Get All Access for $5/mo

როგორ გახდე კარგი კომუნიკატორი მხოლოდ ამ ერთი პრინციპის დახმარებით თუ ღონისძიებებზე უცნობებს ელაპარაკებით და ყველაზე წარმატებული პიროვნების აღმოჩენა გსურთ, მას შეხედეთ, ვინც ყველაზე მშვიდად ზის, მაგრამ სხვებს ნამდვილად უსმენს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

pixabay

თუ ქსელურ ღონისძიებაზე უცნობებს შორის ყველაზე წარმატებული პიროვნების გამოცნობა გსურთ, იგი ყველაზე "დიდი მოლაპარაკე" ნუ გეგონებათ. მიზეზი ერთია: ყველა წარმატებულ ადამიანს როგორც წესი, ერთი თვისება აქვს − სხვების მდუმარედ მოსმენა.

სხვისი აზრის მოსმენა გონებას ნამდვილად ააქტიურებს და მყისიერად ახალი იდეებისკენ გიბიძგებთ. რიჩარდ ბრენსონმა − ბრიტანელმა ბიზნესმაგნატმა, ქველმოქმედმა, Virgin Group-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ანტრეპრენერებისთვის გადაღებულ ვიდეორგოლში განაცხადა, რომ საქმეების წარმოებისას როგორც წესი, ყოველთვის ცდილობს იმას მიაქციოს ყურადღება, რასაც მისი თანამშრომლები ამბობენ.

ადამიანები გაცილებით მნიშვნელოვნად გრძნობენ თავს, როდესაც იციან, რომ მათ უსმენენ. ტურისტული კომპანია PhoCusWright-ის მიერ გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ ბრენდი მათზე მეტად მაშინ ზრუნავს, როდესაც ხელმძღვანელობა მომხმარებლებს ონლაინმიმოხილვაზე ეხმაურება.

როგორც ანტრეპრენერს, ალბათ თქვენც ჩემსავით ბევრი ლაპარაკი გიწევთ. ადამიანებს ჩემს ბიზნესზე განუწყვეტლივ ვუამბობ, ჩემს გუნდს იდეებს ვუზიარებ, ხოლო ბიზნესგეგმებს საბჭოს წევრებთან და ინვესტორებთან ერთად ვიხილავ. ასეთი დაძაბული რეჟიმის დროს ხშირად ძნელია გაიხსენო, რომ შენს ხმასთან ერთად, სხვისი ხმის გაგონებაც მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ, არასოდეს მავიწყდება შემდეგი 5 რჩევა, რომელიც დამეხმარა სხვისი მოსმენით უკეთესი ლიდერი გავმხდარიყავი.

1. საკუთარი აზრი ყველაზე ბოლოს გამოთქვით

ნელსონ მანდელამ ფასდაუდებელი გაკვეთილი ახალგაზრდობაშივე მიიღო, როდესაც მის სოფელში ლიდერები იკრიბებოდნენ და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მანდელას მამა ტომის ბელადი გახლდათ, შეუძლებელი იყო მის ვაჟს არ შეემჩნია, რომ მამამისი საკუთარ აზრს ყველაზე ბოლოს გამოთქვამდა.

თუ ლიდერი ხართ და პირველი გამოთქვამთ აზრს, სავარაუდოდ, სხვების მოსაზრებებზე მოახდენთ გავლენას. ამიტომ, ბუნებრივია თქვენი გუნდის წევრები თქვენს მოსაზრებას თავისას შეუთანხმებენ. ან შესაძლოა, დაინახონ, რომ განსახილველ საკითხზე თქვენ უკვე გაქვთ ჩამოყალიბებული გარკვეული აზრი და მათსას არ ეთანხმებით.

ამ დროს, პირველად გუნდის გულწრფელი მოსაზრებები უნდა მოისმინოთ და საბოლოო აზრის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენოთ, რომელსაც წევრებს, შეხვედრის ბოლოს გაუზიარებთ.

2. გათიშეთ ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავთ

კარგი მსმენელის მთავარი თვისებაა მოსაუბრეს აგრძნობინოს, რომ მთელი ყურადღება მისკენ აქვს მიპყრობილი. თქვენს მოსაუბრეებს ეს მეტად თავდაჯერებულს გახდის, საკუთარი აზრის ბოლომდე გამოხატვის საშუალებას მისცემს. იმის შეგრძნება არ გაუჩნდებათ, რომ დროს გართმევენ.

ეცადეთ თქვენს მოსაუბრეს ყურადღებით მოუსმინოთ და დრო გონივრულად გამოიყენოთ: ლეპტოპი დახურეთ და ტელეფონიც გადადეთ, არც შემოსულმა ზარებმა უნდა გაგიფანტოთ ყურადღება და არც ელექტრონულმა წერილებმა და გზავნილებმა. სხვა შემთხვევაში, მოსაუბრე აუცილებლად იფიქრებს, რომ მისთვის ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი არ ხართ.

შეხვედრების უჩვეულო ვითარებაში ჩატარება მიყვარს, ხშირად საკონფერენციო დარბაზში ჯდომას ოფისიდან გასვლა მირჩევნია. ეს სამუშაო გარემოსგან იზოლირების მართლაც შესანიშნავი საშუალებაა. ასეთ დროს სხვა არაფერი გაგიფანტავთ ყურადღებას და მხოლოდ იმაზე ხართ კონცენტრირებული, ვინ რას იტყვის.

3. სხეულის ენას მიაქციეთ ყურადღება

ამერიკული The Nonverbal Group-ის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როგორც წესი, სიტყვებით მხოლოდ აზრების 7%-ის გამოხატვა ხდება. სხეულის ენა კი, მთავარ როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ ვამყარებთ ადამიანებთან ურთიერთობას, როგორ ვუსმენთ მათ. მაგალითად, გულხელდაკრეფილი ჯდომა თავდაცვითი პოზაა და მიანიშნებს, რომ წინააღმდეგობას უწევთ იმას, რასაც სხვა ადამიანები ამბობენ.

ადამიანებს ასევე სხვების სხეულის ენის ასახვაც სჩვევიათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თანამშრომლობა სურთ. თუ საუბრისას ხელები გადაჯვარედინებული გაქვთ, თანამოსაუბრემ შესაძლოა თქვენი პოზა გადაიღოს. ამ შემთხვევაში იგი გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და სავარაუდოდ, აზრის გულწრფელად გამოხატვისგანაც შეიკავებს თავს.

როდესაც სხვას უსმენთ, ყურადღება მიაქციეთ, რას ეუბნება თქვენი სხეული მას. ჩამოუშვით ხელები და გულითადად მოუსმინეთ რის თქმას ცდილობს თქვენთვის ეს ადამიანი.

4. ყურადღება მიაქციეთ, რაც არ თქმულა

პიტერ დრუკერი, ბიზნესის სფეროს ცნობილი ავტორი წერს, რომ "ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გაგება, რაც არ თქმულა". მხოლოდ Coca-Cola-ს აღმასრულებელთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რა ჰქონდა მას მხედველობაში. ეს უკანასკნელი სრულ უგუნურებად მიიჩნევდა ჩემი კომპანიის იდეას, არომატიზებული წყლის წარმოების შესახებ. იმეორებდა, ამერიკელებს ტკბილი უყვართო. ამ სიტყვებით თავის აზრს გამოხატავდა, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ჩემი ბიზნესი განწირული იყო. მაგრამ მე სწორედ საპირისპირო აზრი დავინახე. მას არ უთქვამს, რომ მისი კომპანია არ აღიარებდა იმ იდეას, რომლის განხორციელებასაც ვცდილობდი. მოქმედებაზე გადასვლა სწრაფად რომ შემძლებოდა, ბაზრის ყველაზე დიდ მოთამაშეს ნამდვილად მივაყენებდი სერიოზულ დარტყმას.

თუ თქვენ გარშემო ვიღაც გამუდმებით ვერ ახერხებს იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, საკუთარ თავს ჰკითხეთ − "რატომ?" იქნებ თქვენ როგორღაც შეძლოთ იმ ფაქტის გამოყენება, რომ ამ ადამიანს ან ცოდნა არ აქვს და ან კიდევ ინტერესი საქმის მიმართ.

5. შეეცადეთ, იმასაც მოუსმინოთ, ვინც ხმადაბლა ლაპარაკობს

კამერონ ჰეროლდმა, კანადელმა ანტრეპრენერმა, მწერალმა და კონსულტანტმა თავისი დაარსებული სტარტაპი 1-800-GOT-JUNK 2006 წლისთვის წელიწადში $60-მილიონიანი მოგების მქონე ბიზნესად აქცია. იგი კომპანიის განვითარებისთვის სრულიად ახალი სარისკო სტრატეგიების მოძიებას ცდილობდა, როდესაც ვიცეპრეზიდენტმა ფინანსების სფეროში გააფრთხილა, რომ კომპანიას უკვე გადახარჯვა ჰქონდა. ეს ფინანსისტი ბუნებით მშვიდი პიროვნება იყო და ამიტომ დამფუძნებელს მისი რჩევის იგნორირება დიდად არ გასჭირვებია.

ჰაროლდის წარმოდგენილი კომპანიის სწრაფი ზრდის ახალი გეგმები საბოლოოდ რაციონალური არ აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ეკონომიკური ვარდნა მოხდა და კომპანია კინაღამ გაკოტრდა. ჰაროლდმა კი, პირობა დადო, რომ მომავალში ნებისმიერის აზრს უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევდა.

როდესაც თათბირებს ვესწრები, ყოველთვის ვამჩნევ, დამსწრეთაგან ვინ არ მონაწილეობს საკითხის განხილვაში და მათ აზრის გამოთქმას ვთხოვ. მათი აზრის გასაგებად დროს არ ვინანებ, შეხვედრის შემდეგაც კი ვრჩები. ნებისმიერი ადამიანის აზრის მოსმენა, თუნდაც ყველაზე წყნარი ადამიანებისაც კი, იმის გარანტიას იძლევა, რომ სრულიად ყოვლისმომცველი წარმოდგენა მექნება, თუ რა ხდება ჩემს ბიზნესში.

სიჩუმე გადასაღებ მოედანზე!

The Kara Network-ზე. სხვა ყველაფერთან ერთად. პოდკასტის Unstoppable-ის წამყვანიც ვარ, წარმატებულ ანტრეპრენერებს ინტერვიუს ვართმევ. ეს ჩვეულებრივი კითხვა-პასუხის რეჟიმია, მაგრამ ხშირად ცალკე კლიპების გასაკეთებლად მხოლოდ გარკვეული ციტატების ჩაწერა აუცილებელი ხდება. ამ დროს საუბარში ჩართვა არ შეიძლება, სულ ორმარცვლიანი ბგერის წარმოთქმაც კი, არც სიტყვიერი დათანხმება. მხოლოდ მსმენელის როლში უნდა ვიყო და სტუმარს ვუსმინო.

ამ პირობებში ბევრს ისწავლით. წარმოიდგინეთ, რომ ჩემსავით რამდენიმე წუთი ლაპარაკი არ შეგიძლიათ, ვიდრე სტუმარი ლაპარაკობს და რეჟისორი ამის ნებას არ მოგცემთ. ასე ნამდვილად შეძლებთ იმის გაგებას, რას ამბობს ადამიანი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი