Get All Access for $5/mo

4 რჩევა ბიზნესის დასაწყებად ეკონომიკური ვარდნისას დიდებული იდეა გაქვთ? ნუ დაუშვებთ, მის რეალიზებაში რეცესიამ შეგიშალოთ ხელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

COVID-19-მა მილიონობით კომპანია აიძულა თავიანთი ბიზნესმოდელებისთვის გადაეხედათ, მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხოლოდ იდეების სახით არსებობს დამწყები ანტრეპრენერების გონებაში? მას შემდეგ, რაც ახალი ამბების მთავარი თემა მასობრივი გათავისუფლებები და თავგანწირული ბრძოლა გახდა გადარჩენისთვის, უკვე ცოტა ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ნიშნავს ასეთ პირობებში ბიზნესის წამოწყება.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ისტორიის სხვა კრიზისების მსგავსად, მოახლოებული რეცესიაც შესანიშნავ შესაძლებლობებს შეუქმნის დამფუძნებლებს. როგორც მაიკლ ლებიმ, Loeb.nyc-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, "ასეთი მომენტები, ტყის ხანძრებს ჰგავს − მათი ალი ზოგიერთ კომპანიას დააზარალებს, მაგრამ ამავე დროს, სითბოსაც მიაწვდის ნიადაგში ახალი თესლის გასაღვივებლად. სხვადასხვა დროს, ეკონომიკური ვარდნისა და საბაზრო კრიზისის ფერფლიდან ბევრი გასაოცარი კომპანიაა დაბადებული".

2008 წლის საბინაო და ფინანსურმა კრახმა ის მოიტანა, რომ ამერიკელებმა ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილის ძებნა დაიწყეს, რომელსაც გრძელვადიანი ვალდებულებები არ ექნებოდა. სწორედ მაშინ გახდა Airbnb ტრადიციული საცხოვრებლის გაცილებით იაფი და მოქნილი ალტერნატივა. 2011 წლისთვის Airbnb-ის ღირებულება $1 მილიარდზე მეტად იყო შეფასებული.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბიზნესიდეა მზად არის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, ის უკვე უნდა წარადგინოთ, როგორც მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება. ქვემოთ ოთხი რჩევაა, რომლებიც ამ საქმეში დაგეხმარებათ.

1. იპოვეთ თქვენი ნიშა

Airbnb-ის ტიპის, მთელი ინდუსტრიის განმსაზღვრელი კომპანიები, ეკონომიკური ვარდნის დროს ყალიბდებიან. შეგიძლიათ თუ არა თქვენი უნიკალური ნიშის ახლავე მოძებნა − ისეთი გადაწყვეტილების შეთავაზება ადამიანებისთვის, რომელიც მათ ახლანდელი კრიზისის გადალახვაში დაეხმარება? შეგიძლიათ თუ არა ალტერნატივის სახით, თქვენი ორიგინალური იდეის ადაპტირება ამ ნიშის დასაკმაყოფილებლად?

დრო გამონახეთ ყველაფრის გასაანალიზებლად და გარემომცველი სამყაროს შესაფასებლად. გამოავლინეთ თქვენი მეგობრების, კოლეგებისა და სხვა ადამიანების წინაშე მდგარი პრობლემები, რომელთა შესახებ ახალი ამბები ხშირად იუწყება. ამ პრობლემის პოტენციური გადაწყვეტის გზები დასახეთ, რაც დღეისათვის არ არსებობს.

ბევრი ამგვარი ნიშა ახლანდელი ძვრების ფონზე იკვეთება. ყველაზე დიდი პრობლემების წინაშე ჯანმრთელობის დაცვა და განათლება დადგა − ნებისმიერი საზოგადოების ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფერო. ამ დარგებს სასწრაფოდ სჭირდება ინოვაციური ინიციატივები რეკონსტრუქციის დარგში. ბოლო ასი წელია განათლებას ამგვარი პრობლემები არ შექმნია. ახლა მშობლები და სტუდენტები ცდილობენ, ინტერნეტრესურსებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობას მოახმარონ მთელი თავიანთი დრო, რათა სწავლის გაგრძელება შეძლონ და თვეები არ დაკარგონ პანდემიის გამო.

თუ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება ჯერ კიდევ არ პასუხობს მიმდინარე მოთხოვნებს, დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის ადაპტირებას ახალ ნორმებთან? უახლოეს დროში პირობები არ შეიცვლება და ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ადაპტირებაა. გაქვთ თუ არა პროგრამული პროდუქტი, რომელსაც მაგალითად, მომხმარებლისთვის ვიდეოკონფერენციის გაუმჯობესებული ვარიანტის შეთავაზება შეუძლია, თუნდაც ის თავდაპირველად ამისთვის არ იყოს შექმნილი? შეუძლია თუ არა თქვენს მომსახურებას, ბიზნესის ინტერნეტგამოცდილებას ან კომუნიკაციებს შეუწყოს ხელი?

თუ ნიშის შევსება შეგიძლიათ თქვენი პროდუქტით, ყველაფერი გააკეთეთ ამ შანსის გამოსაყენებლად, ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათია. როგორც ჯონათან გრიჩანმა, გლობალურ ბიზნეს-აქსელერატორ Founder Institute-ის თანადამფუძნებელმა მითხრა, "თქვენ იქით გსურთ გასრიალება, საითკენაც შაიბა მიქრის, და არა იქ, სადაც ამ წუთასაა".

2. მიეცით ადამიანებს, რაც მათ სჭირდებათ: კავშირები და ურთიერთობები

ეკონომიკური ვარდნის დროს ადამიანები ნაკლებად ყიდულობენ ნივთებს, რომლებიც მათ რეალურ საჭიროებებს არ პასუხობს და ამიტომ, უმნიშვნელო პროდუქტების გამყიდველებს ხელი მოეცარებათ. იდეები, რომლებიც ამართლებს, მთლიანად ერთი პრობლემის ფუნდამენტურ მოგვარებაზეა მიმართული.

რა სჭირდებათ ადამიანებს ამ წუთას? თქვენ რა გჭირდებათ ამ წუთას?

ერთი რამ, რაც ნებისმიერ ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება, კავშირია. გახდით შეუცვლელი, შექმენით და განამტკიცეთ კავშირები ადამიანებს შორის. თქვენ ვერ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ აქტიურად არ იქნებით ინტერნეტში და არ გამოიყენებთ მას. რაც მეტი ურთიერთობა იქნება, მით უკეთესი. საკუთარი თავის რეკლამირებისა და თქვენს კლიენტებთან ურთიერთობების დასამყარებლად, ციფრული ინსტრუმენტები გამოიყენეთ. Tiktok ახალგაზრდა მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების საკმაოდ მარტივი და ხალისიანი საშუალებაა. Instagram-ს თქვენი პროდუქტის ვიზუალური ელემენტების რეკლამირება და დებატების დაწყება შეუძლია. ვირტუალურ სადილებს, საღამოებს გაუკეთეთ ორგანიზება. დაახლოება და ინტერნეტკავშირი ახალი ნორმების მძლავრი საყრდენია, და ასე იქნება მაშინაც კი, როდესაც დიდი თავყრილობები კვლავ გახდება ნებადართული, ინტერნეტში ამჟამად ყოფნა გარანტიას მოგცემთ, რომ მომავალში უფრო მეტი კონტაქტი გექნებათ.

კონფიდენციალობის დაცვას დიდი ყურადღება მიაქციეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწრაფად დაკარგავთ ნდობას. სამხრეთ კორეამ და დიდმა ბრიტანეთმა აპლიკაციები შექმნეს COVID-19-ის ინფიცირების დონის გასაკონტროლებლად, მაგრამ კონფიდენციალობის დამცველებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ ტექნოლოგიას პირად მონაცემებთან ჰქონდა წვდომა. ამგვარ მახეებზე ერთი ნაბიჯით წინ იყავით, დააკვირდით, რას აკეთებენ სხვა კომპანიები (მათ შორის, თქვენი პოტენციური კონკურენტები) და მათ შეცდომებსა და წარმატებებზე ისწავლეთ.

3. საკუთარი თავი მოამზადეთ გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად

თქვენს საფულეში ჩაიხედეთ. თუ ადრე რთული იყო ინვესტორებისგან საწყისი დაფინანსებისთვის თანხების მოზიდვა, ახლა, როდესაც ისინი ქამრებს იჭერენ, ბევრად რთული გახდება.

"ინვესტორები ამ ეტაპზე იდეებს კი არა, ბიზნესს ეძებენ გუნდთან ერთად, რომელსაც მხარდაჭერა აქვს", − ამბობს გრიჩანი, − "მინიმალური ხარჯვითი კაპიტალი უნდა გქონდეთ, რომ თქვენი ბიზნესიდეის განხორციელება და მეტი ფონდების მოზიდვა შეძლოთ".

თუ თქვენი დანაზოგი უკვალოდ ქრება და ამჟამად უმუშევარი ხართ, შესაძლოა, უკან მიხედვა და ყველაფერზე დაფიქრება სჯობდეს. ბუნებრივია, შეგიძლიათ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს სთხოვოთ ინვესტირება, მაგრამ ახლა ნებისმიერისთვის რთული დროა და ამიტომ, ფრთხილად იყავით, თქვენი ახლობლები არ გაანაწყენოთ. პარტნიორის მოზიდვაზეც იფიქრეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერს ექნება სურვილი, თქვენც შეიტანოთ ფინანსური წვლილი კომპანიაში, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენიმე ათასი დოლარი მაინც.

გარდა ამისა, გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თავს, სწორად აზროვნებთ თუ არა.

იმისათვის, რომ ბიზნესლიდერი იყოთ ასეთ რთულ დროს, თქვენ უნდა:

  • იყოთ ღია და შემოქმედებითი, რათა სამყაროს დანახვა შეძლოთ სხვადასხვა კუთხიდან და შესაძლებლობების გამოვლენა იქ, სადაც სხვებს არ შეუძლიათ
  • გქონდეთ საკმაო ინტელექტი, რათა ახალი და მოულოდნელი პრობლემები მათი აღმოჩენისთანავე მოაგვაროთ
  • გაითვალისწინოთ, რომ თუ ცხოვრების სხვა მხარეებით მეტად ხართ დაკავებული, შესაძლოა, საკმარისად ღია და მოქნილი ვეღარ იყოთ

თქვენი ძლიერი მხარეების გამოყენება რომ შეძლოთ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ დისციპლინაზე. ყოველ დილით შეადგინეთ საკონტროლო სია და მიუთითეთ, თუ რის გაკეთება გსურთ ამ დღეს. მაგალითად, ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირება იქნება ეს, რომლებთანაც პარტნიორობა გსურთ, თუ მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შექმნაზე ზრუნვა.

თუნდაც ყველაფერი სასწრაფო იყოს, თითო ჯერზე მხოლოდ ერთი რამ გააკეთეთ. თქვენი მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შექმნის გზაზე ყველა კრიტიკული მოსაზრება მოისმინეთ და გაითვალისწინეთ. აუცილებელი არ არის თქვენი პროდუქტი ამ ეტაპზევე დახვეწილი ან ძვირადღირებული იყოს, ის თქვენს იდეას უნდა განასახიერებდეს და შეამოწმოს, როგორი რეაქცია ექნებათ მასზე ბაზრებზე. თუ სრულ შტატზე მუშაობთ, სამსახურიდან წამოსვლას ნუ იჩქარებთ, ვიდრე თქვენს პროტოტიპზე სერიოზული, დადებითი რეაქცია არ იქნება.

4. ისარგებლეთ პროდუქტის გაშვების უპირატესობებით რეცესიის დროს

ეკონომიკური რეცესიის პირობებში კომპანიების უმრავლესობა, რომლებიც ახალ ბიზნესებს უჭერენ მხარს, ხელსაყრელ ტარიფებს სთავაზობენ მომხმარებელს. მაგალითად, Shopify − უფასო 90-დღიან საცდელ ვერსიას, ხოლო HubSpot-მა მარკეტინგული შეზღუდვები შეაჩერა ელექტრონულ ფოსტაზე და მნიშვნელოვნად შეამცირა ფასიანი რეკლამის ღირებულება. ანტრეპრენერებისთვის პროდუქტის გაშვების ღირებულება ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლები გახდა, და სავარაუდოდ, ასეც დარჩება შემდეგი 12 თვის განმავლობაში.

ახლანდელი კლიმატის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა ტალანტები. ბევრ მსხვილ კომპანიას სირთულეები აქვს. მაგალითად, Airbnb-მა თანამშრომლების 25 პროცენტი გაათავისუფლა პანდემიის გამო. ახლა ბევრი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი ეძებს სამსახურს, და ადრე ასე ძნელად მოსაძიებელი კადრები უკვე ხელმისაწვდომები არიან.

ახალი თანამშრომლების შრომა ისეთივე ფასეული გახდა, როგორც ფინანსური კაპიტალი. მათი პროფესიული გამოცდილება დაგეხმარებათ იმის გაგებაში, როდის უნდა დაიწყოთ თქვენი იდეის პრეზენტაცია და პოტენციურ კლიენტებზე გასვლა.

რეცესიის დროს იწყებენ ჩამოყალიბებას კომპანიები, რომლებიც მთელი კატეგორიის განმსაზღვრელები ხდებიან. ზუსტად ისე, როგორც კრიპტოვალუტის კომპანიები აღწევენ წარმატებას, როდესაც ბანკებისა და ტრადიციული სისტემებისადმი ნდობა მინიმუმამდე დადის. კონკურენტებზე უპირატესობა აქვთ კომპანიებს, რომლებიც კრიზისების დროს ზოგადი პრობლემების ალტერნატიული გადაჭრის გზებს სთავაზობენ მომხმარებელს.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან