10 ყველაზე საინტერესო რამ, რასაც აჭარაში შემოდგომაზე ნახავთ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ზაფხული დასრულდა და შემოდგომის მშვიდი დღეები დგას. ზღვისპირეთში მთელი სექტემბრისა და ოქტომბრის პირველი ნახევრის განმავლობაში ჯერ კიდევ სასიამოვნო სითბო ტრიალებს, ეს არის დრო, როცა ჯერ კიდევ ზაფხულის სამოსი გაცვია, მაგრამ საღამოს ცხელ ჩაისაც სიამოვნებით მიირთმევ, დრო, როცა ლაშქრობებისას სიცხე აღარ გაწუხებს, ცა ლურჯად მუქდება, ჰაერი ოდნავ გრილდება და სუნთქვა იქცევა სიამოვნებად. უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ წელიწადის ეს ულამაზესი, ფერთა სიუხვით გამორჩეული დრო აჭარაში გაატაროთ, ჩვენ მათ შორის ათ მთავარ რამეზე გიამბობთ, რითაც აჭარაში შემოდგომაზე შეგიძლიათ დატკბეთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ.
1. ხავერდოვანი სეზონი ზღვაზე
სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში აჭარაში თბილი და სასიამოვნო დღეები დგება, ზღვისპირა კურორტების ქუჩები გადატვირთული აღარაა და მათთვის, ვისაც შვებულება ზაფხულში არ ჰქონია საუკეთესო პერიოდია განტვირთვისა და დასვენებისთვის. ხავერდოვან სეზონზე ზღვა თბილია და კამკამა. ეს არის ზაფხულის სიცხის შემდეგ შემოდგომის ოდნავ გრილი, სასიამოვნო საღამოების დროც, სეირნობისა და განტვირთვისთვის ზედგამოჭრილი პერიოდი, კულტურული დასვენების მოყვარულებისთვის კი, შემოდგომაზე აჭარაში ყოფნა უამრავ საინტერესო ფესტივალთან ასოცირდება.
2. კინოფესტივალი Biaff 2019
გარდა ზღვაზე დასვენებისა, სექტემბრის ბათუმი დაუვიწყარ დღეებს დაგამახსობრებთ კინოფესტივალით Biaff 2019, რომელზეც გამორჩეულ ფილმებს აჩვენებენ მთელი მსოფლიოდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს კინოდარბაზი სავსეა სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან ჩამოსული კინომოყვარულებით, ჩვენებები იმართება როგორც ბათუმის უძველეს კინოთეატრ ,,აპოლოში", ასევე ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, ძველ ბათუმში. ქალაქის ამ სადღესასწაულო დღეების გამოტოვება ნამდვილად არ ღირს, მოიმარჯვეთ Biaff-ის პროგრამა, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი ფილმები და ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად დააგროვეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
გარდა კინოჩვენებებისა, Biaff-ზე იმართება ცნობილი რეჟისორების მასტერკლასები და შეხვედრები, რაზეც დასწრება ყველასთვის უფასოა. წელს Biaff 2019 15-22 სექტემბერს იმართება.
3. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება
ბათუმში 15 აგვისტოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეუიარაღებელი თვალითაც ყველა შენიშნავს ფრინველებით დაფარულ ცას. გუნდ-გუნდად და მწყობრად გადამფრენი ფრინველები ევრაზიიდან აფრიკისკენ მიფრინავენ. აჭარა სიდიდით ფრინველთა მესამე სამიგრაციო ძაბრად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ცას ყოველ წელს მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. შემაღლებული ადგილებიდან ამ სანახაობაზე დაკვირვება ერთი დიდი სიამოვნებაა. ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი იმართება. სოფელ ჩაისუბანსა და სახალვაშოში სპეციალურად მოწყობილი მთავარი სადამკვირვებლო პუნქტებიდან, შეგიძლიათ ახლოდან დაინახოთ სხვადასხვა სახეობის მტაცებელი ფრინველი.
4. ღვინის დაწურვა ქედაში
ქედა განსაკუთრებული ყურძნის ჯიშითა და ღვინითაა განთქმული - ჩხავერი სწორედ ქედის ყურძნის ჯიშია და მისგან უგემრიელეს ვარდისფერ ღვინოს ამზადებენ, მსუბუქსა და არომატულს. შემოდგომის რთველი და ყურძნის დაწურვა შეგიძლიათ ქედის აჭარულ ღვინის სახლში ნახოთ, ან სოფელ ვაიოს, პირველი მაისის, დანდალოს საოჯახო ღვინის მარნებს მიაკითხოთ, სადაც ფელამუშის მომზადებაშიც მიიღებთ მონაწილეობას, რთველშიც ჩაერთვებით და ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებთ. როცა ყურძნის ქარვისფერი რთველი დამთავრდება, ღვინო დაიწურება და დადუღდება აჭარაში იწყება სულ სხვა - ციტრუსის ნარინჯისფერი რთველი.
5. ნარინჯისფერი რთველი ქობულეთში
ციტრუსს აჭარაში 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე კრეფენ. ეს საოცარი მცენარე მაისიდანვე სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, ციტრუსის ყვავილობას თუ არ შესწრებიხართ მაისში და გამაბრუებელი არომატით სავსე ბაღი არ გინახავთ, შემოდგომაზე მაინც უნდა აღმოჩნდეთ ციტრუსის რთველში, მიირთვათ რამდენიც გსურთ იმდენი მანდარინი და ახალდაკრეფილი ფორთოხლის წვენით დაიწყოთ შემოდგომის ყოველი დილა. მზისფერი ციტრუსის ბაღი ქობულეთში თითქმის ყველა ოჯახს აქვს.
6. შემოდგომის ფერები ეროვნულ პარკებში
ყველას ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა მხოლოდ ბუნებასთან ურთიერთობა გჭირდება, აქტიური გართობისა და ხმაურის გარეშე. ხანდახან გინდა შემოდგომის ფერადი ფოთლებით მოფენილ ტყეში წამოწვე და დიდხანს, ჩუმად უყურო ფოთოლცვენას, მერე ეს ფოთლები სიარულისას ფეხებით აშრიალო, საღამოს კოცონს მიეფიცხო და კარავში გაათენო ღამე ველურ ბუნებაში განთიადის სანახავად. საით გავწიოთ, თუ ასეთი განწყობა დაისადგურებს ჩვენში? რა თქმა უნდა, მტირალას ეროვნულ პარკში ან კინტრიშის ნაკრძალში, სადაც მცენარეთა ენდემური სახეობები ხარობს, ფოთლოვანი ტყე ნაკრძალებში შემოდგომაზე ათასფრად ჭრელდება და თუ გულწრფელები ვიქნებით, უნდა ვთქვათ, რომ შემოდგომის რამდენიმე დღის გატარება ხელუხლებელ ბუნებაში ყველაზე სასიამოვნო რამ არის, რაც კი წელიწადის ამ დროს შეიძლება აკეთო. აქვე, ბათუმიდან 40 წუთის სავალზეა მაჭახელას ეროვნული პარკიც, სადაც სხვადასხვა პერიოდის ქვითკირის თაღოვან ხიდებს, ციხეებს, საწნახელებს ნახავთ. წიფლნარისა და წაბლნარის კორომებში გაისეირნებთ, შემდეგ კი მთავარანგელოზის მთიდან ბათუმის, მაჭახელას ხეობის, მდინარე ჭოროხისა და ზღვის შესართავის ხედებით დატკბებით. ასეთი დღეების მოსაწყობად მინიმალური თანხა, ზურგჩანთა და კარავიც საკმარისია.
7. ხაბელაშვილების ხიდი
ქალაქიდან გასვლა თუ გსურთ, შეგიძლიათ სოფელ ჭვანასა და ხაბელაშვილებს ესტუმროთ შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც გარდა ულამაზესი ბუნებისა, დაგხვდებათ 300 წლის წინ აგებული 25-მეტრიანი ხის ხიდი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეს ნაგებობა ,,ხაბელაშვილების ხიდითაა" ცნობილი.
როგორც სოფელ ხაბელაშვილებში ამბობენ, ხიდი სამი საუკუნის წინ ოსტატ ბერიძეს აუგია ჭვანის ხეობის სოფლების – ბრილის, მოხევისა და ბარათაულის დასაკავშირებლად.
ხიდი ბზის მასალითაა აგებული, გამოყენებულია წაბლის მასალაც, მისი ბალავარი კი ქვითკირით არის ნაგები.
8. ჯიპტური ჩირუხიდან გოდერძიმდე
მანქანით გადასაადგილებელ საშემოდგომო ტურებს შორის იდეალურია "ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის" მარშრუტი.
გზა ალპურ ზონაში მიემართება, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. გაივლით ტბებს, ჩანჩქერებს, ხიხანის ციხესა და იალაღებს. გაეცნობით მთიან აჭარას და სოფლებშიც შეჩერდებით.
ჩირუხის იაილების, ხიხანის უძველესი ციხის ნახვის შემდეგ, მარშრუტის დასასრულს გოდერძის უღელტეხილთან მწვანე ტბასაც ნახავთ, ტბას, რომლის სახელწოდებაც სულაც არ არის გადაჭარბებული და მართლა მუქი მწვანეა.
9. სოფლის ფესტივალი ,,განდაგანა"
აჭარული შემოდგომა თქვენთვის ისეთივე დაუვიწყარი გახდება, როგორც ზაფხულის დასვენება ზღვაზე, ამისთვის საკმარისია ერთხელ მაინც აღმოჩნდეთ ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ,,განდაგანა", რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს აძლევთ უნიკალურ შანსს 2 დღით იმოგზაუროთ მთიან აჭარაში ქალაქიდან გაუსვლელად.
აქ შეგიძლიათ თავად მოამზადოთ და დააგემოვნოთ აჭარის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები, ჩაერთოთ ფოლკლორულ შოუებსა და სპეციალურ გათამაშებებში, დააგემოვნოთ უგემრიელესი აჭარული ჩხავერი, ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტები, ხილი თუ ტკბილეული. შემოდგომის ამ ფერადოვან ფესტივალზე ყველა ინტერესისა და ასაკის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო კუთხეს და კულტურულ გასართობს.
ფესტივალზე იმართება სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შენაძენით შეგიძლიათ გაახაროთ მეგობრები და ოჯახის წევრები. ფესტივალის მთელი პროგრამის მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს აჭარის კულტურა და ტრადიციები, გასტრონომიული მრავალფეროვნება და აჭარული სოფლის ნამდვილი შემოდგომა, რომელიც ფესტივალის 2 დღეს სოფლებიდან ქალაქში თავად ჩამოდის.
10. თევზაობა ზღვაზე
ბათუმში ახალდაჭერილი, უგემრიელესი თევზის დაგემოვნება არაერთ ადგილასაა შესაძლებელი, თუნდაც თევზის ბაზრობაზე, სადაც იქვე დაჭერილ, ნებისმიერი სახეობის ახალ თევზს იყიდით და შეაწვევინებთ.
შემოდგომაზე აჭარაში მეთევზეები სტავრიდას, ლიფორს, ბარაბულსა და კეფალს იჭერენ: პორტის სანაპირო, ნურის ტბა, ჭოროხი და აჭარისწყალი - ეს ის ადგილებია, სადაც თევზის მომლოდინე უამრავ მეთევზეს ნახავთ ანკესით ხელში.
არსებობს ტურისტების განსაკუთრებული კატეგორიაც, რომლებსაც აჭარაში იმიტომ მოსწონთ დასვენება, რომ აქ თევზაობის შესაძლებლობა ეძლევათ. სცადეთ თქვენც.