Bidspace – პლატფორმა, რომელსაც მეორადი ბილეთების გაყიდვის ბაზარზე გამჭვირვალობა და სანდოობა შემოაქვს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Bidspace-ის პლატფორმა შეიქმნა ერთი ძირითადი პრობლემის გადასჭრელად – სანდოობისა და გამჭვირვალობის ნაკლებობის მეორადი ბილეთების ბაზარზე. პლატფორმის დამფუძნებლის, ბაჩო ხითარიშვილის თქმით, ერთადერთი სივრცე, სადაც მეორადი ბილეთების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდებოდა, Facebook-ის კუსტარული ჯგუფები იყო, სადაც მომხმარებლები ხშირად მოტყუებულები რჩებოდნენ.
"პლატფორმის შექმნის იდეაც სწორედ აქედან მოდის. მეც არაერთხელ მისარგებლია მსგავსი ჯგუფებით, და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული გარიგებებიც დამიდვია, სულ მქონდა ღელვა და დიდი რისკის შეგრძნება. თუმცა ერთ-ერთი ბოლო გამოცდილების დროს, მოტყუებული დავრჩი. წარმოიდგინეთ, თანხა უკვე გადახდილი მაქვს, QR კოდი მიღებული და ღონისძიების რიგის წინ მეუბნებიან, რომ ბილეთი არ არის მოქმედი. რა თქმა უნდა, ადამიანის საკონტაქტო ნომერი, რომელმაც მომყიდა, აღარ არის ხელმისაწვდომი და ვხედავ, რომ Facebook-ზეც დამბლოკა. სწორედ ეს გამოცდილება იყო, რამაც მიბიძგა, შემექმნა პლატფორმა, რომელიც იქნებოდა დაცული სივრცე, სადაც მსგავსი შემთხვევები არასოდეს მოხდებოდა", – ამბობს ბაჩო ხითარიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ პლატფორმამ უკვე შემოიტანა ახალი გამოცდილება საქართველოს ბაზარზე:
1) ვერიფიცირებული გამყიდველები, რაც ამცირებს გაყალბების რისკს (მას, ვისაც სურს, რომ საიტზე განათავსოს ბილეთი, უნდა გაიაროს 2-დონიანი ვერიფიკაცია, რაც გულისხმობს პირადობის მოწმობისა და საკუთარი ფოტოსურათის საიტზე ჩაშენებული საერთაშორისო Veriff პლატფორმაზე ატვირთვას).
2) აუქციონის მექანიზმი, სადაც ფასი ყალიბდება რეალური მოთხოვნის მიხედვით.
3) მომენტალური ყიდვის არჩევანი მათთვის, ვისაც ბილეთის დაუყოვნებლივ მიღება სურს.
აქვე, აღსანიშნავია, რომ თავად ბილეთის მფლობელი ირჩევს, აუქციონის მეთოდით გაყიდოს ბილეთი თუ მომენტალური ყიდვით, ან სულაც ორივე შესაძლებლობა ერთად ჩართოს. სწორედ ბილეთის მფლობელი ადგენს აუქციონის ვადას, საწყის ბიდს, მინიმალურ ბიდსა და ბილეთის მომენტალური ყიდვის ღირებულებას. მომხმარებელს კი აქვს არჩევანი, პირდაპირ შეიძინოს ბილეთი თუ ჩაერთოს აუქციონში და დააფიქსიროს თავისი არჩევანი. პლატფორმის დამფუძნებლის თქმით, ამ გზით ბილეთები უფრო სამართლიანი ღირებულებით გაიყიდება და რეალურად თავად მომხმარებლები დაადგენენ ღონისძიებაზე დასწრების ფასს. ტექნიკურად ეს ყველაფერი კი არის გამჭვირვალე და ბიდების ისტორიაში თითოეული დაფიქსირებული ბიდი არის ხილული.
ასევე, პლატფორმა მოიცავს მყიდველისა და გამყიდველის დაცულ ტრანზაქციას, რომელიც გამორიცხავს მოტყუებასა და გაუგებრობებს, რადგან შუამავალი თავად Bidspace-ია და საიტი პრობლემას საკუთარ თავზე იღებს.
"ჩვენ გვსურს ქართულ ბაზარზე ახალი გამოცდილება დავნერგოთ, შევქმნათ სანდო, ვერიფიცირებული და სრულად ავტომატიზებული გარემო, სადაც მომხმარებლებს აღარ მოუწევთ სარისკო გარიგებების დადება უცნობ ადამიანებთან. ამის ნაცვლად, ისინი Bidspace-ის პლატფორმით ისარგებლებენ და სრულად დააზღვევენ ბილეთების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ყველა მთავარ რისკს", – აღნიშნავს ბაჩო ხითარიშვილი.
პლატფორმის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ Bidspace-ის შექმნა ნამდვილად მოითხოვდა გაბედულებას. მისი თქმით, გუნდმა დაინახა რეალური პრობლემები და გამოწვევები, თუმცა ასევე, ისინი უნდა შესულიყვნენ ბაზარზე, სადაც მსგავსი პლატფორმა არ არსებობდა და მომხმარებლების ნდობის მოპოვება იქნებოდა საჭირო. ასეთ გარემოში ახალი სერვისის შექმნა საჭიროებდა რისკის აღებას, საკუთარი ხედვის ბოლომდე გაბედულად დაცვას და იმაში დარწმუნებას, რომ შესაძლებელი იყო ბაზრის ქცევის შეცვლა.
"გამბედაობა იყო არა მხოლოდ პლატფორმის ტექნიკურად გაშვება, არამედ მიზანი, რომ საქართველოში დაგვენერგა სრულიად ახალი სტანდარტი, უსაფრთხო და სანდო გარემო ბილეთების ყიდვა-გაყიდვისთვის. აღსანიშნავია პოლიტიკური გარემოც. სწორედ საიტის სრულყოფის ფინალურ ფაზაში ვიყავით, როდესაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ვითარება რადიკალურად დაიძაბა. იმ პერიოდში ვხვდებოდი, რომ პლატფორმაზე მუშაობისთვის არც დრო, არც ენერგია და, სიმართლე რომ ვთქვა, არც სურვილი მქონდა.
ამიტომ გარკვეული პაუზა გავაკეთეთ. ეტაპობრივად, დაძაბული სიტუაციის პარალელურად, ყოველდღიურ საქმიანობებსაც დავუბრუნდით. პლატფორმაზე მუშაობა გავაგრძელეთ და Bidspace მარტში უკვე სრულად გამართული იყო და ოფიციალურადაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე", – აბობს ბაჩო ხითარიშვილი.
მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო იმის დამტკიცება, რომ სანდო და ვერიფიცირებული პლატფორმა ავტორიტეტს მოიპოვებდა იმ ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს წლების განმავლობაში მხოლოდ არაორგანიზებული, სარისკო და გაუმჭვირვალე პროცესი ჰქონდათ ნანახი. ბაჩო ხითარიშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანები რთულად ენდობიან ახალ სისტემას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსურ ტრანზაქციებს ეხება.
"ამასთან ერთად, სერიოზული ტექნიკური გამოწვევაც იდგა: აუქციონის მექანიზმისა და ვერიფიკაციის სისტემის აგება ისე, რომ პროცესი ყოფილიყო აბსოლუტურად დაცული, ავტომატიზებული და მომხმარებლისთვის მარტივი.
მინდა გითხრათ, რომ ამ უკანასკნელს უფრო მარტივად გავუმკლავდით. ტექნიკური ნაწილი სრულყოფილად დავამუშავეთ, ხოლო რაც შეეხევა ნდობას, ამას დრო სჭირდება. ასე ვთქვათ, მიმდინარე პროცესია და მიხარია, რომ ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გვენდობა", – ამბობს ის.
ბაჩო ხითარიშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი ინსპირაცია იმის შეგრძნებაა, რომ პლატფორმა რეალურ პრობლემებს აგვარებს – მომხმარებლებს უქმნიან უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, ამასთან, პრაქტიკულად, საქართველოში არარსებული სერვისი შექმნეს, ხოლო ახლა ზრუნავენ მის განვითარებასა და ადამიანების ჩართულობის გაზრდაზე.
"ინსპირაცია მოგვცა პირველადმა შედეგებმა და მომხმარებლებისგან გამოხმაურებამ. კი, დღესაც არიან სკეპტიკოსებიც, თუმცა იმდენი ადამიანისგან მოვისმინე დადებითი გამოხმაურება, კომენტარი თუ უსაფრთხო ტრანზაქციების შემდეგ მადლობა, რომ ეს კიდევ უფრო მიზრდის სტიმულს და მაძლევს ძალას, საქმიანობა განვაგრძო და Bidspace მასშტაბურ პლატფორმად გარდავქმნა", – ამბობს ის.
განვითარების თვალსაზრისით, უახლოეს 1 წლის პერიოდში, პლატფორმის დამფუძნებელი მთავარ მიზნად ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალურად ათვისებას ასახელებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მუშაობენ პროდუქტის დახვეწაზე, პროცესების ოპტიმიზაციასა და მომხმარებელთა ბაზის სწრაფ ზრდაზე. ის აღნიშნავს, რომ უკვე ოთხ ძირითადი მიმართულება იფარება – თეატრი და კინო, კონცერტები, სპორტი და ტრანსპორტი.
"როგორც სტარტაპი, მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებელთა ქცევებს, ვაანალიზებთ უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში, ვგეგმავთ ახალი ქვეკატეგორიების დამატებასაც, რათა უკეთ მოვერგოთ ბაზრის მოთხოვნებს.
პარალელურად, ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე. ეს არის ჩვენი განვითარების კრიტიკული ნაწილი, რადგან დამატებითი რესურსი მოგვცემს შესაძლებლობას:
- გავზარდოთ ტექნიკური შესაძლებლობები და დავაჩქაროთ პლატფორმის გაუმჯობესება;
- განვავითაროთ მარკეტინგი და გავზარდოთ მომხმარებელთა მასშტაბი.
რაც შეეხება საერთაშორისო ექსპანსიას, ჯერ კონცენტრირებული ვართ ლოკალურ ბაზარზე, თუმცა პერსპექტივაში ვგეგმავთ გაფართოებას მეზობელ ქვეყნებში, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს. ჩვენი აუქციონის სისტემა და უსაფრთხოების მექანიზმები ერთნაირად ეფექტური იქნება ნებისმიერ ბაზარზე, სადაც ბილეთების მეორადი გაყიდვა მიმდინარეობს", – ამბობს Bidspace-ის დამფუძნებელი, ბაჩო ხითარიშვილი.