Join our Waitlist for Expert Advice!

წარმატებული ანტრეპრენერების 8 ჩვევა შენი წარმატების საფუძველი ცხოვრების სტილი და მუშაობის ყოველდღიური რეჟიმია.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

StartupStockPhotos, pixabay

ეფექტიანობა, არსებითად, სასურველი შედეგის მიღწევას ნიშნავს. ყველაზე წარმატებულმა ანტრეპრენერებმა კარგად აითვისეს ეს უნარი, ვინაიდან ის მათ ხელს უწყობს სამუშაო პროცესის ჭკვიანურად წარმართვაში - ფუჭი მცდელობებისა და დროის დაკარგვის გარეშე. წარმატებას ვერ მიაღწევთ, თუ ზანტად, ალალბედზე ან არათანმიმდევრულად იმოქმედებთ. ეფექტიანობის თავიდათავი დისციპლინასა და რეჟიმშია და არა ნიჭსა და გენიოსობაში. ამიტომ, რაიმე მიზნის ან გეგმის განხორციელებამდე, წარმატებული ანტრეპრენერები გულმოდგინედ ემზადებიან, ერკვევიან დეტალებში და ყველაფრის ორგანიზებას ახერხებენ.

აი, ეფექტური ანტრეპრენერების 8 ჩვევა:

1. ხედვა

ისინი მნიშვნელოვან დროს უთმობენ ფიქრს, წარმოსახვით და შემოქმედებით აზროვნებას. ყველა ჩვენგანს შეუძლია იყოს ინოვატორი, თუკი მივეჩვევით მუდმივი აღმოჩენების რეჟიმს და ამ პროცესისგან სიამოვნების მიღებას. წარმოსახვის უნარი წარმატებული ანტრეპრენერების ყველაზე მძლავრი იარაღია. ისინი გაბედულად ოცნებობენ, შემდეგ მოქმედებენ და ამ ოცნებას რეალობად აქცევენ. სწორედ ეს ხედვა განასხვავებს მათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ვერ ბედავენ ოცნებას "შეუძლებელზე". გამორჩეული ანტრეპრენერებისთვის არ არსებობს რაიმე ზღვარი ისეთ საკითხებში, როგორიცაა კრეატიულობა, წარმატება, ფულის კეთება, პოზიტიური და გრძელვადიანი გავლენა სხვებზე, ან ახალი წამოწყებები.

2. დილით ადრე ადგომა

ყველაზე ეფექტური ანტრეპრენერები "ტოროლები" არიან და სრულად ეთანხმებიან ანდაზას ადრე ამდგარი კურდღლისა და მწევრის შესახებ. მათი დღე იწყება იმაზე ფიქრით, თუ რისი მიღწევა სურთ, და საკუთარი თავის დარწმუნებით, რომ ყველაფერი გამოუვათ. ბევრი მათგანი დღის დასაწყისში რაიმე სახის ფიზიკურ აქტივობას მიმართავს. ეს მათთვის გამოფხიზლების, ორგანიზმის ამუშავებისა და გონების გააქტიურების მეთოდია. დილით ადგომის წყალობით, ოფისში სხვებზე ადრე მიდიან. ეს კი საშუალებას აძლევთ, კარგად მოკალათდნენ, აზრები მოიკრიბონ და პრიორიტეტები განსაზღვრონ დღის საუკეთესოდ ორგანიზებისათვის.

3. დაგეგმვა

წარმატებული ანტრეპრენერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ეფექტიანობის ასამაღლებლად არის დაგეგმვა. მათი განრიგით, პირველ რიგში მოვალეობებია, შემდეგ კი - განტვირთვა. სოციალურ კავშირებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და წარმატებულმა ანტრეპრენერებმა კარგად იციან ადამიანური ურთიერთობების ფასი, რომლებიც გულისხმობს არა მხოლოდ ემოციურ სიახლოვესა და სულიერ კავშირს, არამედ სტრესის შემცირებასა და ინოვაციური აზროვნების ხელშეწყობასაც. ყველაზე ეფექტური ანტრეპრენერები ამჯობინებენ, სოციალიზაციას დრო დაუთმონ სამუშაო დღის ბოლოს, პროფესიული მოვალეობების მოხდის შემდეგ. ასეთი რეჟიმი მათ საშუალებას აძლევს, ისე დატკბნენ თავისუფალი დროით, რომ არ ამძიმებდეთ დღის განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულებები.

4. ძილი

წარმატებული ანტრეპრენერები აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ძილი ეფექტიანი მუშაობისათვის. რაც უფრო კარგად სძინავთ, მით გამჭრიახები, ემოციურად გახსნილები და ადეკვატურები არიან. არიანა ჰაფინგტონი წიგნში "ძილის რევოლუცია: გარდაქმენით თქვენი სიცოცხლე ყოველ ღამით" წარმოგვიდგენს მთელ რიგ მტკიცებულებებს ძილსა და სტრესს შორის ურთიერთკავშირზე. ძილის ნაკლებობა ზრდის ემოციურ რეაქტიულობას და ამცირებს სტრესთან გამკლავების უნარს, რაც ხელს უწყობს ცუდად ძილს მეორე ღამითაც. ეს კოშმარული და ჩაკეტილი წრეა. თუკი ძილთან დაკავშირებულ მავნე ჩვევებს თავის ნებაზე მიუშვებთ, ეფექტიანობასა და წარმატებასთან სამუდამოდ დამშვიდობება მოგიწევთ.

5. სიმარტივე

როგორც წარმატებული ანტრეპრენერები ირწმუნებიან, სიმარტივე მათი საიდუმლო იარაღია ეფექტიანობის გასაზრდელად. ისინი, ფაქტობრივად, შეპყრობილნი არიან მარტივი და, ამავდროულად, პრაქტიკული რუტინული ჩვევებით. ყოველდღიური, მარტივი წეს-ჩვეულებების ჩამოყალიბება ეხმარება მათ არაგონივრული სამუშაო დატვირთვის თავიდან აცილებაში. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ სუპერგმირსაც სჭირდება უქმე დღეები და შეუძლებელია ეფექტიანობის მიღწევა საკუთარ თავზე ზრუნვის გარეშე.

6. დღიური

ერთ-ერთი ყველაზე იოლი გზა ეფექტიანობის გასაზრდელად დღიურის წარმოებაა, სადაც გონიერი ანტრეპრენერები რეგულარულად იწერენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და დღის განმავლობაში გადახდენილ ამბებს; ინიშნავენ იდეებს, სიებს, მიზნებს, მადლიერების მიზეზებს, ზოგჯერ კი, უბრალოდ, უარყოფითი ემოციებისგან იცლებიან. დღიურის წარმოება ამშვიდებს სტრესით ან კონფლიქტით გამოწვეულ ემოციებს და იძლევა ყოველდღიური ორომტრიალიდან გამოთიშვის საშუალებას. ეს ელექტრონული მოწყობილობები, დაუსრულებელი სატელეფონო ზარებით, წერილებით და შეტყობინებებით, ხომ არასდროს გვაძლევს მოსვენებას. წარმატებული ანტრეპრენერები კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგი საკუთარ კრიტიკულ "მე"-სთან. ეს ნეგატიურ ფიქრებს გამამხნევებელ შინაგან ხმად გარდაქმნის და ხშირად დაბრკოლების გადასალახად სრულიად კმარა.

7. მოქნილობა

მართალია, რეჟიმის შემუშავება კარგია, მაგრამ წარმატებული ანტრეპრენერები ხვდებიან, რომ მოქნილობა არანაკლებ მნიშვნელოვანია მოულოდნელ ან ცვალებად გარემოებებთან გასამკლავებლად. მიმართულების შესაცვლელად საკმარისი მოქნილობის გამოჩენა წარმატების შანსებს ზრდის და ანტრეპრენერებს ეხმარება საჭირო ცხოვრებისეული გაკვეთილებისა და გამოცდილების მიღებაში. ეფექტური ანტრეპრენერების ცხოვრების წესი მხოლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაა. ეს ზრდის ამ ადამიანთა პროდუქტიულობას, რადგან მათი მზადყოფნა მუშაობისა და კომუნიკაციისთვის არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, რომ ეფექტიანად გაუმკლავდნენ ნებისმიერ ამოცანას.

8. ცნობისმოყვარეობა

ყველაზე ეფექტური ანტრეპრენერებისთვის მოწყენილობა წარმატების ერთ-ერთი დიდი მტერია, ამიტომ ისინი ცდილობენ, არასოდეს მოიწყინონ. ამ ადამიანებს შეუძლიათ, დღე და ღამე იმუშაონ და განსაკუთრებული ხალისით აკეთონ საყვარელი საქმე. ისინი არიან გახსნილები და აინტერესებთ ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებაში და მათი საქმიანობის ირგვლივ ხდება. ეს აიძულებთ, მუდმივად დასვან კითხვები, იფიქრონ ახალ ინიციატივებზე და ჰქონდეთ ამოუწურავი შემოქმედებითი რესურსები. ცნობისმოყვარეობა კიდევ ერთი ასპექტია, რაც მათი მუშაობის ეფექტიანობას ზრდის. შესაძლოა, სწორედ ეს განასხვავებს ჩვეულებრივ და დიდ წარმატებას ერთმანეთისგან: წარმატებული ანტრეპრენერები ხომ არასოდეს წყვეტენ ახალი იდეების მოფიქრებას და ახალი გზების გაკვალვას.

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ