Get All Access for $5/mo

მარკეტერები, PR-ები და შაკიკი "მარკეტერი კარგად ერკვევა ფინანსებსა და ეკონომიკაში, ხოლო PR-ი ჰუმანიტარია და შესაძლოა კარგად ვერ დათვალოს."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ბიზნესის მთავარი "თავისტკივილი" ყურადღების მიპყრობაა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ყურადღების მიპყრობა და მომხმარებლის "მიბმა", რომ ის შენგან არ წავიდეს.

ასეთი "მიბმა" სიყვარულს ჰგავს. იგი მუდამ უნდა "კვებო". დიახ, სიყვარული უნდა კვებო, მოიგონო ათასი ლამაზობები, რომ არ დაშორდეთ ერთმანეთს, რადგან ცდუნებები დღევანდელ სამყაროში მართლაც რომ ბევრია.

ვიღაც ტერფს გამოაჩენს, ვიღაც ლამაზ ლავიწის ძვალს, ან შენ გამოგიგზავნიან სასიყვარულო წერილებს და თუ მყარად არ დგახარ, შესაძლოა მარტივად ცდუნდე.

რა უნდოდა ადამს? დავიჯერო გველი ევაზე მომხიბვლელი იყო? თუ ვაშლი იყო უფრო წითელი, ვიდრე შიშველი ევას კერტები?

არც ერთი და არც მეორე! უბრალოდ, აიღო და ცდუნდა, უბრალოდ, რაღაც ახლის გასინჯვა სურდა და ამას ვერავის დაუშლი. ეს კონკრეტული მაგალითი ახალი კონკურენტების გამოჩენას რომ შეადარო, უნდა მიუშვა მომხმარებელი, გასინჯოს სხვა ახალი. გასინჯოს, მიხვდეს შენს უპირატესობას და დაგიბრუნდეს. სწორედ აქ არის მომხმარებლების "მიბმის" ხელოვნება. შენც მუდამ ახალი უნდა შესთავაზო მათ, ვისი ყურადღებაც უკვე მიიქციე. უნდა ეცადო, იყო ყველასგან გამორჩეული ამ სიახლეებით და არ დანებდე ბაზრის დინებას.

ექსპერიმენტებს არ უნდა შეეშვა. მართალია, ყოველი ახალი ექსპერიმენტი ახალი "თავისტკივილია", მაგრამ თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, "შაკიკის აკიდებაც" ღირს. ბოლოს და ბოლოს, შაკიკის უტკივილო ფორმაც არსებობს (მართალია ამ უკანასკნელზე, შაკიკის უფრო რთული ფორმააო, ამბობენ, რასაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც).

ბიზნესი წარმატებული მხოლოდ მაშინ არის, როცა კარგ PR-ებს და მარკეტერებს დაიქირავებენ. მაგრამ როგორ უნდა გავარჩიოთ კარგი PR-ები და მარკეტერები, თან როცა სიტყვა "კარგი" ყველას თავისებურად გვესმის? როცა მარკეტერები თავისას "აწვებიან" და PR-ები კიდევ თავისას? როცა არ უნდათ იმის აღიარება, რომ სფერო ერთი და იგივეა? რომ ორივე მათგანი, ერთსა და იმავე ხერხებს, მიდგომებსა და ინსტრუმენტებს იყენებენ? მაშინ როგორ განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისგან?

განმარტება გამიგია ასეთი: მარკეტერი კარგად ერკვევა ფინანსებსა და ეკონომიკაში, ხოლო PR-ი ჰუმანიტარია და შესაძლოა კარგად ვერ დათვალოს.

აბსურდია, მეგობრებო, ეს განმარტება. სულაც, მგონია, რომ ასეთი განმარტება ვინც მოიგონა, მას თავად არ ესმის კარგად PR-ის და მარკეტინგის არსი.

იდეაში, დამსაქმებელს ხშირად ერევა თავად ამ ორის ფუნქცია ერთმანეთში და ჰგონია, რომ PR-ს მარკეტინგი სჯობს, ან პირიქით. ხშირად დამსაქმებელი და მისი HR-ი ვერ უსაზღვრავს ამ ორს საკუთარ ფუნქციებს და როცა მერე ისინი ერთ ორგანიზაციაში ერთმანეთს "უპირისპირდებიან", ეს დამატებითი თავისტკივილია ორგანიზაციის მფლობელისთვის ან დირექტორისთვის. თავისტკივილი, რომელსაც შაკიკამდე მიჰყავს.

სინამდვილეში კი, ამ ორის გარეშე ორგანიზაციის სწორად ფუნქციონირება სათუო ხდება.

ყველანი ვთანხმდებით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მომხმარებელთან. მეტიც – სწორი კომუნიკაცია, ეს კი შეუძლია ადამიანს, რომელმაც ინტეგრირებულად იცის მარკეტინგიც და პიარიც. ვისაც ესმის, სად გადის ზღვარი ამ ორ დისციპლინას შორის, რას აკეთებს მარკეტინგი და რა შეუძლია პიარს.

სინამდვილეში კი, ხელმძღვანელობამ, და ჩვენც, როგორც მომხმარებლებმა, უნდა ვისწავლოთ რაოდენობრივისა და შინაარსობრივის ერთობლივი გაანალიზება, არსებული შედეგების დროში განსაზღვრა და ამ შედეგებზე დაყრდნობით, ახალი საკომუნიკაციო ბადის შექმნა.

გქონიათ შემთხვევა, როცა დამსაქმებელი გეუბნებათ, შენ რაც ერთი წლის განმავლობაში გააკეთე, მომდევნო 5 წელი გეყოფაო? – ეს არის წინადადება, რომლითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ ის ცუდად ერკვევა მარკეტინგსა და პიარში.

სინამდვილეში კი, კომუნიკაცია ასე მუშაობს:

თუკი ერთხელ გაიცნობ ადამიანს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან მას იცნობ, და თუკი მას სადმე კიდევ შეხვდები (თავად უნდა გინდოდეს, რომ კვლავ შეხვდე მას), ნიშნავს იმას, რომ უნდა მიესალმო.

უფრო მარტივად – ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე ლექციაზე: კომუნიკაცია ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყოველ ჯერზე უთხრა გამარჯობა, და არა იმას, რომ მხოლოდ ერთხელ მიესალმო და როცა სხვა დროს შეხვდები მას, გამარჯობა აღარ უთხრა.

ასე რომ, კომუნიკაცია მუდმივი პროცესია და არა ერთჯერადი. სიყვარულის მსგავსად, კომუნიკაციაც უნდა კვებო. უნდა კვებო მუდმივი სიახლეებით, რადგან კონკურენცია იზრდება, სულ უფრო მეტი კონკურენტი ჩნდება ბაზარზე და მხოლოდ ის კომპანიები გადარჩებიან, რომლებიც ხარისხზე არიან ორიენტირებულნი და მასთან შეფარდებითი კომუნიკაცია აქვს მომხმარებელთან.

კარგად დააკვირდით წინა წინადადებას. მასში ის აზრი დევს, რომ თუ პროდუქტი არ ვარგა (ხარისხს ვგულისხმობ), მაშინ რაც უნდა ბრწყინვალე PR-ები და მარკეტერები დაიქირავო, ერთხელ იყიდიან შენს პროდუქტს, "მაგარი" კომუნიკაციის ხარჯზე, ხოლო მეტჯერ აღარ. თან იმასაც დააყოლებენ, რა ტყუილად ყრიან ამ PR-ში, მარკეტინგში ფულს, და არაფრად არ უვარგათ ხარისხიო.

მე მგონი, ცოტა ჩავხლართე. შაკიკიც სწორედ ასეთია. ჩახლართული. ის მხოლოდ ერთი დაავადება კი არ არის, არამედ 11 სხვადასხვა ავადმყოფობის, 5 გართულების და 3 დაუზუსტებელი მდგომარეობის გაერთიანებაა. აჰა, თქვენ მარკეტინგული ციფრები.

ფორმატი არ მაძლევს საშუალებას, თორემ ამ ყველაფერს Excel-ის ფაილადაც მოგაწვდიდით.

მნიშვნელოვანია, პიარებმაც და მარკეტერებმაც საკუთარი საქმე ვიცოდეთ კარგად და ის ვაკეთოთ, რადგან ორივე მათგანის მიზანი კომპანიის წარმატებაა და არა ის, თუ ვინ უფრო საოცარ იდეას გააჟღერებს მმართველთა საბჭოს 113-ე თათბირზე.

ხშირად, ორგანიზაციის მმართველები თავს არიდებენ ზედმეტ თავისტკივილებს.

ყველაზე დიდი თავისტკივილი კი კარგი მარკეტერისა და PR-ის დაქირავებაა.

ეს არის კადრი, რომლის მოსაძებნად ნამდვილად ღირს შაკიკის აკიდება. ბოლოს და ბოლოს, შაკიკი ხელს არ უშლის ადამიანს წარმატების მიღწევაში. ბიოგრაფები, ისტორიკოსები და ნევროლოგები ამბობენ, რომ შაკიკით დაავადებულებს შორის არიან დარვინი, ფროიდი, აინშტაინი, სერვანტესი, კლოდ მონე, ვინსენტ ვან გოგი, ელვის პრესლი, ჩაიკოვსკი, რონალდო, ელიზაბეტ ტეილორი, შერონ სტოუნი და სხვები.

P.S.: მე შაკიკი არ მაქვს, თუმცა ნებისმიერი ახალი პროექტის დაწყებისას, მაქვს შაკიკური, მოწოლითი ტკივილები, რომელიც ნელ-ნელა მაწვება თავში, იწყება, მოდის და ნაღმივით სკდება! თუმცა, სანამ გასკდომამდე მივა, პროექტის წარმატებით განხორციელება ტკივილებს აყუჩებს.

ასე რომ, როცა ხარისხიანი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის კარგი PR-ისა და მარკეტერის დაქირავება გინდათ, მიუშვით ეს "თავისტკივილი" ცოტა უფრო მეტხანს, უფრო ბევრი დრო დაუთმეთ მათ ძიებას, რათა იპოვით თუ არა სასურველს, აღარასოდეს იფიქროთ "შაკიკზე".

ლილი (ხატია) ალფაიძე

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.

PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ლექტორი. "კატიანი და მეგობრების" დამფუძნებელი. ზღაპრების 2 წიგნის ავტორი.
ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა