რატომ არის ახლა საუკეთესო დრო ბიზნესის წამოსაწყებად მაკროეკონომიკური გაურკვევლობა ისეთ შესაძლებლობებს ქმნის, რომლებიც ანტრეპრენერებს ათწლეულების განმავლობაში არ უნახავთ. ისარგებლეთ ამ მომენტით
By ალექს გოლდი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ცოტა არ იყოს საგონებელში ვარ ჩავარდნილი, გავხსნა თუ არა ახალი კომპანია. ვფიქრობ, რომ სამყარო ძალიან არასტაბილურია და ამიტომ, ეს ძალიან სარისკო იქნება", – მითხრა ჩემმა ახლო მეგობარმა წინა დღეს. "სამსახური მაქვს და იქიდან ჩემი სურვილით წამოსვლა არ მინდა, ჩემმა კომპანიამ კრახით რომ დაასრულოს არსებობა, სხვა სამსახურის ძებნა მომიწევს".
"შენ სხვაგვარად უნდა შეხედო მოვლენებს", – ვუპასუხე მე. "უნდა დაინახო, თუ როგორი არაჩვეულებრივი შესაძლებლობებია ახლა და როგორი დაბალი ბარიერებია კომპანიის დღესვე შესაქმნელად. ახლა უკვე შეგიძლია თანამშრომლებისა და ტალანტების აყვანაზე იფიქრო, ასეთი შესაძლებლობები ადრე არ გექნებოდა".
"ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც ვღელავ", – მაშინვე მიპასუხა ჩემმა მეგობარმა. "მგონი, მინდა, რომ ერთდროულად ორივე მოვახერხო".
როგორც ტექნოლოგიური ფუტუროლოგი კევინ კელი იტყოდა, ახლა საუკეთესო დროა ახალი ბიზნესის დასაწყებად. სამწუხაროდ, ბევრ პოტენციურ დამფუძნებელს, როგორიც ჩემი მეგობარია, ეშინია და ეს სრულიად ბუნებრივია. კაუფმანის ფონდის მონაცემებით, 1978 წლიდან 2012 წლამდე ახალი კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 44 პროცენტით შემცირდა.
პარადოქსულია, რომ რეცესიები და არასტაბილური პერიოდები საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის ახალი კომპანიების შესაქმნელად. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, ისეთი მილიარდ დოლარიანი სტარტაპები შეიქმნა, როგორებიც Uber, Airbnb და მრავალი სხვა არიან. ეს ნაწილობრივ ბაზრის დინამიკის შეცვლაზე იყო პასუხი.
არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი, რომელიც პოტენციურ ანტრეპრენერებს უნიკალურ შესაძლებლობებსა და უსამართლო უპირატესობებს სთავაზობს. მათ შორის ის, რომ გაცილებით დაბალი და შეთანხმებული ფასებით შეუძლიათ თანამშრომლებისა და ტალანტების აყვანა, და ისიც, რომ გარემოა ისეთი, რომ მომხმარებლები უფრო მეტი ხალისით ცდილობენ ახალი პროდუქტებისა და მომსახურების მოსინჯვას, და ხშირად ეს აუცილებელი სულაც არ არის.
ადამიანები და ტალანტები ხელმისაწვდომი ხდება
ბუმის პერიოდებში, შეიძლება წარმოუდგენლად რთული იყოს პროექტირების, დიზაინის, პროდუქტებისა და გაყიდვების სფეროს ტალანტების დაქირავება. გარდა იმისა, რომ ბაზარზე ტალანტების ნაკლებობაა, საუკეთესოები ხშირად ისეთ ჰონორარებს მოითხოვენ, რომლებმაც შეიძლება სწრაფად გააკოტრონ სტარტაპი, თუ ახალმა თანამშრომლებმა დროულად არ დაამტკიცეს, რომ ფასეულები არიან.
ბაზარზე მოთხოვნის შემცირების გამო, ახლა უკვე ბევრმა ცნობილმა კომპანიამ და სტარტაპებმაც კი გაანთავისუფლეს სამსახურიდან ტალანტები. ხოლო, ბაზრის უფრო დიდი დინამიკის გამო, ხელფასებიც შემცირდა იმ პოზიციებზე, რომლებიც ოდესღაც ყველაზე მოთხოვნადი იყო.
ამან ანტრეპრენერებს გაუხსნა გზა, ტალანტები დაესაქმებინათ. ტალანტების დაქირავების შესაძლებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე კომპანიის ზრდისთვის, რაც სხვა შემთხვევაში მხოლოდ მაღალი ხელფასებითა და გაცილებით სტაბილური პირობებით იქნებოდა შესაძლებელი. ანტრეპრენერებს პოტენციური თანამშრომლების მოსაზიდად ასევე დიდი იმედების დამყარება შეუძლიათ კომპენსაციის ალტერნატიულ სქემებზე, როგორიცაა სააქციო კაპიტალი, რადგან ფულადი კომპენსაცია და ბონუსები სულ უფრო და უფრო დეფიციტური ხდება.
საუკეთესო დრო "ფიქსირებულ" ხარჯებზე მოლაპარაკებების გასამართად
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კომპანიის გასახსნელად საჭირო აუცილებელი ფიქსირებული ხარჯები (ანუ სერვერები, პროგრამული უზრუნველყოფა, უძრავი ქონება და ა.შ.) მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, დამწყები ანტრეპრენერებისთვის ისინი მაინც მაღალია. რაც შეეხება უძრავი ქონების იჯარას, და სხვა კაპიტალურსა და საოპერაციო ხარჯებს, ანტრეპრენერებს ხშირად თავიდან მაღალი ხარჯები აქვთ, გაცილებით ადრეულ ეტაპზე, ვიდრე მათი ბიზნესი პირველი შემოსავლის გამომუშავებას დაიწყებს.
მომჭირნე და ვერაგ დროში, უძრავი ქონების ღირებულება ხშირად მნიშვნელოვნად მცირდება და მეიჯარეები უფრო მეტად არიან მზად მიმზიდველი პირობები შესთავაზონ მსურველებს გარიგების დასადებად. მათ შორისაა, ოფისის გარემონტების ხარჯების დაფარვა და უფრო მოქნილი საიჯარო პირობები. სხვა მთავარი ხარჯებია, პროგრამული უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი კონტრაქტორების მომსახურება, ამ შემთხვევაშიც კონტრაქტორებიც შეიძლება უფრო მზად იყვნენ მოლაპარაკებების გასამართადაც და ბიზნესის წარმოებაზე მოქნილი პირობებით. ყოველივე ეს ბიზნესის გახსნის ღირებულებას ამცირებს და ანტრეპრენერებს აძლევს საშუალებას ძვირფასი კაპიტალური რესურსები ფასიან მომსახურებაში კი არა, თანამშრომლების დაქირავებასა და პროდუქტში ჩადონ.
ახალი შესაძლებლობები
ახალი ბიზნესის წამოწყებისა და მისი განვითარების ფუნდამენტური პირობა მომხმარებლების მოზიდვაა. ეს ძვირადღირებული წინადადება, ხშირად მომხმარებლების დარწმუნებას გულისხმობს, რომ პროდუქტის ახალი ვარიანტი ან კატეგორია სცადონ, ან სხვადასხვა ბრენდების პროდუქტები. ბევრი ანტრეპრენერი ხშირად ამას ვერ ახერხებს, მაშინაც კი, როდესაც მას საკმაოდ შთამბეჭდავი საშუალებები აქვს.
შეიძლება ახლანდელ პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდეს მომხმარებელთა მოზიდვის ხარჯები. პირველ რიგში, ეკონომიკური აუცილებლობისა და რუტინაში მომხდარი ცვლილებების გამო, მომხმარებლებმა შეიძლება უფრო მეტად ისურვონ ახალი პროდუქტებისა და სერვისების მოსინჯვა, ან კიდევ მხოლოდ თავიანთი საყვარელი კი არა, სხვა ბრენდებიც კი სცადონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც წინა პლანზე ქცევის ახალი მოდელი და ჩვეულებები გამოდის, მომხმარებლებმა შეიძლება სხვადასხვა პროდუქტი და მომსახურება მიიღონ, და ეს ახალ ახალ შესაძლებლობებს ქმნის პროდუქტის შესაძენად.
მომჭირნე და ვერაგ დროში უამრავი მაკროეკონომიკური პრობლემა ჩნდება. ცოტა არ იყოს პარადოქსულია, მაგრამ ლოგიკურიც, რომ ახლა საუკეთესო დროა ახალი ბიზნესის დასაწყებად. მიზეზი ის არის, რომ ადამიანებთან და ტალანტებთან უფრო მეტი წვდომის და ჰონორარებზე მოლაპარაკებების მეტი საშუალებაა, ხოლო მომხმარებლებს მეტი სურვილი აქვთ, რომ ზოგჯერ აუცილებლობის გამოც, ახალი პროდუქტები მოსინჯონ.