Get All Access for $5/mo

33 წლის ახალგაზრდა, რომელმაც კრიპტოვალუტაში მთელი თავისი დანაზოგი დააბანდა, მილიონერი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CNBC

"ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს" − ეს ცნობილი ფრაზა ბრწყინვალედ მიესადაგება ლოს ანჯელესის ერთ-ერთი მუსიკალური კომპანიის თანამშრომელს, 33 წლის გლაუბერ კონტესოტოს, რომელიც სულ ახლახან კრიპტოვალუტა Dogecoin-ის წყალობით მილიონერი გახდა.

კონტესოტო უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა და ბავშვობიდან შეპყრობილი იყო იდეით, თავისი მომავალი ოჯახი და შთამომავლები მაინც დაეხსნა ფინანსური პრობლემებისგან. ილონ მასკის "ტვიტებით" შთაგონებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა 2021 წლის თებერვალში, მთელი თავისი დანაზოგის კრიპტოვალუტაში დაბანდება გადაწყვიტა. მან თავი მოუყარა საბანკო ანაბრებს, გაყიდა Tesla-სა და Uber-ში საკუთარი აქციები, დამატებით ისესხა ფული Robinhood-ისგან და $180 000-ის ინვესტირება განახორციელა Dogecoin-ში. იმ დროისათვის ერთი ერთეულის ფასი 4,5 ცენტის ფარგლებში მერყეობდა.

მიმდინარე წლის 15 აპრილის ღამეს, კრიპტოვალუტის ცნობილ ბირჟაზე ფასები ნახტომისებრად გაიზარდა და გამთენიისას კონტესოტო უკვე მილიონერი გახდა.

"მთელი ღამე არ მეძინა, საკუთარი კომპიუტერის ეკრანს ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი", – 33 წლის კონტესოტო.

როგორც თავად გლაუბერი აცხადებს, იგი კრიპტოვალუტით, კერძოდ კი Dogecoin-ით რამდენიმე ფაქტორის გამო დაინტერესდა.

სოციალურ ქსელებში 2013 წლიდან მოყოლებული ბევრს ხუმრობენ Dogecoin-ზე, იქმნება უამრავი "მიმი", საყვარელი ძაღლის გამოსახულებით. განსაკუთრებული აქტივობა კი ცნობილ პლატფორმა Reddit-ზე აღინიშნებოდა, რომლის აქტიური მომხმარებელიცაა კონტესოტო.

ასევე, Dogecoin-ის უამრავი მფლობელის მსგავსად, ამ კრიპტოვალუტაში თანხის დაბანდების მთავარი მოტივატორი ილონ მასკი და მისი ტვიტერის პოსტები გახდა. არავინ იცის, რამდენად სერიოზულად აღიქვამს Dogecoin-ს თავად მასკი, თუმცა კონტესოტოს თქმით, იგი ნამდვილი გენიოსია და მისი "ტვიტები" უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანებზე.

მეგობრები თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდნენ გლაუბერის გადაწყვეტილებას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ Dogecoin-ი მორიგი თაღლითური სქემა იყო, რომლის ფასი ცოტა ხანში ნულს გაუტოლდებოდა. ექსპერტებიც სკეპტიკურად აფასებდნენ Dogecoin-ს და აცხადებდნენ, რომ ეს სპეკულაცია და ე.წ. "მიმებით ვაჭრობაა", რომელიც სოციალურ ქსელებში ატეხილ ინფორმაციულ ხმაურს ეფუძნება.

მაიკ ნოვოგრაცი − Galaxy Digital-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ბიტკოინისგან განსხვავებით, რომელსაც 12-წლიანი ზრდისა და განვითარების გამოცდილება აქვს, Dogecoin-ს არაფერი უმაგრებს ზურგს. იგი აღნიშნავს, რომ ბიტკოინს აქვს საიმედო და სწორად შემუშავებული ეკოსისტემა, რაც მას ნაკლებად რისკიან ინვესტირებად აქცევს. Dogcoin-ს არ აქვს არანაირი შეზღუდვა მიწოდების რაოდენობაზე, რაც არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას აჩენს მისი შეძენის მსურველებში.

ექსპერტებისა და მეგობრების ეჭვების მიუხედავად, კონტესოტომ მაინც არ გადაუხვია თავის საინვესტიციო გეგმებს და კრიპტოვალუტის ერთგულ მფლობელად დარჩა.

შეძენიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, 15 აპრილის ღამეს, Dogecoin-ის ფასმა ზრდა დაიწყო და ბირჟაზე ვაჭრობის ბოლოსათვის 400%-იან ზრდის ნიშნულს მიაღწია. მისმა კაპიტალიზაციამ CoinGecko-ს მონაცემებით $49 მილიარდი შეადგინა, ხოლო თითო კრიპტომონეტის ფასი რეკორდული − 45 ცენტი გახდა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი ამ უეცარ ნახტომს Dogecoin-ის კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-ზე 14 აპრილს განთავსებას მიაწერს, თუმცა მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი ილონ მასკის მორიგი ტვიტი გახდა, სადაც მან Dogecoin-ის მიმი გამოაქვეყნა, წარწერით Doge Barking at the Moon.

ასეა თუ ისე, გლაუბერ კონტესოტო მილიონერი გახდა. მან მალევე საკმაოდ ემოციური პოსტი განათავსა Reddit-ზე, წარწერით: "მოგესალმებით, სულ ახლახან Dogecoin-ის მილიონერი გავხდი", და პოსტს დაურთო ფოტო, სადაც მისი ანგარიშის გასწვრივ გამოსახულია თანხა − $1 081 441.29. რამდენიმე საათში ეს პოსტი ვირუსულად მოედო მთელ პლატფორმას.

ზოგადად, ასეთი ნახტომისებრი ზრდა, იშვიათი და შეიძლება ითქვას, იღბლიანი გამონაკლისია ხოლმე, თუმცა კონტესოტო ჯერჯერობით კრიპტოვალუტის გაყიდვას არ აპირებს. იგი გეგმავს დაელოდოს, სანამ მისი ქონება $10 მილიონს არ მიაღწევს და მხოლოდ ამის შემდეგ გაანაღდოს 10%, დანარჩენს კი დატოვებს, რადგან მყარადაა დარწმუნებული, რომ Dogecoin-ის ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.

მიმდინარე წლის 20 აპრილისათვის Dogecoin-ის ფასმა კლება დაიწყო და ერთეული უკვე 28 ცენტად ივაჭრებოდა, ხოლო CoinGecko-ს ცნობით, მისმა კაპიტალიზაციამ $36 მილიარდი შეადგინა. ვარდნის მიუხედავად, კონტესოტოს ქონება მაინც მილიონ დოლარამდე მერყეობს.

Dogecoin 8 წლის წინ, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებმა − ბილი მარკუსმა და ჯეკსონ პალმერმა შექმნეს. ეს ერთგვარი პაროდიაა ბიტკოინისა, რომელიც მეტად მოქნილი და "სახალისო" უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი მკვეთრი ნახტომისებრი ფასის ზრდით ბევრმა ინვესტორმა ნახა მოგება, ექსპერტების აზრით, Dogecoin-ში ფულის დაბანდება ძალიან სარისკოა, მაგრამ თუკი ინვესტირებას გადავწყვეტთ, თანხა უნდა იყოს ისეთი, რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში, გული არ დაგვწყდეს.

ბრიტანული საინვესტიციო აპლიკაცია Freetrade-ის ანალიტიკოსი, დევიდ კიმბერლი გვაფრთხილებს, რომ თითქმის შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ, როდის გასკდება ეს "საპნის ბუშტი" და საბოლოო ჯამში, თუ დროულად არ დავტოვებთ კრიპტოვალუტის ბაზარს, ზარალი შესაძლოა კრიტიკულად დიდი აღმოჩნდეს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს