5 წელი ინოვაციების მენეჯმენტში და შემოქმედებითი მეწარმეობის სფეროში - ვინ ასწავლის მეწარმეობას BTU-ში? | ანი ვაშაყმაძის ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც კარიერის განმავლობაში ვისწავლე, არის ის, რომ უნდა შეძლო და მოტივაცია და დისციპლინა ერთმანეთთან დაამეგობრო. იქნება დღეები, როცა მოტივაცია შენელდება და თუ ასეთ დროს კარგად გამომუშავებულ დისციპლინას გამოიყენებ, საკუთარი ტემპის შენარჩუნებას შეძლებ მომავალ სტიმულამდე", − ანი ვაშაყმაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორი, მეწარმეობის კურსის ლექტორი.
ანი ვაშაყმაძე სწორედ იმ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ეპიცენტრში წლების წინ აღმოჩნდა და სხვადასხვა საქმიანობით, საქართველოში მუდმივად აზიარებს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების მაგალითებს. ანი ამჟამად BTU-ს ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. პარალელურად, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ინოვაციების, კონკურენციისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის კომიტეტის საბჭოს მოადგილეობასაც ითავსებს. ანი აქტიურად მუშაობს ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემების შექმნის, დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებების მიმართულებით. ასევე, მისი კომპეტენცია მოიცავს ფონდების მოზიდვასა და დონორებთან ერთად ახალი პროგრამების შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ ანი European Innovation Council-ის ეროვნული საკონტაქტო პირი და პროგრამული კომიტეტის წევრია, რომლის ფარგლებშიც სტარტაპებისთვის სხვადასხვა დაფინანსების პოტენციალი იხსნება. მიმდინარე ეტაპზე ანი ვაშაყმაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტის, Do IT with the EU-ის პროექტის მენეჯერიც გახდა.
როგორ დაიწყო კარიერული ნაბიჯები და რა საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს BTU-ში? − ამ და სხვა შეკითხვებზე Entrepreneur ანი ვაშაყმაძეს ესაუბრა.
"ინოვაციების მენეჯმენტისა და შემოქმედებითი მეწარმეობის სფეროში ბოლო 5 წელია რაც ვსაქმიანობ. მანამდე ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომეტრიკას. ასევე, დავამთავრე კლინგენდაელის დიპლომატიის აკადემია, რომელიც არის დამოუკიდებელი ე.წ. Think Tank-ი. ჩემი ერთ-ერთი პირველი სამსახური იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ქ. ჟენევაში, სადაც ვიყავი research fellow ეკონომიკური კვლევის, ბაზარზე დაშვებისა და საერთაშორისო პარტნიორობის დეპარტამენტებში. სამუშაო პროცესში, ყველაზე მეტად, მაინც კვლევისა და განვითარების კომერციალიზაციის (R&D commercialization) შესაძლებლობები და სერვისით ვაჭრობა (trade in services) მაინტერესებდა. 2018 წელს შევუერთდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გუნდს, ჯერ საერთაშორისო პროექტებისა და fundraising-ის მენეჯერად, ხოლო შემდეგ შევიცვალე პოზიცია და გავხდი საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მარკ ტვენის სიტყვები მახსენდება − "ისტორია არ მეორდება, თუმცა ხშირად ირითმება" (History Doesn't Repeat Itself, but It Often Rhymes). ტექ-ინდუსტრიაში მოხვედრა და ე.წ. ტექ-დიპლომატად პოზიციონირება მიბიძგა უშუალოდ ინოვაციების სფეროთი გატაცებამ, სხვადასხვა დროის ტექნოლოგიური მიღწევების გააზრებამ, საზოგადოებაზე დაკვირვებამ, თუ როგორ სჭირდებათ სტარტაპებსა და გამომგონებლებს ინოვაციური პოლიტიკის მხარდამჭერები. ასევე იმან, თუ როგორ გადაიტანა საზოგადოებამ წინაინდუსტრიალიზაციის პროცესები და როგორ ფორმირდება თანამედროვე უნარები.
რაც შეეხება კარიერულ საფეხურებს, მიღწევების გამოყოფა არ მიყვარს, თუმცა ალბათ მაინც მეწარმეებისა და ეკოსისტემის აქტორებისთვის დონორებისგან მოზიდული თანხების პორტფელის შექმნას გამოვყოფდი, ასევე, საერთაშორისო აქსელერატორში კომპონენტის შეტანას. ამით საშუალება მიეცათ ადგილობრივ აქსელერატორებს გადამზადებულიყვნენ", − განმარტავს რესპონდენტი.
წლების განმავლობაში დაგროვილ საერთაშორისო გამოცდილებას ანი ვაშაყმაძე სტუდენტებსაც აქტიურად უზიარებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საგანს − "ინოვაციასა და სამეწარმეო უპირატესობას" ასწავლის. აღსანიშნავია, რომ საგნის სილაბუსი შედგენილია MIT-ის საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებით. სულ ახლახან, ანი ვაშაყმაძის სტატია MIT-ში გამოქვეყნდა. Combating Antibiotic Resistance: The Entrepreneur's Journey to Restore the World's Oldest Phage Factory − ასე ჰქვია სტატიას, რომელიც მსოფლიოს უძველესი ფაგების საწარმოს აღდგენისა და განვითარების ისტორიას აღწერს.
როგორია ანი ვაშაყმაძის სალექციო პროცესი BTU-ში? როგორც უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აღნიშნავს, მისი ლექტორული ცხოვრება, შესაძლოა, ორი მახასიათებლით განისაზღვროს − მეგობრული დამოკიდებულებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. კურსის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გუნდების ფორმირებას, ვინაიდან ნებისმიერი სტარტაპი სწორედ გუნდსა და სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანებზე დგას.
"ჩვენი საგნის სილაბუსი შედგენილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით. MIT-ის მეთოდოლოგიის გაზიარება მაძლევს საშუალებას, სტუდენტებთან თანამშრომლობისას თავდაჯერებული ვიყო. MBA-ს სტუდენტები ისედაც სწავლობენ მდგრადი განვითარების პრინციპებს, თუმცა მე მაინც საკმაო დროს ვუთმობ თითოეული ლექციის დროს ინოვაციური ბიზნესმოდელის შემუშავების დროს მდგრადობისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობას. ამით ხაზს ვუსვამ ტექნოლოგიური მიღწევების ადამიანის მიერ დამორჩილების შესაძლებლობას. ასევე, ვითვალისწინებ მკვლევრების აზრს, რომ ახალგაზრდებს აღარ უნდა ვკითხოთ − "რა გინდა გამოხვიდე?" უნდა დავუსვათ შეკითხვა − "რას შეცვლიდი?". პირველი დავალებაც ეს არის ხოლმე და შედეგების მიხედვით ვცდილობ, დავყო სტარტაპ-გუნდებად − თითოეულ გუნდში ერთი შემოქმედებითი ადამიანი მაინც რომ მოხვდეს", − აღნიშნავს ლექტორი.
ადამიანები, რომლებიც ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში არიან ჩართულნი, ხშირად საუბრობენ, როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს ანტრეპრენერს. ხშირად, ეს მოსაზრებები განსხვავდება, თუმცა თითქმის ყველა თანხმდება, რომ ანტრეპრენერს არსებული გამოწვევების ახალ შესაძლებლობად გარდაქმნა უნდა შეეძლოს − ვინაიდან ცხოვრებისეული გამოწვევები სხვადასხვა დროს ყველა ადამიანს ხვდება. მთავარია, შეგვწევდეს უნარი, თითოეულ დაბრკოლებაში განვითარების ახალი პოტენციალი დავინახოთ.
"ისე მოხდა, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი გამოწვევა და ტექნოლოგიური სიკეთის დანახვა ერთმანეთს უკავშირდება. 17 წლის ასაკში 3 თვის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული. ტექნოლოგიის, სამედიცინო მიღწევებისა და შემდგომში უკვე ინოვაციური სარეაბილიტაციო გამოგონებების გარეშე, ჩემი სიცოცხლის გადარჩენისა და ჩვეულებრივი ცხოვრების ტემპთან დაბრუნების შანსი ფაქტობრივად არ არსებობდა. მას შემდეგ ამ გამოწვევით არსებულ გზას ყოველდღე თავიდან გავდივარ. ყოველდღე ინოვაციებისა და ტექნოლოგიის მიერ უკეთესი, თანაბარი და ინკლუზიური სამყაროს შექმნის რწმუნებულებით ვიწყებ სამუშაო დღეს", − აღნიშნავს ანი ვაშაყმაძე.
რესპონდენტს მიაჩნია, რომ გამოწვევებით სავსე სამყაროში ყველაზე დიდი სტიმული სტუდენტებთან სწორი კომუნიკაციის სურვილია. იმისათვის, რათა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს ინოვაციის მეშვეობით სამეწარმეო უპირატესობის მოპოვებაზე ესაუბროს, ყოველდღიურად თავადაც სჭირდება თვალსაწიერის გაფართოება. აქედან გამომდინარე, გამოცდილების გაზიარების სურვილი და საჭიროება მუდამ სძენს მოტივაციას, გაეცნოს საუკეთესო პრაქტიკებს და გადასცეს ცოდნა მათ, ვინც დაინტერესებულია ინოვაციების მიმართულებით.
"ხშირად ვამბობ ხოლმე − დრო ისე დაჩქარდა, თუ პროფესიად ჰობი არ გაქვს არჩეული, ძნელია დროის დეფიციტთან გამკლავება. ჩემს შემთხვევაში საკუთარი საქმის სიყვარული მაძლევს ამ ბალანსის შეგრძნებას.
რაც შეეხება რჩევას დამწყები ანტრეპრენერებისთვის − მიმაჩნია, რომ "რჩევა ყოველთვის განწირულია, როცა არ გეკითხებიან", ამიტომ ყველა რჩევისგან თავს შევიკავებდი, მოვუსმენდი იდეას და მიმართულებას მივცემდი, როგორ შეიძლება მოამზადონ მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ვალიდაცია ბაზარზე", − განმარტავს ანი ვაშაყმაძე.