Get All Access for $5/mo

10 საკითხი, რომლებიც აუცილებლად უნდა განუმარტოთ ინვესტორებს თუ პოტენციური ინვესტორების გაოცება გსურთ, ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ კომპანიების გონიერი დამფუძნებლები ხშირად სულელურ შეცდომებს უშვებენ თავიანთი იდეების პოტენციური ინვესტორებისთვის გაცნობისას: დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობენ, მეტყველების უნარი ეკარგებათ, ან ისე პასუხობენ, რომ მოსმენა ჭირს, მომაბეზრებელია. ზოგჯერ პრეზენტაციაზე არც მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება და ვერც ვერავინ ხვდება, რატომ ღირს ამ იდეის დაფინანსება.

როდესაც ინვესტორები ახალ იდეასა თუ პროექტში თანხას დებენ, ამ ფულის დაკარგვის რისკი მათთვის ყოველთვის არსებობს. თქვენი ამოცანაა, პრეზენტაციის დროს მათ დაუმტკიცოთ, რომ საქმე გარისკვად ნამდვილად ღირს. ეს ნიშნავს პროექტის მოგებიანობის დასაბუთებასაც და შესაძლო ზარალისა თუ შანსების გამოკვეთასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინვესტორებს სრული წარმოდგენა უნდა შეუქმნათ იმაზე, რას გააკეთებთ. მხოლოდ კარგი იდეის მიწოდება არ კმარა.

შესაძლოა, ინვესტორს იდეა თვითონ წარუდგინეთ და არაფერი გამოგივიდათ, იგი უბრალოდ არ დაინტერესდა. თუ ასეა, დაფიქრდით, იქნებ მიზეზი ის არის, რომ თქვენს პრეზენტაციაში ქვემოთ მოყვანილი 10 აუცილებელი პუნქტიდან რომელიმე აკლდა.

დეტალურად განიხილეთ ეს საკითხები. პრეზენტაციაში თითოეული მათგანი უნდა შეიტანოთ და ინვესტორთან შეხვედრისას სრულყოფილად წარადგინოთ.

10 აუცილებელი სლაიდი საინვესტიციო პრეზენტაციისთვის

ქველმოქმედ ბიზნესმენებს ეძებთ თუ დიდ საინვესტიციო კომპანიებს, საქმიანი წინადადება პოტენციურ ინვესტორთან სწორედ ამ თანმიმდევრობით უნდა წარადგინოთ და თქვენს იდეას წარმატების დიდი შანსი ექნება:

პირველი სლაიდი ყოველთვის მოკლე პრეზენტაციას ეთმობა. აქ უნდა შეჯამდეს, თუ რისი გაკეთება გსურთ. ლაკონიურად წარუდგინეთ თქვენი იდეა აუდიტორიას ერთი ან ორი წინადადებით.ხედვა

პრობლემა

აუხსენით, რატომ უნდა დააფინანსონ თქვენი ბიზნესი. გააცანით საკუთარი მომხმარებელი და ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. აუცილებლად დეტალურად განიხილეთ თითოეული პრობლემა, რომელიც ამ ეტაპზე გაქვთ, ასევე, მათი გადაჭრის მნიშვნელობა თქვენთვის.

შესაძლებლობა

ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი საქმიანი წინადადება. ინფორმაცია მიაწოდეთ ბაზრის მოცულობაზეც და იმაზეც, თუ რა პოზიციის დაკავებას ფიქრობთ მასზე. აუცილებლად გამოიყენეთ მონაცემები, რომ სრული წარმოდგენა შეექმნათ იმ პრობლემის მასშტაბზე, რომელსაც აგვარებთ.

გადაჭრა

საფუძვლიანად მიმოიხილეთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. იმაზეც გაამახვილეთ ყურადღება, თუ რით განსხვავდება იგი კონკურენტებისგან. უნდა დაამტკიცოთ, რომ ის უნიკალურია და არსებული პროდუქტების უკეთესი ალტერნატივა გახლავთ.

ბიზნესმოდელი

უაღრესად მნიშვნელოვანია შემოსავლების საკითხის სიცხადე თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისას.

უპასუხეთ ამ ტიპის შეკითხვებს:

ვინ გადაიხდის ამაში ფულს? რამდენად შეესაბამება თქვენი ფასი ბაზარზე არსებულს?

დამტკიცება და შემდეგი ნაბიჯები

აუცილებელია ყველა მტკიცებულების წარდგენა, რომ თქვენი ბიზნესმოდელი ნამდვილად გამართულად მუშაობს. ეს ამცირებს პოტენციურ ინვესტორთა რისკებს. უთხარით, რომ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება უკვე გამოსცადეთ მოხალისეებზე და მასზე მოთხოვნაა, ან ამ პროდუქტს რაიმე სხვა გზით აქვს გავლილი ტესტირება. მიუთითეთ, მოუყევით, შემდეგ კი ნათელი გეგმაც წარუდგინეთ, თუ როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები.

მარკეტინგი და ზრდა

აღწერეთ, როგორ აპირებთ თქვენს მომხმარებელზე გასვლას და, დაახლოებით, როგორია რეკლამირებისა და გაყიდვების სტრატეგიები. აუხსენით, პროდუქტის გასაღების რომელ არხებს გამოიყენებთ და რატომ. ისინი იდეას იმ შემთხვევაში დააფინანსებენ, თუ თქვენი ნაბიჯები კონკურენტებისგან განსხვავდება!

გუნდი

ისაუბრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ პროდუქტის უკან დგანან. ეს საიმედოობის განცდას შექმნის. ყურადღება გაამახვილეთ მენეჯმენტის გუნდზე, მათ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე. თქვენს ინვესტორებს სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, თუ ვინ უდგას საქმეს სათავეში.

ფინანსები

ინვესტორებს დააინტერესებთ მომავალი სამი წლის გაყიდვების პროგნოზიც, რომელიც ძალიან საიმედო უნდა იყოს. ამასთან ერთად, დაგჭირდებათ შესაბამისი ინფორმაცია მოგება-ზარალისა თუ მომხმარებლის რაოდენობის შესახებ, ასევე, სხვა მონაცემები, რომლებიც თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია.

მოითხოვეთ

სრულიად გაბედულად განაცხადეთ, რა თანხა გჭირდებათ თქვენი იდეის განსახორციელებლად, თუნდაც ის ძალიან დიდი იყოს. გულწრფელად ისაუბრეთ საკუთარ გეგმებზე.

თუმცა, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფერში დიდი დრო არ უნდა დახარჯოთ. შეეცადეთ, თქვენი სიტყვა იყოს ინფორმაციული, მაგრამ ლაკონიური.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ