5 წიგნი, რომელიც ბიზნესის დაწყებამდე უნდა წაიკითხოთ ცოდნა არასოდეს არის ზედმეტი
By კენ დანი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესის წამოწყება იოლი როდია. უამრავი ფაქტორია გასააზრებელი, მნიშვნელოვანია კვლევის ჩატარებაც და თავის მაქსიმალურად მომზადებაც. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალი ბიზნესკომპანიების 80% პირველ ორ წელიწადს წარმატებას თითქმის ვერ აღწევს.
ბოლო 15 წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი სხვადასხვა ინდუსტრიის სამი კომპანიის როგორც დამფუძნებელი, ისე თანადამფუძნებელი და ჩემს გუნდთან ერთად, ბევრი რამ მართებულიცა და უმართებულოც მიკეთებია. ბიზნესის წამოწყება რთული ამოცანაა: იდეის ჩამოყალიბება, დაგეგმვა, დაფინანსების მოსაპოვებლად ამ იდეის განმტკიცება, კადრების დაკომპლექტება, მოგების მიღება... ამ გზაზე უამრავი ხაფანგია, რომლებსაც უცებ შეუძლია, ბიზნესი დაასამაროს.
საბედნიეროდ, კითხვა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. კითხვის წყურვილს წლების განმავლობაში ბიზნესზე, ლიდერობაზე, სტარტაპებზე, ფინანსებზე, ანტრეპრენერული კულტურის შექმნასა და სხვა ბიზნესთემებზე დაწერილი 1,500-ზე მეტი წიგნის კითხვით ვიკმაყოფილებდი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესწარმატების გზაზე დაგებული "ხაფანგებისთვის" გვერდის ავლაშიც ეს წიგნები და მენტორებისგან მიღებული ინფორმაცია დამეხმარა.
დღეს ანტრეპრენერებს ვესაუბრები
დღესდღეობით კი, რეგულარულად ვესაუბრები ანტრეპრენერებსა და სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ბიზნესში თავის პოვნა და განვითარება. მე მათ მუდმივად მოვუწოდებ, იკითხონ ბიზნესსა და მენეჯმენტზე დაწერილი წიგნები. ეს უფასო განათლებაა. ათასობით წიგნი არსებობს, რომლებიც დამწყებ ანტრეპრენერებს ფასდაუდებელ ცოდნას სძენს. გაგაცნობთ მათგან 5-ს, რომლებიც, ჩემი აზრით, ანტრეპრენერებს წარმატებულ სტარტაპერობაში დაეხმარება:
ნოამ ვასერმენი − "დამფუძნებლის დილემები: თქვენი სტარტაპისათვის დამღუპველი საფრთხეების განჭვრეტა და თავიდან აცილება"
პირადად, მე, ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებსა და ჩემს მეგობრებს ამ წიგნის 200 ასლი ჩამოვურიგე. წიგნი პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებულ თავად ვასერმენისეულ კვლევას ეფუძნება. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი საქმე გაკეთდა სხვადასხვა დარგის დამსაქმებელთა პრაქტიკის ასე ღრმა შესწავლითა და მათი კარგი, ცუდი და სრულიად გამოუსადეგარი გამოცდილების დეტალური აღწერით. წიგნი საინტერესოა, რადგან მასში გამოყენებულია რეალური მაგალითები Twitter-ისა და სხვა ცნობადი კომპანიების ბიზნესსაქმიანობიდან.
ამ ნაშრომში ყურადღება მახვილდება ანტრეპრენერთა ხელშეწყობაზე, რომ მათ გადადგან პროაქტიური ნაბიჯები, ბიზნესზე ძალიან ნეგატიურად მოქმედი, საკმაოდ გავრცელებული შეცდომების თავიდან ასაცილებლად. იგი დამწყებ ანტრეპრენერებს ახლოს აცნობს ბიზნესის სტრუქტურას და ეხმარება იმის უკეთ გაგებაში, რაც საქმის შეუფერხებლად კეთებას სჭირდება. ეს არაჩვეულებრივი წიგნია, რომელიც საკუთარი ბიზნესის მართვას გასწავლით.
ერიკ რისი − "ეკონომიური სტარტაპი: როგორ იყენებენ დღევანდელი ანტრეპრენერები უწყვეტ ინოვაციას რადიკალურად წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად"
რისის ამ წიგნით ბევრი რამ ვისწავლე. თუნდაც ის, რომ საკუთარი ბიზნესის განვითარებისას, ყველაზე დიდი სირთულე ნაღდი ფულის ნაკადების მართვაა. ალბათ გსმენიათ ძველი გამოთქმა, ფული ყველაფერიაო, მაგრამ არ მგონია, ვინმემ მოახერხოს, რომ დამწყებ ბიზნესმენს ფულის ნაკადების მართვის მნიშვნელობა სათანადოდ აუხსნას. "ეკონომიური სტარტაპი" სწორედ ის წიგნია, რომელიც გასწავლით თქვენი ბიუჯეტის ეფექტიანად მართვას და მოგანიჭებთ თავისუფლებას ინოვაციისა და ბიზნესის სამყაროში საკუთარი გზის გაკვალვისას. თუ ბიზნესში წარმატება გსურთ, აუცილებლად უნდა შეგეძლოთ ბიუჯეტის ზუსტად და ეფექტიანად მართვა.
ლორენს ჯეი პიტერი და რეიმონდ ჰოლი − "პიტერის პრინციპი: რატომ მიდის საქმეები ცუდად?"
ეს წიგნი კლასიკაა. Peter Principle-ი საოცარი წიგნია, რომელიც დამფუძნებლებისათვის ყველაზე სასარგებლოა მაშინ, როცა ისინი ე.წ. "არაკომპეტენტურობის ფაზაში" იმყოფებიან და ასწავლის მათ, როგორ დაიხმარონ ნიჭიერი ადამიანები. რატომ მიდის საქმეები ცუდად? ვფიქრობ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ბიზნესმენს ერთხელ მაინც უკითხავს ეს საკუთარი თავისთვის. წიგნი ამ კითხვას სამუშაო ძალის არაკომპეტენტურობის პრობლემის ხაზგასმით პასუხობს. იგი გეუბნებათ, რა მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთილდღეობისთვის კადრების შერჩევა.
ბილ კაპოდალი და ლინ ჯექსონი − "დისნეის გზა: გამოიყენეთ დისნეის მენეჯმენტის საიდუმლოებები თქვენს კომპანიაში"
წლებმა დამარწმუნა, თუ რაოდენ ფასეულია სახალისო და თბილი ბიზნესგარემო. ამ წიგნის ავტორები კი სხვებზე უკეთ ხსნიან, თუ რამ შეუწყო ხელი, ბიზნესკულტურის თვალსაზრისით, მსოფლიოში უმდიდრესი იმ კომპანიის შექმნას, რომლის მიღმა ამ კულტურის დიდოსტატი − უოლტ დისნეი იდგა. წიგნი დეტალურად აღწერს, თუ როგორ გამოიყენეს მსოფლიოს ანტრეპრენერებმა უოლტ დისნეის მანტრა − "იოცნებე, ირწმუნე, გაბედე, გააკეთე" − თავიანთი ბიზნესის გარდასაქმნელად; გასწავლით, როგორ შეუქმნათ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ყველაზე პროდუქტიული, ეფექტიანი და დადებითი გარემო. დისნეის მეთოდის ადაპტირებით, თქვენც შეგიძლიათ ბიზნესკულტურის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანა, რათა დადებითისკენ შემოაბრუნოთ საკუთარი დარგი.
მარკ ბენიოფი და კარლ ადლერი − "ღრუბელს მიღმა: უცნობი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იქცა Salesforce.com-ი იდეიდან მილიარდდოლარიან კომპანიად და დარგში გადატრიალება მოახდინა"
"ღრუბელს მიღმა" შემთხვევით აღმოჩნდა ჩემი 5 საუკეთესო საკითხავის სიაში. ამ წიგნის გაცნობა Inc Magazine-ის ტოპ-50-ში შესულმა ლიდერობის ექსპერტმა, კრის ბრადიმ მირჩია. მას ძალიან ვუმადლი, რადგან ესაა ისტორია salesforce.com-სა და იმაზე, თუ როგორ შექმნა ბენიოფმა და მისმა გუნდმა მსოფლიო მასშტაბის კომპანია, სანამ ტერმინი "ღრუბლოვანი ტექნოლოგიები" გაჩნდებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, salesforce.com-ი ინოვაციების ლიდერია. წიგნი აღწერს კომპანიის შეუფერხებელ სვლას წარმატებისკენ და ამ საქმით დაინტერესებულს კარგ თეორიულ ბაზას უქმნის იმისათვის, რომ საკუთარი ბიზნესი ნებისმიერ ვითარებაში წარმოაჩინოს.
არ აქვს მნიშვნელობა, სეზონური ანტრეპრენერი ხართ თუ დამწყები ბიზნესმენი − არ უნდა შეწყვიტოთ თვითგანვითარებისთვის შრომა. შეისწავლეთ თქვენივე ძლიერი და სუსტი მხარეები, იპოვეთ სფერო, რომელშიც დახელოვნება გსურთ და გახსოვდეთ, რომ არსებობს წიგნი, რომელიც საკუთარი ბიზნესის ყოველმხრივ დაწინაურებაში დაგეხმარებათ.