Get All Access for $5/mo

21 წლის დევი ონიანი Yale-ის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე მოხვდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დევი ონიანი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც 2018 წელს უნარების გამოცდაზე დაფიქსირებული უმაღლესი შედეგით (80 ქულა), 21 წლის ასაკში Yale-ის უნივერსიტეტის Ph.D. in Chemistry პროგრამაზე ჩაირიცხა და სექტემბრიდან დაიწყებს სწავლას. რას ნიშნავს, იყო ასეთი მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის სტუდენტი და რა უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც საერთაშორისო განათლების მიღება სურთ? − ამ საკითხთან დაკავშირებით Entrepreneur დევი ონიანს ესაუბრა:

"როდესაც უნარების გამოცდაზე 80 ქულა ავიღე, სან დიეგოს უნივერსიტეტმა შემომთავაზა სრული დაფინანსება და გამოცდები ჩავაბარე ქიმიის ფაკულტეტზე. ამ მხრივ საკმაოდ გამიმართლა, რადგან გადიხარ 5-წლიან პროგრამას და გეძლევა შესაძლებლობა, ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოდან გაუსვლელად აიღო. სწავლის პერიოდში გავიგე, რომ აშშ-ში სამეცნიერო ფაკულტეტებზე ბაკალავრიდან პირდაპირ დოქტორანტურაზე შემეძლო გამოცდების ჩაბარება და ვინაიდან უფრო კვლევებისკენ მქონდა მიდრეკილება, გადავწყვიტე ეს გეზი ამეღო. თავდაპირველად, ვფიქრობდი, ევროპაში დამეწყო მაგისტრატურით და შემდეგ გამეგრძელებინა დოქტორანტურაზე სწავლა, თუმცა როდესაც სან დიეგოს მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში, გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი გავატარე, მივხვდი, რომ ბევრად საინტერესო იყო პირდაპირ დოქტორანტურაზე სწავლა, რამდენიმე მიზეზის გამო: უპირველესად, დამოუკიდებლად მალევე იწყებ მუშაობას. კურსის ფარგლებში საგნები მხოლოდ ერთი ან ორი წელი თუ გაქვს, დანარჩენ დროს თითქმის მთლიანად შენს კვლევას ახმარ. აგრეთვე, დოქტორანტურას დაფინანსების ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე მაგისტრატურას. დოქტორანტურის დროს, ფაქტობრივად, მუშაობ უნივერსიტეტისთვის, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში, სწავლის გადასახადი სრულად დაფარულია და საცხოვრებელ სტიპენდიასაც გაძლევენ".

პრესტიჟული უნივერსიტეტების სიიდან დევი ონიანმა Yale-ის პროგრამა აარჩია ჩატარებული კვლევების გამო. როგორც თავად ამბობს, ბოლო პერიოდში, ძალიან დააინტერესა არაორგანულმა ქიმიამ და ამ კუთხით, Yale-ში საინტერესო კვლევები ჰქონდათ ჩატარებული. ამასთან, ქიმიის პროგრამაზე, ყველა დოქტორანტ სტუდენტს გარანტირებულად სრულად უფარავდა სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. სწორედ ამ მიზეზების გამო დაიწყო აპლიკაციის შევსება და მოხვდა პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ჩაატარებს კვლევებს ე.წ. "მწვანე ქიმიის" მიმართულებით და შეეცდება ახალი რეაგენტების შექმნას, რომელიც კლიმატის ცვლილებების შეჩერებაში დაგვეხმარება.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოვხვდეთ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტში და ვისწავლოთ ერთ-ერთ წამყვან პროგრამაზე? − ამასთან დაკავშირებით, დევი ონიანი რჩევას უზიარებს იმ ადამიანებს, რომელთაც ამერიკული განათლების მიღება სურთ:

"უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტში კარგი GPA-ია საჭირო. კარგი უნივერსიტეტები, ფაქტობრივად, 3.5-ზე დაბალ GPA-ს არც ითვალისწინებენ. გარდა ამისა, პირადად მე არ მომიწია GRE-ის ან TOEFL-ის გამოცდის ჩაბარება, რადგან ისედაც ინგლისურენოვან პროგრამაზე ვსწავლობდი, მაგრამ მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მონაცემებსაც. აპლიკანტების ზოგადი გაფილტვრის გარდა, ყურადღებას აქცევენ, რამდენად აქტიური იყავი ბაკალავრიატის პერიოდში (ჩემს შემთხვევაში, საკითხი ეხებოდა კონკრეტულად კვლევებს ქიმიაში). ასევე, ითხოვენ რეკომენდაციებს პროფესორებისგან და დამსაქმებლებისგან − უმჯობესია, იმ ადამიანებს სთხოვოთ რეკომენდაცია, ვისთან ერთადაც კვლევებს ახორციელებთ. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პერიოდში პუბლიკაციები არ მქონდა, საკმაოდ ძლიერი სარეკომენდაციო დოკუმენტები წარვადგინე და ვფიქრობ, ამან დიდი გავლენა მოახდინა მოხვედრისას. თუ დოქტორანტურაზე გსურთ გამოცდების ჩაბარება, მნიშვნელოვანია გქონდეთ არა მხოლოდ აკადემიური მოსწრება, არამედ გამოცდილება კვლევების მიმართულებითაც".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია