Get All Access for $5/mo

3 ეფექტური გზა კარგი ბიზნესშესაძლებლობის აღმოსაჩენად არავითარი საიდუმლო ფორმულა ან რეცეპტი არ არსებობს, რომელიც ორიგინალურ ბიზნესიდეებს შთააგონებს ადამიანს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

დაახლოებით ორი წელიწადია, რაც საკუთარი ბიზნესი მაქვს და შეკითხვა, რომელსაც ბოლო ორი წელია ყველაზე ხშირად დიდი ინტერესით მისვამენ ნაცნობები, მეგობრები თუ ჟურნალისტები, ასე ჟღერს: საიდან წამოვიდა იდეა? ყველას აინტერესებს ის, თუ საიდან ჩნდება ორიგინალური ბიზნესიდეა, რა წინაპირობაა საჭირო ან რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ადამიანის გონებაში ახალი იდეის დაბადებასა და განვითარებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ცდილობს გაიგოს წარმატებული ბიზნესიდეის საიდუმლო ფორმულა, რომელსაც შემდგომში თვითონაც გამოიყენებენ საკუთარი იდეების გენერირებისთვის.

სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, არავითარი საიდუმლო ფორმულა ან რეცეპტი არ არსებობს, რომელიც ორიგინალურ ბიზნესიდეებს შთააგონებს ადამიანს. არც მე მაქვს მარტივი პასუხი შეკითხვაზე, თუ საიდან დამებადა ჩემი ბიზნესიდეა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი პირობა ბიზნესის დაწყებისას იყო ის, რომ უნდა მომეფიქრებინა ისეთი რამ, რაც ქართულ ბაზარზე სიახლე იქნებოდა და არ გაიმეორებდა პროდუქტებს, რომლებიც ისედაც უხვად იყო წარმოდგენილი. ვცდილობდი შემექმნა პროდუქტი, რომელიც ჯერ არ იყო საქართველოში, მაგრამ რომ გაჩენილიყო, აუცილებლად გამოიწვევდა ადამიანების ინტერესს და შეძენის სურვილს. გონებაში მუდმივად ვამუშავებდი პოტენციურ ბიზნესიდეებს, განსაკუთრებით კი, მოგზაურობისას, მუდამ ვაკვირდებოდი, რა სახის პროდუქტები ან მომსახურება იყო სხვა ქვეყნებში ისეთი, რისი ანალოგიც ჩვენთან გაამართლებდა, ან რა შეიძლებოდა ინსპირაციის წყარო გამხდარიყო რაიმე საინტერესოს შესაქმნელად. ჩამოვწერე ბიზნესიდეების გრძელი სია, შემდეგ გამოკითხვების, ბაზრის შესწავლისა და საკუთარი რესურსების შეფასების შედეგად, მოხდა ამ იდეების გაფილტვრა და რამდენიმე ვარიანტზე ჩამოყალიბება, საბოლოოდ კი, ხანგრძლივი "ბრეინსტორმინგის" შემდეგ, მე და ჩემი ბიზნესპარტნიორი ერთ იდეაზე შევჯერდით. ეს იყო ბევრი ფიქრის, კვლევისა და დაკვირვების შედეგი. ამიტომ რთულია, შეკითხვაზე "საიდან წამოვიდა იდეა", მარტივი, სწორხაზოვანი პასუხის გაცემა, თუმცა ეს შემოქმედებითი ფიქრის პროცესი შემიძლია ბიზნესშესაძლებლობების აღმოჩენის სამ ეფექტურ გზად დავყო და თქვენც რჩევის სახით გაგიზიაროთ.

#1 დააკვირდით ტენდენციებს

როდესაც ფიქრობთ ახალ ბიზნესიდეებზე, ყოველთვის უნდა დააკვირდეთ მიმდინარე ტრენდებსა და ტენდენციებს – რა ხდება ბაზარზე, რა არის აქტუალური, რითი ინტერესდებიან ადამიანები, როგორ ცხოვრობენ და ა.შ. რადგან ეს არის კარგი ინსპირაციის წყარო ბაზარზე უკვე არსებული ან მოსალოდნელი მოთხოვნების აღმოსაჩენად. ადამიანთა სურვილებს განაპირობებს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ფაქტორები. მაგალითად, ბოლო წლებში, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ადამიანები აქტიურად იყენებენ სმარტფონებსა და მობილურ ტექნიკას. ამ ტრენდის შედეგად გაჩენილ მოთხოვნას, უამრავმა სტარტაპკომპანიამ უპასუხა ახალი მობილური აპლიკაციებისა თუ მობილური აქსესუარების შექმნით და კარგი მოგებაც ნახეს. ასევე, ბოლო დროს საქართველოში წამოვიდა ჯანსაღი ცხოვრების წესის, ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების ტენდენცია. შესაბამისად, ბაზარზე გაჩნდნენ ახალი კომპანიები, რომლებიც ცდილობენ ამ ტრენდის შესაბამისი პროდუქტი თუ მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს. შედეგად, ბაზარზე გაიზარდა ფიტნესდარბაზების რიცხვი, საკვები დანამატების, ფიტნესსასმელებისა და ჯანსაღი საკვები პროდუქტების არჩევანი, ჯგუფური ვარჯიშების წრეები და ა.შ. აქტუალურ თემებზე, მიმდინარე ტრენდებზე და ადამიანთა ცხოვრების სტილზე დაკვირვებით, ბევრი კარგი ბიზნესშესაძლებლობის აღმოჩენაა შესაძლებელი. ასე რომ, იყავით ყურადღებით, ეცადეთ შეისწავლოთ ადამიანთა ქცევა, სურვილები და დააკვირდით სოციალურ თუ ეკონომიკურ ტენდენციებს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს იდეების გენერირებაში.

#2 უსმინეთ ადამიანებს თქვენ გარშემო

მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნებისმიერი პრობლემა, სინამდვილეში კარგად შენიღბული შესაძლებლობაა. აქ მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ მხოლოდ პრობლემა კი არ დავინახოთ, არამედ ის შესაძლებლობებიც, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრას შეუძლია მოგვიტანოს. ყოველთვის ეცადეთ მოუსმინოთ ადამიანებს და გაიგოთ, რა სახის გადაუჭრელი პრობლემები აქვთ, რაზე წუწუნებენ, რითი არიან უკმაყოფილო ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან თქვენი შემდეგი დიდი ბიზნესიდეა, შესაძლოა სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტის გზის პოვნაში იყოს. ბევრი პროდუქტი, რომელიც დღესდღეობით ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თავის დროზე შეიქმნა სწორედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მეტსაც გეტყვით – საკუთარ თავზე დაკვირვებითაც კი, შესაძლებელია დაგებადოთ ინოვაციური ბიზნესიდეა. ამისათვის საჭიროა ყურადღება მიაქციოთ იმ საკითხებს, რომლებიც ყოველდღიურობაში გარკვეული კუთხით ხელს გიშლით ან პრობლემად გესახებათ, რადგან შესაძლოა ამ პრობლემებმა მიგიყვანოთ ინოვაციური პროდუქტის ან სერვისის იდეამდე. მაგალითად, ცნობილ ბრენდ Victoria's Secret-ის დამფუძნებელმა როი რეიმუნდმა, შექმნა ქალის თეთრეულის პირველი ონლაინპლატფორმა, რადგან სურდა თავისი მეუღლისთვის საჩუქრად თეთრეული შეეძინა, მაგრამ თვითონ ძალიან ეუხერხულებოდა ამისათვის მაღაზიაში მისვლა. ასე დაებადა იდეა, შეექმნა ონლაინმაღაზია, საიდანაც ადამიანები შეძლებდნენ თეთრეულის გამოწერას და თავიდან აირიდებდნენ უხერხულ მომენტებს.

#3 ეძებეთ ბაზარზე არსებული ცარიელი ადგილები

კარგი ბიზნესშესაძლებლობის აღმოჩენის კიდევ ერთი ეფექტური გზა ბაზარზე აუთვისებელი ადგილების პოვნაა. დრო, ადამიანები და მათი მოთხოვნები მუდმივად ცვალებადია. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მომხმარებლებს უჩნდებათ ახალი ინტერესები, საჭიროებები და მოთხოვნები, რომელთაც შესაძლოა ბაზარზე არსებული პროდუქტებიდან ვერცერთი აკმაყოფილებდეს. სწორედ ეს აუთვისებელი ნიშა უნდა იპოვოთ და ეცადოთ საკუთარი ბიზნესიდეით შეავსოთ ცარიელი ადგილი. სტარტაპკომპანიისთვის, რომელსაც შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსები აქვს, დიდ კომპანიებთან ჭიდილი და მასპროდუქტებში კონკურენცია ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია. ვფიქრობ, სტარტაპკომპანიისთვის ყველაზე ხელსაყრელი სტრატეგია ბაზარზე ცარიელი ნიშის აღმოჩენა და კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი ე.წ. ნიშური, განსხვავებული და საინტერესო პროდუქტების შექმნაა.

დღესდღეობით, პროდუქტებისა და სერვისების იმხელა არჩევანია ყველა ინდუსტრიაში, რომ შესაძლოა რაიმე ახლის მოფიქრება და შექმნა წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენებოდეს. მაგრამ სამყარო მუდმივად ცვალებადია, ადამიანებისა და გარემოს განვითარებას ახალი ბიზნესშესაძლებლობების გაჩენა სდევს თან, ამიტომ აუცილებლად იყავით ფხიზლად, თვალი ადევნეთ მსოფლიოში თუ თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მოუსმინეთ – რა აწუხებთ ან რაზე ოცნებობენ ადამიანები, და კარგი ბიზნესიდეაც აუცილებლად გეწვევათ. მთავარია, არასოდეს შეწყვიტოთ ძებნა!

ნინა მენთეშაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან