Join our Waitlist for Expert Advice!

5 წიგნი Bookshop-ის ბიზნეს ლიტერატურის თაროდან თქვენი წარმატებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რაც პანდემია დაიწყო, ჩემს ინგლისურენოვან ბიბლიოთეკას ახალი წიგნი აღარ შემატებია, რადგან ახალი წიგნის შეძენა, ძირითადად, მოგზაურობას უკავშირდება, რასაც აგერ უკვე წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ველით...

რა სჯობს მსოფლიოს დიდ ქალაქებში რამდენიმე სართულზე განლაგებული წიგნის მაღაზიების თვალიერებას. დიახ, თვალიერებას, რადგან მოგზაურობისას საკმარისი დრო არასოდეს გრჩება იმისათვის, რომ წიგნების სამყაროში რამდენიმე საათით განმარტოვდე...

თუ თვალიერების დრო და საშუალებაც არ აღმოგაჩნდა, მადლობა ღმერთს, არსებობს აეროპორტი, რომელთა უმრავლესობა წიგნების არცთუ ურიგო არჩევანს გვთავაზობს. შესაძლოა, სპეციფიურ ლიტერატურას აქ ვერ მიაგნოთ, მაგრამ უეჭველად აღმოაჩენთ ახალ, საინტერესო გამოცემებს.

სწორედ მოგზაურობას უნდა ვუმადლოდე, რომ საკმაოდ მდიდარი ინგლისურენოვანი ბიზნეს ბიბლიოთეკა მაქვს, რომელიც წელიწადზე მეტია, უიმედოდ ელოდა განახლებას, სანამ არ შევიტყობდი, რომ თბილისში გამოჩნდა სივრცე, სადაც ქვეყნიდან გაუსვლელად შემიძლია აღმოვაჩინო ახალი წიგნები.

Bookshop სწორედ ის ადგილი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი ეს დანაკლისი სრულად შემივსო და პირველივე მისვლაზე ერთის ნაცვლად ხუთი წიგნით დავბრუნდი შინ.

გაინტერესებთ, რომელ წიგნებზე შევაჩერე არჩევანი და რატომ გირჩევთ თქვენც მათ წაკითხვას?

თუ კი, გაეცანით მათ მოკლე მიმოხილვას და აღარ გადადოთ, ესტუმრეთ Bookshop-ის გნებავთ ფიზიკურ მაღაზიას ჭავჭავაძის 14-ში და გნებავთ ციფრულ პლატფორმას მისამართზე – www.bookshop.ge

მაშ ასე, დავიწყოთ!

წიგნი #1

Richard Branson. Screw It, Let's do it. Lessons in Life and Business

ცნობილი ბრიტანელი ანტრეპრენერის, სითამამითა და ინოვაციურობით გამორჩეული ბრენდის Virgin-ის დამფუძნებლის სერ რიჩარდ ბრენსონის სხვა წიგნებიც მომეპოვება ჩემს ბიბლიოთეკაში, მაგრამ Screw It, Let's do it განსაკუთრებულად მიყვარს და დარწმუნებული ვარ, თქვენც შეგიყვარდებათ. მახსოვს, ამ წიგნის კითხვაში როგორ შეუმჩნევლად გავიდა ლონდონი–თბილისის რეისისთვის განკუთვნილი თითქმის ხუთი საათი, მეკი ნაცვლად იმისა, რომ სხვა მგზავრების მსგავსად გამხარებოდა თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაშვება, პირიქით, მინდოდა პილოტს კიდევ გაეგრძელებინა ფრენა, რომ მეც კიდევ უფრო დიდ ხანს მეფრინა ჩემს ფავორიტ ანტრეპრენერთან ერთად...

დიახ მეფრინა, გნებავთ პირდაპირი, გნებავთ ირიბი გაგებით, რადგან ამ მასშტაბის, ამ გაქანების და შესაძლებლობის ადამიანები არა მხოლოდ კონტინენტებს აახლოებენ ერთმანეთს, არამედ ამჯერად უკვე გალაქტიკის პლანეტებს...

წიგნში ავტორი თავად იხსენებს საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, ბავშვობიდან და მისი პირველი ბიზნესიდან დაწყებული, დღევანდელი ბიზნეს იმპერიით დამთავრებული. თუმცა, ბრენსონისთვის დამთავრებული ჯერ არაფერია, რადგან სიცოცხლე და სწავლა განუყოფელია – I am still learning and hope I never stop.

ბრენსონს სჯერა მიზნების. ის პრაქტიკულია. არ ფანტაზიორობს. მიზანს ისახავს და დაუღალავად მუშაობს მის მისაღწევად. რასაც აკეთებს, გულით აკეთებს. ესაა მისი და მისი მიერ დაფუძნებული Virgin-ის კრედო.

მისთვის ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლაა, საიდანაც ყველაზე ღირებული რამ ისწავლა – Just do it! და ჩვენც იგივესკენ მოგვიწოდებს, რისთვისაც პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მის მიერვე წიგნში მოყვანილი ჩინური სიბრძნეც ამას გვასწავლის, რომ ათასი მილის მოგზაურობაც პირველი ნაბიჯით იწყება...

Take that first step. There will be many challenges. You might get a few knock-backs – But in the end, you will make it – Richard Branson.

ვინ მოთვლის რამდენი პირველი ნაბიჯი გადადგა რიჩარდ ბრენსონმა 1967 წლიდან, Virgin-ის დაფუძნებიდან, დღემდე როცა Virgin-ის ბრენდის ქვეშ უზარმაზარი კომპანიები გვხვდება სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს მატარებლები, თვითმფრინავები და კოსმოსური ხომალდებიც კი, აღარაფერს ვამბობ საკომუნიკაციო ბიზნესზე, წიგნებზე, რადიოზე, ტურიზმზე...

Richard Branson: I relish it when we take on a new idea and make it fly – იფრინეთ თქვენც!

წიგნი #2

Edward de Bono: Six Thinking Hats

დღემდე მახსოვს, რამდენად დიდი გავლენა იქონია ჩემზე ედუარდ დე ბონოს წიგნმა "ექვსი მოაზროვნე ქუდი", რომელიც მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში სწავლისას ლექტორის რეკომენდაციით ამაზონიდან გამოვიწერე. დღეს კი სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა ამ წიგნს თბილისში Bookshop-ის ბიზნეს ლიტერატურის თაროზე მივაგენი და არ შემეძლო მისთვის რეკომენდაცია არ გამეწია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მისი წაკითხვის შემდეგ რადიკალურად შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ჩაატაროთ ბევრად ეფექტური შეხვედრები და საკმაოდ რთულ და კომპლექსურ საკითხებზე გაცილებით სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები.

აზროვნება. აზროვნება და კიდევ აზროვნება. ეს არის მთავარი, რისკენაც დე ბონო მოგვიწოდებს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ლატერალური ანუ მრავალმხრივი აზროვნების კონცეფციას.

და მაინც, რას გულისხმობს დე ბონო მოაზროვნე ქუდებში?

აზროვნების მთავარი პრობლემა ქაოსურობაა. ემოციები, ინფორმაცია, ლოგიკა, იმედი თუ კრეატიულობა ერთდროულად ახდენენ ჩვენზე გავლენას.

ექვსი ქუდის მეთოდი კი სწორედ მათ განცალკევებაში გვეხმარება და რადგან შეუძლებელია ერთდროულად ფაქტების ანალიზი და ამავე დროს შემოქმედებითი აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა და ემოციური მიდგომა, ჯობს ყველა "ქუდი" რიგრიგობით მოვირგოთ და რაც უნდა ძლიერი არგუმენტები გვქონდეს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, მაინც ვაიძულოთ თავი, ალტერნატიულად ვიფიქროთ, რადგან აქ მთავარი ის კი არ არაა, თუ რა არის, არამედ ის, თუ რა შეიძლება იყოს.

აქ მტყუანი და მართალი არ არსებობს. აქ შემოქმედებითი, კონსტრუქციული აზროვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონფრონტაციული. მომავალი და არა წარსული. მომავალი და არა აწმყო.

პარალელური აზროვნების მეთოდი საკითხის კომლექსური შესწავლის მეთოდია, როცა ერთის ნაცვლად, ყველა მიმართულებით ვიწყებთ აზროვნებას და ყველა კუთხით ვსწავლობთ საკითხს. სწორედ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ გუნდის ყველა წევრის ცოდნისა და გამოცდილების სრულად გამოყენებას, რადგან ერთდროულად ყველა ერთი მიმართულებით იყურება, ივიწყებს ეგოს და საკუთარი არგუმენტის გამარჯვების მცდელობის ნაცვლად, ცდილობს ნეიტრალურად და ობიექტურად შეისწავლოს საკითხი – თანაც გაცილებით მოკლე დროში.

მაშ ასე, რიგრიგობით დავიხუროთ ექვსივე ქუდი. დიახ ექვსივე, მიუხედავად იმისა, რისკენ გვაქვს მიდრეკილება... უნდა შევეჩვიოთ ჩვეული როლიდან გამოსვლას და თუ ამა თუ იმ საკითხზე ჩამოყალიბებული უარყოფითი პოზიცია გვაქვს, რადგან ვხედავთ დიდ რისკებს და საშიშროებებს, იგივე საკითხზე მაინც შევძლოთ ვიფიქროთ პოზიტიურად, შემოქმედებითად, რის შემდეგ შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ რისკებზე მეტი ახალი შესაძლებლობა ყოფილა.

ექვსი ქუდი. ექვსი ფერი:

  1. თეთრი: ნეიტრალური. ობიექტური. ფაქტობრივი.
  2. წითელი: ემოციური. მგრძნობიარე. ინტუიტიური.
  3. შავი: სერიოზული. ფრთხილი. წინდახედული.
  4. ყვითელი: პოზიტიური. ოპტიმისტური. კონსტრუქციული.
  5. მწვანე: ენერგიული. შემოქმედებითი. ალტერნატიული.
  6. ლურჯი: მაკონტროლებელი. ორგანიზატორული. დამკვირვებლური.

მნიშვნელობა არ აქვს რა მასშტაბის და სირთულის საკითხს იხილავთ? ეს იქნება ოჯახის წინაშე არსებული გადაუწყვეტელი საკითხი, შეიძინონ თუ არა აგარაკი ქალაქთან ახლოს, ბიზნეს ორგანიზაციის გამოწვევა – დაიწყონ თუ არა ახალი მიმართულებით განვითარება, სახელმწიფოებრივი საკითხი – განავითარონ საკუთარი ენერგორესურსები თუ კვლავ იყვნენ დამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტზე და ბოლოს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინაშე მდგარი დილემა – ბოლოსდაბოლოს შევიდნენ თუ არა პარლამენტში – ექვსი ქუდის მეთოდი თანაბრად სასარგებლო და ეფექტური იქნება, რადგან თქვენ მიეჩვევით მთავარს – პარალელურ აზროვნებას, რაც საკითხის ფუნდამენტურ, კომპლექსურ შესწავლაში და სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ.

ასე რომ, ისწავლეთ ფიქრი. მეტად ეფექტურად!

წიგნი #3

John Cleese. Creativity. A short and cheerful guide

გახსოვს, ბოლოს როდის ითამაშე თანატოლებთან ერთად, როცა არც კი იცოდი რას და რატომ აკეთებდი, არც არაფერი გაღელვებდა, უბრალოდ თამაშობდი? თამაშობდი სპონტანურად, როცა სულაც არ ცდილობდი შეცდომებისგან თავის არიდებას და არც არანაირი მიზანი არ გქონდა. უბრალოდ თამაშობდი ბავშვურად, შიშისგან და საფრთხისგან თავისუფალი.

განსხვავება კრეატიულ და არაკრეატიულ მოზარდებს შორის, ძირითადად, იმაშია, რამდენად შეუძლიათ მათ, დარჩნენ ბავშვებად და ითამაშონ, როგორც ბავშვებმა.

გსურს იყო კრეატიული? ისწავლე ბავშვივით თამაში – ფიქრობს წიგნის ავტორი და ბავშვობაში, ანუ კრეატიულობაში, დასაბრუნებლად რამდენიმე რჩევას გვიზიარებს:

კრეატიულობის ყველაზე დიდი მტერი ხელისშემშლელი ფაქტორებია. კვლევის თანახმად, გარემო ფაქტორის ზეგავლენით აზრის გაწყვეტიდან 8 წუთია საჭირო ცნობიერის იგივე დონეზე დასაბრუნებლად და 20 წუთი – ჩაღრმავებულ აზროვნებამდე.

ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს გარეც და შიდაც. ტელეფონის ზარი, ახალი შეტყობინება, თანამშრომლის მოულოდნელი შემოსვლა სამუშაო ოთახში – ეს გარემო ფაქტორებია, თუმცა მაშინაც კი, როცა არავინ და არაფერი გვიშლის ხელს ფოკუსირებაში, შესაძლოა უცაბედად რაღაც მნიშვნელოვანი გაგვახსენდეს ან რამე ისეთზე დავიწყოთ ფიქრი, რამაც სრულიად გამოგვთიშოს ფიქრის პროცესისგან.

ამიტომაც, საჭიროა საზღვრების დაწესება, ფიზიკური სივრცე და სპეციალურად გამოყოფილი დრო, როცა არავინ შეგვაწუხებს, როცა ნამდვილი ბავშვივით თავდავიწყებით ვითამაშებთ და რამდენიც არ უნდა გვიხმონ უფროსებმა, მაინც ვერ გავიგებთ მათ ხმას და გავაგრძელებთ თამაშს...

ასე რომ, თუ გვსურს ვიყოთ კრეატიულები, უნდა დავრჩეთ ბავშვებად. და კიდევ, ნუ ვიფიქრებთ, რომ კრეატივი მხოლოდ ხელოვანებს სჭირდებათ და შემოქმედებითი უნარი მხოლოდ მათთვისაა დამახასიათებელი. სულაც არა, კრეატიული ყველა შეიძლება გახდეს, ინჟინერი იქნება თუ არქიტექტორი, მთავარია არ დავივიწყოთ ბავშვური გატაცება და არავის მივცეთ უფლება, შეგვაწყვეტინოს უმიზნო და უაზრო თამაში...

წიგნი #4

Thomas Erikson. Surrounded by Psychopaths. Or, How to Stop Being Exploited by Others

თუ ფსიქოპათის ხსენებაზე მხოლოდ სერიული მკვლელი და მოძალადე კრიმინალი გახსენდება და ფიქრობ, რომ ასეთი მანიაკების ადგილი ციხეშია და სანერვიულო არაფერი გაქვს, ცდები. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს წიგნის ავტორი ტომას ერიქსონი, რომელმაც მას შემდეგ, რაც მისმა მსოფლიო ბესტსელერმა Surrounded by Idiots მისთვისვე მოულოდნელად დიდი ინტერესი და გამოხმაურება დაიმსახურა, ახალი, ამჯერად ფსიქოპათთაგან თავდაცვის ტექნიკის შესახებ ახალი წიგნი დაწერა.

წიგნი, რომლის წაკითხვისას ვხვდებით, რომ ჩვენს გარშემო ბევრად მეტი ფსიქოპათია, ვიდრე წარმოგვედგინა. მთავარია, ვისწავლოთ მათი გარჩევა, შევძლოთ მათი საქციელის უკან შესაძლო ფარული ზრახვების წაკითხვა და ამ ცოდნით შეიარაღებულებმა მათი უარყოფითი ზეგავლენისაგან თავი დავიცვათ. ამაში კი წიგნი Surrounded by Psychopaths დაგვეხმარება.

ეს ადამიანებს შორის ურთიერთობების ხელოვნებაზე აგებული წიგნი ბევრს დაგეხმარებათ სიცოცხლის ხალისის შენარჩუნებაში, ბევრს კი, ვისაც სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ეს ხალისი დაკარგული აქვს, მისი აღდგენასა და სიცოცხლით ტკბობისა და სიყვარულის გრძნობის დაბრუნებაში.

მაინც რა არის ფსიქოპათისათვის დამახასიათებელი თვისებები? გარდა იმისა, რომ მათ ერთი საერთო მთავარი მიზანი აქვთ – ნებისმიერი სიტუაცია თავისდა სასარგებლოდ გამოიყენონ, არსებობს მეცნიერების მიერ შემუშავებული სია იმ თვისებებისა, რაც ფსიქოპათებს ჩვეულებრივი ადამიანებისგან გამოარჩევს:

  1. მსუბუქი და ზედაპირული მომხიბლაობა
  2. საკუთარ თავზე გრანდიოზული წარმოდგენა
  3. სინანულისა და დანაშაულის გრძნობის ნაკლებობა
  4. თანაგრძნობისა და ემპათიის ნაკლებობა
  5. პათოლოგიური ტყუილი
  6. ცბიერება და მანიპულაცია
  7. ზედაპირული ემოციურობა
  8. იმპულსურობა
  9. უკონტროლო ქცევა
  10. სტიმულის საჭიროება
  11. უპასუხისმგებლობა
  12. ადრეული ასაკის ქცევითი პრობლემები
  13. ზრდასრული ასაკის ანტისოციალური ქცევა
  14. ცხოვრების პარაზიტული წესი
  15. მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება
  16. რეალისტური გრძელვადიანი მიზნების არარსებობა
  17. საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის არიდება
  18. არასრუწლოვანთა კრიმინალი
  19. კანონდარღვევა
  20. კრიმინალური მრავალფეროვნება

ამ 20 დისფუნქციის გასწვრივ შეგვიძლია მივაწეროთ ქულები 0,1 ან 2, რაც, შესაბამისად, აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ დარღვევას ადგილი აქვს არასდროს (0), ხანდახან (1) ან ყოველთვის (2). 35-დან 40 ქულამდე კარგად ცნობილი ფსიქოპათები ხვდებიან, 30 ქულაზე მეტს დიდი ალბათობით ფსიქოპათები იმსახურებენ, 15-20 ქულას შორის დამაფიქრებელი ტენდენციები იკვეთება, ხოლო თუ თქვენ 15 ქულაზე ნაკლები მიიღეთ, გილოცავთ – არაფერი გაქვთ საერთო ფსიქოპათებთან.

საკუთარი თავის შეფასებისას 20-დან რომელიმე პუნქტს შესაძლოა 1 ან 2 ქულაც მიაწეროთ, მაგრამ ნუ შეშინდებით. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ფსიქოპათი ხართ. მთავარი, რაც მათგან განგასხვავებთ ისაა, რომ თქვენ მთელი სხეულით გრძნობთ, რა არის ცუდი, რა კარგი და არავისთვის ზიანის მიყენება არ განგიზრახავთ. შემთხვევით ასეც რომ მოხდეს, ამის გამო ძალიან ცუდად იგრძნობთ თავს. სწორედ ესაა მთავარი, სხვა ფაქტორებთან ერთად, რაც მიუთითებს თქვენს ადამიანობაზე...

ფსიქოპათი არაფერს გრძნობს. ის აკეთებს იმას, რაც უნდა, რადგან ფიქრობს, რომ ამის უფლება აქვს. ის ფიქრობს, მაგრამ არ გრძნობს.

როგორც მგელს არაფრად ადარდებს, რას განიცდის ცხვარი, რომელიც ეს ესაა უნდა გადასანსლოს, ასეა ფსიქოპათიც – მას არაფრად ადარდებს, რას განიცდის სხვა ადამიანი. ამიტომაც, როგორც მეცხვარე ცდილობს დაიცვას საკუთარი ცხვრები მგლებისგან, ასე უნდა დაიცვათ საკუთარი თავი ფსიქოპათებისგან, რომლებიც, ავტორის თქმით, ჩვენს გარშემო, ჩვენს ყოველდღიურობაშიც მრავლად არიან.

ფსიქოპატისთვის დამახასიათებელ საქციელს ყოველდღიურობაში ვხვდებით. ფსიქოპათები ჩვენს გარშემო არიან, მაგრამ შესაძლოა ვერ ვამჩნევდეთ მათ. მაინც, როგორ დავიცვათ მათგან თავი?

ამ კითხვის პასუხად წიგნის ავტორი სამ რჩევას გვაძლევს:

  1. აიმაღლეთ ცოდნა და თვითშემეცნება
  2. ისწავლეთ, როგორ ამოიცნოთ ფსიქოპათიური საქციელი
  3. ჩამოყალიბდით, რა გიღირთ საკუთარი ღირსება და პატივი

ამისთვის კი ტომას ერიქსონის წიგნის Surrounded by Psychopaths დაკვირვებით წაკითხვაა საჭირო, რაც უფრო მეტ ცოდნას მოგცემთ არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნოთ ადამიანების შარმისა და მომხიბვლელობის უკან ფარული მანიპულაცია, თქვენზე კონტროლის დამყარების მცდელობის საფრთხე და როგორ არ მისცეთ ასეთ ადამიანებს საშუალება, თქვენი სუსტი მხარეები და მოქმედება თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

ფრთხილად! ფსიქოპათები ჩვენს გარშემო არიან. მიუხედავად იმისა, 40 ქულიან შკალაზე რამდენი ქულით ფასდებიან ისინი, საჭიროა მეტი ყურადღება მათთან გასამკლავებლად.

წიგნი #5

Damian Hughes. The Barcelona Way. How to create a High-Performance Culture

სპორტს და ბიზნესს ბევრი რამ აერთიანებს. უფრო სწორად, ყველა ორგანიზაციაში, სადაც მიზნად ისახავენ, წარმატება და მაღალი კლასი, მაღალი სტანდარტი ორგანიზაციული კულტურის ნაწილად აქციონ, გუნდურობისა და ორგანიზაციული მოწყობის მიმართ საერთო მიდგომები აქვთ.

ამიტომაც, ეს წიგნი არა მხოლოდ სპორტით, კონკრეტულად კი ფეხბურთით დაინტერესებულთათვისაა საინტერესო, არამედ ყველასთვის, ვინც ადამიანების მენეჯმენტით, ტალანტის განვითარებით, გუნდური სულისკვეთების შექმნით, მაღალი ეფექტურობისა და გამარჯვებაზე ორიენტირებული კულტურის შექმნითა და ორგანიზაციული ცვლილების ფსიქოლოგიითაა დაინტერესებული.

ავტორი დეტალებში აღწერს პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო მიდგომას, მის უნარს, მისცეს "ნიჭსა გზა ფართო", რამაც ბარსელონა პლანეტის უძლეველ გუნდად აქცია. მეტიც, ბევრი თვლის, რომ გვარდიოლას ბარსელონა 2008–2012 წლებში ყველა დროის საუკეთესო გუნდია. შესაძლოა, ამ მოსაზრებას ყველა არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, გუნდის ყველა წევრის თანაბარი ჩართულობით საერთო მიზნისთვის ერთად მუშაობა, რაც გვარდიოლას აზრით, გუნდის იდენტობას განსაზღვრავს.

წიგნის ავტორი მიზნად ისახავს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მაგალითზე აღმოგვაჩენინოს გამარჯვებაზე ორიენტირებული კულტურის კოდი! იქნება ეს სპორტი, ბიზნესი თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია თანამედროვე კორპორაციული სამყაროდან, სადაც, ისევე როგორც ფეხბურთში, მხოლოდ საუკეთესო მენეჯერული პრაქტიკა იმარჯვებს.

ამიტომაც წიგნი The Barcelona Way ყველას თანაბრად დააინტერესებს, როგორც სპორტსმენებს, ისე სპორტის გულშემატკივრებს და ნებისმიერ ადამიანს, ლიდერებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სხვა ლიდერთა გამოცდილების გაზიარება, გუნდური მუშაობის შედეგად დაგროვილ სიბრძნესთან და ინდივიდის მიერ სხვა ინდივიდების სწორად მართვით მიღწეული წარმატების საიდუმლოსთან ზიარება.

იმ ორგანიზაციებში, სპორტულსა თუ არა სპორტულში, სადაც ადამიანები საკუთარ თავს გუნდის საერთო მიზანს ბოლომდე უძღვნიან, მუდმივი გამარჯვების კულტურა ყალიბდება, რომლისთვისაც მიუწვდომელი და მიუღწეველი არ არსებობს.

ამიტომაც არის ბარსა, მართლაც რომ More than a club...

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
მენეჯმენტი

რას ნიშნავს იდეალური სამიზნე

კლიენტის მოძებნის კონცეფცია ახალბედა ანტრეპრენერთათვის

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ლიდერობა

ლიდერობა, როგორც მსახურება - 4 მთავარი პრინციპი

თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის