5 წელი "ბოდი შოპთან" ერთად - როგორ შეცვალა ბრენდმა საქართველოს სილამაზის ინდუსტრია და სოციალური აქტივიზმი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხუთი წლის წინ ბრიტანული კოსმეტიკური ბრენდი "ბოდი შოპი" ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებლებს ეთიკურად წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის თავის მოვლის საშუალებები შესთავაზა.
დღეს ბრენდი უკვე მყარად არის დამკვიდრებული და მისი პროდუქცია არაერთი მომხმარებლის რჩეულია.
"ჩვენთვის ეს 5 წელი მნიშვნელოვანი განვითარების პერიოდი იყო. "ბოდი შოპი" საქართველოში უკვე 7 ოფიციალური მაღაზიითაა წარმოდგენილი და 400-მდე აფთიაქშია ხელმისაწვდომი. ამასთან, როგორც კავკასიის მასტერ ფრენჩაიზი, ვფარავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც ჩვენს ქსელს აქტიურად ვაფართოებთ", – ამბობს ბრენდის გენერალური მენეჯერი, თინათინ მამუჭაძე.
"ბოდი შოპი" არ არის მხოლოდ კოსმეტიკური ბრენდი - ის ყოველთვის ცდილობდა, უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში მიეღო მონაწილეობა. ბრენდის ეს მისია მისმა დამფუძნებელმა, ანიტა როდიკმა დასახა კომპანიის დაარსებისას და ამ გზიდან, როგორც "ბოდი შოპში" ამბობენ, არასდროს გადაუხვევიათ.
სწორედ მათი სოციალური მისიის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელსაც "ბოდი შოპი" საქართველოში უჭერს მხარს, ქალთა გაძლიერებაა.
"ჩვენი დამფუძნებელი, ანიტა როდიკი, ყოველთვის იბრძოდა ქალების უფლებებისთვის. ჩვენ ამ მისიას ვაგრძელებთ და სხვადასხვა პროექტით ვამტკიცებთ, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. ვმუშაობთ გენდერული სტერეოტიპების დასამსხვრევად, ვუწყობთ ხელს ლიდერობის განვითარებას და ვცდილობთ, გავაძლიეროთ ქალების დამოუკიდებლობა", – აღნიშნავს თინათინი Entrepreneur-თან ინტერვიუში.
ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UN Women და UNFPA. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, "ქალები, რომლებიც არ არსებობენ", ეძღვნებოდა იმ ქალებს, რომლებმაც ტრადიციულად "არაქალური" პროფესიები აირჩიეს და სტერეოტიპები დაამსხვრიეს. პროექტის ფარგლებში, ამ ქალების საცხოვრებელ ადგილებთან სპეციალური აბრები განთავსდა, რაც მათ მიღწევებს წარმოაჩენდა.
"ბოდი შოპი" ეკომეგობრული ბრენდია და ამ მიმართულებითაც არაერთ ინოვაციას გვთავაზობს. საქართველოში ოფიციალურ მაღაზიებში ხელმისაწვდომია მრავალჯერადი გამოყენების ალუმინის ბოთლები, რაც პლასტმასის ნარჩენების შემცირებას უწყობს ხელს.
როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თინათინ მამუჭაძე გვიყვება, ნარჩენების შესამცირებლად ასევე, მაკიაჟის ხაზშიც დანერგეს რეფილ-შეფუთვები - ტუჩსაცხებისა და პუდრების მრავალჯერადი ქეისები, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო ეკოლოგიურად მოიხმარონ პროდუქტები.
"ბოდი შოპში" გარემოს დაცვა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ყველა შეფუთვა გადამუშავებული მასალებისგან არის დამზადებული და 100%-ით გადამუშავებადია მოხმარების შემდეგ. ასევე, მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, დაგვიბრუნონ ცარიელი შეფუთვები და მიიღონ ფასდაკლება. ეს ინიციატივა წელს უკვე აფთიაქების ქსელშიც გავრცელდება," – განმარტავს თინათინი.
ბრენდისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება ცხოველთა უფლებების დაცვაა. "ბოდი შოპი" ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო კოსმეტიკური კომპანია იყო, რომელმაც ცხოველებზე ტესტირების წინააღმდეგ გლობალური კამპანია წამოიწყო.
საქართველოში ბრენდი ყოველწლიურად უზრუნველყოფს მიუსაფარი ძაღლების კვებას და ზრუნავს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. პროექტის ფარგლებში არაერთი ხის სახლი აშენდა, რაც ქუჩის ძაღლებისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში "ბოდი შოპი" აქტიურად გააგრძელებს საქართველოში გაფართოებას და ახალი ინიციატივების დანერგვას. 2025 წელს ბრენდი ახალი, ინოვაციური პროდუქტების ხაზს წარადგენს.
გარდა ამისა, ბრენდი მომხმარებლების ჩართულობას სოციალურ პროექტებში კიდევ უფრო გაააქტიურებს. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ცარიელი შეფუთვების დაბრუნების პროგრამაა, რომელიც წელს "ჯიპისის" აფთიაქებშიც დაინერგება, სადაც ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი.
"ჩვენი მომხმარებლები ჩვენი მისიის განუყოფელი ნაწილი არიან. მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით ამ ყველაფრის გაკეთებას. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესი შეიძლება კეთილი საქმეების კეთებითაც განვითარდეს და სწორედ ამ გზას ვირჩევთ", - ამბობს თინათინ მამუჭაძე .
"ბოდი შოპი" რჩება ბრენდად, რომელიც არა მხოლოდ სილამაზეზე, არამედ პოზიტიურ ცვლილებებზე, სამართლიანობასა და გარემოს დაცვაზე ზრუნავს. ხუთწლიანი წარმატებული გზა საქართველოში მხოლოდ დასაწყისია - როგორც ბრენდის წარმომადგენლები გვპირდებიან, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და ინოვაციაა.