10 რჩევა ჯეკ მასგან რამდენიმე წლის განმავლობაში, იგი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსითაც სარგებლობდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Alibaba-ს და AntGroup-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ანტრეპრენერი, ჯეკ მა, ხშირად, საზოგადოებისათვის საინტერესო და ღირებული რჩევებითა და მოტივაციის მიმცემი საუბრებით მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.
რამდენიმე წლის განმავლობაში, იგი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსითაც სარგებლობდა და ჩინეთის ფინანსური მარეგულირებლების ჩარევა რომ არა, შესაძლოა ისტორიაში უდიდესი IPO განეხორციელებინა. ჯეკ მას კარიერული გზა საკმაოდ შთამბეჭდავია და ფაქტი, რომ ჩინური ღარიბი ოჯახის წარმომადგენელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-რითეილერის დამფუძნებელი გახდა, შესაძლოა ბევრისთვის წინსვლისა და განვითარების სტიმულიც გახდეს.
ჯეკ მამ დაამტკიცა, რომ თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არასოდეს დანებდები, ერთ დღეს, ოცნება აუცილებლად რეალობად იქცევა.
ახლა კი, გვსურს გაგიზიაროთ ჯეკ მას აზრით, წარმატების მისაღწევად საჭირო 10 წესი:
1. გჯეროდეს
ერთ-ერთ თავის საჯარო გამოსვლაზე ჯეკ მამ თქვა: "ოცი წლის წინ, ბილ გეიტსსა და ლარი პეიჯს ვერ ვიტანდი. მეგონა, რომ ყველა შესაძლებლობა მათ მიისაკუთრეს და საკეთებელი აღარაფერი დარჩა. თუმცა ახლა, როცა მათ კარგად ვიცნობ, ვხვდები, რაშიც იყო საქმე. ისინი არასოდეს წუწუნებენ, არასოდეს ნებდებიან და სჯერათ, რომ რაც უნდა მოინდომონ, ყველაფერი გამოუვათ. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების. იმის, რომ შეგიძლია შეცვალო სამყარო. ყველა ეცდება გითხრას, რომ არაფერი გამოგივა, თუმცა მთავარია, შენ რისი გწამს".
2. განვითარდი
ჩინეთში მცირე ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულეს უკავშირდება. ჯეკ მამ 5 თვე მოანდომა პირველი $500-ის შოვნას. მას არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ეწარმოებინა საქმე. პირველი ბიზნესის რეგისტრაციისას, ოპერატორმა დასცინა კიდეც, ვინაიდან ჩინეთში ინტერნეტკომპანიად რეგისტრაცია წარმოუდგენელ სიგიჟედ აღიქმებოდა. თუმცა ჯეკსა და მის გუნდს, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, განვითარების ჟინი არასოდეს დაუკარგავს და წინსვლას, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად ახერხებდნენ.
3. სწორად შეარჩიე "კერპი"
ჯეკ მას თქმით, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ, თუ ვინ იქნება თქვენთვის ავტორიტეტული, ვის აზრს გაითვალისწინებთ და ვის მიბაძავთ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. მისთვის ასეთი ფორესტ გამპის პერსონაჟი აღმოჩნდა, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ, არ უშინდებოდა საფრთხეებს და ყველა წარმატებისა და წარუმატებლობის მიუხედავად, რჩებოდა იმად, ვინც იყო.
4. დატკბი პროცესით
ამ ანტრეპრენერის აზრით, მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე პროცესით მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. 20-25 წლის ასაკში, შეცდომების დაშვების არ უნდა გვეშინოდეს, ვინაიდან მიღებული გამოცდილება განაპირობებს ჩვენს მომავალს. უნდა მოვძებნოთ საქმე, რომელიც გვიყვარს და დავტკბეთ მისი კეთებით.
5. გადადგი ნაბიჯი
კოლეჯში ინგლისურის სწავლის პარალელურად, ჯეკ მა სასტუმროებში სიარულსა და უცხოელებთან ლაპარაკს დიდ დროს უთმობდა. მისი თქმით, მაშინ ვერ ხვდებოდა, რისთვის აკეთებდა ამას, თუმცა გრძნობდა, რომ ყველაფერი, რასაც ევროპელი და ამერიკელი სტუმრები ამბობდნენ, რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც თავისი ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და ახლობლებისგან ისმენდა. ისწავლეთ მოსმენა, ინფორმაციის ანალიზი; იმის გაგება, მართალია თუ არა, რაც მოისმინეთ და როგორ შეგვიძლია, ინფორმაცია ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. როდესაც ამ ყველაფერს მიხვდებით, იმოქმედეთ, გადადგით ქმედითი ნაბიჯი.
6. შეეგუე უარს
ჯეკ მას აკადემიურ განათლებასთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მას არცერთ კოლეჯში არ იღებდნენ. 10-ჯერ უშედეგოდ სცადა ჰარვარდში ჩაბარება. მოეწყო ფილოლოგიის კოლეჯში, სადაც ინგლისურის მასწავლებლის ხარისხი მიიღო. იგი არ აჰყავდათ სამუშაოდ. დაახლოებით 30 კომპანიისგან მიიღო დასაქმებაზე უარი, რის შემდეგაც სკოლაში მასწავლებლობას მიჰყო ხელი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უარმა უკან არ დაგახევინოს. არ უნდა შეწყვიტო მცდელობები და მხოლოდ ასეთ დროს აღმოჩნდები საჭირო დროს, საჭირო ადგილას.
7. იქონიე გასაგები მიზნები
ჯეკ მამ კომპანია Alibaba 1999 წელს დააარსა. მისი თქმით, გუნდმა თავიდანვე უმთავრეს მიზნად დაისახა, კომპანიას 102 წლის განმავლობაში ეარსება. მნიშვნელობა არ ჰქონდა, იშოვიდნენ თუ არა ბევრ ფულს, მიაღწევდა თუ არა კომპანია საერთაშორისო მასშტაბს. მთავარი იყო ისე ემუშავათ, რომ მე-20 საუკუნეში დაარსებულ კომპანიას, 22-ეშიც არ დაეკარგა აქტუალობა. მთავარია გქონდეს მკაფიო მიზანი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ტექნიკური დეტალია ამ მიზნის მისაღწევად.
8. იოცნებე სამყაროს შეცვლაზე
"მსოფლიოს ტექნოლოგიები კი არა, ოცნებები ცვლის. არასოდეს მისწავლია პროგრამირება, არაფერი ვიცოდი კომპიუტერზე და მცირედი ცოდნა მქონდა ინტერნეტზე, თუმცა ვოცნებობდი დავხმარებოდი მცირე ბიზნესს. Alibaba დაფუძნდა იმისთვის, რომ ჩინური საქონელი ევროპულ ბაზარზე გაეტანა, და ამან იმუშავა. პროგრესს ოცნებები ამოძრავებს", − აცხადებს ჯეკ მა.
9. გაიზარდე კომპანიასთან ერთად
"ფოკუსირდი კლიენტებზე, ემსახურე თანამშრომელს და ისწავლე კონკურენტისგან. თუკი პირველ ადგილას აქციონერებს აყენებთ, ეს ნიშნავს, რომ მთავარი თქვენთვის ციფრები და აქციის ფასების ზრდაა. ენდეთ მომხმარებელს, ვინაიდან ისინი განაპირობებენ თქვენს ზრდას, ისინი გენდობიან და სასიცოცხლო ენერგიას გაძლევენ. ემსახურეთ თანამშრომელს, იმიტომ, რომ წარმატება მათ მხრებზე დგას. აქციონერები და ინვესტორები წავლენ, როცა კომპანიას გაუჭირდება, თუმცა კარგი და ძლიერი გუნდი, მუდამ თქვენ გვერდით დარჩება. თუ გეძლევათ საშუალება კონკურენცია მსხვილ მოთამაშეებს გაუწიოთ, როგორიც ჩვენ შემთხვევაში Ebay იყო, ბევრს ისწავლით. ჩვენ მათ პატივს ვცემთ. კონკურენცია საუკეთესო ლაბორატორიაა, ვინაიდან მათი სიახლეები ჩვენთვის ახალი გაკვეთილი ხდება", − ამბობს ანტრეპრენერი.
10. იყავი საქმის ერთგული
ჯეკ მა თავის თანამშრომლებს კომპანიის დაფუძნების დღიდანვე ეუბნებოდა, რომ შრომის კულტურა და საქმის სიყვარული "სილიკონ ველისგან" უნდა ესწავლათ. დილის 8-დან საღამოს 5-მდე მუშაობით წარმატება არ მიიღწევა. დიდ შედეგებს დიდი ძალისხმევა სჭირდება და როგორც ჩანს, მის გუნდს ამისათვის საჭირო ენთუზიაზმი და მოტივაცია აღმოაჩნდა.