Get All Access for $5/mo

3 გზა იმ ბიზნესიდეის აღმოსაჩენად, რომელიც გაამართლებს ბიზნესიდეა არც რაღაც გასაოცარი უნდა იყოს და არც მეტისმეტად უღიმღამო, უბრალოდ თქვენ უნდა იპოვოთ საუკეთესო შესაძლებლობა სასურველი შედეგების მისაღებად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mohamed Hassan, Pixabay

უკვე გადატვირთულ ბაზარზე ახალი კომპანიები საკმაოდ წარმატებულები ხდებიან და მათი უმრავლესობა განსაკუთრებით დესტრუქციული სულაც არაა.

ზოგიერთი უბრალოდ სარგებლობს იმ უპირატესობებით, რომელიც უზარმაზარ ბაზარს აქვს. მაგალითად, ანტრეპრენერებმა, რომლებიც საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოების სფეროში მუშაობენ, იციან, რომ ადამიანებს ყოველთვის შეაწუხებთ როგორც შიმშილის, ისე წყურვილის გრძნობა. როდესაც ამ ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მიდგება საქმე, მომხმარებელთა უმრავლესობას მართლაც უზომოდ დიდი არჩევანი აქვს, მაგრამ თუ ბაზარზე რაღაც თვისებით გამორჩეული ახალი პროდუქტი გამოჩნდა − შესანიშნავი გემო იქნება ეს, ბრენდინგი თუ კვებითი ღირებულებები, არც ის გამორჩებათ მხედველობიდან.

თუნდაც, წვერსაპარსების მრავალმილიარდიანი ბაზარი განვიხილოთ. ვიდრე ჰორიზონტზე Dollar Shave Club გამოჩნდებოდა, უკვე დამკვიდრებული მოთამაშეები ამ სივრცეში პირველობას წლების განმავლობაში კოლოსალური სარეკლამო ბიუჯეტით ახერხებდნენ. კომპანიის დამფუძნებლებს − მაიკლ დუბინსა და მარკ ლევინს ბაზრის წილის მისატაცებლად და ვენჩურული კაპიტალის მისაზიდად რევოლუციურად ახალი პროდუქტის აღმოჩენა სულაც არ დასჭირვებიათ. მათ სხვა რამ სცადეს (სავარაუდოდ, გაცილებით თანამედროვე): პროდუქტი ბაზარზე ერთი პირობით გაიტანეს − ერთთვიანი ხელმოწერით. მათი ვირუსული მარკეტინგული ვიდეოს გავრცელებიდან ხუთი წელი არც იყო გასული, რომ კომპანიის წლიური მოგება მილიარდამდე გაიზარდა.

დუბინსა და ლევინს იდეა ჰქონდათ, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა, მაგრამ მის გასაყიდად უნიკალური შეთავაზება მოიფიქრეს. მათი საპარსების ხარისხი და უზომოდ მოსახერხებელი სააბონენტო მომსახურება ერთად წარმოადგენს ფაქტორებს, რომლებიც მათ კომპანიას დაეხმარა გამორჩეული გამხდარიყო.

საკმაოდ მარტივი ჩანს ერთი შეხედვით, არა?

პრობლემა ის არის, რომ ასევე საკმაოდ ადვილი ჩანს არასიცოცხლისუნარიანი იდეების შემთხვევაშიც და მრავალმა გამოუცდელმა დამფუძნებელმა (და გამოცდილმაც) სწორედ ასეთი შეარჩია. მათ რიგებში თქვენც რომ არ აღმოჩნდეთ, სამი გამოცდილი საშუალება გამოიყენეთ იმ იდეამდე მისასვლელად, რომელიც ნამდვილად გაამართლებს.

1. მოუსმინეთ, რას ამბობენ თქვენზე სოციალური ქსელის ჩატერში

სოციალური მედია შესანიშნავი საშუალებაა მომხმარებელთა პრობლემებისა და მოთხოვნების დასადგენად. Boat Planet-ის დამფუძნებლის, მაიკ კილის მაგალითი განვიხილოთ, რომელმაც ტბა ოზარკის ნავების მფლობელთათვის Facebook-ჯგუფი შექმნა. რამდენიმე თვის შემდეგ ამ ჯგუფში ერთი კანონზომიერება აღმოაჩინა: "შევამჩნიე, რომ ერთსა და იმავე საკითხზე ინფორმაცია დღეში რამდენჯერმე ქვეყნდებოდა", − იხსენებს კილი, − "მენავეები რჩევას ითხოვდნენ, თავიანთ ნავებზე, დოკებზე და ნავის ამწევებზე სამუშაო ვისთვის უნდა მიენდოთ". კილს სწორედ მაშინ მოუვიდა თავში აზრად სტარტაპის იდეა, რომელიც მენავეებისა და საიმედო საზღვაო პროფესიონალების ერთმანეთთან დასაკავშირებელი პლატფორმა გახდებოდა.

ბიზნესიდეის განხორციელებაზე ფიქრს ალბათ ხვალიდანვე ვერ დაიწყებთ, მაგრამ სრულიად გონივრული იქნებოდა, იმ სფეროებთან დაკავშირებულ სოციალურ ქსელში გაერთიანება, რომლითაც დღეს ხართ გატაცებული. კილს მიბაძეთ, Facebook-ჯგუფს შეუერთდით, თავად შექმენით ან სულაც subreddit-ი მოძებნეთ თქვენს სფეროში.

2. საკუთარ პრობლემებზე გაამახვილეთ ყურადღება

რესტორნები და სასურსათო მაღაზიები დიდ მისიას ასრულებენ − ადამიანებს შიმშილის გრძნობას უკმაყოფილებენ, ხოლო გასართობი კომპანიები მოწყენილობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას აძლევენ. ადამიანებს ათასი მოთხოვნა და პრობლემა აქვთ, ანტრეპრენერები კი ბიზნესიდეას ეძებენ, სერიოზულ დროს უთმობენ ყველაფრის დადგენას, რაც მათ ცხოვრებაში არც ისე კარგადაა. თქვენც სცადეთ, თქვენი ყოველდღიური პრობლემების სია შეადგინეთ და მათ მოგვარებაში მეგობრებს სთხოვეთ დახმარება (უმრავლესობა მზად იქნება ოფლის დასაღვრელად). ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ ეს მიდგომა გაამართლებს? ამას ვერ დააჯერებთ Hangover Helpers-ის ("დამხმარენი ნაბახუსევზე") დამფუძნებლებს. ორი დამხმარე წვეულების შემდეგ თქვენთან გამოძახებისთანავე გაჩნდება, ბურიტოსა (მექსიკური კერძი, თხელ ლავაშში გახვეული ხორცი, ბრინჯი, პომიდორი, ავოკადო და ყველი) და გატორადეს (PepsiCo-ს სასმელი სპორტსმენებისთვის) მოგართმევთ, და შემდეგ ყველა ოთახს დაალაგებს, რომელიც წვეულებამ დააზარალა.

ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს? სულაც არა. კიდევ ერთი კომპანიაა − DoodyCalls, ისიც დიდი დახმარებას გაგიწევთ: თუ ბარბექიუს შესაწვავად ემზადებით, ეზოს დაგისუფთავებთ, ძაღლის ექსკრემენტებისგან მთლიანად გაწმენდენ. Instacart-ს კი პროდუქტების მიწოდების სერვისი აქვს. მომხმარებელი პროდუქტებს ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ირჩევს და მას შინ აწვდიან. კომპანია იმის გამო შეიქმნა, რომ სასურსათო მაღაზიაში სასიარულოდ დრო არავის ჰქონდა. როდესაც ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, ამაზე კარგი და თანაც ხელმისაწვდომი არაფერია. მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ, რომ ნებისმიერ პრობლემას, რომელსაც რეგულარულად ეჯახებით, ზუსტად იგივეს პოტენციალი აქვს.

3. მომავალზე ფიქრით დაიწყეთ

ილონ მასკი ყველაზე ცნობილი ანტრეპრენერია მთელ მსოფლიოში. არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ თუ ვერ იტანთ მას. ვერავინ უარყოფს, რომ როდესაც საქმე კომპანიების დაარსება ეხება, ის უზომოდ ნაყოფიერია. შესაძლოა ახალი ილონ მასკი არ ხართ, მაგრამ არც უნდა იყოთ. უბრალოდ, რაღაც უნდა ისწავლოთ იმისგან. მაგალითად, როგორ მიდგომა აქვს მას საქმისადმი.

მასკი ყველაზე დიდ პრობლემებზე ფიქრობს, რომლებსაც კაცობრიობა მომავალში შეეჯახება და მათ მოგვარებას იდეებით აპირებს. ამ კოლოსალურმა მიდგომამ PayPal, SpaceX, Tesla და სხვა სრულიად გასაოცარი კომპანიების შექმნა განაპირობა, ის კი საკმაოდ მდიდარ ადამიანად აქცია. თუ კაცობრიობის მომავალი გაფიქრებთ, თქვენც მომავალზე ფიქრით დაიწყეთ − რა პრობლემები შეიძლება გაგიჩინოთ ამ სამყარომ მომავალში? თუ ეს პრობლემები მხოლოდ თქვენ კი არა, კიდევ ბევრ ადამიანს შეეხება, ჩანს, სწორედ თქვენ უნდა დაიწყოთ მათი მოგვარება.

ანტრეპრენერებისთვის შვებისმომგვრელი უნდა იყოს იმის გახსენება, რომ სიცოცხლისუნარიანი იდეები შესაძლოა ნებისმიერ დროს არსაიდან გამოჩნდნენ. მათი უმრავლესობა გასაოცარი არ იქნება, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი ნამდვილად იყოს. ყურადღებით წაიკითხეთ ზემოთ მოყვანილი ინსტრუქციები და სწორედ იმ იდეის აღმოჩენას შეძლებთ, რომელიც თქვენი ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"