აგრძნობინეთ მათ რაიმე

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კევინ სმიტმა პერსონალური ბრენდი ისე შექმნა, რომ თავადაც კი ვერ გააცნობიერა ეს. სავარაუდოდ, სწორედ ამან გადაარჩინა მისი კარიერა.

1994 წელს მან გამოუშვა ფილმი, სახელწოდებით "Clerks", რომლის გადაღებაც საკუთარი საკრედიტო ბარათებით დააფინანსა. როდესაც ფილმმა არნახული წარმატება მოიპოვა, ის თვითდაფინანსებადი კინემატოგრაფისტების მთელი თაობის შთაგონებად იქცა. ამას მოჰყვა "Mallrats", "Chasing Amy", "Dogma" და სხვა ფილმების სერია, რომლებმაც ხელი შეუწყვეს კინოეპოქის ჩამოყალიბებას (ხოლო თავად რეჟისორი მისივე პერსონაჟთან, მდუმარე ბობთან გააიგივეს).

თუმცა, ამ გზაზე სმიტმა ერთი რამ შენიშნა: ფანები მხოლოდ მისი ფილმებით როდი იყვნენ დაინტერესებულნი – ისინი თავად მისითაც ინტერესდებოდნენ. მერყევი კინოინდუსტრიის პირობებში, სადაც რეჟისორების ბედი მათ მომავალ პროექტზეა დამოკიდებული, მან დაინახა, რომ საკუთარი თავის "გაყიდვაში" ბევრად მეტი სტაბილურობა იყო.

მან მთელი ყურადღება ამ მიმართულებაზე გადაიტანა და ფანებთან ისეთი უშუალო კომუნიკაცია დაიწყო, რაც იმ დროისთვის იშვიათი იყო. ის მართავდა ტურნეებს, აწყობდა ჩვენებებს და იმ პერიოდისთვის ახალბედა ინტერნეტფორუმებზე ეძებდა კავშირებს. მან მოირგო გიკის როლი – ადამიანის, რომელიც ზუსტად შენნაირია და პოპკულტურაზეა შეყვარებული. ასე ჩამოყალიბდა ერთგული აუდიტორია მანამ, სანამ სოციალური ქსელების მიმდევრები გაჩნდებოდნენ. თავად ტერმინი "პერსონალური ბრენდიც" კი ახალი იყო – ის მენეჯმენტის ექსპერტმა, ტომ პიტერსმა, 1997 წელს გახადა პოპულარული. პოდკასტინგის ადრეულ ეტაპზე სმიტმა შექმნა ქსელი Smodcast, რომელიც სწორედ ამ ახალ ფანბაზას ემსახურებოდა და კიდევ უფრო მეტ ბიზნესშესაძლებლობას უხსნიდა გზას.

ახლა კი, ათწლეულების შემდეგ, სმიტს ყველა მეწარმისთვის აქვს გაკვეთილი: რაც უფრო მეტად აინტერესებთ ადამიანებს თქვენი პიროვნება, მით მეტი შესაძლებლობის შექმნა შეგიძლიათ.

"ამ ბიზნესიდან დიდი ხნის წინ წავიდოდი, რომ არა ის ფაქტი, რომ მე ჩემს აუდიტორიას ვასაზრდოებ", – ამბობს ის.

აქ ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი ბრენდი, დაამყაროთ კავშირი აუდიტორიასთან და შეინარჩუნოთ აქტუალობა ისე, რომ ჭკუიდან არ შეიშალოთ.

აი, კევინ სმიტის ინტერვიუს ეს ნაწილიც:

როდესაც ფილმი "Clerks" გადაიღეთ, ფილმების თვითდაფინანსება თითქმის არ არსებობდა. რატომ გააკეთეთ ეს?

არ მინდოდა სხვაზე მემუშავა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვებთან და ეს საშინლად გამომდიოდა. საკუთარი თავისთვის მუშაობის იდეა ძალიან მიმზიდველად მეჩვენებოდა.

ეს გაკვეთილი ქვეცნობიერად მამაჩემისგანაც ვისწავლე. მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში ის ფოსტაში მუშაობდა და თავისი საქმე ეზიზღებოდა. როდესაც სამსახურისგან დასვენება უნდოდა, დარეკვის ისე ეშინოდა, რომ დედაჩემს სთხოვდა ხოლმე ამის გაკეთებას. მთელ სახლში სიჩუმე უნდა ყოფილიყო. როგორც კი ზარი დასრულდებოდა, ის თითქოს სხვა ადამიანი ხდებოდა – ისევ მამაჩვენი იყო, ბედნიერი და მხიარული.

ამის ყურება ძალიან სევდიანი იყო. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ ასე ვერ ვიცხოვრებდი და არ შემეძლო, ასეთ შიშს ვემართე.

ამის შემდეგ კინოსტუდიებთან დაიწყეთ თანამშრომლობა, თუმცა ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთების თქვენეული მიდგომა უცვლელი დარჩა.

მივხვდი, რომ სტუდიას შეუძლია გადაწყვიტოს და არ მოგცეს ფილმის რეჟისორობის უფლება, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წაგართვან რეჟისორობის უნარი. მე ის კაცი ვარ, რომელმაც ყველაფერი საკუთარი საკრედიტო ბარათებით დაიწყო. თუ საჭირო გახდებოდა, ისევ საკუთარი საკრედიტო ბარათებით დავასრულებდი.

რადგან, ვინ არის აქ უფროსი? არც Miramax და არც Universal. უფროსი არის აუდიტორია, თუკი ისინი ბილეთებს ყიდულობენ. ამბობენ, რომ თუ აუდიტორიისთვის მუშაობ, ჩათვალე, ცხოვრებაში არცერთი დღე არ გიმუშავიაო.

როგორ უყურებთ აუდიტორიის მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხს?

ნებისმიერ სამსახურში, როცა უფროსს ხვდები, ცდილობ თავი მოაწონო. გიხარია, რომ ეს სამსახური გაქვს. ჰოდა, ლოგიკურია, რომ როდესაც შენ, როგორც ხელოვანი, ხვდები შენს აუდიტორიას, ზუსტად იგივე განწყობა გქონდეს. მე ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი ფანებზე – რასაც ახლა "მომხმარებელთან პირდაპირ კავშირს" (direct to consumer) უწოდებენ.

უნივერსიტეტებში ფილმების ჩვენებებსა და კითხვა-პასუხის სესიებს ხშირად ვაწყობდი. ქვეყნის ნახევარს მანქანით გადავჭრიდი ხოლმე. თავიდან დარბაზი გადაჭედილი იყო, მე კი კითხვებზე პასუხის გაცემას მაშინაც ვაგრძელებდი, როცა დარბაზში ნახევარზე ნაკლები ხალხი რჩებოდა. ჩემი ფილოსოფია ასეთი იყო: მე აქ ვარ, წასასვლელი არსად მაქვს, მათ კი აინტერესებთ. ეს მანამ ხდებოდა, სანამ გავიგებდი, რომ ამით ფულის შოვნაც შემეძლო.

ასევე დიდ დროს ვატარებდი ერთ-ერთ ადრეულ ფორუმზე. ადამიანები ჩემი შემოქმედების შესახებ კითხვებს წერდნენ, მე კი შევდიოდი და ვპასუხობდი. მაშინ საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ "ეს მარკეტინგის მომავალი" იყო. უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ ამ ხალხს აქვს სამსახური, შესაძლოა მინიმალურ ხელფასზეც მუშაობენ, მაგრამ მათ თავიანთი ფული ჩემს ფილმებში გადაიხადეს და მე მსურს ვიცოდე – რატომ. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავება და შენარჩუნება მინდოდა, რადგან მსურდა, რომ ისინი ჩემთან ისევ დაბრუნებულიყვნენ.

ჩანს, რომ თქვენი კავშირი აუდიტორიასთან, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აშენებდით, დაგეხმარათ სტაბილურობის შენარჩუნებაში მაშინაც კი, როცა საქმე მხოლოდ ფილმებს არ ეხებოდა.

პოდკასტინგი ჯერ კიდევ 2007 წელს დავიწყე. ამ სფეროში გადასვლა მშვენიერი აღმოჩნდა. ამან სრულიად ახალი ინდუსტრია შექმნა, სადაც სცენაზე მარტო დგომისა და საკუთარ თავზე ლაპარაკის ნაცვლად, ჩემი მეგობრებიც ჩავრთე. დღესაც, როცა მსმენელებს რეალურ ცხოვრებაში ვხვდები, იდენტიფიკაციის ფაქტორი კვლავ უდიდესია – ისევ ის ახლობლური დამოკიდებულებაა.

ამავდროულად, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს სამსახური აქტუალობისთვის დაუსრულებელ წყურვილად და ნადირობად იქცეოდა. რადგან ჩვენ მხოლოდ ასე ვარსებობთ. მაგალითად, მამაჩემი არ იყო "აქტუალური", ის საფოსტო მანქანის ერთი პატარა ჭანჭიკი იყო და ხელფასს ნებისმიერ შემთხვევაში აიღებდა. მე კი მანამ არავინ გადამიხდის, სანამ ვინმე არ იკითხავს: "აბა, ამჯერად რა არის შენი სათქმელი?"

რა არის თქვენს აუდიტორიასთან აქტუალობის შენარჩუნების საიდუმლო?

ეს შეიძლება ძალიან მარტივად ჟღერდეს, მაგრამ ეს ხომ შექსპირმაც ასე თქვა: "იყავი საკუთარი თავის ერთგული". ჩვენ ყველანი განსხვავებულები და მშვენიერები ვართ. მიიღე ეს და დაეყრდენი ამას.

ახალგაზრდა ავტორებს ვეუბნები ხოლმე: "შეგიძლიათ წეროთ კოსმოსზე ან კომიქსების ეკრანიზაციაზე. ასეთი რამ ბევრია. მაგრამ შენზე ბევრი ისტორია არ არის. ხალხი კი სწორედ ამას ელოდება. სწორედ ამასთან პოულობს კავშირს აუდიტორია".

შენ უნდა მოიფიქრო რაღაც მნიშვნელოვანი. თუ, უბრალოდ, ტრენდებს მისდევ, თუ იმას ამბობ, რასაც ყველა სხვა ამბობს, მაშინ რატომ უნდა მოვიდნენ მაინცდამაინც შენთან? მაგრამ, თუ შეძლებ მათ რაიმე აგრძნობინო, ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში გადაგიხდიან.

მგონია, რომ თქვენი უშუალობა და აქტუალობა ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. თქვენი აუდიტორიისთვის ერთდროულად ორ როლს ასრულებდით: ხართ "ჩვეულებრივი ტიპი" და ამავე დროს ის კაცი, რომელმაც გააკეთა ისეთი რამ, რაზეც სხვა ხელოვანები მხოლოდ ოცნებობენ.

მე მათი ავატარი ვიყავი. ერთმა პიროვნებამ მითხრა: "წარმატების მიღწევა რომ მდომოდა, ზუსტად ისე გავაკეთებდი ყველაფერს, როგორც შენ გააკეთეო". ეს არის ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე საყვარელი კომპლიმენტი.

თქვენი აზრით, როგორ შეუძლიათ დღეს მეწარმეებს გამოიყენონ ის გაკვეთილები, რომლებიც თქვენი კარიერიდან ისწავლეთ?

ხელოვნური ინტელექტის წყალობით ადამიანებს სამუშაო ძალის მიღმა ტოვებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ კაცობრიობის განვითარების საკმაოდ "სამეწარმეო" პერიოდში შევდივართ, რადგან სხვა არჩევანი, უბრალოდ, აღარ დაგვრჩა.

ამასწინათ, TikTok-ზე ერთ ვიდეოს ვუყურე, რომელმაც შოკში ჩამაგდო. ერთი პიროვნება ჰყვებოდა, რომ სამი უმაღლესი განათლება აქვს, მათ შორის დოქტორის (Ph.D.) ხარისხი, გაგზავნილი აქვს 10 000 რეზიუმე და თითქმის არავინ გამოხმაურებია. 12 წლის ასაკის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ის უმუშევარია. ის ამბობს: "იმ სამყაროში, სადაც "სტარბაქსშიც" კი ვერ ვშოულობ სამსახურს, აღარ არსებობს მიზეზი, რომ შენი ოცნებების დევნაზე უარი თქვა".

ყველას გვაქვს რაღაც ჩვენი "საიდუმლო ინგრედიენტი". მჯერა, რომ ყველანი განსხვავებულად ვართ აწყობილები, რადგან თითოეულ ჩვენგანს აქვს პასუხები ერთმანეთისთვის. ყველას გვაქვს რაღაც ისეთი – იქნება ეს გამოცდილება თუ პრაქტიკული ცოდნა – რისი გაზიარებაც სხვებისთვის შეგვიძლია.

ადამიანებს ხშირად უჩნდებათ კარგი იდეები, მაგრამ მათ აღარ მიჰყვებიან "მეორე ხმის" გამო. პირველი ხმა შთაგონებაა: რა არის ისეთი, რაც ჯერ არ არსებობს? თუ გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ რაღაც არ არსებობს, თქვენ კი იცით, რომ უნდა არსებობდეს, მაშინ თქვენვე შეგიძლიათ მისი შექმნა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა. მაგრამ მეორე ხმა გეუბნება: "არა, არ გამოვა". არასოდეს დაუჯეროთ ამ მეორე ხმას.

შენ გჭირდება ენთუზიაზმი, რადგან სწორედ ეს გამოგარჩევს სხვებისგან. დამიჯერე, შენ არ გაგიჩნდება იდეა, რომელიც მანამდე სხვასაც არ ჰქონია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ ამ იდეას ბოლომდე მიიყვან. შენ აიღებ უბრალო ჩანაფიქრს და მას რეალობად აქცევ. სწორედ ამას აკეთებს მეწარმე და ეს არის ყველაზე ახლოს იმასთან, რასაც "ჯადოქრობა" ჰქვია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი