30-წლიანი ისტორიით გლობალურ ამბიციებამდე "INVIA ხვალინდელი დღეა" – ლევან ფხაკაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის წამოწყება, საკუთარი ხედვის რეალობად ქცევა და ათწლეულების განმავლობაში მუდმივი განვითარება უდიდეს შრომას, გაბედულებასა და სტრატეგიულ მოქნილობას მოითხოვს. 30 წლის წინ ერთი კომპანიით დაწყებული ისტორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დივერსიფიცირებულ და მასშტაბურ ბიზნესჯგუფად ჩამოყალიბდა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და გლობალური ბრენდების ადგილობრივ ბაზარზე შემოყვანაში გარდამტეხი წვლილი შეიტანა.

თანამედროვე გლობალურ სამყაროში ბიზნესის მასშტაბის ზრდასთან ერთად გარდაუვალი ხდება მართვის მოდელისა და ინსტიტუციური სტრუქტურის ტრანსფორმაცია. "ვისოლ ჯგუფი", რომელიც წლების განმავლობაში ენერგეტიკის, სწრაფი კვების, რითეილის, მედიისა და უძრავი ქონების სექტორებს აერთიანებდა, განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ჯგუფი საერთაშორისო სტანდარტების კორპორაციად გარდაიქმნება და ოპერირებას ახალი, INVIA-ს სახელითა და ფილოსოფიით აგრძელებს.

$2-მილიარდიანი პროექტი Downtown Tbilisi და ისტორიული პარტნიორობა The Trump Organization-თან, "მაუდის" ყოფილი ფაბრიკის 11-ჰექტრიან ტერიტორიაზე $500-მილიონიანი ინვესტიციით უნიკალური ეკოსისტემის შექმნა, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და მზადება კაპიტალის საჯარო ბაზრებზე განთავსებისთვის (IPO) – ეს INVIA-ს გეგმების მხოლოდ ნაწილია. ჰოლდინგის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ფხაკაძე Entrepreneur-ს 30-წლიანი გზის, მაკრომენეჯმენტზე გადასვლასა და ჯგუფის გლობალური ხედვის შესახებ საუბრობს:

რატომ გადაწყვიტეთ 30-წლიანი ისტორიის მქონე ბიზნესჯგუფის INVIA-ს სახელით გაერთიანება და რატომ გახდა ეს ცვლილება საჭირო სწორედ ახლა?

ჩვენი ბიზნესის განვითარების ისტორია 30 წლის წინ "ვისოლით" დაიწყო. წლების განმავლობაში "ვისოლი" ჯგუფის მთავარი და ყველაზე ცნობადი ბრენდი იყო და მისი როლი ჩვენი რეპუტაციისა და წარმატების ფორმირებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ბუნებრივად მისი სახელი მთლიანად ჯგუფთან ასოცირდებოდა. დღესაც "ვისოლის" მემკვიდრეობა ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია – ის აერთიანებს იმ გამოცდილებას, ღირებულებებსა და ნდობას, რაზედაც ჯგუფის შემდგომი განვითარება და ახალი მიმართულებების შექმნა დაეფუძნა.

თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობის მასშტაბი და მიმართულებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღეს ჯგუფი წარმოდგენილია არა მხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ საცალო ვაჭრობის, კვების ობიექტების, მედიის, კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონებისა თუ სხვა მიმართულებებით. შესაბამისად, ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ ერთი ინდუსტრიის გარშემო გაერთიანებული კომპანიების ჯგუფი.

ამ მასშტაბის ბიზნესს სჭირდება არა მხოლოდ საერთო სახელი, არამედ ერთიანი, რეალურად მოქმედი ჰოლდინგური სტრუქტურა – საერთო სტრატეგიით, კონსოლიდირებული ფინანსური სურათით, თანამედროვე კორპორაციული მართვითა და პროფესიონალური გუნდით.

ამ გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებით აქტიურად ჰარვარდის ბიზნესსკოლის OPM პროგრამის პერიოდში დავფიქრდი. ჩემთვის მკაფიო გახდა, რომ ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპი უნდა ყოფილიყო ჯგუფის ინსტიტუციონალიზაცია.

შესაბამისად, INVIA – 30 წლის განმავლობაში შექმნილი ბიზნესმემკვიდრეობის ერთ სისტემაში გაერთიანება და ჯგუფის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.

რატომ შეირჩა სახელწოდება INVIA?

ჩვენ გვჭირდებოდა თანამედროვე, მოკლე და საერთაშორისო სახელი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული არცერთ კონკრეტულ სექტორზე და თანაბრად წარმოადგენდა ჯგუფის ყველა კომპანიას. ბევრი ვერსია განვიხილეთ და საბოლოოდ შევარჩიეთ INVIA, რადგან მას აქვს საერთაშორისო ჟღერადობა და კარგად გამოხატავს ჩვენს ინოვაციურ ხედვასა და მიდგომებს, მოძრაობას, განვითარებასა და სამომავლო ამბიციას.

ბრენდის ვიზუალურ იდენტობასა და ბრენდბუქზე იმუშავა ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, გიორგი ბოხუამ. ვფიქრობ, მან შექმნა თანამედროვე, ძლიერი და საერთაშორისო ხასიათის ბრენდი.

რას შეცვლის INVIA-ს შექმნა ჯგუფში შემავალი კომპანიების მართვაში და კონკრეტულად რა ფუნქცია ექნება ახალ ჰოლდინგურ კომპანიას?

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ ჩვენ ცალსახად ვყოფთ სტრატეგიულ მენეჯმენტს და ოპერაციულ საქმიანობას. INVIA-ში ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ იმოძრაოს კაპიტალმა ჯგუფის შიგნით, ახალ ბიზნესებში როგორ შევიდეს, ახალ ინვესტიციებზე, კაპიტალის მოზიდვაზე, საინტერესო ბიზნესებსა და ბაზრებზე, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და უცხოურ ბაკებთან, ინვესტორებთან.

მნიშვნელოვანია, რომ INVIA-თი ვაძლიერებთ კორპორაციულ მმართველობას ჯგუფში. ჩვენი საოპერაციო კომპანიები მართავენ დღევანდელ დღეს, INVIA – ხვალინდელი დღეა.

როგორ ინარჩუნებს INVIA ბალანსს თითოეული ბრენდის დამოუკიდებლობასა და ჯგუფის საერთო სტრატეგიულ სინერგიას შორის?

INVIA არ ერევა კომპანიების საოპერაციო საქმიანობაში (ჩვენ გვყავს ძლიერი პროფესიონალთა ჯგუფი თითოეულ კომპანიაში და ისინი იდეალურად მართავენ როგორც ჩვენს, ისე გლობალურ ბრენდებს ჩვენს მმართველობაში) და ჩარევა ხდება იქ, სადაც იქმნება სტრატეგია, მსხვილი გადაწყვეტილებები. გვაქვს ჰარმონია ჯგუფის C-level-თან ჩვენი ჯგუფების მმართველ რგოლებში და მათთან ერთად ვსხედვართ, ვფიქრობთ იმ საკითხებზე, რაც უკეთესი იქნება მთელი ჯგუფისთვის, მისი გაძლიერებისა და, ცხადია, თითოეული კომპანიისთვის.

ჩვენ გვინდა ის სისტემები დავნერგოთ INVIA-ში, მთელ ჯგუფში, რომელიც მოგვცემს იდეალურ კორპორაციულ მმართველობას. INVIA იქნება პლატფორმა, რომელიც შეძლებს გავიდეს საფონდო ბაზარზე, კაპიტალის ბაზრებზე, საერთაშორისო ბაზრებზე, განახორციელოს ინვესტიციები სხვადასხვა ინდუსტრიაში. რეალურად, თავისთავად IPO თვითმიზანი არ არის, ჩვენ ვქმნით გამართულ კორპორაციულ მართველობას, ეს ყველაფერი (IPO, დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა) უკვე თანმდევი პროცესია. ჩვენ ამისთვის ვემზადებით და ვმუშაობთ, და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ.

Downtown Tbilisi-ს $2-მილიარდიანი პროექტი და მასში შემავალი Trump Tower – რამ განაპირობა The Trump Organization-თან პარტნიორობა და რა გავლენას მოახდენს ეს პროექტი თბილისის საინვესტიციო მიმზიდველობაზე?

პირველ რიგში, Downtown Tbilisi არ არის მხოლოდ Trump Tower – ჩვენ ვქმნით თბილისში ახალ ურბანულ ცენტრს, ახალ ეკოსისტემას, სადაც რამდენიმე განსხვავებული კონცეფცია და მიმართულება განვითარდება. როცა The Trump Organization იღებს გადაწყვეტილებას, ახალ ქვეყანაში შევიდეს და ააშენოს ცათამბჯენი, ეს ნიშნავს ნდობას და აღიარებას, რომ თბილისი არის ქალაქი, სადაც შეიძლება მასშტაბური პროექტების განხორციელება. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შენობა არ არის, მათთვის მნიშვნელოვანია პარტნიორების რეპუტაცია, პროექტის მასშტაბი, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანია შეირჩა ამ პროექტისთვის. Downtown Tbilisi მთლიანად შეცვლის ქალაქის არქიტექტურულ სახეს და იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი – ჩვენს სლოგანშიც ვამბობთ, რომ ეს არის "შენი ახალი მისამართი". გვინდა, რომ წლების შემდეგ ინვესტორებმა ის კითხვა კი აღარ დასვან, რატომ თბილისი, არამედ იკითხონ – რატომ არ ვართ წარმოდგენილი თბილისში. ვფიქრობთ, რომ The Trump Organization-ის შემოსვლა საქართველოში იქნება მწვანე შუქი ბევრი ინვესტორისთვის.

"ბიოგრაფი ლივინგის" მიერ "მაუდის" ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიის შესყიდვა და $500-მილიონიანი ინვესტიცია ჯგუფის კიდევ ერთი ნაბიჯია. რა ტიპის "უნიკალურ ეკოსისტემაზეა" საუბარი და როდის გახდება ცნობილი პროექტზე მომუშავე წამყვანი არქიტექტორული ჯგუფის ვინაობა?

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან საინტერესო პროექტები იქმნება, როცა ერთ ტერიტორიაზე ერთიანდება საცხოვრებელი, საოფისე, რეკრეაციული სივრცეები, გასტრონომია, კულტურული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სიმწვანე – ამას კი ახერხებ მაშინ, როცა გაქვს დიდი სივრცე. "მაუდი" არის დიდი ტერიტორია, 100 000 კვადრატულზე მეტი და აქ ყველაფრის განხორციელების შესაძლებლობა გვეძლევა. "მაუდის" არქიტექტურულ კონცეფციაზე Biograpi Living – მსოფლიოში ცნობილ ნიდერლანდურ არქიტექტურულ და ურბანული დიზაინის სტუდია MVRDV-სთან თანამშრომლობს. გვეამაყება, რომ ეს ბრენდი შემოდის საქართველოში – MVRDV-სთან ერთად შევეცდებით, "მაუდი" იყოს გამორჩეული ახალი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც დაამშვენებს ქალაქს, ჩვენი მოსახლეობისთვის კი შექმნის საინტერესო, მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს საცხოვრებლად.

აღნიშნეთ, რომ INVIA ემზადება უცხოურ ბაზრებზე გასასვლელად. რა კრიტერიუმებით ირჩევთ სამიზნე ქვეყნებს და რომელი სექტორით (უძრავი ქონება, რითეილი, ენერგეტიკა თუ სხვა) აპირებთ პირველი საერთაშორისო ნაბიჯის გადადგმას?

ჩვენ არ გვაქვს მიზანი, რომ, უბრალოდ, რუკაზე დავიტანოთ ჩვენი სახელი ბევრ ქვეყანაში – ჩვენს საერთაშორისო გაფართოებას ექნება აზრი, როცა ბაზარზე დავინახავთ, რომ გვაქვს რეალური კონკურენტული უპირატესობა და შეგვიძლია სიახლის შეტანა. რამდენიმე ფაქტორს ვიღებთ შეფასებისას – ვუყურებთ ბაზრის ზომას, ზრდის პოტენციალს, რეგულაციებს, კაპიტალის დაბრუნების შესაძლებლობას, პარტნიორების შესაძლებლობებს და იმას, თუ ჩვენ რა შეგვიძლია კონკრეტულად შევიტანოთ, რა არის ნოუჰაუ, რაც გამოგვარჩევს. ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო ის მიმართულებებია, სადაც დაგვიგროვდა ექსპერტიზა, ამიტომ რეალურად ვიყურებით ჯგუფში და ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება მედიაბიზნესის გატანა ქვეყნის გარეთ, რომელიც არის ძალიან წარმატებული პლატფორმა და ეს აღიარებულია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისა და მედიაკომპანიების მიერ. გვაქვს კიდევ ბევრი სხვა ტიპის ბიზნესი, რომლის კოპირებაც შეიძლება მოხდეს – მაგალითად, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ფრენჩაიზს ვფლობთ და ცხადია, მათი გატანაც იქნება ძალიან საინტერესო. თუმცა, გაფართოება არაა პროცესი, რომელსაც ვაფორსირებთ – ამ ნაბიჯს გადავდგამთ, როცა შესაბამის ნიშნებს დავინახავთ.

როგორია INVIA-ს განვითარების სტრატეგია და გრძელვადიანი ხედვა?

ჩემი გრძელვადიანი ხედვაა, რომ INVIA გახდეს საქართველოში შექმნილი ძლიერი გლობალური საინვესტიციო ჯგუფი – არ გვინდა ვიყოთ უბრალოდ ჰოლდინგი, რომელსაც ბევრი ბიზნესი აქვს. გვინდა ვიყოთ ჯგუფი, რომელსაც აქვს უნარი, იპოვოს შესაძლებლობები, მოიზიდოს საუკეთესო პარტნიორები, საუკეთესო მენეჯმენტი და სწორად განათავსოს კაპიტალი, შექმნას ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვანია წარმატებისთვის. პრიორიტეტი იქნება საქართველოს ბაზარი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გლობალური ბაზრებიც. 30 წლის წინ, როცა დავიწყეთ, ამოცანა იყო შეგვექმნა ბიზნესი, რომელიც იქნებოდა ძლიერი და წარმატებული. დღევანდელი გადმოსახედიდან ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ეს ამოცანები შესრულებულია. ვფიქრობთ, შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი საერთაშორისო კაპიტალი. ჩვენი ისტორია დაიწყო საქართველოში, თუმცა, მომავალი გლობალურია.