Get All Access for $5/mo

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ინტროვერტი ადამიანები ალბათ უკვე დაგღალათ ყველა იმ გურუმ, რომელიც გეუბნებათ, თუ რამდენად მარტივია შემოსავლის მიღება დამატებითი სამუშაოთი. იმიტომ კი არა, რომ დამატებითი სამუშაოები არ ამართლებს, არამედ იმიტომ, რომ ამ გზას ყველასთვის არ მოაქვს წარმატება, განსაკუთრებით − ინტროვერტებისთვის.

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება. ამასთან ერთად, ეს თავისუფალ დროს ინტროვერტებს ფულის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურად სამსახურში სიარულზე დარდის გარეშე.

1. წერა

თუ თქვენი სამწერლო პორტფოლიოს კლიენტებით და ინფორმაციით შესავსებად რამდენიმე წლის განმავლობაში შტატგარეშე იმუშავებთ, შესაძლოა ამ გზამ კარგად ანაზღაურებად და მოქნილ კარიერამდე მიგიყვანოთ.

ეს საქმიანობა უშტატო ავტორის სახით სარეკლამო ტექსტების შედგენას, ბლოგის წარმოებას და სხვისი სახელით წერასაც მოიაზრებს. ამავე დროს, ნიშის მოძებნაც შეგიძლიათ ტექნიკური სტატიების დასაწერად, რაც საშუალებას მოგცემთ მეტი გადაახდევინოთ კლიენტებს, რადგან ამგვარი სამუშაოს შესრულება მეტ თავდადებასა და ყურადღებას მოითხოვს.

2. გრაფიკული დიზაინი

ბევრი ინტროვერტი აღმოაჩენს, რომ ნიჭიერია, როდესაც გრაფიკულ დიზაინს მოჰკიდებს ხელს, თუნდაც ადრე არასოდეს ჰქონოდა შეხება ამ სფეროსთან.

ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა მაგალითად Canva, ინფოგრაფიკის, ელ.ფოსტის შაბლონების, შრიფტების და სხვათა შექმნაში დაგეხმარებათ. სანამ გრაფიკული დიზაინერის სამუშაოს შეუდგებით, შემდეგი საკითხები უნდა გაითვალისწინოთ:

  • რა სახის სერვისების შეთავაზება გსურთ კლიენტებისთვის
  • თქვენი სამიზნე მომხმარებელთა ბაზარი (ბაზრები) და ფასები
  • რომელ პროგრამულ უზრუნველყოფას(ებს) გამოიყენებთ

3. ვებდიზაინი

დღევანდელ მსოფლიოში უკლებლივ ყველა ბრენდს სჭირდება ვებგვერდი. მართალია, დღეს საკმაოდ რთულია შტატგარეშე დიზაინერის როლში ვებგვერდის შექმნაზე მუშაობა, გაჯერებული ბაზრის გამო, თუმცა ეს მოქნილი, შემოქმედებითი სამუშაო ძალზე სასურველია დამატებითი სამსახურის სახით.

ინტროვერტ ვებდიზაინერებს შეუძლიათ სხვებისგან გამორჩეულები გახდნენ, თუ საკუთარ ნიჭს ვებდიზაინის გაცილებით ნიშურ სფეროებში გამოავლენენ, როგორიცაა:

  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
  • კონტენტის სტრატეგია და შექმნა
  • სარეკლამო ტექსტების შედგენა
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი
  • სარეკლამო კამპანიების შექმნა (გადახდა დაწკაპუნებისას)

4. ვიდეორგოლის რედაქტირება

ვიდეორგოლის რედაქტირება ინტროვერტებს თავისუფლებას აძლევს − როგორც საკუთარი განრიგის შესაქმნელად, ისე ფასებზე მოსალაპარაკებლად კლიენტებთან. ვიდეორგოლების რედაქტირების პროცესს გასულ წლებთან შედარებით ბევრად ამარტივებს ინსტრუმენტები, როგორიცაა Magisto და Splice.

ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე ბაზარს გაეცნობით, რომლებიც იდეებს მოგაწვდით ორიენტირებისათვის, თუ ამ საქმიანობას მოჰკიდებთ ხელს:

  • კონფერენციის ვიდეოჩანაწერები
  • განმარტებითი/საგანმანათლებლო ვიდეორგოლები
  • მარკეტინგული/სარეკლამო ვიდეორგოლები
  • გამოსვლების/ღონისძიებების ჩანაწერები
  • პრეზენტაციების ჩანაწერები

5. აუდიოინჟინერია

თუ ინტროვერტებს აუცილებელი ინსტრუმენტები ექნებათ ხელთ, ისინი სწრაფად შეძლებენ აუდიოინჟინერიის სერვისების შეთავაზებას, როგორიცაა მიქშირება, პროდიუსირება და სხვა. ამისთვის კი, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგათ:

  • შექმენით სტუდია თქვენი სახლის ყველაზე წყნარ ადგილას
  • იქონიეთ ლეპტოპი ძლიერი პროცესორით
  • დააინსტალირეთ DAW-პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Audacity ან Garageband
  • იქონიეთ მაღალი ხარისხის ჩამწერი მიკროფონი
  • იქონიეთ MIDI-კონტროლერი ან კლავიატურა

აუდიო ინჟინრები მათ მიერ შექმნილ ფონოგრამებს სხვებსაც სთავაზობენ − პოდკასტერებს ან სტანდარტულ აუდიოპლატფორმებს, და თავიანთი მუსიკის ტრანსლირებით ისეთი აპლიკაციებით გამოიმუშავებენ ფულს, როგორიცაა Spotify ან YouTube.

6. სოციალური მედიის მენეჯმენტი

სოციალური მედია შეიძლება ძალზე მომგებიანი დამატებითი სამუშაო იყოს ინტროვერტებისთვის.

სოციალური მედიის მენეჯერის პოსტზე, თქვენი დრო ძირითადად კლიენტების ვებგვერდებისა და სოციალური მედიის ანგარიშების მართვაზე, კომენტარებისა და მიმოხილვების მოწონებაზე და კიდევ ვებგვერდების კონტენტის დროულად გამოქვეყნებაზე დაიხარჯება.

სოციალური მედიის წარმატებული მენეჯერი რომ გახდეთ, ისევე, როგორც ბევრ სხვა პროფესიაში და სხვა დამატებითი სამუშაოების შემთხვევაში, მთავარია თანმიმდევრული იყოთ და რაიმე ფასეულობა მიაწოდოთ მომხმარებელს.

7. ვირტუალური ასისტენტი

ვირტუალური ასისტენტის სამუშაო, მხოლოდ ერთ ადამიანთან გულისხმობს რუტინულ ურთიერთობას. როგორც წესი, ეს შეიძლება მთლიანად დისტანციურადაც მოხერხდეს, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ამ დამატებით სამუშაოს ინტროვერტებისთვის.

აშშ-ში ვირტუალურ ასისტენტებს საათში $10-20-ის (დამოკიდებულია თქვენს დამსაქმებელზე) გამომუშავება შეუძლიათ მთელი რიგი ამოცანების შესრულებისას, როგორიცაა:

  • წერილების კითხვა/წერა/პასუხის გაცემა
  • შეხვედრების დაგეგმვა
  • კალენდრების მართვა
  • ვებგვერდებზე/სოციალურ მედიაში ინფორმაციის განთავსება

8. გამოკითხვების ჩატარება

კითხვარებზე პასუხის გაცემით თანხების გამომუშავების უამრავი ლეგიტიმური გზა არსებობს, რადგან ბევრი კომპანია სააგენტოებს ქირაობს კვლევების ჩასატარებლად, კერძოდ, ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლის ქცევის შესახებ. უმეტესობა $0,50-$2,00-ს იხდის თითო გამოკითხვაზე და ნებისმიერზე პასუხის გაცემა 5-15 წუთზე მეტ დროს არ მოითხოვს.

9. წიგნების რეცენზირება

კითხვა ბევრი ინტროვერტის ჰობია. თუ ასეა, რატომ არ უნდა მიიღოთ ფული წიგნების კითხვისა და მათი რეცენზირების სანაცვლოდ?

ქვემოთ რამდენიმე საუკეთესო ვებგვერდს გაეცნობით, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ თქვენი მიმოხილვების სანაცვლოდ ფულის გამოსამუშავებლად (და თუნდაც, რამდენიმე უფასო წიგნის მისაღებად):

  • BookBrowse
  • Booklist Online
  • Kirkus Reviews

თუ უკვე გაქვთ ბლოგი, დაფინანსებული პოსტების წერით ან წიგნის მიმოხილვით შეგიძლიათ ფულის გამომუშავება. თუ როგორც უშტატო ბლოგერს, უკვე გყავთ საკმარისი კლიენტები, წიგნის უშტატო რეცენზენტის როლში შეგიძლიათ ფულის გამომუშავება.

10. ელ. წერილების წაკითხვა

ინტროვერტებისთვის, რომლებიც ადამიანებთან საუბარს ერიდებიან, ელ.ფოსტის წაკითხვის სანაცვლოდ ფულის მიღება შეიძლება საოცნებო დამატებითი სამუშაო იყოს.

საბედნიეროდ, ახლა უამრავი ვებგვერდზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, რომლებიც სხვა ადამიანების ელ.ფოსტის წაკითხვის სანაცვლოდ გადაგიხდიან ფულს, მათ შორის, შემდეგი გვერდები:

  • InboxDollars
  • MyPoints
  • Swagbucks
  • Vindale Research

ამასთან ერთად, ელ. ფოსტის უფრო ღრმად მცოდნე ინტროვერტებისთვის კი, საფოსტო ყუთის მენეჯმენტიც ეფექტიანი ვარიანტი იქნებოდა.

11. ბლოგის დაწყება

ბლოგის დაწყება ფულის გამომუშავების შესანიშნავი გზაა, რაც მინიმალურ ურთიერთობას მოითხოვს სხვებთან. თქვენი ბლოგის პოტენციალის დასანახად, მის მონეტიზაციას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. თუმცა, წარმატებული ბლოგის შექმნის შესაძლებლობა, რომლის მონეტიზაციაც შეგიძლიათ, შემდეგ ელემენტებთანაა დაკავშირებული:

თუ ამ რჩევებს მიჰყვებით, იმ კონტენტით შეძლებთ თქვენი ბლოგით ფულის გამომუშავებას, რომლის დაწერაც გსურთ.

  • ხარისხიანი კონტენტის შექმნა
  • კონტენტის შექმნა, რომელსაც პერმანენტულად გამოიყენებენ და გააზიარებენ
  • ციფრული სარეკლამო სივრცის გაყიდვა თქვენს ბლოგზე, პარტნიორობა რეკლამის განმთავსებლებთან

12. პარტნიორული მარკეტინგი

თუ უკვე გყავთ ბევრი მიმდევარი Instagram-ზე, ბრენდის ბოლო პროდუქტის ან სერვისის პოპულარიზაცია შეგიძლიათ. ყოველი გაყიდვა, რომელსაც თქვენ შეუწყობთ ხელს, გარკვეულ პროცენტს მოგიტანთ.

პრაქტიკულად უსაზღვროა პოტენციური შემოსავალი, რომლის მიღება პარტნიორული მარკეტინგით შეგიძლიათ. ეს თქვენი სამიზნე აუდიტორიის მოცულობაზე და მათ მსყიდველობით სამომხმარებლო ტენდენციებზეა დამოკიდებული.

13. სახლის მეთვალყურე

თუ ყოველთვიურად გსურთ ფულის გამომუშავება ისე, რომ პრაქტიკულად არც იმუშაოთ და არც საზოგადოებასთან გქონდეთ ურთიერთობა, საუკეთესო არჩევანი სახლის პროფესიონალი მეთვალყურე იქნება.

როგორც სახლის მეთვალყურეს, მარტივი მოვალეობა დაგეკისრებათ: კლიენტის სახლში დარჩენა მისი არყოფნისას.

სახლის მეთვალყურეობა იმ ადამიანებისთვისაა აუცილებელი, რომლებიც რეგულარულად ტოვებენ ქალაქს ან მოგზაურობენ. თუ კლიენტის შინაურ ცხოველსაც დასჭირდება მოვლა, შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი თანხა მოითხოვოთ დღეში ან კვირაში.

14. პოდკასტინგი

პოდკასტის დაწყება ინტროვერტისთვის შეიძლება ძალიან მომგებიანი დამატებითი სამუშაო იყოს, თქვენ მიერ შექმნილი აუდიოკონტენტის თემის (თემების), ხარისხისა და თანმიმდევრულობის მიხედვით.

ბევრი მარტო წერს პოდკასტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტროვერტებს არ უწევთ ფიქრი იმაზე, რომ პოტენციურ თანამოსაუბრეებთან დაკავშირება დასჭირდებათ. ამიტომ, ეს დრო იმის დადგენას მოახმარეთ, თუ როგორ უნდა გაყიდოთ საუკეთესოდ თქვენი პოდკასტი და ვის შეიძლება მიჰყიდოთ იგი.

15. ტრანსკრიფცია

თუ ინტროვერტი ხართ და ტექსტების აკრეფის გასაოცარი უნარებიც გაქვთ, დამატებითი სამუშაოს შესარჩევად ონლაინტრანსკრიფციებზე დაფიქრდით.

ამ სფეროს სპეციალისტებს ტექსტურ ფორმაში გადაჰყავთ აუდიოსაუბრები, რომლებსაც მათ ბეჭდურ დოკუმენტებად გარდაქმნიან. დღეს ყველაფერი მოითხოვს ტრანსკრიფციას − YouTube-ის ვიდეოებით დაწყებული და სასამართლო პროცესებით დამთავრებული.

ამ სამუშაოთი საკმაოდ კარგი თანხის გამომუშავება შეუძლიათ მათ, ვინც მასში ერკვევა. საბაზისო ტრანსკრიფციის უფასო ტრენინგკურსებს მარტივად იპოვით ონლაინ.

16. ძაღლის გასეირნება

მოდით, რეალისტები ვიყოთ: თუ ინტროვერტი ხართ, ალბათ პერიოდულად იღლებით სხვა ადამიანებთან ურთიერთობით. თუ ძაღლს გაასეირნებთ, სხვებთან ურთიერთობა მხოლოდ ძაღლის პატრონის მეშვეობით მოგიწევთ.

ამ სამსახურის მოძებნა გაცილებით ადვილი გახდა აპლიკაციებით − Rover ან Wag. იმის მიხედვით, თუ სად/როდის/ვისთვის ერთად გახვალთ სასეირნოდ, $15-30-მდე გამომუშავება შეგიძლიათ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში ფეხით გასეირნების სანაცვლოდ!

17. საკვების მიწოდება

პროდუქტების შეძენა, მათ მიწოდებასთან ერთად Covid-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე გახდა ყველაზე საჭირო საქმიანობა. ეს დამატებითი სამუშაოს მოძებნის შესანიშნავი შესაძლებლობაა საიმედო ტრანსპორტის მქონე ინტროვერტებისთვის.

ეს სამუშაო ავტომობილის მართვას უკავშირდება, და ამიტომ ინტროვერტებისთვის შესაძლოა მიმზიდველი გზა აღმოჩნდეს საათში $10-15 გამოსამუშავებლად იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ და რამდენ კლიენტს აწვდიან დღეში საკვებს.

18. ბირჟაზე ვაჭრობა

კრიპტოვალუტების ბოლოდროინდელი ზრდის გამო (ბიტკოინი და დოჯკოინი), მილიონობით ადამიანმა უკეთ გაიგო, თუ როგორი მოგების მოტანა შეუძლია ბირჟაზე ვაჭრობას. თუმცა, საფონდო, ფიუჩერსული ან სავალუტო ბაზარი ის ადგილია, სადაც მოვაჭრეები ყოველდღიურად შოულობენ ფულს.

ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, ვაჭრობისთვის საუკეთესო ბაზრების ოფიციალურად გახსნისა და დახურვის დროა ყოველდღიურად დილის 9:30 და საღამოს 16:00 საათები. ფასები ჩვეულებრივ ყველაზე არასტაბილურია გახსნისას პირველივე საათის განმავლობაში და ამიტომ, ამ დროს ვაჭრობა მოგების საუკეთესო შანსს იძლევა.

გახსოვდეთ: თქვენ არასოდეს დაკარგავთ იმ აქციების ფულს, რომლებსაც არ ყიდით, ფულს მხოლოდ მაშინ დაკარგავთ, როდესაც ფასების ვარდნის დროს გაყიდით მათ (და არა იყიდით).

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი