Get All Access for $5/mo

ვინ არიან ტრენდსეტერები? გვაკარგვინებენ თუ არა ინდივიდუალურობას ტრენდსეტერები?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე კი არ იწვის, არამედ ვფიქრობ, თუ რამდენი ახალი სიტყვა მკვიდრდება ჩვენს ენაში. თუმცა სიტყვის არსი ხშირად შესაძლოა არც კი გვესმოდეს.

"ტრენდსეტერი" – ეს სიტყვა ისეთივე ბუნდოვნად შეიძლება მოგეჩვენოთ, როგორც მაგალითად სიტყვა "ლუქია".

რამდენი სიტყვა გვაქვს ქართულში, რომლის ზუსტი თარგმანი არ არსებობს და ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც არ გვინდა უცხო სიტყვების გამოყენება, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს.

ვინ არიან ტრენდსეტერები?რას აკეთებენ ისინი? არის თუ არა ტრენდსეტერი გადამეტებული შეფასება, გვაკარგვინებენ თუ არა ინდივიდუალურობას ტრენდსეტერები? არის თუ არა ეს ერთგვარი მანიპულირება და რატომ მივსდევთ მათ?

დიდი ხანია ჩემი ინტერესის საგანია გამოვიკვლიო ეს საკითხები და შემდეგ გავაგებინო სხვა ადამიანებსაც. ძირითადად, სტატიებსა თუ ლიტერატურას, რომელსაც ვკითხულობ, ყველაფერი მოდის სფეროს ეხება. არადა, ჩემი აზრით, ტრენდსეტერები არ არიან მხოლოდ მოდის შემქმნელი ინდივიდები, არამედ ის ყველა სფეროში შეიძლება იყოს.

ტერმინი "ტრენდსეტერი" პირველად 1903 წელს ფრანგმა სოციოლოგმა, გაბრიელ ტარდმა გამოიყენა. ტარდი იკვლევდა, თუ როგორ ვრცელდებოდა ინოვაციები მასებს შორის და დაადგინა, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო სწრაფად იღებს, ეგუება სიახლეებს, ვიდრე უმრავლესობა.

ტრენდსეტერი – ეს არის ადამიანი, რომელიც ქმნის ტენდენციას, ქმნის მოდას, გვკარნახობს წესებს და ადამიანები მისდევენ მას.

ტრენდი არის ერთგვარი მიმართულება, რომელსაც კონკრეტული ადამიანი აძლევს სხვა ადამიანებს და ამით ქმნის ტრენდს.

მაგალითისთვის მოდის სფერო რომ ავიღოთ, სწორედ დიზაინერები გვკარნახობენ, როგორი ფეხსაცმელი ვატაროთ, როგორი ქსოვილის სამოსი ჩავიცვათ, რა ფერები იყოს ამა თუ იმ წლის განმსაზღვრელი და სხვა.

ტრენდსეტერებად გვევლინებიან საზოგადოებისთვის ნაცნობი ადამიანები, სოციალურად აქტიურები, წარმატებულები. ადამიანები, რომლებიც არიან მისაბაძები ამა თუ იმ პროფესიულ სფეროში.

ტრენდსეტერები არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ სიახლეს სთავაზობენ საზოგადოებას და "აიძულებენ" გაყვნენ მათ.

ასეთ ადამიანებს შესწევთ იმის უნარი, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ გარემოცვაზე, ახლობელ ადამიანებსა თუ მეგობრებზე.

ყველაზე გარდამტეხი როლი კოკო შანელმა ითამაშა მოდის ინდუსტრიაში, როცა მან უარი თქვა მოუხერხებელ, არაპრაქტიკულ კორსეტებზე და ქალებს ცხოვრება შეუმსუბუქა სრული შარვლების ჩაცმით.

გარდა იმისა, რომ შანელი ტრენდსეტერი იყო, ის ჩემი აზრით დიდი ანტრეპრენერიცაა, რადგან სრულიად ამოაყირავა იმდროინდელი მოდის სამყარო.

თუმცა ტრენდსეტერები კოკო შანელამდეც იყვნენ, და იქამდეც, ვიდრე თავად ეს ტერმინი გაჩნდებოდა. მაგალითად, XVI საუკუნეში მთელი ბრიტანეთი მკაფიო წითური საღებავით იღებავდა თმას, რადგან აღნიშნული ფერის თმა ძალიან უყვარდა დედოფალ ელისაბედ პირველს.

ქვეცნობიერად, ჩვენ ყოველთვის გვინდა ვიღაცას მივბაძოთ, ამიტომ "ვიტაცებთ" ტრენდებს, რადგან ასევე ქვეცნობიერად ვიცით, რომ მათ მცირე სიცოცხლის ციკლი აქვთ.

როდესაც ჩვენ ახალ ნივთს ვხედავთ, ტვინში მაშინვე ირთვება ნაცრისფერი ნივთიერება და სიამოვნების მიღებას გვთხოვს. გვინდება დავაჯილდოვოთ საკუთარი თავი.

სინამდვილეში, სხვისი მიბაძვა, თუ თავად იყო მისაბაძი, ანუ გახდე ტრენდსეტერი, ერთი მედლის ორი მხარეა. რეალურად, ტრენდზე "აყოლა" არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გცივა და თბილად ჩაიცვამ, ან სხვადასხვა მოთხოვნებს დააკმაყოფილებ.

ტრენდსეტერობას მასლოუს პირამიდამდე მიჰყავხარ – როცა უბრალოდ აღიარება და სტატუსი გჭირდება. "კარგი ტიპობის" სურვილი გიჩნდება, როცა ხედავ, რომ საზოგადოებაში აღიარებული ადამიანი ატარებს რაღაც კონკრეტულს; ჰყავს რომელიღაც ცხოველი, აგროვებს ნივთებს, ამკვიდრებს ახალ წესებს და ა.შ.

ტრენდსეტერების "მიბაძვა" ერთგვარად შეიძლება სასარგებლოც იყოს საზოგადოებისთვის. მაგალითად, თუკი ცნობილი ადამიანები დაიწყებენ ცხოველებზე ზრუნვას, ამაში მთელი საზოგადოება ჩაერთვება. შესაძლოა ამა თუ იმ პირს არც უნდოდეს, არ უყვარდეს ცხოველი (მაგალითად, კატა ხშირად არ უყვართ ხოლმე), მაგრამ როცა ხედავს, რომ მისთვის მისაბაძი ადამიანი ცხოველებზე ზრუნვის პოპულარიზაციას ეწევა, ის მინიმუმ იწყებს ფიქრს ოთხფეხა მეგობრებზე.

ვისურვებდი თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ თუ მაინც ასე იფიქრებთ, არა უშავს, მე არ მეწყინება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჩემს სამეგობროში და იმ წრეში, სადაც ყოველდღიურად მიწევს საქმიანობა, გარკვეულწილად ვარ ტრენდსეტერი, რადგან გავაკეთე "კატიანი და მეგობრები" ორი წლის წინ და ამ ორ წელიწადში ჩემ ირგვლივ ცხოველების მიმართ დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა – "დათბა". ბევრმა შეიფარა ან იყიდა ცხოველები და როცა მათზე ზრუნვა დაიწყეს, მირეკავენ და მეკითხებიან, როგორ უნდა მოუარონ მათ.

დასკვნის სახით გეტყვით იმას, რომ ტრენდსეტერები ერთგვარად გარემოსაც ცვლიან. ცვლიან უკეთესობისკენ და ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში აქტიურად გვხვდება ინფორმაცია ინფლუენსერების შესახებ. შეიძლება ითქვას, ინფლუენსერები ტრენდსეტერების "თანამედროვე" ვერსიაა, თუმცა როგორც იტყვიან, ეს უკვე სხვა ისტორიაა..

P.S.: პრინციპში, ყველა ჩვენგანს შეუძლია იყოს ტრენდსეტერი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოვუსმინოთ საკუთარ თავს და ვაკეთოთ, ჩავიცვათ, მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს, როგორც ჩვენ გვინდა და უბრალოდ, ვიყოთ ის, ვინც ვართ.

ლილი (ხატია) ალფაიძე

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი