სანამ არაპროდუქტიულობაში გუნდს დაადანაშაულებდეთ, საკუთარ თავს ეს 5 კითხვა დაუსვით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როდესაც რაღაც არ მუშაობს, ადამიანურია, რომ ჯერ სხვაგან ვეძებოთ პრობლემა. ამ პროცესში ჩვენ ვაფასებთ შესრულების ხარისხს, კომუნიკაციასა და პასუხისმგებლობას. ვსვამთ კითხვას, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებენ ადამიანები მოლოდინებს ან რატომ იჩენს თავს ერთი და იგივე პრობლემა რამდენჯერმე. ზოგჯერ პრობლემა მართლაც ამაშია. თუმცა, წლების განმავლობაში ვისწავლე, რომ განმეორებად გამოწვევებს ხშირად ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ: მე, გუნდის ლიდერი.
სანამ ჩემს გუნდსა და მუშაობის ხარისხზე ვარაუდებს გამოვთქვამ, ვცდილობ ჩავატარო "ემოციური პატერნების აუდიტი", როგორც მას ხშირად ვუწოდებ ხოლმე. ეს ხუთი კითხვაა, რომლებიც მეხმარება სუსტი წერტილების გამოვლენაში, სანამ ისინი დაბრკოლებად იქცევა.
კითხვა N1 – რომელი პრობლემა იჩენს თავს განმეორებით?
თვითშემეცნებისთვის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ინსტრუმენტი ენეაგრამაა, რადგან ის აჩვენებს, თუ როგორ იქცევით წარმატების (აღმავლობის) პერიოდში და როგორ – სტრესის დროს. უდიდესი ძალა, რაც ლიდერს შეიძლება ჰქონდეს, საკუთარი სუსტი მხარეების ცოდნაა.
როდესაც ვამჩნევ, რომ ერთი და იგივე გაუგებრობა კვლავ და კვლავ მეორდება, ვწყვეტ ყურადღების გამახვილებას ცალკეულ სიტუაციაზე და ვიწყებ პატერნის (კანონზომიერების) ძიებას. თუ ერთი და იგივე გამოწვევა სხვადასხვა ადამიანთან ან სხვადასხვა გარემოებაში იჩენს თავს, როგორც წესი, არსებობს უფრო ღრმა მიზეზი, რომელიც შესწავლას იმსახურებს. პატერნები ხშირად ავლენენ ისეთ პრობლემებს, რასაც ცალკეული მოვლენა ვერ აჩვენებს.
კითხვა N2 – რა როლი შეიძლება მქონდეს ამ პატერნში?
ეს ხშირად ყველაზე რთული კითხვაა, რომელსაც გულწრფელად უნდა უპასუხოთ. წლების განმავლობაში მეგონა, რომ დელეგირების პრობლემა მქონდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ მიბრუნდებოდა ყველაფერი მაინც მე. შემდეგ გავაცნობიერე, რომ დელეგირებასთან კი არ მქონდა პრობლემა, არამედ საკუთარი როლის აღქმასთან.
ეს ახლახან ოჯახური ფოტოების მაგალითზე ავხსენი. როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ, კამერა ყოველთვის მე მეჭირა. ყველაფრის ორგანიზებას ვაკეთებდი და ვმართავდი მომენტს იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ იმ მომენტში ვყოფილიყავი. ბიზნესშიც იმავეს ვაკეთებდი: ჩემს მოვალეობებზე კონცენტრირების ნაცვლად, ვერეოდი სხვების საქმეში და უნებურად, ხელს ვუშლიდი მათ, საკუთარ თავზე აეღოთ მათი წილი პასუხისმგებლობა.
კითხვა N3 – ველოდები თუ არა ჩემი გუნდისგან იმავე დონის ჩართულობას, როგორიც მე მაქვს?
ერთ-ერთი ყველაზე რთული გაკვეთილი, რაც ვისწავლე, იმის მიღება იყო, რომ გუნდი არასდროს იზრუნებს ჩემს ბიზნესზე ისე, როგორც მე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გულგრილები არიან. სინამდვილეში, ისინი ჩემთან მუშაობენ, რადგან ერთგულად ემსახურებიან იდეას და ეს მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მათი ჩართულობა სხვა პერსპექტივიდან ფასდება, ვიდრე მფლობელისა. ისინი, უბრალოდ, ვერ იზრუნებენ იმავე საკითხებზე იმავე ხარისხით, როგორც მე, როგორც მფლობელი.
დიდი ხნის განმავლობაში მწყინდა, როდესაც ადამიანები არ ავლენდნენ იმავე დონის ენთუზიაზმს, რასაც მე ვგრძნობდი. საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ველოდებოდი, ადამიანებს ბიზნესი ჩემი პერსპექტივით დაენახათ და არა თავიანთით. როგორც კი ეს მოლოდინი შევცვალე, უკეთესი ლიდერი გავხდი, რადგან შევწყვიტე ერთგულების გაზომვა იმით, აზროვნებდა თუ არა ვინმე ზუსტად ჩემსავით.
ზოგჯერ ყველაზე არასასიამოვნო უკუკავშირი, რომლის მოსმენაც არ გვინდა, ის არის, რომ ჩვენი მოლოდინები უნდა შევცვალოთ და არა ჩვენი ადამიანები.
კითხვა N4 – ვის აქვს უფლება მითხრას, როდესაც რაიმეს არასწორად ვაკეთებ?
ყველა ლიდერს სჭირდება ვინმე, ვინც დაინახავს იმას, რასაც თავად ვერ ხედავს. ჩემთვის ეს ხშირად ჩემი მეუღლეა. ბუნებით ვიზიონერი ვარ, რაც ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ წინსწრებით ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ძლიერი მხარეა, მან შეიძლება ბევრი ე.წ. ბრმა წერტილიც შექმნას.
როდესაც მომავალზე გადამეტებულად ვკონცენტრირდები, ჩემი ქმარი მეხუმრება, რომ იკაროსივით მზესთან ძალიან ახლოს ვფრენ. სინამდვილეში ის მეუბნება, რომ სანამ მე ჰორიზონტს გავყურებ, პირდაპირ ჩემ თვალწინ ხდება რაღაცები, რაც ჩემს ყურადღებას მოითხოვს. კომპანიაშიც მყავს ასეთი ადამიანები – ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სწორ გზაზე დამაბრუნონ.
საუკეთესო ლიდერები გარშემო არ იკრებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ეთანხმებიან მათ. ისინი იკრებენ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, მწარე სიმართლე თქვან.
კითხვა N5 – კონკრეტული განზრახვით ვმოქმედებ, თუ ჩვეულებით?
მას შემდეგ, რაც პატერნს გამოავლენთ, საჭირო კითხვაა, არის თუ არა ეს ისეთი რამ, რისი შეცვლაც რეალურად შესაძლებელია. ჩემში არის რაღაცები, რისი გაუმჯობესებაც შემიძლია. შემიძლია უფრო მკაფიოდ გამოვხატო აზრები. შემიძლია უკეთესი სისტემები შევქმნა. შემიძლია უფრო მიზანმიმართულად (განზრახვით) ვუხელმძღვანელო. მაგრამ არის რაღაცებიც, რაც, უბრალოდ, ჩემი პიროვნების ნაწილია. ყოველთვის ვიქნები ვიზიონერი. ყოველთვის სიღრმისეულად ვიზრუნებ ადამიანებზე.
ზრდა მაშინ კი არ ხდება, როდესაც სხვად ქცევას ვცდილობთ, არამედ მაშინ, როდესაც ვსწავლობთ იმ ჩვევების დახვეწას, რომლებიც აფერხებენ ჩვენს განვითარებას, და როდესაც იმ ძლიერ ასპექტებს ვეყრდნობით, რომლებიც ეფექტიანს გვხდის.
ცნობიერების მოქმედებად ქცევა
პატერნის იდენტიფიცირება მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი ნაბიჯია გადაწყვეტა, არის თუ არა ეს ისეთი რამ, რისი შეცვლაც შეგიძლიათ, და შემდეგ მისი მოგვარების მარტივი გეგმის შექმნა. ერთ-ერთი შეცდომა, რასაც ლიდერებში ვხედავ, არის მცდელობა, გამოასწორონ ყველაფერი ერთბაშად. თუ აღმოაჩენთ, რომ ერიდებით რთულ საუბრებს, გიჭირთ მოვალეობების დელეგირება ან გაურკვეველი კომუნიკაციით ქაოსს ქმნით, ნუ შექმნით ათნაბიჯიან გაუმჯობესების გეგმას. აირჩიეთ ერთი სფერო და კონცენტრირდით თანმიმდევრულ პროგრესზე.
მე ვამჯობინებ მაქსიმუმ სამი სამოქმედო ნაბიჯის განსაზღვრას. მაგალითად, თუ პრობლემა სიცხადეშია, შემიძლია ავიღო ვალდებულება, რომ ყოველი შეხვედრა დავასრულო პასუხისმგებელი პირებისა და შემდგომი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრით. თუ პრობლემა დელეგირებაა, შემიძლია ავირჩიო ერთი პასუხისმგებლობა და სრულად გადავაბარო, იმის ნაცვლად, რომ მუდმივად ვაკონტროლო. თუ პრობლემა ემოციური ცნობიერებაა, შემიძლია ვთხოვო სანდო კოლეგას, მითხრას, როდესაც შეამჩნევს, რომ განზრახვის ნაცვლად სტრესის გავლენით ვმოქმედებ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია უკუკავშირი იმ ადამიანებისგან, ვისზეც ეს ცვლილება იმოქმედებს. ჰკითხეთ, ხედავენ თუ არა გაუმჯობესებას და არის თუ არა რამე, რაც ჯერ კიდევ გამოგრჩათ.
ლიდერები, რომლებიც ყველაზე სწრაფად იზრდებიან, ისინი კი არ არიან, ვისაც სუსტი წერტილები არ აქვთ, არამედ ისინი, ვინც მზად არიან გამოავლინონ საკუთარი სისუსტეები, იმუშაონ მათზე და გულწრფელად შეაფასონ პროგრესი.
თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი