვრების შემოქმედი თავადვე გახდებით.

მსგავსი სტატია: გარისკე მიზნისთვის

1. თქვენი წარმატება გამომუშავებული ფულის რაოდენობით არასოდეს შეაფასოთ

ადამიანები თავიანთ წარმატებას უმეტესად გამომუშავებული ფულის რაოდენობით აფასებენ, მაგრამ ბრენსონი გვარწმუნებს, რომ თუ ხალისიანები ვიქნებით და იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას თუ როგორ გავხადოთ სამყარო უკეთესი, ფული თვითონ მოვა.

"არასწორი მოსაზრებაა დამკვიდრებული, რომ ფული ყველა ანტრეპრენერის წარმატების საზომია. ასე ნამდვილად არ არის და არც უნდა იყოს. ბიზნესი ფულისთვის არასოდეს დამიწყია", − აცხადებს იგი თავის LinkedIn-ის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

რასაც უნდა მიაღწიოთ ცხოვრებაში, მაინც ყოველთვის უნდა გრძნობდეთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მამოძრავებელი მიზანი წარმატებაა, ზრდის გაგრძელების სურვილი და ამავე დროს, იმის დაფასებისაც, რაც იმ წუთას გაქვთ.

2. ყველაფერი გვერდით გადადეთ და თქვენს ძვირფას ადამიანებს პირისპირ დაელაპარაკეთ

უმრავლესობის მსგავსად, ბრენსონსაც უყვარს ტექნოლოგია, მაგრამ როდესაც იგი მასსა და იმ ადამიანებს შორის დგება, რომლებიც მისთვის ძვირფასები არიან, საზღვრების გავლება კარგად შეუძლია. პირისპირ საუბარს ქვეყნად ვერაფერი შეცვლის და ვერც თქვენ შეგცვლით ვინმე, როდესაც გარკვეულ მომენტში მათ გვერდით არ ხართ; ამიტომ, თქვენი მოწყობილობების გვერდით გადასადებად მზად უნდა იყოთ, − აცხადებს ის.

ბრენსონი ყოველთვის ცდილობს, მათ მიაქციოს ყურადღება, ვინც იმ წუთას მის გვერდითაა. შეხვედრების დროს აქტიურად უსმენს და შენიშვნებსაც იწერს, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილურს აუცილებლად გვერდით გადადებს და სადილობისას მთელი ყურადღება ოჯახზე ექნება მიმართული. სხვებსაც მოუწოდებს, სოციალურ გარემოში ყოფნისას ტექნოლოგიები დაივიწყონ... ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნით მაინც.

"ყველას შეგვიძლია პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება მივაქციოთ. ნამდვილად მჯერა, რომ საჭირო დროს ერთად ყოფნა ბედნიერებისა და წარმატების საწინდარია. მუდამ ტელეფონზე ჩამოკიდებამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს ურთიერთობებზე", − წერს ბრენსონი.

3. რასაც უნდა აკეთებდეთ, სიამოვნებით აკეთეთ

"თუ არ გსიამოვნებთ, რასაც აკეთებთ, სავარაუდოდ, არასწორად აკეთებთ. ყველაფერში, რასაც აკეთებთ, თქვენი ცხოვრებით ტკბობისა და მისი დაფასების გზები უნდა იპოვოთ", − ამბობს ბრენსონი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისთვის კი არ უნდა იმუშაოთ, რომ იცხოვროთ, პირიქით − იმისთვის უნდა იცხოვროთ, რომ იმუშაოთ. იმიტომ, რომ მუშაობა სასიამოვნოა და სახალისო.

"ხალისიანი განწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაკლებად დაფასებული კომპონენტია ნებისმიერ წარმატებულ კომპანიაში", − წერს ბრენსონი წიგნში "ბიზნესი The Virgin-ის სტილში: ყველაფერი, რაც ლიდერობაზე ვიცი".

როგორც ბრენსონმა თქვა, როდესაც პროექტზე მუშაობა სიამოვნებას აღარ ანიჭებს, მისთვის აშკარაა, რომ სხვა საქმეზე უნდა გადავიდეს. "თუ აღარ გეხალისებათ თქვენი სამუშაოს გაკეთება, დროა მას თავი გაანებოთ და რაიმე სხვა სცადოთ", − ამბობს ის, − "ასე რომ, დროს ნუ დაკარგავთ იმის კეთებით, რაც გძულთ ან რისიც ეშინიათ, რადგან ეს მთელ თქვენს ცხოვრებას წაართმევს სიხარულსა და ბედნიერებას".

4. იპოვეთ ჰობი, რომელიც გარეთ გამოგიყვანთ

ბრენსონის თქმით, ბედნიერების მთავარი გასაღები ჰობის მოძებნაა, რომელიც გიბიძგებთ მეტი დრო გაატაროთ გარეთ. "გარეთ ყოფნა სტრესსა და შფოთვასთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ და თქვენს ძალებსაც მთლიანად განაახლებს", − ამბობს ის, − ეს შესანიშნავი გზაა განწყობის გასაუმჯობესებლად და საკუთარი თავის გასაკონტროლებლად".

ბრენსონს ლაშქრობა, ველოსიპედით სიარული და ქარის წისქვილები აკავშირებს ბუნებასთან და ძალების განახლების საშუალებასაც აძლევს. რაიმე მარტივის გაკეთებაც შეგიძლიათ. თუნდაც, თქვენი ძაღლის გასეირნება, ან ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება.

"გარეთ გამოდით და მიმოიხედეთ. წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავთ, კიდევ რას შთაგაგონებენ ვარსკვლავები", − ახლახან დაწერა მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სტატია: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები

5. თამამად იოცნებეთ

"თამამად იოცნებეთ და შესაძლებლობა მოგეცემათ სამყაროს გასაოცარ თავგადასავალში გაუძღვეთ წინ", − ერთხელ Twitter-ზე ასე დაწერა ბრენსონმა. მისი წარმატებები გაბედული ოცნებით დაიწყო, რომელიც მის ძალებს ერთი შეხედვით ნამდვილად აღემატებოდა. ჯერ კიდევ 20 წლისამ დააარსა Virgin Records და მუსიკის ინდუსტრიას მოჰკიდა ხელი.

ყველა ერთხმად უმეორებდა, რომ ეს საქმე არ გაამართლებდა, მაგრამ არავის უსმენდა. მართალია, გარანტია არ ჰქონდა, რომ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ საკუთარი ოცნების ისე სჯეროდა, რომ წინ მიდიოდა.

პიროვნებას ოცნებები ქმნიან და თუ არასოდეს გაგიბედავთ მათი ბოლომდე მიყვანა, ვერც ვერასოდეს გაიგებთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

6. გზად განუწყვეტლივ ისწავლეთ

ცხოვრებას ისე უნდა შეხედოთ, როგორც ერთ დიდ სასწავლო გამოცდილებას. თვალსაწიერის გაფართოებას ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, სიბრძნე და ცოდნა უნდა მოგვემატოს. ბრენსონს უნივერსიტეტში არასოდეს უსწავლია, სკოლიდანაც ადრე გამოვიდა, მაგრამ სწავლა არასოდეს შეუწყვიტავს. ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც უნივერსიტეტის ერთ გრძელ კურსს და ცდილობს, ყოველდღიურად მინიმუმ ერთი ახალი რამ მაინც შეისწავლოს.

ბრენსონს უამრავი კომპანია აქვს დაარსებული, ხშირად ისეთ დარგებში, რომლებშიც საერთოდ ვერ ერკვეოდა. "როდესაც ახალი ადგილის მოსინჯვას იწყებთ, მთავარია, სწრაფად ისწავლოთ, მაგრამ ამისი გაკეთების მოტივიც უნდა გქონდეთ", − ამბობს იგი.

ბრენსონის თქმით, თუ დიდ შესაძლებლობას ხედავთ, უნდა გარისკოთ, იმ დარგებშიც კი, რომლებშიც ვერ ერკვევით ან ახლა ცდილობდეთ სპეციალიზებას. გზად სწავლაზე გაამახვილეთ ყურადღება, ხელსაყრელი შემთხვევები გამოიყენეთ, ახალი კავშირები დაამყარეთ. როგორც კი რაიმე შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ, ნებისმიერი მათგანი მაქსიმალურად გამოიყენეთ.

"ნამდვილად მნიშვნელოვანია სათანადოდ გააცნობიეროთ, რომ კატასტროფა არ არის, თუ რაიმე არ იცით, რადგან ყოველთვის შეგიძლიათ ისწავლოთ და გაარკვიოთ. შესაძლებლობები გამოიყენეთ და საკუთარ თავში ეჭვი ნუ შეგეპარებათ",- წერს ბრენსონი თავის ბლოგზე.

7. უშიშრად მოსინჯეთ ახალი შესაძლებლობები

ბრენსონს ახალი კონცეფციების, იდეებისა და მისწრაფებების განხორციელების არასოდეს ეშინოდა. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ Virgin Group ამჟამად იმპერიაა, რომელშიც 200-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების კომპანია შედის. ბრენსონი ერთი სფეროთი არასოდეს ყოფილა შემოფარგლული, საქმიანობა დატოტვილი ჰქონდა და რაიმე ახლის მოსასინჯად დღესაც მზად არის.

ის ყველას მოუწოდებს, კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და რაღაც ახალი სცადონ. ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც სინამდვილეში დაინახავთ, რამდენად შორს შეგიძლიათ წასვლა.

"გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში კარგი არაფერი მომხდარა იმის გამო, რომ ჩემი კომფორტის ზონას ვიცავდი. კარგი მაშინ ხდება, როდესაც რაღაც ახალზე ფიქრობთ და ამ დროს თავში აზრი გაგიელვებთ: "ოჰ, ღმერთო ჩემო, იქნებ ეს არც არის კარგი იდეა, და მასზე უარს ამბობთ. თუ ეჭვების ეტაპზე ხართ, მეორე მხრიდან შეაფასეთ მოვლენები. მეორე მხარეს გადადით და გპირდებით, რომ სწორედ იქ მოხდება რაღაც კარგი", − წერს ბრენსონი.

8. ბედნიერება ჩვევად გაიხადეთ

დრო გამონახეთ, რომ ცოტაოდენი ბედნიერება ყოველდღიურად და ყოველ წამს რაღაცაში იპოვოთ. ბრენსონის თანახმად, ბედნიერება წარმატების შედეგი არ არის. თუ შინაგანად გაქვთ ბედნიერების შეგრძნება, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

"ვიცი, რომ ბედმა გამიღიმა, გასაოცარი ცხოვრება მაქვს. ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბედნიერი იმ წარმატებებმა და სიმდიდრემ გამხადა, რომელიც ბიზნესს მოაქვს. მაგრამ ასე არ არის − სინამდვილეში, პირიქითაა. წარმატებული, მდიდარი და ყველაფერში ჩართული იმიტომ ვარ, რომ ბედნიერი ვარ", − წერს ბრენსონი თავის ბლოგზე.

ბრენსონი ყველას მოუწოდებს, ბედნიერება შორეულ და ძნელად მისაღწევ მიზნად არ დაისახონ. "სინამდვილეში, ბედნიერება ზუსტად თქვენ წინაა. უნდა დაინახოთ და ხელი ჩაავლოთ მას", − ამბობს იგი.

"შეჩერდით და ჩაისუნთქეთ, ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. მეგობრებისა და ოჯახის გარშემო იტრიალეთ. ვიღაცისთვის რაღაც გააკეთეთ და სხვასაც მიეცით საშუალება, თქვენთვის რაიმე გააკეთოს. თამამი გახდით, თუნდაც მხოლოდ წუთით", − ამბობს ის.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"