Get All Access for $5/mo

''50-ზე მეტმა ადამიანმა გადამიღო ფოტო და ყველა ჩემზე ლაპარაკობდა'' - ნიკა აბაშიძე Caru-ს დამფუძნებელი TechCrunch Disrupt 2022-ზე ყურადღების ცენტრში მოექცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება - TechCrunch Disrupt ყოველწლიურად მასპინძლობს გლობალურ სტარტაპ საზოგადოებას და სტარტაპერებს ერთმანეთის აღმოჩენაში, დაახლოებაში, საინტერესო იდეების გაზიარებაში და თანამშრომლობაში უწყობს ხელს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სტარტაპები საზოგადოებას თავიანთ მიღწევებსა და რთულ ანტრეპრენერულ გზაზე წარმოქმნილ გამოწვევებზე უამბობენ.

წლევანდელი TechCrunch Disrupt 18-20 ოქტომბერს, სან ფრანცისკოში იმართება და ტრადიციულად, უამრავ მონაწილეს აერთიანებს, რომელთა შორისაც ორი ქართული სტარტაპი - Caru და Theneo-ა წარმოდგენილი.

სულ ახლახან, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა Caru-ს დამფუძნებლის, ნიკა აბაშიძის ფოტო ღონისძიებიდან, რომელზეც ნიკას აცვია მაისური წარწერით - ARR $1.6M Gross Profit $570K (წლიური საშუალო შემოსავალი $1.6 მლნ - მოგება $570 ათასი). თუ რას გამოხატავს ეს მაისური და რატომ გახდა ის ასეთი გამოხმაურების საგანი, Entrepreneur-მა თავად ნიკას ჰკითხა.

"ვინაიდან სან ფრანცისკოში ვიყავი, გადავწყვიტე მსოფლიოში ყველაზე დიდ სტარტაპ სამიტს - TechCrunch Disrupt-ს დავსწრებოდი. შევსებული მქონდა მონაწილეობაზე განაცხადი, რომლის თანახმადაც, თითოეულ მონაწილეს ეკუთვნის სპეციალური სტენდი, მაგრამ ერთი თვის წინ მომივიდა წერილი უარყოფითი პასუხით - სტენდს ვერ მოგცემთო. მეც ავდექი და უკეთესი მოვიფიქრე - დავიწერე მაისურზე რაც არის მნიშვნელოვანი Caru-ს შესახებ და წავედი. ყველაზე პოპულარული ვიყავი მთელს ივენთზე. 50-ზე მეტმა ადამიანმა გადამიღო ფოტო და ყველა ჩემზე ლაპარაკობდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვიფიქრე იმ ხალხისთვის მეთქვა "დამპოსტეთ" და "დამთაგეთთქო", - აცხადებს ნიკა აბაშიძე.