Get All Access for $5/mo

DESIGN THINKING-ის როლი ახალი პროდუქტის განვითარებაში რა არის DESIGN THINKING?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ახალი პროდუქტის შექმნისას, რთულია მისი წარმატების წინასწარ განსაზღვრა. შესაბამისად, ხშირია ცნობილი ბრენდების წარუმატებელი ნაბიჯების შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ახალ პროდუქტს ბაზარზე შესვლისას არანაირი ქარხნული წუნი არ აქვს, ის მაინც ვერ იმსახურებს მომხმარებლის კეთილგანწყობას. რა არის ამის მიზეზი? განვიხილოთ, თუ რა სტრატეგიას იყენებენ კომპანიები, პროდუქტისა თუ სერვისის განვითარების პროცესში.

დღესდღეობით კომპანიები უამრავ საშუალებას მიმართავენ, რომ ახალმა პროდუქტმა დიდი ხნით დაიმკვიდროს ბაზარზე ადგილი. ერთ-ერთი მეთოდოლოგიაა Design Thinking, რომელსაც გადამწყვეტი როლი მიუძღვის ახალი პროდუქტის შექმნასა და არსებულის განვითარებაში.

სტივ ჯობსმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა, რომ ახალი პროდუქტის განვითარება სრულად ინჟინრებისთვის რომ მიენდო, მას ყოველთვის ტექნიკურად ინოვაციურ საშუალებას შესთავაზებდნენ, რაც რეალურად არანაირ გავლენას არ მოახდენდა ადამიანზე. ახალი პროდუქტის შექმნისას კი საკვანძო ადგილი მომხმარებლის აზრს, მისი საჭიროების იდენტიფიცირებას უჭირავს, სადაც მნიშვნელოვანია პროდუქტის გამოყენების გამოცდილების მთლიანი პროცესის დახვეწა.

რა არის DESIGN THINKING?

მას ქართულად შემოქმედებით აზროვნებასაც უწოდებენ. Design Thinking არის კომპლექსური პრობლემის კრეატიული გადაწყვეტა, როდესაც მომხმარებელი ყურადღების ცენტრშია და პროდუქტი მისი ინტერესებიდან გამომდინარე იქმნება. Design Thinking-ის გამოყენების მთავარი მიზანია, შეიქმნას ისეთი პროდუქტი თუ სერვისი, რომელიც მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებას დააკმაყოფილებს, გადაჭრის პრობლემებს და ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს. ის გამოიყენება პროდუქტის შექმნის მთლიან პროცესში − იდეის ჩამოყალიბებიდან მის განხორციელებამდე. მეთოდოლოგია დაფუძნებულია 5 ძირითად ელემენტზე, რომლებსაც ქვემოთ განვმარტავ.

ემპათიურობა (EMPATHIZE)

ამ ეტაპზე ხდება ადამიანისა თუ სიტუაციის სიღრმისეული შესწავლა, რაც გულისხმობს სხვადასხვა ექსპერტისგან აზრის მოსმენას, მომხმარებელზე დაკვირვებას, მის ჩართულობას, ასევე მოტივაციისა და სურვილების განსაზღვრას. აუცილებელია ამომწურავი ინფორმაციის მოძიება მათ შესახებ, რაც შემდგომში გაუმარტივებს კომპანიას, მომხმარებლზე მორგებული სერვისი შექმნას. უნდა ვიცოდეთ, თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ ადამიანები პროდუქტებთან ურთიერთობისას, სად და როგორ ატარებენ ისინი თავისუფალ დროს, ვინ არიან მათთვის მისაბაძი ადამიანები, რომელი სოციალურ ქსელით სარგებლობენ, უყურებენ თუ არა სატელევიზიო გადაცემებს და ა.შ. მაშასადამე, ფასეულობებისა და ინტერესების გათვალისწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია Design Thinking-ის პროცესში.

ამოცნობა (DEFINE)

შემდეგი ეტაპი მოძიებული ინფორმაციის თავმოყრა, სინთეზი და ორგანიზებაა. ანალიზის შედეგად ხდება პრობლემისა თუ საჭიროების იდენტიფიცირება, რაც ცხადია უნდა იყოს ჩამოყალიბებული მომხმარებლის პერსპექტივიდან. ვთქვათ, რომ კომპანიას სურს გაყიდოს მეტი ჯანსაღი პროდუქტი. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდებია. მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული შემდეგნაირად: სტუდენტებმა უნდა მიიღონ ჯანსაღი პროდუქტები, რათა ჰქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი და კარგი მეტაბოლიზმი. აუცილებელია ორგანიზმმა ემოციური თუ ფიზიკური დატვირთვის პირობებში შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება. შესაბამისად, პროდუქტის შექმნისას, მიზანს გაყიდვების ზრდა კი არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ მომხმარებლებისთვის ახალი ღირებულების შექმნა. ასეთ შემთხვევაში, ადამიანები უფრო მეტ პროდუქტს შეიძენენ და გაყიდვებიც ბუნებრივად გაიზრდება.

იდეების გენერირება

ამ ეტაპზე ვმსჯელობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა ან გამოწვევა, რომელიც ამოცნობის ფაზაში დავისახეთ. როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს, დაიწყონ ჯანსაღი პროდუქტების მიღება. იდეების გენერირებისას იკრიბებიან სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და იყენებენ განსხვავებულ მეთოდებს საბოლოო, კრეატიული იდეის ჩამოსაყალიბებლად.

პროტოტიპის შექმნა

იდეის ჩამოყალიბების შემდეგ, მნიშვნელოვანია მისი ვიზუალიზაცია − ესკიზის გაკეთება თუ სხვადასხვა მასალით სატესტო ვიზუალის შექმნა. მაგალითად, აპლიკაციის ვიზუალის შექმნისას შესაძლებელია დაბალი და მაღალი ხარისხის დიზაინის მაგალითების შექმნა (Low Fidelity&High Fidelity Wireframes), სერვისის შემთხვევაში, როლების გათამაშება და ა.შ.

ტესტირება

ტესტირება საბოლოო ეტაპია, სადაც შემოწმებასთან ერთად ხდება შეჯამება იმისა, თუ რა იყო სწორად გაკეთებული და რა არასწორად. გადაიჭრა თუ არა პრობლემა და რა უნდა გამოსწორდეს. ამის საფუძველზე კი პროცესი იმ ეტაპიდან იწყება, საიდანაც საჭიროებს დახვეწას. აქედან გამომდინარე, იქმნება პროდუქტი, რომელიც ბაზარზე შესვლამდე იტესტება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ. შესაბამისად, ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ ის არ გაამართლებს.

მსოფლიოში ბევრმა კომპანიამ Design Thinking-ის საშუალებით სრულად შეცვალა თავისი სამუშაო კულტურა, რამაც ხელი შეუწყო მათ წარმატებას ბაზარზე. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

APPLE – " ეფლი "

1997 წელს "ეფლის" პროდუქტები არ განსხვავდებოდა კონკურენტი კომპანიებისგან, მეტიც − მისი პროდუქტები თითქმის არ იყიდებოდა. მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსი "ეფლში" დაბრუნდა. ის აქტიურად იყენებდა Design Thinking-ს კომპანიის ხედვის ჩამოსაყალიბებლად. მისი აზრით:

  • ორიენტირებული უნდა ყოფილიყო ადამიანის საჭიროებებსა და სურვილებზე, და არა მხოლოდ მოგებაზე.
  • აუცილებელი იყო ემოციური კავშირის დასამყარებლად, რაც მომავალში ხალხს "ეფლის" პროდუქტებს შეაყვარებდა.
  • უნდა გამახვილებულიყო დიზაინზე, პრაქტიკულობაზე და არა ტექნიკურ საკითხებზე. შესაბამისად, სწორედ დიზაინერები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც უნდა განესაზღვრათ როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური მხარეები.
  • შექმნილიყო ლამაზი და მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტი, და არა ისეთი, რომლის გამოყენებაც მეტ ძალისხმევას და ტექნიკურ ცოდნას მოითხოვდა.

"ეფლი" დღემდე იყენებს ამ მიდგომას და ცდილობს, მომხმარებლის გამოცდილება მუდმივად დახვეწოს, განავითაროს, გაამარტივოს და მასზე დამოკიდებული გახადოს.

NORDSTROM – " ნორდ სტრომი "

"ნორდსტრომმა" სათვალეების მაღაზიაში გადაწყვიტა პროდუქტის შესყიდვის პროცესის გამარტივება. მომხმარებლებზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ ადამიანები სათვალეების არჩევისას ფოტოებს იღებდნენ. სწორედ ამიტომ, "ნორდტრომმა" გადაწყვიტა შეექმნა ისეთი აპლიკაცია, სადაც ფოტოს გადაღების შემდეგ უფრო მარტივი გახდებოდა სათვალეების არჩევა. ერთი კვირის განმავლობაში, მომხმარებლის უკუკავშირიდან გამომდინარე, ადგილზევე იქმნებოდა აპლიკაციის დიზაინი. საბოლოოდ კი, შეიქმნა მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული, ფუნქციური აპლიკაცია, რომელმაც არა მხოლოდ გაამარტივა, არამედ სასიამოვნო გახადა შესყიდვის პროცესი.

ამრიგად, Design Thinking დიდ როლს თამაშობს ახალი პროდუქტის შექმნის თუ დახვეწის პროცესში, კომპანიის ფინანსურად თუ არაფინანსურად გაძლიერებაში; ასევე, მომხმარებლებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

ნათია გოგოთიძე

მარკეტერი, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

ინდუსტრიული ტრენდები

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს