5 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მუშაობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კორონავირუსის პანდემია ძლიერდება, კომპანიები კი ყველანაირად ცდილობენ უმოკლეს დროში დისტანციური სამედიცინო გადაწყვეტილებების დანერგვას. სტატიაში 162 სტარტაპი და განვითარებადი კომპანია გავაანალიზეთ, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და შემდეგ რობოტებს - Arone, EpiGuard, HealthCode AI, Epimetrics, და EVA-ს წარმოგიდგენთ.
ჩვენმა ანალიტიკოსებმა ინოვაციების დარგში ახლახანს შეისწავლეს საზოგადოებრივი უსაფრთხების სფეროს ახალი ტექნოლოგიები და პერსპექტიული სტარტაპები, რომლებიც როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების, ისე, ფართო საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
5 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პანდემიის დროს
ჩვენ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას ვიყენებთ იმ სტარტაპების გამოსავლენად, რომლებმაც პრობლემების მოგვარების მნიშვნელოვან გზებს მიაგნეს გლობალური მასშტაბით, ქვემოთ მოყვანილი სტარტაპების გლობალურ რუკაზე 162 ვარიანტიდან 5 საინტერესო შევარჩიეთ. ჩვენ ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გავაანალიზეთ, რომლებიც პოტენციურად უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას და მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას მთელ მსოფლიოში. შემდეგი რობოტები, Arone, EpiGuard, HealthCode AI, Epimetrics, და EVA პრობლემების გადაწყვეტის 5 საუკეთესო გზას განასახიერებენ, და მათ აუცილებლად უნდა მიადევნოთ თვალი.
რომელ სტარტაპებს აქვთ სხვა 157 გადაწყვეტილება?
Arone - სამედიცინო მასალების მიწოდება დრონით
სასიცოცხლოდ აუცილებელი აღჭურვილობისა და მედიკამენტების შეძენა და განაწილება ყოველთვის არ არის იოლი, განსაკუთრებით კი, კორონავირუსის პანდემიისა და სხვა ექსტრემალური ვითარებების დროს. უპილოტო საფრენმა აპარატებმა სისხლის, ვაქცინებისა და სხვა სამედიცინო მასალების მიწოდება გახადა შესაძლებელი იქ, სადაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდებათ. ეს მასალები დაუცველ საზოგადოებას გაცილებით სწრაფად, ადამიანების მონაწილეობის გარეშე მიეწოდება, ამასთან, რთულ მეტეოროლოგიურ და ეკოლოგიურ პირობებში.
ნიგერიულ სტარტაპს, Arone-ს ტვირთების მიწოდების ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილება აქვს ავტონომიური დრონების გამოყენებით. სტარტაპი საჰაერო ლოჯისტიკურ მომსახურებას სთავაზობს კლინიკებს, საავადმყოფოებს, ლაბორატორიებსა და სხვა სადისტრიბუციო ცენტრებს, რომ მათ გაცილებით სწრაფად მიაწოდონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო პროდუქტები დანიშნულების ადგილას. ავტონომიური საპილოტო-ნავიგაციური პროგრამული უზრუნველყოფა ამანათის მიწოდებისას კომპიუტერულ ხედვას და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ფრენების დასაგეგმად, დაბრკოლებების აღმოსაჩენად და მანევრირებისათვის.
EpiGuard –ინფიცირებული პაციენტების სპეციალიზებული იზოლაცია
რთული ამოცანაა იმ პაციენტების ტრანსპორტირება, რომლებსაც ინფექციური დაავადებები აქვთ, განსაკუთრებით, თუ დაავადების გავრცელების სიჩქარეს გავითვალისწინებთ, როგორსაც ახლა COVID-19-ის შემთხვევაში ვხედავთ. შესაბამისი იზოლაციის გარეშე, პაციენტებისგან ჯანმრთელი ადამიანებისა და სამედიცინო პერსონალისთვის ვირუსების გადაცემის რისკი უზომოდ მაღალია. სპეციალიზებული იზოლატორები ინფიცირებული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება სტაციონარებსა და სპეციალურ იზოლატორებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეპიდემიის შემდგომი გავრცელება და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება იყოს დაცული.
ნორვეგიული სტარტაპის, EpiGuard საქმიანობა მთლიანად ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების უსაფრთხოდ გადასაყვანი სამედიცინო მოწყობილობების დამუშავებასა და წარმოებაზეა მიმართული. EpiShuttle - სამედიცინო საიზოლაციო და სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც მაღალი რისკის მქონე ვითარებებში და ყოველდღიურადაც გამოიყენება, როდესაც რეზისტენტულ დაავადებებზეა ან სხვა ინფექციურ ვირუსებზეა საუბარი, რომლებიც მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. როგორც კი პაციენტს EpiShuttle-ში მოათავსებენ, სამედიცინო პერსონალს შეუძლია მისი ტრანსპორტირებისას სრული ინდივიდუალური დამცავი მოწყობილობა (PPE) აღარ ატაროს. EpiShuttle პირველი კლასის სამედიცინო მოწყობილობაა და შესაბამისი მარკირებაც აქვს - CE.
HealthCode AI - მხარდამჭერი აპლიკაციები სამედიცინო პერსონალისთვის ეპიდემიების დროს
სამედიცინო პერსონალი დიდი ზეწოლის ქვეშაა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის პანდემიას ებრძვის. სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმები და ჯანდაცვის სფეროს სხვა საინფორმაციო ინსტრუმენტები, სამედიცინო გუნდებსა და პაციენტებს შორის მონაცემთა სწრაფ გაცვლას და თანამშრომლობას განაპირობებენ. ეს გადაწყვეტილებები საკომუნიკაციო არხებსა და ჯანდაცვის ელექტრონულ ჩანაწერებს (EHR), აერთიანებს კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდამჭერ სისტემებთან და სხვა სასარგებლო ინსტრუმენტებთან. ეს ეხმარება ჯანდაცვის პროფესიონალებს მოვლენების კურსში იყვნენ, თანამშრომლების კოორდინაცია მოახდინონ და ხელისგულზე ჰქონდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
ესტონური სტარტაპი, HealthCode AI ექიმებს პაციენტების ყოველდღიურ მართვაში უწევს დახმარებას, ხელოვნური ინტელექტის დიაგნოსტიკური პლატფორმის გამოყენებით პაციენტების მდგომარეობის წინასწარ შესაფასებლად. სტარტაპმა ხელოვნური ინტელექტის მქონე ექიმი ლეია შექმნა, რომელსაც პაციენტებთან ურთიერთობა და დაავადების ინფორმაციის ვიზუალიზაცია შეუძლია ექიმებისთვის.
EpiMetrics – ვირუსის აფეთქების პროგნოზირება და ვიზუალიზაცია
ახალმა კორონავირუსმა, უჰანიდან დაიწყო გავრცელება და საგანგებო ვითარება შექმნა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მთელ მსოფლიოში. დიდი მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ვირუსის გავრცელების შენელების მცდელობებში: ადრეული გამოვლენითდა და მისი შეკავებითა და იზოლაციით დაწყებული, და შედეგების შერბილებითა და სეგმენტაციით, ვაქცინითა და ვირუსის მკურნალობის მეთოდებით დამთავრებული. მიღწევები გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების ინსტრუმენტების (GIS) სფეროში, COVID-19-ის გავრცელების მოდელირების საშუალებას იძლევა სხვადასხვა სივრცეებსა და დროის მასშტაბებში. ასეთი ვიზუალური ინფორმაცია ადვილად აღსაქმელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოების სიმშვიდის შესანარჩუნებლად ეპიდემიის გავრცელების დროს.
ინდური კომპანია EpiMetrics ანალიტიკაზე დამყარებულ სისტემას გვთავაზობს, რომელსაც მოახლოებული ეპიდემიური აფეთქებების აღმოჩენა შეუძლია რეალური დროის რეჟიმში. მათი სისტემები აღმოაჩენენ დაავადებებს, რომლებიც სწრაფად ვრცელდება და რუკას შექმნიან, რომელზეც ეპიდემიის სიმძლავრე და გავრცელების მასშტაბები ჩანს. მონაცემთა ვიზუალიზაციის მონიტორინგის პანელი, EpiMetrics მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაავადებების აფეთქებებს მიადევნოს თვალი, ზუსტი და ნათელი ინფორმაცია მიიღოს. ეს კი არასაჭირო რისკების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს სამედიცინო და სხვა სახის ბრიგადების განლაგებისას ინფიცირებულ კლასტერებში.
EVA Robot – დეზინფექციისა და პატრულირების რობოტები
დღეს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს აუცილებელი კადრების, სამედიცინო პერსონალის და პოლიციის ნაკლებობა, როდესაც კარანტინზე და სხვა პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე მიდგება საქმე. რობოტოტექნიკური და ავტომატიზებული გადაწყვეტილებები პროდუქტიულობას ზრდიან დაუსრულებელი დავალებების შესრულებისას, და პანდემიების დროს ცვლილებების გარეშე და შეუფერხებლად ფუნქციონირებენ. რობოტები პატრულირებისა და ქუჩების მონიტორინგისთვის გამოიყენება და მათიც, ვისაც COVID-19-ის სიმპტომები აქვს. გარდა ამისა. სპეციალური სადეზინფექციო რობოტები ადამიანებს ცვლიან, ქუჩებს ასუფთავებენ და სხვა სადეზინფექციო ოპერაციებს ატარებენ.
ჩინური სტარტაპი EVA Robot, ტროტუარების დასასუფთავებლად ავტომატურ რობოტს გვთავაზობს. ისინი წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, ავტონომიურად, ეფექტურად და ზუსტად აფრქვევენ სადეზინფექციო საშუალებებს, დეზინფექციას უკეთებენ და ასუფთავებენ სამიზნე სივრცეს. ახალი კორონავირუსი მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივებისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ, და ამიტომ უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები ულტრაიისფერი დეზინფექტორებით არიან აღჭურვილები, ერთი რობოტი საათში ერთხელ 150 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე სრულ დეზინფექციას ატარებს.
როგორ უნდა გასწორდეს მრუდი?
ეს სრულიად უპრეცედენტი ვითარებაა მრავალი ჩვენგანისათვის მთელ მსოფლიოში. ატიპიური პნევმონიის აფეთქებამ 2000 -იანი წლების დასაწყისში, 774 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს მსხვერპლი საკმარისი აღმოჩნდა კვლევა-განვითარების დასაწყებად და ჯანდაცვის სფეროში მარტივი გადაწყვეტილებების მისაღებად. დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ რეალური ეპიდემიების დროს რეაგირება შეუძლიათ, მთელ რიგ მობილურ, ელექტრონულ, დიაგნოსტიკურ და დისტანციურ სამედიცინო სტარტაპებსა და კომპანიებს. თუ გავიხსენებთ იმას, რომ უკვე ათასობით ადამიანი გარდაიცვალა, ჩვენ უამრავი ახალი კომპანიის ხილვა გვსურს, რომლებიც ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს შემოგვთავაზებენ ექიმების, მედდების, სხვა სამედიცინო პერსონალისა და ფართო საზოგადოების დასახმარებლად.