25 წელი Apple-ში: ჯონ ტერნუსის გზა ინჟინრობიდან აღმასრულებელ დირექტორობამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2026 წლის 1 სექტემბერს Apple-ის სათავეში ცვლილება ოფიციალურად განხორციელდა – კომპანიის CEO-ს პოსტი ჯონ ტერნუსმა დაიკავა, ხოლო ტიმ კუკი Apple-ის Executive Chairman გახდა. კუკი კომპანიას 2011 წლიდან მართავდა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში Apple-ის პროდუქციისა და სერვისების ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური კომპანიის მართვა ჩააბარეს ადამიანს, რომლის კარიერაც Apple-ში უშუალოდ პროდუქტის შექმნასა და ინჟინერიას უკავშირდებოდა.

ტერნუსი Apple-ში 2001 წელს პროდუქტის დიზაინის გუნდში მივიდა. 2013 წელს ის Hardware Engineering-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 2021 წელს კი კომპანიის აღმასრულებელ გუნდს Senior Vice President of Hardware Engineering-ის პოზიციაზე შეუერთდა. ამ წლების განმავლობაში ის ჩართული იყო iPhone-ის, iPad-ის, Mac-ის, Apple Watch-ისა და AirPods-ის განვითარებასა და რამდენიმე ახალი პროდუქტის ხაზის შექმნაში.

მისი კარიერული გზა განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ტერნუსი Apple-ის სათავეში პროდუქტის შექმნის პროცესიდან მივიდა. ტიმ კუკის პროფესიული გამოცდილება Apple-ში, თავის მხრივ, უფრო მეტად ოპერაციებს, მიწოდების ჯაჭვსა და კომპანიის ბიზნესის მართვას უკავშირდებოდა. ტერნუსის შემთხვევაში კი საინჟინრო გამოცდილება და პროდუქტის განვითარების პროცესში წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა პირდაპირ მის ახალ როლში გადმოდის. Reuters-იც მის დანიშვნას Apple-ის hardware მიმართულების მრავალწლიანი ხელმძღვანელობის კონტექსტში განიხილავს.

ახლა ტერნუსის წინაშე უკვე სხვა მასშტაბის ამოცანა დგას: არა მხოლოდ იმ პროდუქტების შექმნაზე ზრუნვა, რომლებიც Apple-ის მომხმარებლებს ყოველდღიურად ხვდებათ, არამედ მთლიანად კომპანიის მიმართულების განსაზღვრა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც Apple ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი ეტაპის წინაშე დგას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ვინ არის ჯონ ტერნუსი?

ჯონ პატრიკ ტერნუსი 1975 წლის მაისში დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი კალიფორნიაში. 1997 წელს მან პენსილვანიის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. ამავე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ტერნუსი მამაკაცთა საცურაო გუნდის სახელით ასპარეზობდა.

რაც შეეხება მის სადიპლომო პროექტს, მან შეიმუშავა კვების სპეციალური მექანიკური მკლავი, რომლის მართვასაც კვადრიპლეგიის მქონე ადამიანები მხოლოდ თავის მოძრაობით ახერხებდნენ.

ტერნუსის პროფესიული გზა კომპანია Virtual Research Systems-ში დაიწყო, სადაც მექანიკური ინჟინრის ამპლუაში ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს აპროექტებდა.

2001 წელს იგი Apple-ის პროდუქტების დიზაინის გუნდის წევრი გახდა, კომპანიაში მისი პირველი პროექტი კი Apple Cinema Display-ზე მუშაობა იყო.

25 წელი Apple-ში – ინჟინრობიდან აღმასრულებელ დირექტორობამდე

2001 წელს ტერნუსი Apple-ის პროდუქტების დიზაინის გუნდს შეუერთდა, 2013-ში კი აპარატურული ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. 2021 წლიდან იგი აღმასრულებელ გუნდში უკვე აპარატურული ინჟინერიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის რანგში გადავიდა. Apple-ში მოღვაწეობის განმავლობაში ტერნუსი ყველა კატეგორიის არაერთი ეპოქალური პროდუქტის აპარატურულ უზრუნველყოფაზე მუშაობას კურირებდა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის პროდუქტების რამდენიმე ახალი ხაზის, მათ შორის iPad-ისა და AirPods-ის, ასევე iPhone-ის, Mac-ისა და Apple Watch-ის მრავალი თაობის შექმნაში.

Mac-ზე ტერნუსის მუშაობამ განაპირობა ის, რომ ეს ხაზი დღეს გაცილებით მძლავრი და გლობალურად პოპულარულია, ვიდრე ოდესმე მისი 40-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ამის ნათელი მაგალითია სრულიად ახალი ლეპტოპის, MacBook Neo-ს ბოლოდროინდელი პრეზენტაცია, რომელმაც Mac-ის გამოცდილება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა ფართო მასებისთვის მთელ მსოფლიოში.

გასულ შემოდგომას მისი გუნდის შრომის შედეგი განახლებული iPhone-ების სერიის წარდგენისას აისახა. მათ შორისაა iPhone 17 Pro და Pro Max, რადიკალურად თხელი და გამძლე iPhone Air და თავად iPhone 17. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა პროგრესს მიაღწია AirPods-ის განვითარებაშიც, რამაც იგი მსოფლიოში მოთხოვნად ყურსასმენებად აქცია.

ტერნუსმა კომპანიის ყურადღების დიდი ნაწილი ისეთი საკითხებისკენ გადაიტანა, როგორიცაა საიმედოობა და გამძლეობა: დანერგა რიგი ახალი მიდგომები, რომლებმაც Apple-ის პროდუქტები მედეგი გახადა. ის ასევე მამოძრავებელი ძალა იყო მასალებსა და აპარატურულ დიზაინში დანერგილი იმ ინოვაციებისა, რომლებმაც პროდუქტების ნახშირბადოვანი კვალი შეამცირა. ამაში შედის: გადამუშავებული ალუმინის ახალი შენადნობის შექმნა (რომელიც პროდუქტების რამდენიმე ხაზში დაინერგა), Apple Watch Ultra 3-ში 3D-პრინტერით დაბეჭდილი ტიტანის გამოყენება და შეკეთებადობის კუთხით განხორციელებული სიახლეები, რამაც Apple-ის არაერთი პროდუქტის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა.

წარმატებები და გამოწვევები

ტერნუსმა ითავა პირველი iPad-ისა და მისი ყოველი შემდგომი მოდელის აპარატურული უზრუნველყოფის ხელმძღვანელობა. 2013 წელს მან Mac-ისა და iPad-ის გაფართოებული გუნდების კურირება გადაიბარა, რასაც მისი დაწინაურება და აპარატურული ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დაკავება მოჰყვა. ამ პოზიციაზე ის უშუალოდ დენ რიჩიოს ექვემდებარებოდა, რომელიც იმხანად Apple-ის აპარატურული ინჟინერიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

ამ დაწინაურების შემდეგ, ტერნუსი Apple-ის თითქმის ყოველი აპარატურული პროდუქტის შექმნაში აქტიურად იყო ჩართული. სააგენტო Bloomberg მას მიაწერს "AirPods-ისა და კომპანიის პირველი 5G სმარტფონების განვითარების პროცესის მართვას". ის ასევე კურირებდა iPad-ის ხაზის ახალი მოდელებით გაფართოებას.

ტერნუსის დამსახურებადაა მიჩნეული ჯონი სრუჯისთან ერთად (რომელიც ამჟამად Apple-ის აპარატურული უზრუნველყოფის მთავარი ხელმძღვანელია) Mac-ის Intel-იდან Apple Silicon-ზე გადასვლის რთული პროცესის კოორდინირება.

როგორც Bloomberg იუწყება, iPad-ის არსებობის საწყის ეტაპზე ტერნუსი ამტკიცებდა, რომ მოწყობილობის "აპარატურული პოტენციალი ბოლომდე არ იყო ათვისებული, ვინაიდან მისი პროგრამული პლატფორმა სათანადოდ ვერ იყენებდა პლანშეტის მძლავრ პროცესორსა და მოზრდილ ეკრანებს". მან ბიძგი მისცა Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის გუნდს, რათა დაემატებინათ ახალი მულტითასქინგის ფუნქციები, პარალელურად კი თავად ხელმძღვანელობდა ისეთი აქსესუარების აპარატურულ განვითარებას, როგორიცაა Apple Pencil და Magic Keyboard.

თუმცა, არც ტერნუსია უშეცდომო. გავრცელებული ცნობებით, სწორედ ის იყო Touch Bar-ის შექმნის მთავარი ინიციატორი – დეტალისა, რომელმაც 2016 წლის MacBook Pro-ში ფუნქციური კლავიშების რიგი ჩაანაცვლა და საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა.

"მან ეს ფუნქცია, ფაქტობრივად, ძალით შემოიტანა და ამტკიცებდა, რომ ეს რაღაც ახალი და კარგი მარკეტინგული იდეა იყო", – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Bloomberg-ს.

ამასთან ერთად, როგორც ამბობენ, მან გარკვეული როლი ითამაშა Butterfly Keyboard-ის შემუშავებაშიც, რომელმაც MacBook Pro-ს ამავე დიზაინის ეპოქას სერიოზული დაღი დაასვა.

2021 წლის იანვარში ტერნუსი ოფიციალურად დაწინაურდა და აპარატურული ინჟინერიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. დაწინაურების შემდეგ, ტერნუსის პასუხისმგებლობის არეალი საგრძნობლად გაფართოვდა, რადგან Apple-მა ტიმ კუკის პოტენციურ მემკვიდრედ მის შესამზადებლად ნიადაგის მოსინჯვა დაიწყო. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მას Apple Watch-ის ხაზის კურირება დაევალა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი თავად კუკმა მიანდო Apple-ის დიზაინის გუნდების ხელმძღვანელობა.

ტერნუსის, როგორც ლიდერის, მართვის სტილი

როგორც The Wall Street Journal წერს, Apple-ში ტერნუსს ყველაზე ხშირად "უაღრესად კარგ პიროვნებად" ახასიათებენ. გამოცემის თანახმად, ის არის შესანიშნავი კოლეგა, რომელიც თანამშრომლებში საოცარ ერთგულებას იწვევს და კომპანიაში გაწონასწორებულობითა და სიმშვიდით გამოირჩევა. ტერნუსი შეხვედრებს ყოველთვის ფოკუსირებულად წარმართავს და ურჩევნია, საქმე უშუალოდ პროდუქტის მცოდნე რიგით თანამშრომლებთან განიხილოს. ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, მას ჰარმონიული ურთიერთობა აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელ კრეიგ ფედერიგისთან, რითაც ტექნიკურ და პროგრამულ გუნდებს შორის არსებული ტრადიციული უთანხმოებები წარმატებით დაძლია.

მიუხედავად იმისა, რომ სულით ინჟინერია, Bloomberg აღნიშნავს, რომ ტერნუსს ხარჯების შემცირების კუთხით ტიმ კუკის მსგავსი პრაგმატული ხედვა აქვს. მისი გამჭრიახობისა და მიზანსწრაფულობის ნათელი მაგალითია Mac mini-ის განახლება – The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად მან თამამი გადაწყვეტილება მიიღო და პროექტი ჯონი აივის დიზაინის გუნდის გვერდის ავლით დაასრულა.

თუმცა, მისი რბილი მართვის სტილი ყოველთვის როდი მოქმედებს: Bloomberg იხსენებს შემთხვევას, როდესაც Vision Pro-სა და AirPods-ს შორის სერიოზული ტექნიკური ხარვეზი გამოვლინდა. ამ დროს ტერნუსმა კომპრომისზე უარი თქვა და პასუხისმგებლობის საკითხი იმდენად მკაცრად დააყენა, რომ ამას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პოზიციიდან გადაყენებაც კი მოჰყვა.

როგორც Apple-ის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, ტერნუსის მართვის სტილი პრობლემების მიმართ სრულიად განსხვავებულ მიდგომას ეფუძნება. სირთულეების წარმოშობისას ის არასდროს ცდილობს, პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი და დანაშაული რიგით ინჟინრებს აჰკიდოს. პირიქით, მისი, როგორც ლიდერის, მთავარი ამოცანა იმ სისტემური ხარვეზების სიღრმისეული ძიება და აღმოფხვრაა, რომელთა მოგვარებაც სწორედ უკეთესი, ჯანსაღი მენეჯმენტითაა შესაძლებელი.

თუმცა, ტერნუსს ასევე ახასიათებენ, როგორც ფრთხილ და კონსერვატიულ ლიდერს, როდესაც საქმე პროდუქტების სრულიად ახალ კატეგორიებს ეხება. მაგალითად, ის სკეპტიკურად უყურებდა Apple-ის პროექტებს თვითმართვად ავტომობილებსა და Apple Vision Pro-სთან დაკავშირებით. ის ასევე თავს იკავებდა ორიგინალ HomePod-ში სოლიდური ინვესტიციების ჩადებისგან. Bloomberg-ის ცნობით, სწორედ მან დაბლოკა ამ მოწყობილობაში კამერისა და უფრო დახვეწილი სენსორების დამატების იდეა.

როგორც ჩანს, მოგვიანებით მან საკუთარ შეხედულებებს გადახედა და ახლა ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს Apple-ის სამომავლო ზრდის ცენტრალურ საყრდენად განიხილავს.

Bloomberg- ის ცნობით, რაც შეეხება ტერნუსის აღმასრულებელ დირექტორად (CEO) დანიშვნის ოფიციალურ განცხადებას, Apple-ის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მისგან ტიმ კუკზე გაცილებით "გადამჭრელ" ლიდერობას ელიან. იმ სიტუაციებში, სადაც კუკი ორ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთების ნაცვლად ხშირად დამატებით კითხვებს სვამდა, ტერნუსი "აუცილებლად აკეთებს არჩევანს".

რა იქნება შემდეგი?

ტერნუსის კარიერა Apple-ში, ფაქტობრივად, იმ გზის ილუსტრაციაა, რომელიც ინჟინრის სამუშაო მაგიდიდან კომპანიის უმაღლეს მმართველ პოზიციამდე მიდის. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ის არა მხოლოდ Apple-ის არაერთი მნიშვნელოვანი პროდუქტის შექმნაში მონაწილეობდა, არამედ თანდათან გაფართოებულ პასუხისმგებლობებს იღებდა ცალკეული პროდუქტებიდან მთლიანი აპარატურული უზრუნველყოფის მიმართულებამდე, შემდეგ კი დიზაინისა და პროდუქტის განვითარების უფრო ფართო პროცესებამდე.

თუმცა, CEO-ს როლი მისგან უკვე განსხვავებულ მასშტაბზე გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. მისი ინჟინრული გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი საფუძველი იყოს პროდუქტების განვითარების პროცესის ღრმად გასაგებად, მაგრამ ახლა ტერნუსს ერთდროულად მოუწევს ტექნოლოგიური, ბიზნეს და ორგანიზაციული გამოწვევების მართვა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის იქნება, თუ როგორ მიუდგება ის ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, ახალი პროდუქტის კატეგორიებს და იმ საკითხებს, რომლებზეც Apple-ის მომავალი ზრდაა დამოკიდებული.

ჯონ ტერნუსის პირველი 25 წელი Apple-ში უკვე ისტორიაა. მისი CEO-ობის პერიოდი კი ახლა იწყება. სწორედ მომდევნო წლებში გახდება ნათელი, რამდენად შეძლებს ინჟინერი, რომელიც წლების განმავლობაში Apple-ის პროდუქტების შექმნის პროცესის ნაწილი იყო, თავად კომპანიის მიმართულების განსაზღვრას.

გამოყენებული წყაროები:

1) apple.com

2) 9to5mac

3) Reuters

4) apple.com