Get All Access for $5/mo

აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გიორგი აბულაძე ეკომიგრანტია, მთიანი აჭარის ზვავსაშიში ზონიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი წალკაში 2001 წელს გადმოსახლდა. ოჯახს თავდაპირველად სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავდა, მათ შორის: კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი. 2017 წელს გიორგიმ და მისმა ოჯახმა ბროკოლის წარმოებას მიჰყო ხელი. სხვა ბოსტნეულთან შედარებით, ბროკოლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე მაღალია და მასზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს, თუმცა დიდწილად საზღვარგარეთიდან შემოდის. შესაბამისად, გიორგიმ გადაწყვიტა ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით ბროკოლი უფრო დიდ ნაკვეთზე დაეთესა და ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოება გაეფართოებინა.

ყველაფერი განაცხადის შევსებით დაიწყო, რომლის შემდეგ ევროკავშრისა და FAO-ს ექსპერტები აბულაძეების ოჯახს დაუკავშირდნენ, შეისწავლეს მათი საჭიროებები და სამომავლო პერსპექტივები. შედეგად, აგრონომებმა უზრუნველჰყვეს სადემონსტრაციო ნაკვეთის სწორად დაგეგმარება, რაშიც თავად გიორგის გამოცდილებაც გამოიყენეს. საბოლოოდ, გაზიარებული ცოდნითა და გამოცდილებით, 0.35 ჰექტარ მიწაზე ბროკოლის მაღალი სტანდარტებით წარმოება დაიწყო.

როგორც გიორგი ამბობს, ამ ეტაპზე მისთვის შეუძლებელი იქნებოდა დამოუკიდებლად შეექმნა ბროკოლის წარმოებისთვის საჭირო ყველა პირობა:

"აგრონომების წყალობით შევძელი, რომ ამ კულტურის მოყვანისთვის საჭირო ყველა რესურსი ხელთ მქონოდა, თანაც გამეზარდა ნაკვეთი და შესაბამისად მოვიყვანე უფრო მეტი ბროკოლი. ევროკავშირი და FAO დამეხმარა არამხოლოდ მატერიალურად, არამედ მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი სიახლეებს და პრაქტიკაში დამენერგა უახლესი მეთოდები" - აღნიშნავს გიორგი.

FAO-ს აგრონომი, დემნა მარცვალაძე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე აბულაძეების ოჯახი გუნდისგან თითქმის ყოველდღიურად იღებს ტექნიკურ დახმარებას:

"ევროკავშირისა და FAO-ს ფინანსებით 3,500 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შევიძინეთ ბროკოლის სათესლე მასალა, საჩითილე კასეტები, სპეციალური პოლიეთილენი მულჩისათვის, პირადი დაცვის საშუალებები, სასუქები, პესტიციდები, სარგავი. ასევე, ფერმერს გადავეცით მწერების საწინააღმდეგო ბადე სათბურისთვის, რომელიც მას სახლის ეზოში აქვს გაკეთებული".

გიორგის ბროკოლის მოსავლის აღება ახალი დაწყებული აქვს და მოსავლის ზრდას ელის. რაც შეეხება ხარჯებს, ფერმერმა ამ კუთხით დიდი შეღავათი მიიღო, რადგან მისი ნაკვეთის მოსაწყობად თითქმის ყველა ხარჯი ევროკავშირმა და FAO-მ დააფინანსა. გარდა ამისა, გიორგი გადამზადდა ჩითილების წარმოებასა და მათ მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებში. ექსპერტებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია მთლიანი ციკლის განმავლობაში მცენარის მოვლის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდების შესახებ.

უნდა ითქვას, რომ ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, ქართველი ფერმერები იღებენ არამხოლოდ მატერიალურ დახმარებას, არამედ ეცნობიან და ნერგავენ სიახლეებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"როგორც მოგეხსენებათ მსოფლიოში გამუდმებით მიმდინარეობს გლობალური ცვლილებები. აქედან გამომდინარე აუცილებელია სიახლეების გათვალისწინება და ამ ყველაფრის მორგება თანამედროვე სოფლის მეურნეობასთან. პირობითად, სხვადასხვა მავნებლებსა და დაავადებებს რეზისტენტულობა აქვთ გამომუშავებული კონსერვატიული მცენარეთა დაცვის მეთოდებზე. ახლა კი, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ განვითარებას, რათა გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა საქართველოში, მაგალითად, დავნერგოთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, მულჩირება, ბაზოებზე თესვა და სხვა." – ამბობს დემნა მარცვალაძე.

როგორც ფერმერი გიორგი აბულაძე ამბობს, ეს მხოლოდ დიდი თანამშრომლობის საწყისი ეტაპია. იგი ფიქრობს, რომ მოსავალი მალე მკვეთრად გაეზრდება და საკუთარი პროდუქციის ქსელურ მარკეტებში რეალიზებასაც შეძლებს. ასევე გეგმავს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით სხვა კულტურების მოყვანას, რაშიც აგრონომთა მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლების მოწყობა პროექტ "ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დღემდე საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში 19 სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, ხოლო 11 სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურები საერთო ჯამში 18 ჰექტარამდე ფართობზე დაითესა.