Get All Access for $5/mo

9 არცთუ ძვირადღირებული ბიზნესიდეა ცხოველთა მოყვარულებისთვის განუხრელად იზრდება მოთხოვნა იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რომელიც ადამიანებს თავიანთი ოთხფეხა ოჯახის წევრების მოვლაში ეხმარება და ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

"კარგი იქნებოდა, მთელი დღე ცხოველებთან თამაში შემეძლოს"- თუ ცხოველების მოყვარული ხართ, ეს სიტყვები არაერთხელ გექნებათ ნათქვამი. რა იქნება, ეს ოცნება ერთ დღეს თქვენს ბიზნესად რომ იქცეს?

"შინ ბავშვების ნაცვლად ძაღლები უკვე ძალიან ბევრს ჰყავს. ამიტომ იზრდება მოთხოვნა იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რომელიც ადამიანებს თავიანთი ოთხფეხა ოჯახის წევრების მოვლაში ეხმარება და ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება", − აცხადებს მეთიუ ოსბორნი, Pooper Scooper Services-ის მფლობელი.

შინაური ცხოველების ინდუსტრიის გაყიდვების მოცულობა 1994 წლიდან თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. არაკომერციული სავაჭრო ასოციაცია American Pet Products-ის მონაცემებით, 2017 წელს ამერიკელებმა თავიანთი ცხოველების მოვლაზე დაახლოებით $69.5 მილიარდი დახარჯეს. ვარაუდობენ, რომ ეს თანხა უახლოეს მომავალში კიდევ დაახლოებით $3 მილიარდით გაიზრდება.

ეს 9 იდეა სწორ გზაზე დაგაყენებთ, თუ ცხოველები გიყვართ და საკუთარი ბიზნესის წამოწყება გსურთ. ამ სფეროში უთვალავი შესაძლებლობაა!

ცხოველების ფოტოგრაფი

ბიზნესის დაწყება: $1,200-მდე

ტექნიკა: ციფრული კამერა, ფონი და განათება, რედაქტირების პროგრამა (მაგალითად, Adobe Photoshop), მყარი დისკი სარეზერვო ასლის შესაქმნელად.

ფოტოგრაფიაში გამოცდილება თუ გაქვთ ან ციფრული სარკული კამერა თუ გამოგიყენებიათ? ცხოველებთან ყოფნა თუ გიყვართ? თუ ასეა, შესაძლოა ცხოველების ფოტოგრაფი გახდეთ, ეს იყოს თქვენი ბიზნესი.

"ამ ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი დასამახსოვრებელი ფოტოების გადაღებაა, რომელიც ცხოველების მოყვარულებს მოეწონებათ", − ამბობს მარკ მაქქვინი, phoDOGraphy-ის მფლობელი. ეს კომპანია ნიუ-იორკში მდებარეობს და მისი მთავარი სტილი ქალაქის ფონზე ძაღლების გადაღებაა. იგი იმასაც ამბობს, რომ ძაღლებთან მუშაობა ფოტოგრაფისგან დიდ მოთმინებას მოითხოვს.

როგორ შეიძლება ხარჯების შემცირება? ცხოველებს ფოტოები სტუდიაში კი არა, გარეთ გადაუღეთ. გარეთ გასაოცარი ბუნება და ბუნებრივი განათებაა. თუმცა არ დაივიწყოთ, რომ ამ გარემოში ცხოველების გაკონტროლება ნამდვილად შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს. გარდა ამისა, დეკორაციის სახით ცხოველის მფლობელის სახლის გამოყენებაც შეგიძლიათ. ეკონომიის კიდევ ერთი საშუალება ფოტოაპარატის იჯარით გამოტანაა, ვიდრე თავად არ გაგიჩნდებათ მისი შეძენის საშუალება.

ცხოველების ძიძა

ბიზნესის დაწყება: $1,000-მდე

ტექნიკა: კომპიუტერი

ამ ბიზნესის დაწყება მცირე თანხას მოითხოვს, მაგრამ გარკვეული გამოცდილება აუცილებელია. იქნება ეს საკუთარ ცხოველთან ურთიერთობა თუ ზოომაღაზიაში, ცხოველების საავადმყოფოში ან ცხოველებთან დაკავშირებულ სხვა ადგილას მუშაობა.

ამასთან ერთად, მათი ნდობის მოპოვებაც უნდა შეძლოთ. ამას ზოგჯერ "პატიოსნებით დაზღვევას" ეძახიან. მფლობელებს თავიანთი ცხოველები ბავშვებად მიაჩნიათ და ამიტომ შეხვედრისას როგორც თქვენს კლიენტთან, ისე მის ცხოველთან მისალმება არ უნდა დაგავიწყდეთ. ასევე აუცილებელია კლიენტისთვის თქვენი პოლიტიკის გაცნობა და შეკითხვების დასმა ცხოველის შესახებ.

დაფიქრდით, რა მომსახურებას სთავაზობთ ცხოველის მფლობელს. დაადგინეთ, სხვა ძიძები რას სთავაზობენ. მაგალითად, ღამით დარჩენა და/ან რამდენიმე თუ მხოლოდ ერთი ძაღლის გასეირნება; ამასთან, ბიზნესის დასაცავად გადახდისა და კონტრაქტის გაუქმების თქვენი პოლიტიკაც შეიმუშავეთ. გარდა ამისა, წინასწარ ისიც განსაზღვრეთ, რა სისტემას გამოიყენებთ თქვენი კლიენტების ინფორმაციისა და ცხოველის მოვლის გრაფიკის ჩასაწერად.

რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ბიზნესი? ეს არის ცხოველების ძიძის დაზღვევა (პასუხისმგებლობის დაზღვევის დაფარვა) Pet Sitters Associates-ის მეშვეობით, რომლის ღირებულება წლიურად $190-დან $290-მდეა და ცხოველების სასწრაფო დახმარების პროგრამის გავლა, რომლის ღირებულება $100-ს შეადგენს.

სასაჩუქრე კალათების ბიზნესი ცხოველებისთვის

ბიზნესის დაწყება: $1,000-მდე

მასალა: ნივთები კალათისთვის, გადაზიდვის ხარჯები, შესაფუთი მასალები

მომსახურების სფეროში სასაჩუქრე კალათის ბიზნესის დაწყება საუკეთესო ნიშა იქნებოდა. თუ ცხოველები გიყვართ, რატომ არ უნდა გააკეთოთ მათთვის სასაჩუქრე კალათა?

ფრანგულ ბულდოგსა და მოფსს, საჭმლის მგრძნობიარე მომნელებელი სისტემა აქვთ და მათ ალბათ შინ დამზადებული სასუსნავით გაუმასპინძლდებით. თუ კალათისთვის ლეკვის ნაკრებს ამჯობინებთ, რომელშიც უსაფრთხო სათამაშოები, საუზმეული შედის და ამასთან ბუკლეტიც, ძაღლის გაწვრთნის 10 მნიშვნელოვანი რჩევის თაობაზე?

თქვენი კალათა ძაღლების მოვლის ათასი საშუალებით ხომ არ არის სავსე?

Bark & Co.-მ ეს იდეა თავისი BarkBoxproduct-ის მეშვეობით განახორციელა. იგი სასუსნავსა და სათამაშოებს ყოველთვიურად ხელმომწერებს უგზავნის.

"ამ სფეროში სტარტაპების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს კომპანიები ძაღლების კი არა, ადამიანების ინტერესებს ითვალისწინებენ, − ამბობს ჰენრიკ უერდელინი, Bark & Co-ს თანადამაარსებელი. ჩვენი კომპანია მთლიანად ძაღლების ფასეულობებზეა დაფუძნებული, თუნდაც ისეთზე, როგორიც გადამდები ოპტიმიზმია. ყოველთვის ვცდილობთ მათ ვასიამოვნოთ და მეტისმეტად სერიოზულები არ ვიყოთ".

ხარჯების შესამცირებლად თქვენი სასაჩუქრე კალათების რეკლამა სოციალური ქსელით სცადეთ. BarkBox-ი საკუთარ ბრენდს რეკლამას თავის კლიენტებთან სოციალურ ქსელში უკეთებს. "სცადეთ Twitter-ში ნებისმიერი შეკითხვის დასმა BarkBox-ზე და თავად დარწმუნდებით, გასაოცარი კლიენტები როგორ გააკეთებენ ჩვენს ბრენდირებას", − ამბობს უერდელინი.

შინაური ცხოველების ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინერი

ბიზნესის დაწყება: $1,000-მდე

ტექნიკა/მასალა: ქსოვილები, სამკერვალო და მიწოდების ტექნიკა; შესაფუთი მასალები

Kitty couture ძაღლებისთვის ქუდიან ქურთუკებს აწარმოებს. ამ სფეროში ანტრეპრენერებისთვის მართლაც უზარმაზარი შესაძლებლობები იმალება.

"რას არ ნახავთ აქ. მთავარი ხაზი პალტოები და პიჟამაა. გარდა ამისა, ჰელოუინის კოსტიუმები და მხიარული საზეიმო ტანსაცმელიცაა", − ამბობს მადლენა პირელი, Diamond Collar-ის − შინაური ცხოველების ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელი ბრუკლინში.

პირელის თქმით, ეს ბიზნესი განსაკუთრებით კარგია პატარა ცხოველებისთვის. "მათ სითბო ზამთარშიც სჭირდებათ და ჰაერის კონდიცირების გამო ზაფხულშიც", − ამბობს იგი. ამიტომ არის ასეთი დიდი, პატარა ცხოველებზე ორიენტირებული ბაზარი.

ინტერნეტმაღაზია Lucy & Co.-ს ვებგვერდს გადახედეთ და მიხვდებით, თუ როგორ უნდა გაყიდოთ გონივრულად თქვენი შინაური ცხოველების სხვადასხვა ნივთები. ეს კომპანია ძაღლების კლასიკურ ტანსაცმელზეა სპეციალიზებული, გასაოცარი ტანისამოსის − ჟილეტებისა და ქუდიანი ქურთუკების რეკლამისთვის Instagram-ს, Facebook-ს და Pinterest-ს იყენებს.

განსაკუთრებული სასუსნავი ძაღლებისთვის

ბიზნესის დაწყება: $1,000

ტექნიკა/მასალა: საცხობი მასალები, სამზარეულოს ხარჯები, გადაზიდვის ხარჯები, მთავარი ინგრედიენტები, შესაფუთი მასალები

მოგბეზრდათ მაღაზიაში ყოველ კვირას ძაღლის ორცხობილაზე სიარული? ფიქრობთ, რომ კატებიც რაღაც განსაკუთრებულს იმსახურებენ? შინაური ცხოველებისთვის საცხობის ბიზნესი წამოიწყეთ! განსაკუთრებული საკვების წარმოება მხოლოდ უნიკალური ბიზნესიდეა არაა, იგი ცხოველებთან დაკავშირებული სხვა ბიზნესისკენაც გაგიხსნით გზას.

ცხოველების საკვების სფეროში დიდი არჩევანია − ჯანსაღი და ნატურალურით დაწყებული, უნიკალური და უცნაური გემოს მქონე სასუსნავით დამთავრებული. უბრალოდ, სათანადო წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ და მასალა ყურადღებით შეარჩიოთ, რადგან ძაღლები ყველაფერს ვერ ინელებენ. მაგალითად, იცით თუ არა, რომ ძაღლი შესაძლოა ხახვმა, ნიორმა და ავოკადომაც კი გახადოს ავად?

"სამი წელი დაგვჭირდა, ვიდრე საბოლოოდ შევძლებდით იმ რეცეპტების შემუშავებას, რომლებიც უსაფრთხოა და ძაღლებსაც მოსწონთ",− ამბობს პენი მილიგანი, ცხოველების საცხობის The Hungry Hound მფლობელი.

კერი ბაროლო D.O.G. Bakery-ის მფლობელია და მისი პროდუქტები მთელი ქვეყნის 100 მაღაზიაში იყიდება. იგი ძაღლებისთვის ჯანსაღსა და ნატურალურ საკვებს აცხობს. თუმცა, როდესაც ბიზნესი დაიწყო, უმრავლესობა ამას სულელურ წამოწყებად მიიჩნევდა.

"მხოლოდ მას შემდეგ შეაფასეს სათანადოდ რასაც ვაკეთებთ, როდესაც ყურადღება გავუმახვილე, თუ როგორი მნიშვნელოვანია კვება ძაღლებისთვის", − გვიხსნის ბაროლო.

ცხობის გამოცდილება ამ ბიზნესის დაწყებამდე არც მილიგანს ჰქონია და არც ბაროლოს. თუმცა, მილიგანი მთელი თავისი ცხოვრება საცალო სექტორში მუშაობდა, ხოლო ბაროლო − რესტორნების მართვის სფეროში.

"როგორც მცირე ბიზნესის მფლობელმა, ყველაფრის გაკეთება უნდა შეძლოთ. ამიტომ გირჩევთ დაბეჯითებით ბიზნესის ყველა სფეროში გარკვევას", − ამბობს ბაროლო.

დასუფთავების სამსახური

ბიზნესის დაწყება: $300

ტექნიკა/მასალა: ძაღლის პაკეტი, აქანდაზი

რა თქმა უნდა, სასიამოვნოდ არ ჟღერს და არც მიმზიდველი სამუშაო უნდა იყოს, მაგრამ თუ თქვენ არ გინდათ ეს ბიზნესი, არც ვინმე სხვას ენდომება. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ეს ბიზნესი ზუსტად თქვენთვისაა.

"ერთი კლიენტი ჩვენი უზომოდ მადლიერია, რადგან მისი ქორწინება გადავარჩინეთ. ბინძურ სამუშაოს თვითონ ვერ აკეთებდნენ, სახლს ვერ ასუფთავებდნენ", − ამბობს ეშლი ნესტორი, doggie doo not!-ის მფლობელი − კვირაში 1400−ჯერ მაინც გვიწევს ძაღლის ექსკრემენტების აღება".

კომპანია ვებგვერდზე აცხადებს, რომ doggie doo not!-ის თანამშრომლები ყველგან მივლენ და ნებისმიერ სივრცეს დაასუფთავებენ − თავშესაფარი იქნება ეს, პარკი, ოფისი, საცხოვრებელი სახლი თუ ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ძაღლები არიან.

როგორც ნესტორი ამბობს, ამ მომსახურების ფასი ძაღლების რაოდენობაზე, დასასუფთავებელი სივრცის ფართობზე და დასუფთავების სიხშირეზეა დამყარებული. "კლიენტების უმრავლესობას ყოველთვიურად ვუწერთ ინვოისს და ისინი ავტომატურად იხდიან საკრედიტო ბარათით".

ნესტორი ამბობს, რომ ყველაზე დიდ ძალისხმევას კლიენტების მოძიება მოითხოვს. მან თავის ქალაქში მარკეტინგული კამპანია იმით დაიწყო, რომ ძაღლების მფლობელებს ფლაერებს უგზავნიდა. ახლა მისი ბიზნესი უკვე გაიზარდა და რეკლამისთვის ყვითელ სატვირთო ავტომანქანებს იყენებს, რომელზეც კომპანიის ლოგოა და წარწერა: "ბედნიერი კლიენტების სახელით".

ცხოველებისთვის პატრონის მოძებნის ექსპერტი

ბიზნესის დაწყება: $100

ტექნიკა/მასალა: პროგრამები CSS, Java, HTML

თუ ტექნოლოგიებში კარგად ერკვევით, მაგრამ მთელი დღის მაგიდასთან გატარება არ გსურთ, იქნებ თქვენს ვებგვერდზე ცხოველებისთვის პატრონის მოძებნის აპლიკაცია შეგექმნათ.

ეს აპლიკაცია მსურველებს ცხოველების თავშესაფართან და სხვადასხვა ცხოველების მფლობელებს ერთმანეთთან დაკავშირებასა და პროდუქტების მოძიებაში დაეხმარება.

BarkBox ძაღლების მფლობელებს ყოველთვიურად საკვებსა და სათამაშოებს უგზავნის, ეს იდეა კი თავისი აპლიკაციით BarkBuddy-ით განახორციელა. იგი ისევე აქტიურად მუშაობს, როგორც Tinder − თქვენს რაიონში ძაღლების მოძიებასა და აყვანაში გეხმარებათ. მოსახერხებელი ვებგვერდი აქვს და ამიტომ მარტივად შეძლებთ სასურველი ჯიშის ძაღლების მოძიებას.

აპლიკაციის მონაცემთა ბაზაში 250 000 ძაღლია და იგი მთელი აშშ-ისა და კანადის ტერიტორიას მოიცავს.

BarkBuddy-ი ჩვენი სურვილის მიხედვით ქმნის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ძაღლების ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უწყობს ხელს. ძაღლი ყველას უნდა ჰყავდეს და ყოველ ძაღლს უნდა ჰყავდეს პატრონი", − ამბობს სტეისი გრისომი, Bark & Co-ს მთავარი რედაქტორი.

გაითვალისწინეთ, რომ ამ აპლიკაციის შეძენა თავისი ლიცენზიით App Store-ზე წელიწადში მხოლოდ $99 ღირს, Xcode-ის პროგრამული უზრუნველყოფით კი $5. Apple-ი ამ აპლიკაციის თავის სისტემაში დანერგვაზე ჯერ კიდევ არ არის თანახმა. თუმცა, Android-ის Google market უფასოა და აქ არც რეკომენდაციებია მეტისმეტად მკაცრი.

შინაური ცხოველების მწვრთნელი

ბიზნესის დაწყება: $2,000

ტექნიკა/მასალა: საწვრთნელი გაკვეთილები, სხვადასხვა საკვები/სასტვენი

თუ ცხოველების მფლობელთა დახმარება გსურთ, ამას შესანიშნავად მოახერხებთ ცხოველების მწვრთნელის როლში.

ამ ბიზნესმა წარმატება რომ მოგიტანოთ, ძაღლების გაწვრთნა უნდა ისწავლოთ, ამას კი სპეციალისტთან მომზადებითაც შეძლებთ და ინტერნეტითაც. All Dogs Academy მხოლოდ ერთ-ერთი ინტერნეტ ორგანიზაციაა, რომელიც სწავლებას ატარებს. ძაღლების წვრთნის კურსების ხანგრძლივობა 5 დღიდან 2 კვირამდეა, მისი ღირებულება კი, $500-დან $2,000-მდე.

ჯორდან კაპლანი, Petaholics-ის მფლობელი და დამფუძნებელი, გთავაზობთ ძაღლების ცნობილი მწვრთნელის მოსწავლე გახდეთ, რაც სწავლების მთელი კურსის გავლასთან შედარებით, ბევრად იაფია. Petaholics-ს შინაური ცხოველების წვრთნისა და მოვლის ბიზნესი აქვს ნიუ- იორკში.

მათ, ვინც ძაღლების მწვრთნელობაზე ფიქრობს, კაპლანი ურჩევს რაც შეიძლება დიდი დრო გაატარონ ძაღლებთან და მათი ქცევის ბუნებრივი მოდელი კარგად შეისწავლონ.

"ძაღლების თავშესაფრებში მოხალისეები მაშველთა გუნდებთან ერთად მუშაობენ", − ამბობს იგი, − "თუ ძაღლი გყავთ, მასთან გაიარეთ საწვრთნელი კურსი".

ხარჯების შესამცირებლად უმჯობესი იქნება, თუ ცხოველის საწვრთნელად თავად მიხვალთ მათ სახლებში, ვისთვისაც ეს ხელსაყრელია, ხოლო ძაღლისთვის მოსახერხებელი. შეგიძლიათ, ზოომაღაზიაში იმუშაოთ კვირაში რამდენიმე დღე და სანაცვლოდ პროცენტი მიიღოთ მათგან, ვისაც შინ აკითხავთ.

შინაური ცხოველების მარკეტინგის სპეციალისტი

შImages

ბიზნესის დაწყება: $500

ტექნიკა/მასალა: ვებგვერდი და გამოცდილება სოციალურ მედიაში

აქ ჩამოთვლილ ყველა ბიზნესიდეას ერთი რამ აქვს საერთო: წარმატების მისაღწევად მათი მარკეტინგი აუცილებელია. კარგად გამოიყენეთ თქვენი მარკეტინგული ნიჭი და ბიზნესის მფლობელებს ფეხზე დადგომაში დაეხმარეთ.

ერიკ სიუ, Single Grain ციფრული მარკეტინგული კომპანიიდან აცხადებს, რომ მარკეტინგში წარმატებული სპეციალისტი გახდებით იმის მიუხედავად თუ რომელ სფეროში გაქვთ გამოცდილება. "მთავარია რაიმე სფერო ამოირჩიოთ და მისი ექსპერტი გახდეთ," − ამბობს იგი.

როგორც მარკეტინგის სპეციალისტისთვის, საუკეთესო იქნებოდა პროფესიული სოციალური მედიაპლატფორმა და ვებგვერდი გქონოდათ თქვენი უნარების რეკლამისთვის. თქვენი მარკეტინგის ბიზნესს შემდეგი მომსახურების შეთავაზება შეუძლია ცხოველთა მოყვარულთათვის: მწვრთნელი მარკეტინგში (სოციალური მედიის განხრით), სოციალური მედიის ოპტიმიზაციის ანალიზი და სტრატეგია, საიტების შექმნა და მომსახურება, ბლოგები და ბევრი სხვა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".