მარკეტინგული სააგენტო კარდინალური ცვლილებებისთვის Entrepreneur მარკეტერების ანტრეპრენერულ ისტორიას მოგითხრობთ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Cardinal მარკეტინგული სააგენტოა. ტრადიციულ და ციფრულ მარკეტინგში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ივენთმენეჯმენტის სფეროებში გამოცდილი 3 ადამიანი: ანა, გიორგი და სალომე უკვე 2 წელია სხვადასხვა კომპანიას მარკეტინგის აუთსორს-სერვისს უწევენ.კომპანია 2 წლის წინ შეიქმნა და მის პორტფოლიოში უკვე არაერთი წარმატებული პროექტია. Entrepreneur მარკეტერების ანტრეპრენერულ ისტორიას მოგითხრობთ.
მმართველი გუნდი
Cardinal 2 წლის წინ ანა გელბახიანმა და გიორგი ახვერდაშვილმა დააფუძნეს. სურდათ, წლების განმავლობაში მიღებული პროფესიული გამოცდილება და ცოდნა საკუთარ ბიზნესში გამოეყენებინათ.
ანა გელბახიანის გამოცდილება ბლოგერობით დაიწყო. მართავდა როგორც პირად ბლოგს, ასევე ეხმარებოდა დიდ და ცნობილ კომპანიებს ბლოგის შექმნასა და მართვაში. ციფრული სფეროს განვითარებასთან ერთად, გაიზარდა ანას როლიც ქართულ ციფრულ მარკეტინგში. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტია, არასდროს უმუშავია მარკეტინგის სფეროს გარეთ. დაქირავებულის როლში უთანამშრომლია საკმაოდ დიდ სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიებთან, რის შემდეგაც "კარდინალამდე" სხვადასხვა სფეროს ათობით კომპანიას დახმარებია წარმატების მიღწევაში.
გიორგი ახვერდაშვილის გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში ჯერ კიდევ ფეისბუქის დაარსებიდან დაიწყო, როცა ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბლოგინგი იყო. აქვს რამდენიმე წარმატებული პროექტის დაფუძნებისა და მართვის გამოცდილება. 2011 წლიდან პროფესიად მარკეტინგი და ციფრული მარკეტინგი აირჩია. "კარდინალამდე" გამოცდილება მიღებული აქვს საქართველოს რითეილ–სექტორში, გერმანიაში კი ხელმძღვანელობდა სპორტული სტარტაპის მარკეტინგის გუნდს.
სალომე სიხარულიძე კი ანტრეპრენერების დუეტს მოგვიანებით შეუერთდა. მისი კარიერა 17 წლიდან იწყება, როდესაც უმსხვილეს ნავთობ-სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდა. პროფესიული გამოცდილება მიიღო საბანკო, ელექტრონული კომერციის, ტურისტულ თუ რითეილ მიმართულებებში. დროთა განმავლობაში კი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებულ მენეჯერად ჩამოყალიბდა.
სამიზნე აუდიტორია
Cardinal-ის ხელმძღვანელთა მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების დამსახურებით, მარკეტინგული სააგენტოს დამფუძნებლებმა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისთანავე მშვენივრად იცოდნენ, რა გამოწვევების წინაშე იდგნენ ქართული თუ საერთაშორისო კომპანიები. რა შემთხვევაში ესაჭიროებოდათ აუთსორს-მარკეტინგის გუნდი და რა უპირატესობა აქვს სააგენტოს მომსახურებას.
"კომპანიებისგან მოთხოვნა მარკეტინგულ სააგენტოზე საკმაოდ დიდია. დღითი დღე უფრო და უფრო მეტი კომპანია ხვდება, რომ მარკეტინგის აუთსორსზე გატანა მეტად მომგებიანია მისთვის − როგორც ფინანსურად, ისე შედეგობრივად. აუთსორსზე კომპანიებს ემსახურება მარკეტინგის მთელი გუნდი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს", − ამბობს სალომე სიხარულიძე.
Cardinal-ს რამდენიმე უპირატესობა აქვს: უპირველესად, სააგენტოში მშვენივრად იციან დროის ფასი. შესაბამისად, მათი სერვისი, რა მიმართულების შეკვეთაც უნდა იყოს, საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ კამპანია დროულად დაიგეგმოს და დამკვეთმაც დასახულ მიზანს სწრაფად მიაღწიოს. "ჩვენი მიზანია, ჩვენთან თანამშრომლობით მათ სრული კომფორტი შევუქმნათ და თითოეულმა ჩვენმა დამკვეთმა ზუსტად იცოდეს, რომ თანამშრომლობენ პროფესიონალ და სანდო გუნდთან".
სამიზნე აუდიტორიის დიფერენცირება უჭირთ. საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ როგორც დიდ კომპანიებთან, ისე მცირე ბიზნესებთან. თითოეულის სპეციფიკას სწრაფად სწავლობენ და საქმიანობის მრავალფეროვნებითაც კმაყოფილები არიან. Cardinal-ის პორტფოლიოში მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა "თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები", "ემბავუდი", "შავი ლომი", "ქებული კლიმატი", რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მალკო" და ა.შ.
ბრენდის მცირეხნიანი ისტორიის მიუხედავად, მრავალი წარმატებული პროექტით ამაყობენ. თანამშრომლობენ საერთაშორიო კომპანიებთანაც. მაგალითად, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამზიდი ბრენდისთვის დაგეგმილი კამპანიის შედეგად, გაყიდვების ზრდის გეგმა 280%-ით შესრულდა."ეს შედეგი ჩვენთვის დღესაც ძალიან საამაყოა. მათთან საქმიან ურთიერთობას კი ახლა უკვე ყველა ჩვენი ახალი სერვისით ვაგრძელებთ".
სერვისები
Cardinal პოტენციურ დამკვეთებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს. ტრადიციული და ციფრული მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ღონისძიებების ორგანიზება, ბრენდინგი, შიდა კორპორაციული PR-ი, შემოქმედებითი გუნდის მომსახურება. გიორგი ახვერდაშვილი და ანა გელბახიანი, ძირითადად, ციფრული მიმართულებით მუშაობენ, სალომე კი მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ივენთმენეჯმენტის მიმართულებით.
კომპანიის დაარსებიდან მცირე ხნის განმავლობაში, Cardinal ძირითადად დიჯითალ სააგენტოდ პოზიციონირდებოდა, თუმცა მოთხოვნა ხშირად ციფრულ სფეროს სცდებოდა − კომპანიებს სრულფასოვანი მარკეტინგული მომსახურება ესაჭიროებოდათ. შესაბამისად, გუნდმა ბაზრის მოთხოვნა გაითვალისწინა და მარკეტინგული სააგენტოს მომსახურების სრულფასოვანი პაკეტი შექმნა.
ქართული ბაზარი
ქართული ბაზარი მარკეტინგული თუ კრეატიული სააგენტოებით ბოლო წლების განმავლობაში გაჯერებულია. თუმცა, ბაზრის სიდიდე სულაც არ განაპირობებს ნდობის მაღალ მაჩვენებლს. Cardinal-ის დამფუძნებელთა აზრით, მათი უპირატესობა სწორედ ნდობის მანდატია. ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს კი განხორციელებული კამპანიები, სერვისით კმაყოფილი დამკვეთები და საქმისადმი მაღალპროფესიული მიდგომა განაპირობებს.
მარკეტინგული სააგენტოს გუნდი ამ ეტაპზე 8 ადამიანისგან შედგება. "ჩვენი წარმატება თითოეული მათგანის შესრულებულ სამუშაოზე დგას", − ამბობს სალომე, − "სწორედ ამიტომ, დიდ ყურადღებას ვაქცევთ, თუ ვინ გახდება ჩვენი გუნდის წევრი. განვსაზღვრავთ, რა შეიძლება შემატოს მან ჩვენს კომპანიას".