Get All Access for $5/mo

ეკომეგობრული საწვავი საქართველოში ბიოდიზელის პირველი საწარმო გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ეკოლოგია ყველა დიდი ქალაქის სუსტი წერტილია. თბილისის დაბინძურებულ გარემოზე არაერთი ექსპერტი საუბრობს, უამრავი კვლევა ცხადყოფს, რომ დედაქალაქს "სუნთქვა უჭირს", ქუჩებში შავი გამონაბოლქვის ბუღი ტრიალებს, ბავშვების ქუჩაში გასეირნება, ჰაერის შემცველობაში მომატებული ტყვიის გამო, სახიფათო ხდება. არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ჯერჯერობით კიდევ არსებობს. ამისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა კომპანიამ, ვისაც ეს ხელეწიფება, ეკოსისტემის დაცვის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამგვარად, რამდენიმე წელიწადში სახიფათო ნიშნული მინიმალურ ზღვარს თუ არ მიუახლოვდება, შესამჩნევად მაინც დაიწევს. ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება აქვს განზრახული "ბიოდიზელ ჯორჯიას" – მცირე საწარმოს, რომელშიც 20-მდე ადამიანია დასაქმებული. მურმან პატარაიასა და გიორგი თოფჩიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია ბიოდიზელს – ეკოლოგიურად სუფთა საწვავს ამზადებს და ამ გზით ცდილობს, ებრძოლოს მომწამვლელი გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედებას.

რა არის ბიოდიზელი და რატომ უწოდებენ მას "მომავლის საწვავს"?

"ბიოდიზელ ჯორჯია" ნავთობკომპანია Frego-ს პარტნიორია. დამფუძნებლებს საწარმოს შექმნის სურვილი რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ. მათი მთავარი მიზანი ისეთი საწვავის წარმოება იყო, რომელიც გარემოს ზიანს არ მიაყენებდა.

ასე მიაგნეს ბიოდიზელს – საწვავს, რომელსაც მსოფლიო ენერგეტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და არაერთ ევროპულ და ამერიკულ ქვეყანაში აქტიურად იყენებენ.

"იდეა ნავთობკომპანია Frego-ში გაჩნდა. დიდი ხანია, ამ პროექტზე ვმუშაობთ. კონსულტაციები ილიაუნის პროფესორ კახა ქარჩხაძესთან გავიარეთ. მას საკუთარი მცირე ლაბორატორია აქვს, რომელიც ბიოდიზელს აწარმოებს. სწორედ მასთან კონსულტაციებით შევქმენით "ბიოდიზელ ჯორჯია", – ამბობს რუსუდან რამაზაშვილი, Frego-ს გენერალური დირექტორი.

ბიოდიზელი – მცენარეული ზეთებისგან და ცხოველური ცხიმებისგან მიღებული ალტერნატიული, განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავია. უკვე მრავალი წელია, ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში ნავთობდიზელის ბიოდიზელით ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს.

ორივე სახის საწვავის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები ანალოგიურია და ნებისმიერ სფეროში ძრავის ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე, წარმატებით შეიძლება გამოიყენებოდეს.

მისი ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიორესურსებისგან მიიღება, ანუ განახლებადი, ეკოლოგიურად ყველაზე გამართლებული და სუფთაა.

ბიოდიზელი, ნავთობის დიზელისგან განსხვავებით, არ შეიცავს მძიმე ლითონებს და მისი გამოყენების შედეგად ატმოსფერო ტყვიით, გოგირდის ორჟანგით, სხვადასხვა კანცეროგენით თუ სხვა მავნე მინარევებით არ ბინძურდება.

გარდა ამისა, ბიოდიზელი "კარბონ ნეიტრალური" საწვავია. მისი გამოყენება ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციას არ ზრდის.

ბიოდიზელი მეორადი, საკვების მზადების შემდეგ მორჩენილი ზეთისგან მიიღება. ეს მასა კანცეროგენებითა და მავნე ნივთიერებებით "მდიდარი" სუბსტანციაა. მის ხელმეორე გამოყენებას არც მედიკოსები გირჩევენ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა "სურსათის უვნებლობის შესახებ" მოხმარებული ზეთის ცხოველებისა და ფრინველების საკვებ დანამატად გამოყენებას კრძალავს – ამ შემთხვევაში ხომ მავნე ნივთიერებების მატარებელი ხორცი ჩვენს ორგანიზმში მაინც მოხვდება.

მეორე მხრივ, გამოყენებული ზეთის უტილიზაცია თანხებთან და რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. "მეორადი საკვები ზეთი სხვადასხვა რესტორანში გროვდება", – აღნიშნავს მურმან პატარაია და ყველა რესტორატორს მოუწოდებს, მავნე ნივთიერება საწარმოს ჩააბაროს.

"ამ ზეთის საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვება, გადაღვრა, ან სულაც, საკვებ ჯაჭვში ხელმეორედ მოხვედრა, სიცოცხლისთვის საშიშია. საქართველოში კი ასეთი ნარჩენების უტილიზაცია არ ხდება.

ჩვენი პირველი პარტნიორი, ზეთის მოწოდების კუთხით, "მაკდონალდსია". ეს კომპანია ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. სწორედ ისინი გახდნენ პიონერები ჩვენთან თანამშრომლობის კუთხით – მეორად საკვებ ზეთს ბიოდიზელის დასამზადებლად გვიგზავნიან. აქამდე "მაკდონალდსი" მორჩენილ ნედლეულს საზღვარგარეთ გზავნიდა – სხვათა შორის, სწორედ ბიოდიზელის დასამზადებლად. ახლა კი ჩვენი პირველი მომწოდებელი გახდა".

წარმოების ტექნოლოგია თანამედროვეა, ლაბორატორია კი ულტრათანამედროვე ევროპული ტექნიკითაა დაკომპლექტებული. როცა ზეთი საწარმოში შედის, ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გაივლის – ხდება ნედლეულის მჟავიანობის დადგენა, მისი ხარისხის განსაზღვრა.

ქიმიური ტესტირებების შემდეგ, ბიოსაწვავად გარდასაქმნელად, ბლენდირებისთვის დოზირების საჭირო დონეს ადგენენ, შემდეგ კი ქიმიური ნაერთების შერევის პროცედურა იწყება. მეორადი ზეთიდან საწვავად გარდაქმნის ერთ ციკლს 3,5 საათიდან 4 საათამდე სჭირდება.

"ბიოდიზელს ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოსა და მთელ აშშ-ში აქტიურად იყენებენ", – გვიხსნის მურმან პატარაია, – "განვითარებული ქვეყნების ტენდენციებს რამდენიმე ათწლეულით ჩამოვრჩებით. ელექტრომობილები მსოფლიოში ინოვაცია სულაც არ არის, საქართველოში კი სულ ახლახან შემოვიდა. ბიოდიზელის მოხმარებასაც აქ დაგვიანებით დაიწყებენ – მაშინ, როცა ევროკავშირის არაერთი ქვეყანა წლებია სწორედ ბიოსაწვავს იყენებს".

დაუღალავი შრომის შედეგები

"ორწლიანი მუშაობის შემდეგ, კონკრეტულ შედეგებს მივაღწიეთ. ახლა უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილ ეკომეგობრულ საწვავს ვაწარმოებთ. ვინაიდან ეს არ არის ნავთობპორდუქტი, მასზე გაცილებით უკეთესი თვისებები აქვს. მეორად საკვებ ზეთს წარმოების პროცესში მეთანოლი და ტუტე ემატება, ბლენდირების შედეგად მიიღება ბიოდიზელი – საწვავი, რომელსაც ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა სახით ამუშავებენ, აზავებენ ნავთობდიზელთან. მიღებულ მინარევს, რომელშიც ბიოდიზელის შემცველობა 10%-ს უტოლდება, B10-ს უწოდებენ. არსებობს ასევე B20 ბიოდიზელი – ისევე, როგორც B100 – 100%-თ ბიოლოგიური ნივთიერებებისგან მიღებული საწვავი", – განგვიმარტავს მურმან პატარაია, ხოლო რუსუდან რამაზაშვილი გვიხსნის, როგორი ტექნოლოგიით მზადდება აღნიშნული საწვავი "ბიოდიზელ ჯორჯიაში": "ჩვენ 100%-იან სუფთა ბიოდიზელს ვყიდულობთ და ევროპული ხარისხის, ე.წ. 10 ppm საწვავ დიზელში ვუტარებთ ბლენდირებას. შედეგად, 10%-იან მინარევს ვიღებთ. B10 სწორედ ამას ნიშნავს – ბიოდიზელის 10%-იან დანამატს. იმდენად აქტიური სითხე გამოდის, რომ ქიმიური რეაქციის შედეგად გამოიდევნება მავნე ნივთიერებები, მათ შორის – გოგირდი".

ბიოდიზელის საჭიროებას დიზელის მავნებელი გამონაბოლქვი განაპირობებს. ყველაზე დიდი რაოდენობით, გოგირდი ხომ სწორედ დიზელის წვისას გამოიყოფა. "დიზელი დიდი რაოდენობით გოგირდს შეიცავს. ყველაზე უვნებელი ევროპული სტანდარტის დიზელია, რომლის შემადგენლობაშიც გოგირდი, ევროპაში დადგენილი ნორმებით, მხოლოდ 1%-ს უტოლდება. ჩვენ სწორედ ევროპული ხარისხის დიზელი შემოგვაქვს, მისი და ბიოდიზელის შერევის შედეგად კი B10-ს ვიღებთ", – გვიხსნის რუსუდან რამაზაშვილი.

ევროკავშირის ქვეყნებში ჩვეულებრივ დიზელსა და ბიოდიზელს ბლენდირებას უკეთებენ და ისე იყენებენ. B10 ტიპის ბიოდიზელის გამოყენება დიზელზე მომუშავე ავტომობილის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია.

ბიოდიზელი, რომლის შეძენასაც ივლისიდან Frego-ს ავტოგასამართ სადგურებში შეძლებთ, სწორედ B10-ის სახელით იქნება პოზიციონირებული. Frego-ს 63 ავტოგასამართი სადგურის აბსოლუტური უმრავლესობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბიოდიზელის საწვავს პროდუქტების ჩამონათვალში დაამატებს.

ამ ეტაპზე მცირე საწარმოს წარმადობა 8 საათში 3 ტონას უტოლდება, თუმცა "ბიოდიზელ ჯორჯიას" გეგმებში წარმოების გაფართოება შედის. თუკი მცირე საწარმოს აგებასა და ამუშავებას მილიონი ლარი დასჭირდა, უახლოეს 3 წელიწადში 10 მილიონი ევროს ინვესტიცია ეკომეგობრული საწვავის ბევრად დიდი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის აშენებაში დაიხარჯება.

B10-ის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე უკვე არსებობს. "ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს", – ამბობს მურმანი, – "არაერთი ორგანიზაცია უკვე მოგვმართავს თხოვნით, რომ ეკოლოგიურად სუფთა საწვავით მოვამარაგოთ. დარწმუნებული ვარ, განვითარების ამ დონეს მალე მივაღწევთ და მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვახერხებთ".

"საწვავის ღირებულებას ამ ეტაპზე ნავთობკომპანია Frego განსაზღვრავს და მას საბაზრო ფასი ექნება. ბიოპროდუქტებს ბაზარზე შედარებით მაღალი ღირებულება აქვთ, თუმცა ვფიქრობთ იმ ბაზრის სტანდარტში მოვექცეთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს".

გარდა იმისა, რომ ბიოდიზელის მთავარი ღირებულება საწვავის ეკომეგობრულობაა, მურმან პატარაიას თქმით, იგი ძრავას სტანდარტულ საწვავზე ბევრად უკეთ ინარჩუნებს. "სითხე ბლანტია და არა ხისტი, ხელს უწყობს მანქანის ძრავის შენარჩუნებას, რადგან მისი ყველაზე დატვირთული ნაწილები ბლანტ სითხეში უფრო ეფექტურად მუშაობს და ცვეთაც ნაკლებია. ასევე, აფეთქების მაღალი ტემპერატურა აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ბიოდიზელზე მომუშავე ავტომობილი ბევრად სწრაფია, ფარავს გაცილებით დიდ მანძილს და მეტი სიმძლავრით გამოირჩევა".

Frego და "ბიოდიზელ ჯორჯია" მომავალში სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. თბილისსა და მთელ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება კომპანიის პრიორიტეტია, ამ საქმეში კი ქალაქის ქუჩებში ბიოდიზელზე მომუშავე ავტომანქანების რიცხვის ზრდა დიდ როლს ითამაშებს.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ