Get All Access for $5/mo

LBP Law Office - ღირებულებების თანხვედრიდან, მასშტაბურ მიზნებამდე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

იურიდიული მომსახურების სფერო მსოფლიოში, ისევე, როგორც საქართველოში, წლიდან წლამდე ვითარდება და თანამედროვე ადამიანის საჭიროებებსა და პრობლემებზე მოსარგებად მუდმივ ტრანსფორმაციაშია. მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისა და ცხოვრების გარკვეულ სამართლებრივ ნორმებში მოქცევის მნიშვნელობაზე კაცობრიობა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ დაფიქრდა. შემუშავდა კანონების კრებულები, ყოფითი წეს-ჩვეულებები, რაც ადამიანში, თითქოს გენეტიკურ დონეზე დაილექა. დროთა განმავლობაში, იურისპრუდენცია მეცნიერებად ჩამოყალიბდა, სამართლებრივ სკოლებს შორის რიგი ფუნდამენტური განსხვავებები წარმოიშვა, თუმცა საბოლოოდ, მაინც ერთი მიზანი − სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა დარჩა.

კომერციის განვითარებასა და ადამიანებს შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას, წარმოქმნილი უთანხმოებებისა და დავების დარეგულირების საჭიროება მოჰყვა. ამან ბიძგი მისცა იურიდიული კომპანიების ჩამოყალიბებას, სადაც კვალიფიციური და პროფესიონალი იურისტები, არა მარტო არსებულ პრობლემებს აგვარებენ, არამედ პოტენციური საფრთხეებისაგან გვიცავენ.

Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ ქართული იურიდიული კომპანია LBP Law Office, რომელიც სამართალწარმოებაში როგორც მეწარმე-სუბიექტებს, ისე ფიზიკურ პირებს ეხმარება და გარდა ტრადიციული სამართლებრივი სერვისისა, საკმაოდ ამბიციურ სამომავლო მიზნებს ისახავს. კომპანიას სამი თანადამფუძნებელი ჰყავს: გიორგი შალამბერიძე, მიხეილ რეხვიაშვილი და საბა ქევხიშვილი. ამ ახალგაზრდებს, ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პირველსავე კურსზე დაებადათ საკუთარი, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის შექმნის იდეა, რომელიც არსებულ სტერეოტიპებს დაამსხვრევდა და ბაზარს სრულიად ახალ სერვისებსა და პროდუქტს შესთავაზებდა. გიორგიმ, საბამ და მიხეილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე გაიცნეს ერთმანეთი. უამრავი პიროვნული განსხვავების მიუხედავად, ისინი ერთმა დიდმა იდეამ გააერთიანა და მიმდინარე წლის ივნისში, უკვე საქმიანადაც დააკავშირა ერთმანეთს. სანამ კომპანიაზე მოგითხრობდეთ, საინტერესო იქნება თითოეული მათგანის წარსულსაც გადავხედოთ და ქრონოლოგიურად მივიდეთ იმ წერტილამდე, სადაც წლების წინ ჩაფიქრებული საქმე, ხორცშესხმულ რეალობად იქცა.

გიორგი შალამბერიძე, 1998 წელს თბილისში დაიბადა. როგორც თავად ამბობს, იურისტობა ადრეული ასაკიდან გადაწყვიტა. "ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი იყო ის, რომ მუდამ მაინტერესებდა როგორი იყო სწორი წესრიგი და ამის საჭიროებას ქვეყანაშიც ვხედავდი. ვგრძნობდი გამჭვირვალე, სამართლიანი ნორმების აუცილებლობას, რომლებიც გარკვეულ ქცევის წესებს დაამკვიდრებდა და ადამიანებს მეტ თავისუფლებას მისცემდა. მინდოდა სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების მთავარი პრინციპები შემესწავლა და ამ ყოველივეში საკუთარი როლიც მეთამაშა. 15-16 წლის ასაკიდან, აქტიურად ვადევნებდი თვალყურს სხვადასხვა ადვოკატის მუშაობას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. აღმოვაჩინე ბევრი სამაგალითო ადამიანი, რომლებიც თავიანთ სფეროში ძალიან წარმატებულნი არიან და ეს მოტივაციას მაძლევდა. ბავშვობაში, მახსოვს, ხშირად ვუყურებდი იურიდიული მიმართულებით ფილმებსაც, რაც უდიდეს გავლენას ახდენდა ჩემზე. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია ენდრიუ რობერტსის Churchill: Walking with Destiny, რომელმაც უდიდესი მოტივაცია შემძინა. ზოგადად, ჩერჩილის ბიოგრაფია სავსეა მამოტივირებელი ფრაგმენტებით. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში უდიდესი როლი ითამაშა მისმა ლიდერობამ და ქარიზმამ. იგი ერთ-ერთი იყო იმ პოლიტიკოსებიდან, ვინც ქედს არ იხრიდა ნაციზმის წინაშე და ხალხს შეუპოვრობისა და სიმამაცის მაგალითს აძლევდა, რაც ჩვენს სფეროში აუცილებელი თვისებებია", − აცხადებს გიორგი შალამბერიძე.

სკოლა "მერმისის" დამთავრების შემდეგ, გიორგის უკვე მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი იურიდიული განათლების მიღება და საამისოდ, გამოცდები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. "ძალიან ვღელავდი და ვნერვიულობდი. მაღალი კონკურენციის გამო, გარშემო ბევრი მეუბნებოდა თავი შემეკავებინა თსუ-ს ჩაწერაზე სასურველ უნივერსიტეტთა სიაში. თუმცა მაინც ჩავაბარე, 100%-ანი სახელმწიფო გრანტით, და როგორც კი პირველ ლექციაზე შევედი, მაშინვე გავაცნობიერე, რომ სამართალი იყო ის სფერო, რომელსაც ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს დავუკავშირებდი. სამოქალაქო სამართალზე მეტად, ყოველთვის სისხლის სამართალი მიზიდავდა, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესსამართალი ჩვენი ქვეყნისთვის. ცხადია, ჩემში ამან დიდი ინტერესი აღძრა. პირველ კურსზე, თუკი ქართულ ენაზე რაიმე სამართლებრივი ლიტერატურა მოიძებნებოდა, ყველა წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელება სამოქალაქო სამართლის სფეროში მინდოდა", გვიამბობს გიორგი შალამბერიძე, − "მეორე კურსზე ვიყავით, როდესაც სამართლებრივი ტექნოლოგიები ტრენდული გახდა და ფართო აღიარება პოვა. მეც დავინტერესდი ე.წ. ბლოკჩეინ-სამართლებრივი მოწესრიგებით და გამიჩნდა სურვილი დამეკავშირებინა იგი სამოქალაქო სამართალთან. ვფიქრობ, საქართველოში ამ მიმართულებას დიდი მომავალი აქვს, ვინაიდან ბაზარი ნელ-ნელა ვითარდება, ხოლო ტექნოლოგიურ განვითარებას ახალი სამართლებრივი ნორმების საჭიროება მოსდევს. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება, მესამე კურსის ბოლოს, ფრანკფურტის უნივერსიტეტში გატარებული ერთი თვე იყო, სადაც სამართლისა და გლობალიზაციის კურსები გავიარე. ცნობილი ფაქტია, რომ ფრანკფურტი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესქალაქია და სწორედ აქ დავინახე, თუ როგორ ეხმარება სწორი სამართლებრივი რეგულაციები ბიზნესის განვითარებას".

რაც შეეხება გიორგის სამუშაო გამოცდილებას, მან მეორე კურსის ბოლოდან დაიწყო მუშაობა "ვითიბი ბანკში" იურისტის ასისტენტად. მესამე კურსზე, უკვე თავად თსუ-ში დაინიშნა იურისტად. შემდგომში, კომპანია J&T Consulting-ის სამართლებრივი კვლევის ხელმძღვანელიც გახდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე აქვს ნამუშევარი. უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე, გიორგი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ადვოკატის თანაშემწედ აიყვანეს, ხოლო 2020 წელს, თსუ-ს დამთავრებისთანავე, იგი საერთაშორისო კომპანია Price Waterhouse Cooper-ს შეუერთდა. "PWC-ში საკმაოდ საინტერესო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, რამაც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შემძინა, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ", − აღნიშნავს გიორგი შალამბერიძე.

კომპანია LBP Law Office-ს, გიორგი მიმდინარე წლის ივნისიდან შეუერთდა. ვიდრე კომპანიაში განხორციელებული საკადრო ფორმაციის ცვლილებებს შევეხებოდეთ, გვსურს გაგაცნოთ LBP-ის თანადამფუძნებელი − საბა ქევხიშვილი.

საბა, 1998 წელს თბილისში დაიბადა. მისი საყვარელი ისტორიული ფიგურა ნიკოლა ტესლაა, თავისი არაორდინარული ბიოგრაფიითა და აღქმით, ასევე, გენიალური გამოგონებებით, რაც ბევრი ანტრეპრენერისთვის საუკეთესო მაგალითია. რაც შეეხება საბას იურიდიულ ფაკულტეტზე გამოცდების ჩაბარების გადაწყვეტილებას, იგი იხსენებს, რომ თსუ-ში პირველი გაცნობითი ლექციის მსვლელობისას, უმეტესობა აღნიშნავდა, რომ მშობლების რჩევითა და ზოგჯერ, მოთხოვნით, ჩაირიცხა სამართლის ფაკულტეტზე, თუმცა თავად საბას, ისევე, როგორც გიორგისა და მიხეილის შემთხვევაში, ეს ასე არ ყოფილა. "ვერ ვიტყვი, რომ სამართალი ბავშვობიდან მაინტერესებდა, თუმცა ჩემთვის ეს ყოველთვის პრესტიჟულ პროფესიად აღიქმებოდა და თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვედრას, ერთგვარ გამოწვევადაც კი ვაფასებდი. შედეგად, წარმატებით ჩავირიცხე და მაღალი კონკურენციის პირობებში ადგილის დამკვიდრება მოვახერხე. ჩემი პირველი, პრაქტიკული შეხება სამართალთან მეორე კურსის ბოლოს მოხდა, თუმცა მანამდე არაიურიდიული კუთხით ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროში. პირველი კურსის ბოლოდან ვმუშაობდი ჩემთვის ძალზე უცხო პროფესიებზე დაწყებული სეისმოლოგიით, დამთავრებული მიმტანობით. ამან, ერთი მხრივ, შრომისა და დამოუკიდებლობის გამოცდილება შემძინა, ხოლო მეორე მხრივ, სიახლეების მიმართ შიში საბოლოოდ გამიქრო. ვფიქრობ, ეს უნარი არა მარტო იურისტისთვის, არამედ ყველა სხვა პროფესიის ადამიანისთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ახლა, ჩვენი დამოუკიდებელი ბიზნესის ფარგლებში, ხშირად ისეთ საკითხებზე გვიწევს მუშაობა, რასთანაც შეხება არ გვქონია და მსგავსი სიახლეების მიმართ ამტანები ვართ. უცხო საკითხები, ჩვენთვის საშიში კი არა, პირიქით − დიდი მოტივაციისა და ინტერესის წყაროა. ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც ვამაყობ ჩვენი გუნდით, სწორედ ისაა, რომ ვცდილობთ ნებისმიერ დარგში სიღრმისეულად გავერკვეთ. შესაძლებელია გამართული ხელშეკრულება დაწერო, თუმცა, როდესაც შინაარსობრივად გესმის პროცესების ჯაჭვი, თავს უფლებას აძლევ ბრეინსტორმინგშიც ჩაერთო და პარტნიორს ახალ-ახალი იდეები შესთავაზო", − აცხადებს საბა ქევხიშვილი.

საბას პირველი რეალური შეხება სამართლებრივ პრაქტიკასთან "ნიუ-ვიჟენის" უნივერსიტეტის უფასო იურიდიული მომსახურების კლინიკას უკავშირდება. როგორც თავად ამბობს, იქ მუშაობამ მას საკმაოდ ნათლად დაანახა, თუ რა კონკრეტული პრობლემები აწუხებს ხალხს და როგორი იმედით არიან განწყობილი იურისტების მიმართ. "როდესაც ადამიანი შენთან საკმაოდ დიდი იმედით მოდის, მხოლოდ იურისტი აღარ ხარ. ამ შემთხვევაში, გიწევს შეითავსო ფსიქოლოგისა და ახლობელი ადამიანის როლიც, ვინაიდან შესაძლოა ასეთი კლიენტების ბოლო იმედის ნაპერწკალი სწორედ შენ იყო და პრობლემის მოგვარებას სწორედ შენგან ელოდნენ. ამ ყველაფრის პრაქტიკაში ნახვის შემდეგ, სამართალს, როგორს დარგს, სულ სხვა თვალით შევხედე და გაცილებით მეტად დამაინტერესა", − საბა ქევხიშვილი.

"ნიუ ვიჟენის" შემდეგ, საბამ მუშაობა "საქართველოს ბანკში" განაგრძო, სადაც 6-7 თვე დაყო და ამ პერიოდის განმავლობაში ძვირფასი გამოცდილება შეიძინა. მისი თქმით, დიდ კორპორაციაში მუშაობა აბსოლუტურად განსხვავებული რამაა და პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, გაცილებით დიდ შესაძლებლობებს გთავაზობს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, საბამ დატოვა "საქართველოს ბანკი" და გასული წლის სექტემბერში მან, მიხეილმა და მათმა მეგობრებმა LBP დააარსეს. "მჯეროდა, რომ ჩვენი ხედვებისა და გამოცდილების შეჯერებით, ერთ გუნდად მაქსიმალურ შედეგს დავდებდით. დღეს უკვე, რეორგანიზაციის შედეგად, ჩვენ სამნი დავრჩით და გვინდა სარგებლის მოტანა არა მარტო ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით", − საბა ქევხიშვილი.

რაც შეეხება მიხეილ რეხვიაშვილს, იგი აგრეთვე თბილისში, 1997 წელს დაიბადა. მიხეილი გვიყვება, რომ ბავშვობიდან მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო პიროვნება ნაპოლეონი იყო. მისთვის იგი ყოველთვის შანსის სიმბოლოდ აღიქმებოდა, რომელმაც პრაქტიკულად არაფრისგან მოახერხა მსოფლიოს უდიდესი მმართველი გამხდარიყო. "არც სკოლაში გამოვირჩეოდი მაღალი მოსწრებით და არც იურისტობა ყოფილა ბავშვობიდან ჩემი სასურველი პროფესია. აბიტურიენტობის წლები, ფაქტობრივად ინერციით გავატარე და მშობლებისა და ოჯახის ხათრით ვსწავლობდი. ჩემი აზრით, იმ დროს, როდესაც გამოცდებს ვაბარებდი, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე უკეთესი არჩევანი არ მქონდა. ეს არ ყოფილა გამიზნული და წლების განმავლობაში ნაფიქრი გადაწყვეტილება, თუმცა საბოლოოდ, გრანტით ჩავირიცხე და უნივერსიტეტში პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე, რაღაც შეიცვალა... თსუ-ში, განსაკუთრებით კი იურიდიულ ფაკულტეტზე, საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ამ კონკურენციამ ჩემში იმხელა "დრაივი" აღძრა, რომ მალევე საკმაოდ მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტებს შორის აღმოვჩნდი. მინდა აღვნიშნო, რომ თსუ-ს დამსახურებით, კონკურენციისა და შეჯიბრის შეგრძნება დღემდე მომყვება, რაც ბევრ რამეში მეხმარება. მესამე კურსზევე დავიწყე მუშაობა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ადვოკატის თანაშემწედ, სადაც მაღალი კონკურსის პირობებში მოვხვდი. მათივე რეკომენდაციით, მოგვიანებით შევუერთდი სამშენებლო კომპანია Smart Solutions-ს მთავარი იურისტის რანგში. მთელი მეოთხე კურსის განმავლობაში ვცდილობდი სამსახური და სწავლა შემეთავსებინა ერთმანეთთან, რაც ცხადია, მარტივი არ ყოფილა. სამსახურიდან მოსულს, ლექციების ჩანაწერების მოსმენა მიწევდა, გარდა ამისა, კვირაში ორ-ორჯერ გერმანულისა და ინგლისურის გაკვეთილებზე სიარული. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, წინა პლანზე წამოიწია ბიზნესიდეებმა, ჩვენი საქმის დაწყების სურვილმა, და მეგობრებმა LBP დავაარსეთ", − გვიამბობს მიხეილი, − "ახლა მოვიპოვე დაფინანსება ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, ავსტრიაში, სადაც საერთაშორისო ბიზნესსამართალს ვისწავლი, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენს კომპანიასთან და სამომავლო მიზნებთან. ავსტრიაში მიღებულ საუკეთესო პრაქტიკასა და ცოდნას კი, ჩვენი კომპანიის განვითარებას მოვახმარ".

მეგობრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მეორე კურსის ბოლოს, კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რის საფუძველზეც ერთი კვირით ბერლინში, გაეროს უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. აქ მათ კიდევ უფრო უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და დაიბადა მომავალში კომპანიის შექმნის იდეაც. საქართველოში დაბრუნებულები, ახლებური შემართებით შეუდგნენ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე მუშაობას. სამივე მათგანი ხშირად ესწრებოდა სასამართლო პროცესებს პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად.

LBP-ს დამფუძნებლებმა გვიამბეს, რომ უნივერსიტეტის ლექტორები საკმაოდ ლოიალურები იყვნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ სწავლასა და მუშაობაში სტუდენტებისთვის ხელი შეეწყოთ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლების მაღალი ხარისხითა და კონკურენციით, რომელიც ნებისმიერ სტუდენტს უბიძგებს, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს. "დროში პირველი, უფლებაში უპირატესი" − იყო ჩვენი სლოგანი, რომელიც თავიდან ბევრს არ მოსწონდა, თუმცა დროთა განმავლობაში ყველა ხვდება, რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში მსგავსი მიდგომა. აუცილებელია საქმე სწრაფად აკეთო და ხარისხი შეინარჩუნო. თსუ-მ უამრავი მეგობარი შეგვძინა, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ. ესაა დიდი წრე, სადაც განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა წლების განმავლობაში არ ქრება. უნივერსიტეტში, ყოველ სემინარზე, სხვადასხვა ჯგუფში გვიწევდა ყოფნა, რამაც ხელი შეგვიწყო Networking-ის ჩამოყალიბებასა და სამომავლოდ, უამრავი სასარგებლო კონტაქტის არსებობაში", − მიხეილ რეხვიაშვილი.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ როგორ მოხდა LBP-ის დამფუძნებლების გაერთიანება ერთი იდეის გარშემო და მეტი დეტალის დასაზუსტებლად, გიორგის, საბას და მიხეილს დავეკითხეთ.

"ერთმანეთი იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე გავიცანით და მალევე გაგვიჩნდა იდეა, ცვლილებები შემოგვეტანა ქართულ სამართლებრივ ბაზარზე. ხშირად დავდიოდით სხვადასხვა ადგილებში, ვსაუბრობდით სამართლებრივ თემებზე და დისკუსიებშიც ვებმებოდით. ერთმანეთს წიგნებს ვუცვლიდით, ლექციებს ერთად ვესწრებოდით და წლების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რისი წყალობით ერთმანეთისგან ყოველდღიურად ბევრს ვსწავლობთ. იმდენად კარგად გავიცანით ერთმანეთი და იმდენი თანხვედრა აღმოვაჩინეთ ჩვენს ღირებულებებსა და მიზნებში, რომ მოგვინდა დაგვეარსებინა კომპანია. იურიდიული სფერო საკმაოდ კონსერვატიულია და საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის თანახმად, იურისტი აუცილებლად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი უნდა იყოს. ჩვენს ასაკში იურიდიულ კომპანიას არავინ აარსებს, რასაც ჩვენ კლიშედ მივიჩნევთ და გვინდა ამ იდეას ვებრძოლოთ. გვინდოდა შეგვექმნა კომპანია, რომელიც კონკურენციას გაუწევდა გამოცდილ კომპანიებს და რაღაც ახალს შესთავაზებდა პარტნიორებს", − ამბობს გიორგი შალამბერიძე, − "რაც შეეხება ჩემს თანადამფუძნებლად მოსვლას კომპანიაში, ეს 2021 წლის ივნისში, პანდემიის დროს მოხდა. მქონდა შემოთავაზება ორი სერიოზული კომპანიისგან, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დამოუკიდებელი საქმისთვის მიმენიჭებინა პრიორიტეტი და მიმდინარე წლის ივნისში, LBP-ში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საბას და მიხეილს შევუერთდი".

საბა ქევხიშვილი გვიყვება, რომ კომპანიის დაარსება იდეის დონეზე დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. პანდემიამდე, მეგობრები იდეას ამუშავებდნენ და აგროვებდნენ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით. "თავდაპირველად, LBP ექვსმა პარტნიორმა დავაფუძნეთ. დროთა განმავლობაში გავაცნობიერეთ, რომ დანარჩენ პარტნიორებთან ღირებულებებში დიდი სხვაობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებდა, დავდექით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე და საჭიროდ მივიჩნიეთ, ცვლილებები განგვეხორციელებინა. სამწუხაროდ, ჩვენი პროფესიული გზები გაიყო, თუმცა ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხოლოდ ხაზს უსვამს საქმის მიმართ ერთგულებას და იმ იდეის მნიშვნელობას, რომელსაც ვემსახურებით. ვფიქრობთ, LBP არა მხოლოდ ჩვენს, არამედ საზოგადოებრივ ინტერესებსაც ემსახურება", − საბა ქევხიშვილი.

გიორგი შალამბერიძე გვიყვება, რომ კომპანია მიმდინარე წლის ივნისში პრაქტიკულად თავიდან დაფუძნდა. "ივნისში, მიხეილთან და საბასთან შეხვედრისას, განვიხილეთ LBP-ს სამომავლო განვითარების პერსპექტივები. მათ მითხრეს, რომ უფრო დიდი აქცენტის გამახვილება სამართლებრივ ტექნოლოგიებზე უნდოდათ, მათ შორის ბლოკჩეინის სამართლებრივ განვითარებაზე საქართველოში. იმ დროისთვის, კომპანია უკვე აქტიურად მუშაობდა ერთ-ერთ IT-კომპანიასთან კრიპტოვალუტების თემაზე და გაგვიჩნდა იდეა, რომ სმარტ-კონტრაქტების საქართველოში დანერგვა და განვითარება განგვეხორციელებინა, რაზეც ახლაც ვმუშაობთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ კომპანია გეზს აიღებდა სამართლებრივი ტექნოლოგიების განვითარებაზე, სტარტაპებთან მუშაობასა და ინოვაციურ მიდგომებზე იურიდიულ სფეროში. ჩვენი ამბიციაა, რომ ნოვატორები გავხდეთ ამ მიმართულებით", − გვიამბობს გიორგი შალამბერიძე.

დღესდღეობით, კომპანია LBP Law Office, ფიზიკურ პირებსა და მეწარმე სუბიექტებს ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, როგორებიცაა: ხელშეკრულების სწორად შედგენა, რისკის ანალიზი, შრომის სამართალი, საგადასახადო კონსულტაციები, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, სასამართლო და ადმინისტრაციულ დაწესებულებებში წარმომადგენლობა, კორპორაციულ საკითხებზე კონსულტაცია, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები, სადაზღვევო სამართალი, ბიზნესის რეგისტრაციის სამართლებრივი ასპექტები და ა.შ.

საკადრო ცვლილებების შედეგად, LBP Law Office-მა ახალი მომსახურებებისა და ყველასგან განსხვავებული ხედვების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა უფრო აქტიურად გააგრძელა. გუნდმა, მომხმარებლებთან ნდობასა და კეთილსინდისიერებაზე დამყარებული გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ხოლო ბაზრისთვის სამართლებრივ სერვისზე მეტის შეთავაზება დაისახა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ LBP, სამართლებრივი სერვისის გარდა, კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომითა და საჭიროებებზე მორგებული მომსახურებით, მათთვის ბიზნესპერსპექტივებისა და ახალი შესაძლებლობების ჩვენებასაც ახერხებს.

LBP შექმნის დღიდან თანამშრომლობს ქართულ სტარტაპებთან და მათ სამართლებრივი სისტემების სრულად აწყობაში, ე.წ. "გამოყენების წესისა და პირობების" შედგენაში, ხელშეკრულებებში, სამართლებრივი რისკის განსაზღვრასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში ეხმარება. კომპანია ხშირად მოლაპარაკებების დროს იურიდიულ წარმომადგენლობას უწევს სხვადასხვა სტარტაპს. LBP Law Office-ს, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სტარტაპ PeakIT-თან ითანამშრომლეს; ცნობილ Gochits Burger-ს საზღვარგარეთ გაფართოებისათვის ფრანჩაიზის სამართლებრივი სისტემის გამართვაში დაეხმარნენ; "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან" ერთად, წარმატებით დახურეს რამდენიმე პროექტი, მათ შორის უზრუნველყვეს "წიგნის საერთაშორისო ფესტივალის" სამართლებრივი მხარდაჭერა; საინვესტიციო სამართლის მიმართულებით, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობენ Kudos Georgia-სთან ერთად და ა.შ.

გარდა ამისა, LBP აქტიურად თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელთა აპლიკაციების სამართლებრივ მოწესრიგებას უზრუნველყოფს. ასევე, სულ ახლახან, კომპანიამ გააფორმა შეთანხმება არაერთ ქართველ მეწარმესთან, რომელთა პროდუქციის საბერძნეთისა და ავსტრიის ბაზრებზე ექსპორტს განახორციელებს. ეს უპრეცედენტო შეთავაზება იქნება ადგილობრივი მწარმოებლებისათვის, რომლებიც, სამართლებრივი მომსახურების გარდა, LBP-ს უშუალო წარმომადგენლობით ისარგებლებენ საბერძნეთსა და ავსტრიაში.

"სექტემბერში სასწავლებლად ავსტრიაში მივდივარ და ჩვენი, სამივე დამფუძნებლის, გეგმა იყო, სწავლის პარალელურად უცხოურ ბაზარზე ქართული კომპანიებიც გაგვეტანა. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ავსტრიულ ბაზარს, რაც ქართული კომპანიებისთვის დიდი სარგებლის მომტანია, სულ მცირე, შემოსავალს ევროში მიიღებენ და მათ პროდუქტს ევროკავშირის ბაზარი გაიცნობს. ამ ეტაპზე, ჩვენ შევხვდით რამდენიმე ადგილობრივ კომპანიას და მათ პროდუქტის ექსპორტზე გატანა შევთავაზეთ, რაზეც პრაქტიკულად ყველა თანხმობას გვიცხადებს. დანარჩენი საორგანიზაციო პროცესები, უკვე უშუალოდ ავსტრიაში ჩასვლისთანავე გაგრძელდება", − აცხადებს მიხეილ რეხვიაშვილი.

გიორგი შალამბერიძემ გვიამბო, რომ კომპანიებს საექსპორტოდ LBP სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაშიც ეხმარება. ევროკავშირი მკაცრად რეგულირებული ბაზარია, სადაც დოკუმენტებსა და სერტიფიკატებს დიდი ყურადღება ექცევა. "სამართლებრივი სერვისი ამ შემთხვევაში უდიდესი სარგებელია კომპანიებისთვის, ვინაიდან შემდგომში მათთვის სასურველ ევროპულ ბაზარზე გასვლა ბევრად მარტივდება", − გიორგი შალამბერიძე.

"მიხეილის ავსტრიაში გამგზავრების შემდეგ, იგი დისტანციურად განაგრძობს მუშაობას, ხოლო მე და გიორგი, აქ, ადგილზე ვმართავთ არსებულ და პოტენციურ პროექტებს. ამ ეტაპზე, უკვე გაფორმებული გვაქვს პარტნიორობა რამდენიმე კომპანიასთან და აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობის მსურველთა მოძიებას. ჩვენ ვცდილობთ მხოლოდ სამართლებრივი სერვისით არ შემოვიფარგლოთ და პარტნიორებს მომსახურების ფართო სპექტრი შევთავაზოთ. რაც შეეხება ექსპორტის ნაწილს, სამომავლოდ ვგეგმავთ პროდუქტის სხვა ქვეყნებში გატანასაც", − აცხადებს საბა ქევხიშვილი.

LBP Law Office-ის გუნდი მადლობელია ყველა იმ ადამიანის, პარტნიორის თუ კომპანიის, რომელიც მათ საქმიანობას მხარს უჭერს და გულშემატკივრობს LBP Law Office-ის წარმატებას. ისინი განაგრძობენ მუშაობას განვითარებისა და ზრდის მიმართულებით და საქართველოს იურიდიული სერვისის ბაზარს ბევრ სიახლეს ჰპირდებიან.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ

სიახლეები

რა უპირატესობებს სთავაზობს "სილიკონ ველი" სტარტაპებს

ეს ადგილი დღემდე იზიდავს სტარტაპებს მთელი მსოფლიოდან