Get All Access for $5/mo

ადგილობრივი განვითარების ჯგუფები სოფლად თემებს აძლიერებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და თანამონაწილეობას ითვალისწინებს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები აერთიანებენ ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, სოფლის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს შეიმუშავებენ. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტებს გასცემენ. ჩვენ რამოდენიმე LAG-ის შესახებ მოგიყვებით და მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობას გაგაცნობთ.

თეთრიწყაროს LAG

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი თეთრიწყაროში არსებობის სამ წელს ითვლის. ამ დროში LAG-მა შეძლო მოსახლეობის მხრიდან წამოსული ნიჰილიზმი გაექრო და ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთო როგორც სამოქალაქო, ისე საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები. არსებული პრობლემების გამოაშკარავებითა და მათი გადაჭრით, მთლიანად შეიცვალა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება – ისინი მიხვდნენ, რომ შესაძლებელია საკუთარი სურვილები თუ ოცნებები მშობლიურ მხარეში რეალობად აქციონ.

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობა თანმიმდევრულია – ყველაფერი იწყება პრობლემის დასმით და მიზნად ისახავს მის გადაჭრას სამივე სექტორის წარმომადგენელთა მიერ. როგორც ამბობენ, ხელშეწყობას ტურიზმის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორი მოითხოვდა – აქ არ არსებობდა ტურისტისთვის მიმზიდველი ლოკაციები, ხოლო ფერმერებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა შეესყიდათ საჭირო აგრო-ტექნიკა, რაც პირდაპირ კავშირშია მოსავლიანობასთან. ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, LAG-მა თეთრიწყაროში ახალი შესაძლებლობები გააჩინა, მოსახლეობას საშუალება მიეცა რეალურად გადაეჭრათ პრობლემები. გასულ წელს მუნიციპალიტეტში 500 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დამუშავდა, ასევე ინვესტიცია ჩაიდო საოჯახო სასტუმროების კეთილმოწყობასა და მშენებლობაში. გარდა ამისა, თეთრიწყაროს LAG-ი აქტიურად ჩაერთო ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე გამართულ აქტივობებში, რამაც ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტის ცნობადობის ზრდას.

როგორც ნინო ტიკურიშვილი, თეთრისწაროს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, მათი ფუნქციონირება ევროპულ LEADER მიდგომას ეფუძნება, რაც განვითარების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს: "გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივებმა უკეთ იციან თემის საჭიროებები, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას მოსახლეობა ახდენს და თავადვე განსაზღვრავს ამ პრობლემების მოგავრების გზებს. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ LAG-ი წარმოადგენს მულტისექტორულ პლათფორმას, სადაც გაერთიანებულია სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მისი განსაკუთრებულობა და ეფექტუტობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სექტორის წარმოამდგენელი ერთი მაგიდის გარშემო იკრიბება და საერთო მიზნისთვის საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს უზიარებს გუნდს."

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა უკვე 80-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა, რითაც მთლიანად შეცვალა რეგიონის ეკონომიკური და სოციალური გარემო: "რთულია გამოყო კონკრეტული პროექტი, თუმცა საბავშვო ბაღების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია იყო. საგრანტო პროგრამის I ფაზაში დაფინანსდა საბავშვო ბაღების პროექტი, რომლის ფარგლებშიც 9 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო სათამაშო მოედნები ევრო სტანდარტების დაცვით. III ფაზის ფარგლებში კი მოხდება მათი შიდა ინვენტარისა და ავეჯის განახლება, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს საჯარო ბაღების პირობებს მთელი რეგიონის მასშტაბით" – ამბობს ნინო ტიკურიშვილი.

ქედის LAG

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბებისა და ევროპული მოდელის LEADER მიდგომის შედეგად, მოხდა რეგიონში ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ადგილობრივი ბიზნესების ხელშეწყობა, შეიქმნა დამატებით სამუშაო ადგილები. დაიწერა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც მოხდა პრიორიტეტული სფეროებისა და რესურსების იდენტიფიცირება, რის შედეგადაც გამოიკვეთა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამოქმედო არეალი.

ქედას დიდი რესურსები გააჩნია როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური, რომელიც აქამდე არ იყო კარგად ათვისებული. მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა ერთიანი სტრატეგიული ხედვა ეკონომიკური განვითარებისთვის, საქმიანობები ძირითადად სოფლის მეურნეობითა და ტურიზმით შემოიფარგლებოდა, ვერც მომსახურების სფერო აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ამასთანავე მუნიციპალიტეტის ცნობადობა საკმაოდ დაბალი იყო. ერთ-ერთი მიზეზი რამაც ეს განაპირობა იყო სათემო ორგანიზაციების სიმწირე, რეგიონში არ ხდებოდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსდა პროექტები, LEADER მიდგომის დანერგვით კი მოხდა თემების მობილიზება, საზოგადოების ჩართვა და მათი მონაწილეობის მიღება ქედის განვითარებაში. ასე რეგიონში გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, რამაც ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას შეუწყო ხელი, ჩამოაყალიბა სტრატეგიული ხედვა და წაახალისა უწყებათაშორისი თანამშრომლობა, რადგან LAG-ში შედიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორებიდან. ქედის LAG-ში მუშაობის მეთოდი სრულიად თანამონაწილეობრივია, რომელიც არა მხოლოდ თემების გააქტიურებას უწყობს ხელს, არამედ მათ აერთიანებს ერთი მიზნის ქვეშ.

ქედის LAG-ის ჩართულობით დაფინანსდა 90-ზე მეტი ადგილობრივი ინიციატივა, რამაც ხელი შეუწყო სხვადასხვა დარგის განვითარებას. როგორც ქედის LAG-ის თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე ამბობს, ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი ბეტონის ბოძების დამზადებასა და ვენახის მოწყობის სერვისს მოიცავს და მას ავთანდილ ცინცაძე ხელმძღვანელობს.

ქედის მუნიციპალიტეტში 180 ჰექტარზეა გაშენებული ვენახები და მეღვინეობაც მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ბაზარზე კი ზემო აჭარის ღვინის სახეობები უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ვენახის გაშენება დიდი რაოდენობით ხის რესურსის გამოყენებას მოითხოვს, რადგან ვენახის ბოძები ძირითადად ხისგან მზადდება. ავთანდილ ცინცაძემ კი ეს პრაქტიკა ბეტონის ბოძებით ჩაანაცვლა, რაც შედეგად ხეების ჭრის საჭიროებას ამცირებს. მსგავსი მომსახურეობა რეგიონში მხოლოდ ავთანდილ ცინცაძეს, პროექტის ავტორს აქვს. ბეტონის ბოძები გაცილებით მეტი ხნის გამძლეობით გამოირჩევა ვიდრე წაბლის ბოძები, რაც ამჟამად პრაქტიკაში გამოიყენება. პროექტის შედეგად დაინერგა როგორც ვენახის და ღობის ბოძების დამზადების სერვისი, ისე ვენახის ბაღის გაშენების/განახლების მომსახურეობა.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სამივე სექტორის წარმომადგენლები ისევ აგრძელებენ ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას, მიაჩნიათ, რომ განვითარებული მუნიციპალიტეტი უპირველეს ყოვლისა დგას მოწადინებულ და აქტიურ ადგილობრივთა ძალისხმევაზე.

ხულოს LAG

ხულოს LAG-მა მნიშვნელოვნად შეცვალა მუნიციპალიტეტის გარემო. არ არსებობდა აქტიური სამოქალაქო ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა სამოქალაქო აქტივიზმის ჩამოყალიბებას. ახლა კი აქ იგეგმება განვითარებაზე ორიენტერებული აქტივობები, რაც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის საერთო ძალისხმევით განვითარებას.

როგორც ხულოს LAG-ის წევრი ასლან ტუნაძე ამბობს, LAG-მა შემოიტანა სამოქალაქო ორგანიზაციის სახე მუნიციპალიტეტში, რაც მანამდე არ არსებობდა: "LAG-ის მეშვეობით შეგვიძლია უამრავი პრობლემის მოგვარება როგორც დამატებითი გრანტების მოძიების მხრივ ასევე, ჩვენი საუბრების და ადვოკატირების კამპანიების ჩატარების მიმართულებით. ახლა მნიშვნელოვნად გამარტივდა მობილიზაციის კამპანიების ჩატარება – თითქმის ყველა სოფლიდან გვყავს წარმომადგენელი, რაც ძალიან ამარტივებს საჭირო ინფორმაციის გავრცელებას."

აღსანიშნავია, რომ ხულოს LAG-ის ფარგლებში შეიქმნა ვიწრო დაინტერესებული ჯგუფები, მაგალითად, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეთა ქსელი, რომლებიც ურთიერთთანაშრომლობენ და ერთანეთს გამოცდილებას უზიარებენ. აგრეთვე, ამ ეტაპზე LAG-ის ბაზაზე იქმნება ახალგაზრდული გუნდი, რომელიც აქტიურად განახორციელებს სხვადსახვა ღონისძიებას.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მუნიციპალიტეტში საზოგადოების მეტად ჩართულობა გამოიწვია. LAG-ის მმართველი ჯგუფის წევრი მადონა ბოლქვაძე ამბობს: "LAG-ში გაწევრიანების შემდეგ უფრო აქტიური გავხდი და დავინტერესდი სხვადსხვა სათემო პრობლემით. LAG-ის ფარგლებში ვცდილობ მაქსიმალურად ვიაქტიურო და მოსახლეობას პრობლემების მოგვარების პროცესში დავეხმარო, თუნდაც რჩევის სახით ან მათი საკითხის საჭირო პირებამდე მიტანით''.

LAG-ის საქმიანობაში ჩაბმულია 30-ზე მეტი აქტიური მოქალაქე ხულოს მუნიციპალიტეტიდან, როგორც სამოქალაქო და კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. როგორც ხულოს LAG-ის ხელმძღვანელი როდამ შავაძე ფიქრობს, LAG-ში რაც შეიძლება მეტი განსხვავებული სფეროს, გამოცდილების, ასაკისა და გემოვნების ადამიანი უნდა იყოს ჩართული, რათა უფრო მრავალფეროვანი გახდეს აქტივობები და საქმიანობები: "ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ობიექტურები ვიყოთ და მეტი ადამიანის ინტერესი მოვიცვათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ახალგაზრდების აქტივობა, რადგან მომავალი მათზეა დამოკიდებული, მჯერა, მათი გაძლიერება ფუჭად არ ჩაივლის''.

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ჯამში 73 პროექტი დააფინანსა, რომლებიც სხვადასხვა სახის ღირებულებას ქმნიან მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე შეგვიძლია გამოვყოთ ბიზნეს პროექტები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს გარემო. ჩვენ დავაფინანსეთ ორი სამკერვალო პროექტი – ერთი დაბა ხულოში, ხოლო მერე ღორჯომის თემში. ორივე სამკერვალოში 15-მდე ქალია დასაქმებული. როგორც ისინი ამბობენ ეს მათთვის პირველი სამსახურია და ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს მუშაობით.

LAG-მა ასევე დააფინანსა ბესიკ დეკანაძე, რომელმაც შეძლო სტომატოლოგიური სახელოსნოს სრულად აღჭურვა: "ეს დამეხმარება, რომ უფრო დაბალ ფასებში მოვემსახურო მაღალმთიანი აჭარის სტომატოლოგიურ კლინიკებს, მოსახლეობას კი გადასახადი შევუმსუბუქო. საშუალოდ 15-20-%ით ნაკლებ ფასად ვაწარმოებ სტომატოლოგიურ პროდუქტებს, ვიდრე ქალაქ ბათუმში ხერხდება. ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ კონკურენციის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ მოსახლოებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათის გაჩენით."

დედოფლისწყაროს LAG

დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა თავისი არსებობის და მუშაობის 3 წლიან პერიოდში გადაწყვეტილება მიიღო 111 ინიციატივის დაფინანსებაზე და შექმნა ასეულობით სამუშაო ადგილი. პროექტების განხორციელების დროს სრულად დასაქმდა სამშენებლო ორგანიზაციები, ადგილობრივი მომწოდებლები, მძღოლები, მოხდა 500-მდე აპლიკანტის დატრენინგება პროექტის სრული განაცხადების, ბიზნეს-გეგმების შედგენაზე.

როგორც LAG-ის პრეზიდენტი, ქალბატონი ანა ბენაშვილი გვიყვება, ამ პერიოდის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება შეიძინეს LAG-ის მმართველი საბჭოს წევრებმაც: "ჩვენ სერიოზული მომზადება გავიარეთ ტრენინგების მრავალფეროვანი კურსით, ევროპული LAG-ების მუშაობის გასაცნობად ორჯერ ვიყავით სასწავლო ვიზიტით ჩვენს პარტნიორებთან – რუმინეთსა და ესპანეთში, გვქონდა საინტერესო შეხვედრები, ადგილზე გავეცანით მათი საქმიანობის მეთოდოლოგიას და დავათვალიერეთ LAG-ების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებსაც სერიოზული წვლილი შეაქვთ რეგიონის განვითარებაში. ევროკავშირი, ENPARD-ის პროგრამებით ეხმარება ჩვენს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში, ეროვნული გეგმების ადგილობრივ დონეზე განხორციელებაში, კონკრეტული საჭიროებების გამოვლენასა და არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ, LAG-ები ვართ ის ინსტრუმენტი, რომელიც ამას ახორციელებს რეგიონის, მუნიციპალიტეტის და თითოეული სოფლის, თემის დონეზე. სწორედ ეს არის LAG-ის მისიაც – სვლა ევროპული დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ სექტორთაშორისი თანამშრომლობითა და LEADER მეთოდოლოგიის დანერგვით."

დედოფლისწყაროს LAG-ში თითქმის ყველა სოფლის წარმომადგენელია, ამ სამწლიანმა საქმიანობამ გამოაცოცხლა სოფლის მოსახლეობა, მათ გაუჩნდათ ამბიცია, წერონ პროექტები, კვლავ მიიღონ დაფინანსება და გააძლერონ ან დაიწყონ ბიზნეს საქმიანობა: "ვისაც ამისთვის კვალიფიკაცია არ ყოფნის, LAG-ის მმართველი საბჭოს წევრები ვუწევთ კონსულტაციებს და ვეხმარებით პროექტების წერაში. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვა LAG-ებთან, გვაქვს საქმიანი ვიზიტები ერთმანეთთან, ვუზიარებთ გამოცდილებას, ვეცნობით წარმატებულ პროექტებს და ვგეგმავთ სამომავლო თანამშრომლობას" – გვიყვება ქალბატონი ანა.

LAG-ი ერთნაირად ზრუნავს როგორც კერძო სექტორის-ბიზნესის განვითარებაზე, ასევე სოციალური სერვისების გაუმჯობესებაზე. მათ გააფართოვეს სასტუმროების ქსელი, სასწავლო-საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები; Covid-19-თან დაკავშირებით, კომუნალური მომსახურების ცენტრს და ჯანდაცვის, სამაშველო ორგანიზაციებს შეუძინეს სპეცტექნიკა და მაღალი გამავლობის ავტომანქანები, ბაღები აღჭურვეს სანიტარია-ჰიგიენისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის დისპენსერებით; სამშენებლო და აგრარულ სექტორში ჩართულ მოსახლეობას შეუძინეს საჭირო ტექნიკა, გადააიარაღეს ღვინის მარნები, ლაბორატორიები, სპირტის და ხილის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, სხვადასხვა პროფილის სახელოსნოები:

"მაგალითად, ,,ნასრაშვილების მარანი" არის საერთაშორისო გამოფენების მონაწილე და უკვე აქვს საექსპორტო შეთავაზებები. ქეთევან ჩალახეშაშვილის ყველის გადამამუშავებელ საწარმოს უკვე ,,ფრესკოს" ქსელში შეაქვს თავის პროდუქცია, ,,აგროჰაბში" იყიდება სოფელ ოზაანში ჯაბა გიგოლაშვილის სატაცურის საწარმოს პროდუქტი. სამთაწყაროში 86 ჰექტარზე ახლადგაშენებული კაკლის პლანტაციისთვის ბენეფიციარს დაუფინანსდა სარწყავი სისტემის წყალსაქაჩი მოწყობილობა, ნელნელა და ეტაპობრივად, ადგილობრივ ბაზარზე გაჩნდა LAG-ის ბენეფიციარების ჩირი ,,ჩაროზი", კაკალი, რძის პროდუქტი, სათბურებში მოყვანილი ხის სოკო, სხვადასხვა დასახელების ბოსტნეული, დეკორატიული ყვავილები; ქათმის, ხოხბის და კაკაბის წიწილები, ტიხრული მინანქრთ შესრულებული ვერცხლის სამკაულები, რკინის და მინის ნაკეთობები, თეთრეული. საზღვარგარეთ (შეკვეთებით) იგზავნება სახელოსნო ,,ფესვებში" დამზადებული ქართული ფარდაგები, თექის და ტყავის ხელჩანთები. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს საწარმოები უფრო გაძლიერდებიან სხვა მიმართულებებითაც განვითარდებიან" – ამბობს ქალბატონი ანა.

ახალქალაქის LAG

ახალქალაქი, ისევე როგორც ბევრი სხვა მუნიციპალიტეტი საქართველოში, ძირითადად აწყდება პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ძალისა თუ ადგილების დეფიციტთან, ურბანიზაციასთან და ახალგაზრდების გადინებასთან. თუმცა, არსებობს გამოწვევები, რომლებსაც სხვა მუნიციპალიტეტში ნაკლებად შეხვდებით.

აქ მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომეხია (93,8%), 5,7%-ს შეადგენენ ეთნიკური ქართველები, ხოლო 0.5%-ს -სხვა ეთნიკური ჯგუფები: რუსები, ბერძნები და ა.შ. მოსახლეობაში მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული ენის ცოდნის თვალსაზრისით და მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უმჯობესდება, იკვეთება სოციალური ინტეგრაციის პრობლემა, რომელიც განათლებასთანაა კავშირში – ცხადია, რომ ენის პრობლემა ქმნის კომუნიკაციის ბარიერებს. აქედან გამომდინარე, ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის საჭიროა ქართული ენის სწავლება, რაშიც აქტიურადაა ჩართული ახალქალაქის LAG-ი.

გარდა მნიშვნელოვანი კენომომიკური, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა, აღსანიშნავია LAG-ის ტრენინგ ცენტრი, რომელიც წელიწადზე მეტია ადგილობრივ ახალგაზრდებს ქართული და ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსებს სთავაზობს. ენების გარდა ცენტრში ისწავლება ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის, ხატვისა და სხვა საგანმანათლებლო კურსები.

LAG-ის ეფექტური მუშაობა დამოკიდებულია მის წევრებზე – სწორედ ადგილობრივი კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის მობილიზებით ხდება რეგიონში პრობლემების შეფასება და მათზე რეაგირების მოხდენა. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს.

ახალქალაქის LAG-ის პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. დღემდე, LAG-ის მიერ 40-ზე მეტი ადგილობრივი ინიციატივაა მხარდაჭერილი. კორონავირუსის პანდემიის პერიოდი მათ ნაყოფიერად გამოიყენეს. LAG-ის სასწავლო ცენტრმა ონლაინ სწავლება დაიწყო, რაც გულისხმობდა ადგილობრივი ეთნიკური სომეხი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის კუთხით ცოდნის გაღრმავებას. საგულისხმოა, რომ პირველი ონლაინ სესია ჯგუფმა სწორედ ქართული ენის დღეს, 14 აპრილს განახორციელა. ინიციატივაში 30 ადამიანი ჩაერთო. მათთვის პროექტი ბევრს ნიშნავს, რადგან პირდაპირ ჭრის იმ პრობლემას, რასაც ყოველდღიურობაში მრავლად აწყდებიან.

"სახელმწიფო ენის დაუფლება ახალგაზრდა თაობისთვის არის საკუთარ სამშობლოში ინტეგრირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, თუ არ ფლობ მშობლიურ ენას, ადაპტაცია გიჭირს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ახალგაზრდებს, რითაც უმარტივებს ქვეყანაში ცხოვრებასა და კომუნიკაციას" – აღნიშნავს ახალქალაქის LAG-ის წევრი და რესურსცენტრის დირექტორი, ტერეზა ჩივჩიანი.

როგორც ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფში ამბობენ, ისინი სამომავლოდ მრავალი სიახლის დანერგვას გეგმავენ. სურთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან თემში არსებული პრობლემები და ამით ადგილობრივებს ცხოვრება გაუადვილონ.

***

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული, ესენია: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია. საერთო ჯამში, დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ბევრად მეტია ვიდრე კონკრეტული ციფრები – ისინი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხედვას, ენერგიას და ჩანაფიქრებს უყრიან თავს და საზოგადოებას სოფლის განვითარების საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებენ.

მიიღეთ დამატებითი ფაქტები და მონაცემები

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ კამპანიის გვერდი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი