Get All Access for $5/mo

როგორ უნდა გაუმკლავდეს პირად კრიზისებს გენერალური დირექტორი ქალი ბიზნესში წარმატების მისაღწევად, საკუთარ თავზე იმ შემთხვევაშიც კი აუცილებლად უნდა იზრუნოთ, როდესაც თქვენს ცხოვრებაში კატასტროფა ხდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

StockSnap, Pixabay

ქალ ბიზნესლიდერებს ძლიერ, საკუთარ თავში დარწმუნებულ პიროვნებებად მიიჩნევენ, რომლებსაც ნებისმიერ პრობლემასთან შეუძლიათ გამკლავება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ რა ხდება, როდესაც მათ ცხოვრებაში ნამდვილი კატასტროფები ხდება? პირადად მე, ასეთი კატასტროფები 2008 წელს დამატყდა თავს. ჯერ ერთი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოხდა, რომელმაც ჩემი ორი ბიზნესი შეიწირა; შემდეგ, ჩემი სახლი მოგირავნის მფლობელობაში გადავიდა; ამას დაემატა ის, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა და ბოლოს ყველაზე საშინელი – სულ მოკლე ხანში, ერთმანეთის მიყოლებით დედა, ძმა და მამა გარდამეცვალა.

უსაზღვრო დარდმა ჩემი ცხოვრების ყველა სფეროზე იქონია გავლენა, მათ შორის, სამსახურზეც. ერთ-ერთმა კვლევამ – "მწუხარების ინდექსი: სამუშაო ადგილზე პირადი კრიზისებით გამოწვეული ყოველწლიური ფარული ხარჯები ამერიკაში" უჩვენა, რომ გამოკითხულ მენეჯერთა 85%, ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში გადაწყვეტილებებს უწინდებურად ეფექტურად ვეღარ იღებდა.

სულიერ კრიზისებთან გამკლავება განსაკუთრებით ქალებს უჭირთ, რადგან საშინაო საქმეებსაც სწორედ ისინი მართავენ. Springer journal-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ნებისმიერი ასაკის კანადელ ქალბატონს გაცილებით მეტი საშინაო ვალდებულება აქვს პარტნიორ მამაკაცთან შედარებით, სამსახურში ანაზღაურების მიუხედავად. ვცდილობდი მემუშავა და გული გადამეყოლებინა, მაგრამ მივხვდი, რომ თუ პირად ცხოვრებას არ მოვაწესრიგებდი, მოვალეობას კარგად ვერ შევასრულებდი. ლიდერი ვალდებულია, როგორც გონებრივად და ფიზიკურად, ისე ემოციურად და სულიერად, საუკეთესო ფორმაში იყოს.

დარდმა ისე ჩამითრია, რომ მივხვდი – ცხოვრება სერიოზულად უნდა შემეცვალა, თორემ ცვლილებებს ვერც კი გავიგებდი. კატასტროფას ქვემოთ აღწერილმა ნაბიჯებმა გადამარჩინა, ამქვეყნად დამაბრუნა, ისევ ისეთი ჯანმრთელი და კეთილგონიერი გამხადა.

თამასა დაწიეთ

ალბათ ბევრჯერ გსმენით, რომ კვირაში სამჯერ ვარჯიში აუცილებელია. მაგრამ ვინმე ახერხებს ამას? მით უმეტეს, თუ ოჯახი და დიდი კარიერა აქვს? ეს რჩევა პრაქტიკული არ მომეჩვენა და პირველი, რაც მაშინვე თავში მომივიდა, თამასის დაწევის ფილოსოფია იყო. შესაძლოა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მისთვის, ვისაც დიდი მიღწევები აქვს და ყოველთვის მეტის გაკეთებას ცდილობს, ამაზე დაფიქრებაც კი, მეტისმეტად მძიმეა. იმაზე მეტს ვმუშობდი, ვიდრე ატანა შემეძლო და მივხვდი, რომ მხოლოდ ის უნდა გამეკეთებინა, რაც ჩემს ძალებს არ აღემატებოდა. თუნდაც ეს, ჩემს ანაზღაურებასთან შედარებით, ნაკლები დატვირთვა ყოფილიყო.

თამასის დაწევა გონების გააქტიურებაში დამეხმარა და გამოთავისუფლებული დრო ჩემს თავს მივუძღვენი. კვირაში ერთხელ დავიწყე ვარჯიში, გაცილებით უკეთ გავხდი და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს გამარჯვების გზას შევუდექი. მოვალეობის შესრულების ეს გრძნობა ზუსტად მაშინ აღმოჩნდა ჩემთვის აუცილებელი, როცა მეგონა, რომ ყველაფერში ხელი მომეცარა. დროთა განმავლობაში, ისევ შევძელი ჩემს მიზნებზე ყურადღების გამახვილება და კატასტროფის შემდეგ იმდენად უკეთ ვიგრძენი თავი, რომ კვირაში ორჯერ დავიწყე ვარჯიში. ახლა უწინდელზე ბევრად ჯანსაღი ცხოვრების სტილი მაქვს და ყველანაირად ვცდილობ უფრო უკეთესი გავხადო.

ჩემი ცხოვრების ამ მოვლენებმა დამანახა სტრესის მოსახსნელად ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა. ახლა უკვე ფიზიკურთან ერთად, გონებრივი განვითარებისთვისაც ბევრს ვვარჯიშობ. "იცოდეთ, რომ ფიზიკური აქტიურობა შემეცნების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა", – ამბობს ფიტნესის სპეციალისტი შეი დე სილვა. ჩემთვის კი, ვარჯიში უკვე აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ უკეთესი და მობილიზებული ლიდერი ვიყო.

პრობლემებს ახლებურად შეხედეთ

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისები ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე და არაკონტროლირებადია. ავადმყოფობისგან განსხვავებით, საქმიანი ან ფინანსური პრობლემების გადაჭრა ან მათი ასე თუ ისე მოგვარება სრულიად შესაძლებელია სხვადასხვა რესურსით ან ქმედებით. ბევრი სირთულე გადავიტანე და ამით იმ პრობლემებზე შემექმნა წარმოდგენა, რომლებიც მომავალში მელოდა.

ცოტა ხნის წინ, ერთი თაღლითური სქემის მსხვერპლი გავხდი – 6-ციფრიანი შემოსავალი მთლიანად მომპარეს. ჩვენი მცირე ბიზნესისთვის ეს ფაქტი შესაძლოა სრული განადგურების ტოლფასი ყოფილიყო, მაგრამ როგორც ანტრეპრენერმა, ვიცოდი – გამოსავალს აუცილებლად ვიპოვიდი და მძიმე მდგომარეობას თავს დავაღწევდი; მოქმედებაზე გადასვლა სწრაფად შევძელი, რადგან ავადმყოფობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალებისას გაცილებით დიდი სტრესი გადავიტანე.

გარდა ამისა, მდგომარეობიდან გამოსვლაში ჩემმა ჯგუფმაც ფასდაუდებელი დახმარება გამიწია. ასეთი გუნდის მოძებნას ნებისმიერ ბიზნესლიდერს ვურჩევდი. მრჩეველი ლიდერობის სფეროში ბეტ მილერი სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას – "საექსპერტო საკონსულტაციო გუნდები ნებისმიერი კომპანიისთვის უზომოდ მნიშვნელოვანია. ისეთი გარემო შექმენით, სადაც ადამიანები ერთმანეთს დაეხმარებიან, პრობლემებს იმ თანამოაზრეებთან ერთად გადაჭრიან, რომლებსაც მსგავს სირთულეებთან მოუხდათ შეჯახება".

გაამარტივეთ

ცხოვრების კრიზისები ადამიანებს მთელ ენერგიას აცლის. ასეთ დროს პრობლემურ პიროვნებებთან ურთიერთობა ან საპასუხისმგებლო დავალებების შესრულება თითქმის მთლიანად ფიტავს ორგანიზმს. ცხოვრება გაიმარტივეთ, შეეცადეთ თავი აარიდოთ ასეთ ადამიანებს, ნურც თქვენთვის უსიამოვნო დავალებებს შეასრულებთ და არც რაიმე უარყოფითი გააჩეროთ თქვენ გარშემო. მთავარია, საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ ამ ყველაფრის ერთად გაკეთებას ნამდვილად ვერ შეძლებთ და გაცილებით მეტი ენერგია გექნებათ.

ისწავლეთ დახმარების თხოვნა

კრიზისების დროს მაქსიმალურად მნიშვნელოვანი და რთული, სხვისთვის დახმარების თხოვნაა. ასეთ დროს მოვლენები თითქოს ერთმანეთს ემთხვევა – დახმარების თხოვნა ყველაზე ნაკლებად მაშინ გინდათ, როდესაც ყველაზე უიმედოდ გრძნობთ თავს, არადა ყველაზე მეტად გჭირდებათ! მუშაობის გაგრძელებას, ჭრილობების მოშუშებას ან კრიზისის თავიდან აცილებას მხოლოდ სხვების დახმარებით (ემოციური, ფინანსური ან რაიმე ნებისმიერი სხვა) შეძლებთ. ხელმძღვანელები ვართ და ამიტომ დახმარების გაწევას უფრო მივეჩვიეთ, ვიდრე სხვისთვის დახმარების თხოვნას. წლების განმავლობაში მივხვდი, რომ დახმარების შეთავაზებაზე უარის თქმისას, ნებისმიერს იმ სასიამოვნო გრძნობაზე ვეუბნები უარს, რომელიც ჩემი დახმარების შემთხვევაში გაუჩნდებოდა. როდესაც შემდეგ ჯერზე, ვინმე გკითხავთ: "რით შემიძლია დაგეხმაროთ?", სრულიად გულახდილად უთხარით, რაც გჭირდებათ.

მადლიერების ჟურნალი აწარმოეთ

კრიზისების გადატანის შემდეგ, ადამიანებს სრულიად ბუნებრივად უჩნდებათ ისეთი შეგრძნება, რომ სამადლობელი თითქმის აღარაფერი ჰქონდეთ. აი, სწორედ ასეთ დროს უნდა სცადოთ მადლიერების გამოხატვაზე ზრუნვა. მადლიერების ჟურნალი ამის შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა მისი წარმოება არც ისე ადვილია. ყოველ ღამე, დაწოლამდე და დილით, როგორც კი საწოლიდან ადგებით 20 რამ დაწერეთ, რისთვისაც ცხოვრების მადლიერი ხართ. ამ შემთხვევაში, თქვენი ყოველი დღე სასიამოვნო ამბების გახსენებით გათენდება და დაღამდება. ეს განწყობა აუცილებლად თან გაგყვებათ, ბედნიერად და ჯანმრთელად იგრძნობთ თავს. თუ წერა არ გიყვართ, ტექსტი ხმის ჩამწერი პროგრამის გამოყენებით მობილურში ჩაიწერეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, სულ რამდენიმე კვირაში როგორ შეიცვლება ყველაფერი.

ზოგიერთი მოვალეობა სხვებს გადააბარეთ

მოვალეობების დაჯგუფება თქვენს დამოკიდებულებას გაარკვევს მოვალეობების მიმართ და იმასაც, თუ რომლის შესრულება გამოგდით უკეთ. ჩამოწერეთ, რომელი მოვალეობები:

  1. გიყვართ და კარგად იცით
  2. მოგწონთ და ერკვევით
  3. არ მოგწონთ და ვერც ერკვევით
  4. არც გიყვართ და ვერც ერკვევით

ყველაფერის, რასაც აკეთებთ (როგორც შინ, ისე სამსახურში) ამ ოთხი კრიტერიუმის მიხედვით დაჯგუფება, საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ, როგორ ანაწილებთ დროს და რომელი დავალებები უნდა გადასცეთ სხვას. მხოლოდ ის უნდა გააკეთოთ, რაც მოგწონთ და კარგად გამოგდით. ასეთი პრაქტიკა ნებისმიერი ლიდერისთვის სასარგებლოა. ხოლო მათთვის, ვისაც ცხოვრებაში რაიმე კრიზისი აქვს გადატანილი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. იმ მოვალეობების სხვისთვის გადაცემა, რომლებიც არ მოგწონთ, სტრესს მოგიხსნით და დროს გამოგითავისუფლებთ. თავისუფალ დროს კი, პრობლემების გადაჭრასა და წინსვლაზე დაფიქრებას მოახმარებთ. იმას გააკეთებთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და რაშიც საუკეთესოდ ერკვევით.

ჩვენ ლიდერები ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ეგოისტური საქციელი სულაც არ არის. განსაკუთრებით კი, სტრესის გადატანისას. თუმცა, შესაძლოა ნებისმიერ გენერალურ დირექტორს აქვს ცდუნება, სახეზე ეწეროს თუ რა გადაიტანა. სულიერ კრიზისებთან ბრძოლა, ასე ნამდვილად არ ხდება. მდგომარეობიდან გამოსვლა თავად უნდა შეძლოთ, სხვებზეც უნდა იზრუნოთ და ისევ ისეთი გახდეთ, როგორიც იყავით. ამას დრო ნამდვილად დასჭირდება და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. სულიერი კრიზისის გადატანას მთელი წელი ვცდილობდი და ყოველდღიურად უკეთ ვგრძნობდი თავს. ეს კიდევ მეტ სტიმულს მაძლევდა, რომ გავძლიერებულიყავი და ცხოვრება გამეგრძელებინა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი