Get All Access for $5/mo

რატომ არის თქვენი ბრენდისთვის მნიშვნელოვანი სოციალური მედიის გონივრული მართვა თუ უაზრო პოსტებით თავს მუდმივად იუბრალოებთ, სერიოზულად აღარ აღგიქვამენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ინტერნეტის გავრცელებამდე ჩვენ ერთმანეთზე ვიცოდით მხოლოდ ის, რასაც თავადვე ვუზიარებდით. გვქონდა პროფესიული ცხოვრება და დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს შინ მისულები პირად ცხოვრებას ვუბრუნდებოდით.

დღეს უკვე უამრავ დეტალს ვეცნობით მეგობრებზე, ოჯახის წევრებსა და ასობით ან ათასობით უცნობ "მეგობარზე". მსოფლიოში უდიდეს, "იმპროვიზებულ ტრიბუნაზე" ვიწვევთ უკლებლივ ყველას, ვისაც ჩვენი მოსმენის სურვილი აქვს. ვიღებთ "სელფებს" საუზმობისას, ძაღლის გამოკვებისას და პირდაპირი ჩართვით მივდივართ საფოსტო ყუთთან. ასე ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთის ვინმესთვის გაზიარების დაუძლეველ სურვილს ვიკმაყოფილებთ. ხოლო ვუზიარებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მსმენელად მიგვაჩნია. მეტიც, ჩვენს ნაცნობებს შორის ყველაზე დაკავებულებიც კი პოულობენ დროს სოციალურ ქსელში აქტივობისთვის.

სამწუხაროდ, ასეთმა გარემომ ციფრული დეტოქსიკაციის, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების თერაპიის და სხვა საჭიროებების აუცილებლობა შექმნა. ექსპერტები აფრთხილებდნენ საზოგადოებას სოციალურ ქსელში ზედმეტი აქტივობების საზიანო შედეგებზე. ფიქრობთ, რომ მოვალეობისგან გათავისუფლდით? დაფიქრდით ამაზე: თქვენს ასობით მიმდევარს, მეგობარსა და კონტაქტში მყოფს შორის რამდენი კლიენტი ან პოტენციური მომხმარებელი გყავთ?

რად გვიჯდება სოციალურ ქსელში ინფორმაციის ჭარბად გაზიარება?

მცირე ბიზნესის მფლობელთა 80%, რომელიც Facebook-ს იყენებს, ყოველდღიურად პოსტავს საკუთარ გვერდზე. CareerBuilder-ის ცნობით, დამსაქმებლების 70% სოციალურ მედიას მუშაკთა სავარაუდო კანდიდატების მოსაძებნად იყენებს. ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ პოტენციური კანდიდატებიც ანალოგიურად იყენებენ სოციალურ მედიას, როცა თქვენთან თანამშრომლობას განიხილავენ.

საქმისა და პირადი ცხოვრების გამიჯვნა უნაყოფო მცდელობაა. სოციალურმა მედიამ ყველა ერთმანეთთან დაგვაკავშირა. მეგობრები კითხულობენ თქვენს ბიზნესპოსტებს, ასევე, კლიენტებიც - პირადულსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესბრენდი თქვენი პერსონალური ბრენდია.

უნდა იცოდეთ, რომ რასაც სოციალურ ქსელში აქვეყნებთ, თქვენს პერსონალურ ბრენდს მატებს ან აკლებს ფასს. მთავარი ცდუნება კი ინფორმაციის ჭარბად გაზიარებაა.

განსაკუთრებით რისკავთ სოციალურ ქსელში დიდი ინფორმაციის გაზიარებისას. უპირველესად, ეს საკუთარი ბრენდის გაუფასურების რისკია.

უმნიშვნელო კონტენტის გაზიარება ნიშნავს, რომ არ აფასებთ თქვენი მკითხველების დროს. თქვენ მათ სთხოვთ, რომ დრო უსარგებლო პოსტის კითხვას დაახარჯონ, ამის შემდეგ მეგობრები და კლიენტები თქვენი კონტენტისგან გაცილებით ნაკლებს ელიან, ეს კი თქვენს პერსონალურ ბრენდს აზიანებს.

მეორე: თქვენ რისკავთ იმით, რომ გარეშე პირთაგან თქვენი კონტენტის დამოწმებაზე ხდებით დამოკიდებული. ინფორმაციის ზედმეტად გაზიარებასა და სოციალურ ქსელში აქტივობას ხშირად საპასუხო რეაქციის მიღების სურვილი იწვევს. ეს ხან სიცილია, ხან წუხილი და ხანაც სხვა ემოცია. ამით გონებას ვაჩვევთ, მუდმივად ვეძებოთ სხვების მოწონება. მოუთოკავი სურვილი, მოვწონდეთ სხვას, მხოლოდ ვნებს ჩვენს თვითშეფასებას.

დაგიწკაპუნებიათ როდესმე ,,განახლების" ღილაკზე, რომ თქვენი ბოლო პოსტის, ტვიტისა თუ ბლოგის სტატიის მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების უახლესი სტატისტიკა გენახათ? ანალიზი, როგორც შეფასების ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, თავისთავად, მას ნურასოდეს აღიქვამთ ღირებულებად. ნუ დაკარგავთ ზომიერების გრძნობას, არ შეიძლება თქვენი საქმიანობის მნიშვნელობა Google-ის ან Facebook-ის საკონფერენციო ოთახებში შექმნილი ალგორითმებით შეფასდეს.

მესამე: თქვენსავე პოსტში მოყვანილი ინფორმაციის ასახსნელად ან დასაცავად, საკუთარი დროისა და ენერგიის გაფლანგვითაც რისკავთ.

სოციალური მედიის მოდერაციის სასარგებლო მხარეები

მინიმალისტური მოძრაობის შეხედულებით, საკუთრების, ნივთების შესანარჩუნებლად რესურსებია საჭირო. ფეხსაცმელი უნდა ბზინავდეს, ტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა, ნათურები უნდა შეიცვალოს, კომპიუტერები განახლდეს. ყველაფრის მოვლას კი ფული სჭირდება.

იგივე ეხება სოციალურ ქსელში ჩვენი ცხოვრებისეული დეტალების გაზიარებით გატაცებასაც. საუზმის ამსახველი სახალისო მიმის გამოქვეყნება შესაძლოა, უწყინარი ჩანდეს, მაგრამ ეს ასეა, სანამ თქვენი რომელიმე მიმდევარი არ მიგიწერთ მასზე რაიმე კრიტიკულ კომენტარს, ვთქვათ, გლუტეინის შესახებ და მერე მას ვიღაც სხვა გრაფიკული ჩანაცვლების, GIF- ფაილით არ გამოეპასუხება; შემდეგ კი, კიდეც ვიღაც იმ სტატიის ბმულს, საერთოდაც, საწინააღმდეგოდ არ შემოგიბრუნებთ თავისი კომენტარით. ესეც თქვენ: ენერგიის გამომცლელი განსჯა! არადა, მხოლოდ ის გინდოდათ, რომ თქვენს პოსტზე ვინმეს გაეცინა! თანაც, ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესზე ან სხვა მნიშვნელოვან საქმეზე გემუშავათ, მთელი დილა დაახარჯეთ ამ კომენტარების პასუხებს, განმარტებებსა და საკუთარი პოზიციის დაცვას.

კი, მაგრამ თქვენ ხომ არც გითხოვიათ, რომ საჯაროდ დეტალურად გაერჩიათ თქვენი კერძის ინგრედიენტები? ეს ბუნებრივად მოხდა. თუმცა, როგორც ამ პოსტის ავტორს, სხვა გზა აღარ გაქვთ, გარდა იმისა, რომ პასუხის გაცემის ვალდებულება იკისროთ.

დაბოლოს, ინფორმაციის ჭარბად გაზიარება შესაძლოა, უარყოფითად აისახოს სხვებზე

ონლაინდიალოგები ქმნის ისეთ ვაკუუმს, სადაც სხეულის ენას ვერ ვიყენებთ, არადა, ექსპერტების აზრით, ეს უკანასკნელი, ჩვენი საკომუნიკაციო არსენალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ფიქრობთ, რომ თქვენი პოსტი სასაცილოა? მაგრამ იგი სხვებს უხეშად მოეჩვენათ, ისე, რომ ეს არც გაგიგიათ.

მეგობრებსა და კლიენტებს იქნებ სულაც არ აინტერესებთ თქვენი მორიგი პოსტი დილის ვარჯიშის შესახებ, რადგან ამ თემაზე ბევრჯერ დაგიწერიათ. ინფორმაციის ჭარბად გაზიარება ჭორაობის მსგავსია. ამით თქვენ იქმნით იმ ადამიანის რეპუტაციას, რომელიც ძალიან ბევრს პოსტავს ან არ შეუძლია საიდუმლო შეინახოს.

ინფორმაციის ჭარბად გაზიარების თავიდან ასაცილებლად მორიგი პოსტის დადებამდე მენტალური "პაუზის" ღილაკზე უნდა დააწკაპუნოთ და თავს შემდეგი კითხვები დაუსვათ:

  1. ნამდვილად მინდა კი, რომ გავაზიარო ეს პოსტი? ვარ ახლა ემოციურად გაწონასწორებული (ცუდი აზრია პოსტების გამოქვეყნება ან ელექტროფოსტის გაგზავნა, როდესაც ემოციები გამძაფრებულია)?
  2. მისაღებია ჩემთვის, რომ ეს პოსტი ბევრმა ნახოს ისე, რომ ამის შესახებ არც კი ვიცოდე?
  3. რამდენად კომფორტულად ვიგრძნობ თავს, თუ ამას ჩემი პოტენციური დამსაქმებელი ან კლიენტი წაიკითხავს?
  4. ეს პოსტი შემატებს რაიმეს ჩემი მკითხველების ცხოვრებას?

რაგინდ უნდა გარწმუნებდნენ მარკ ცუკერბერგი და სოციალური მედიის სხვა გავლენიანი ადამიანები, რომ ეს ასეა, თქვენი კონფიდენციალურობა 100%-ით მაინც არაა თქვენს ხელში. ინტერნეტმა ბიზნესისა და პირადი საქმის გასაკეთებლად ფანტასტიკური რესურსით უზრუნველგვყო, თუმცა, პირადისა და სამსახურებრივის გამიჯვნისთვის ბრძოლაში, დიდი ალბათობით, მაინც დამარცხდებით. მიუხედავად ამისა, ამ რესურსის პასუხისმგებლობით გამოყენება თქვენზეა დამოკიდებული. შეეწინააღმდეგეთ თქვენი ცხოვრების ყველა დეტალის გამოქვეყნების სურვილს. უკვე ნათქვამი სიტყვისა არ იყოს, როგორც კი დაპოსტავთ რაიმეს, უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი