5 ნაბიჯი სამსახურში სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად როგორ ვსწავლობთ დღეს სამსახურში?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორ ვსწავლობთ დღეს სამსახურში
თანამშრომლები დღესაც გადიან ტრენინგებს და ხშირად ეს გრძელი, დამღლელი სემინარებია, უთვალავი ვიდეორგოლები ან აუცილებელი საკითხავი მასალები. უმეტესად ისე ხდება, რომ ეს ინფორმაცია სწრაფად ძველდება, განახლებას მოითხოვს, მაგრამ ამაზე არავინ ზრუნავს.
რეალურად, ჩვენი სწავლის პროცესი ინფორმაციის შეგროვების კონცეფციასთანაა ახლოს. ამ მოდელის მიხედვით, ადამიანები ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა წყარო გასცემთ პასუხს შეკითხვებზე, რომელსაც ეძებენ, იმ დროის ფასად, რაც პასუხის მისაღებად სჭირდებათ.
თუ თქვენს თანამშრომლებს ტრენინგზე მოსმენილი ინფორმაციის გახსენება სჭირდებათ, როგორ მოიქცევიან ისინი? სავარაუდოდ, ამ ტრენინგის მასალებს ან ვიდეოს ჩანაწერს გამოიყენებენ. ან უფრო დიდი ალბათობით, პირდაპირ მიმართავენ მას, ვისაც სწრაფად შეუძლია მათ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.
თანამშრომლები სწრაფად ივიწყებენ, რაც ისწავლეს
"დავიწყების მრუდი" ჰქვია ერთ-ერთ მთავარ მიზეზს იმისა, რომ ტრადიციული სწავლება არ ამართლებს. გერმანელი ფსიქოლოგი ჰერმან ებინგჰაუსი XIX საუკუნის ბოლოს ატარებდა ექსპერიმენტებს მეხსიერებაზე. მისმა კვლევებმა აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად კარგავს ტვინი ახალ ინფორმაციას. ამასთან ერთად, სრულიად აშკარად გაუკეთა დემონსტრირება "დავიწყების მრუდს" − თუ როგორ ქრება დროთა განმავლობაში შეძენილი ინფორმაცია.
საქმე ისაა, რომ როდესაც რაღაცას ვისწავლით, თუ არ გავამყარეთ, ჩვეულებრივ, ინფორმაციის შენარჩუნების მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა ხდება. ამას ყველა გაიგებს, თუ ოდესმე გრძელ პრეზენტაციას დასწრებია ან მენეჯმენტის სისტემის შემსწავლელი კურსი გაუვლია და იმავე დღეს, მოგვიანებით აღმოუჩენია, რომ მოსმენილიდან ცოტა რამ თუ ახსოვს.
კვლევებიდან ვიცით, რომ რეგულარულად უნდა ვისწავლოთ, რათა მიღებული ცოდნა არ დავკარგოთ. მაგრამ როგორ გამოიყურება ეს ორგანიზაციისთვის, რომელიც თანამშრომლების ცოდნით შეიარაღებას ცდილობს, რომელიც თავიანთ სამსახურში წარმატების მიღწევაში დაეხმარება მათ?
სხვადასხვა ვითარებაში განსხვავებული მიდგომაა საჭირო, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ყველგან შეგვიძლია, სამსახურში სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია პრაქტიკით ისწავლოს და ამ ინფორმაციის შესასწავლად საუკეთესო დრო მაშინ დგება, როდესაც ის აქტუალურია და აუცილებელი. როგორც კი ინფორმაციის დაკავშირებას შევძლებთ რეალურ ვითარებასთან, მისი ათვისება უფრო ადვილი გახდება.
5 ნაბიჯი სამსახურში სწავლების გასაუმჯობესებლად
საინტერესოა, როგორ ვსწავლობთ მოზარდობისას? კვლევებით დადგინდა, რომ ინფორმაციას მაშინ უნდა გაეცნოთ, როდესაც იგი თქვენთვის საჭიროა, და თან, საჭირო მოცულობით, რათა ათვისება შეძლოთ. სწორედ აქ გამოდის სცენაზე "დროული სწავლა".
დროული სწავლა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად, ზუსტად იმ დროს, როდესაც თქვენმა თანამშრომლებმა პრაქტიკულად უნდა გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. გახსოვდეთ, უფროსებს ურჩევნიათ პრაქტიკაზე ისწავლონ. და რადგან ჩვენ ყველას გვაქვს ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს ინფორმაცია ისე უნდა მივაწოდოთ, რომ დამთრგუნველი არ იყოს.
გთავაზობთ ხუთ ნაბიჯს, რომლითაც სამსახურში სწავლების პროცესი წარმატებული იქნება:
- ტრენინგი შესაბამისი და დროული უნდა იყოს − თქვენს თანამშრომლებს სურთ იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც ნამდვილად დაეხმარება მათ. ყურადღება გაამახვილეთ, რა სარგებელს მოუტანს მათ ინფორმაცია და რა გახდით უფრო წარმატებულებს. რატომ ღირს ამ ინფორმაციის გაცნობა მათთვის ძვირფას დროდ? თქვენი ახალი დაქირავებულები საათობით კი არ "დაბომბოთ" ინფორმაციით, რომელიც მათ სავარაუდოდ არ დაამახსოვრდებათ, არამედ შეეცადეთ მაშინ მიაწოდოთ ინფორმაცია, როდესაც რეალურად სჭირდებათ, და თან მცირე დოზებით. ჩვენ ყურადღების შეზღუდული დიაპაზონი გვაქვს, და ამიტომ, რაც უფრო მარტივად ასათვისებელი იქნება ინფორმაცია, მით უკეთესი.
- გაითვალისწინეთ, რამდენად ფასეულია თქვენი თანამშრომლების დრო − თქვენი თანამშრომლების საათობრივი ხელფასიც გაითვალისწინეთ და დროც, რომელსაც ტრენინგზე ატარებენ. მათი საათობრივი განაკვეთი გამოთვალეთ და ტრენინგის საათებს შეადარეთ, იმის დასადგენად, რამდენად ძვირია თქვენი გაკვეთილები. თუ ისინი სასარგებლო არ არის თანამშრომლისთვის და ამ ცოდნას ვერ ინარჩუნებენ? და თუ თქვენს თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ტრენინგი დროის გაფლანგვაა − კიდევ უარესი. ისინი, სავარაუდოდ, მრავალი ამოცანის შესრულებას შეეცდებიან სწავლების მთელი კურსის განმავლობაში. როდესაც ამ კურსზე ფიქრობთ, თქვენი თანამშრომლებიც უნდა დაარწმუნოთ, რომ იგი სასარგებლო იქნება, თქვენი სასწავლო პროგრამა კონკრეტულია და გაზომვადი მიზნების გათვალისწინებითაა შედგენილი.
- ჩართეთ თქვენი თანამშრომლები სასწავლო პროცესში − დაადგინეთ, ისინი აქტიურად ერთვებიან ტრენინგში, თუ პასიური დამსწრენი არიან? ტრენინგის პროცესში თქვენი თანამშრომლების აქტიურობა ეფექტიანია და თან, მრავალი მიზეზის გამო. პირველი − კოლეგები ასე გამოხატავენ პატივისცემას ერთმანეთის მიმართ. მეორე − თანამშრომლები ერთმანეთთან უფრო თავისუფლად, უფრო ბუნებრივად ურთიერთობენ, ვიდრე ხელმძღვანელობასთან ან ინსტრუქტორთან. დაბოლოს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც თქვენი თანამშრომლები პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი, შედეგზეც იღებენ პასუხისმგებლობას.
- სწავლების პროცესი ფიზიკურ საჭიროებებთან დააბალანსეთ - თქვენი ტრენინგი წარმატებული რომ იყოს, თქვენი თანამშრომლები კარგად უნდა გრძნობდნენ თავს, როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. თუ ინტენსიურ ტრენინგს მასპინძლობთ, გაითვალისწინეთ, რომ ტვინს ბევრი შესვენება და ჯანსაღი საკვები სჭირდება, სხეულს − სიარული ან გაჭიმვა. და გარდა ამისა, ყველას უნდა უბიძგოთ საკმარისი წყალი მიიღონ.
- სასწავლო პროგრამის შედგენისას მრავალმხრივი მიდგომა გამოიყენეთ − თანამშრომლების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი გუნდის წარმატებისთვის, განსაკუთრებით − არაპროგნოზირებადი ცვლილებების პირობებში.
რაც შეეხება სწავლას, აქ უნივერსალური მიდგომა არ არსებობს. საუკეთესო მეთოდი, სწავლების მრავალმხრივი სტრატეგიის შექმნაა, რომელიც თქვენი თანამშრომლების უმრავლესობას სარგებელს მოუტანს.
მართალია, ასე არ უნდა იყოს, მაგრამ დღეს, სამუშაო ადგილას სწავლების პროცესი მთლიანად ჩაშლილია. თქვენი თანამშრომლები უფრო აქტიურები, მომზადებულები გახდებიან ამ ხუთი ნაბიჯით და მეტად იფიქრებენ წარმატების მიღწევაზე.