აფხაზეთის ინსპირაციით შექმნილი აქსესუარები – Amida Handmade "სამეწარმეო სკოლაში" განვითარებული კიდევ ერთი ბიზნეს იდეა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Amida Handmade-ის სახელწოდებით არაერთი სახეობის ხელნაკეთი აქსესუარი და ნივთი მზადდება, რომლის ავტორი 28 წლის ამიდა ახალაიაა. ხელსაქმის სიყვარული წლების განმავლობაში ბიზნესიდეად გარდაიქმნა და დღეს უკვე პოლიმერული თიხის აქსესუარებს, ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს, ნაქსოვ ჩანთებს, ქართული ორნამენტებით გაფორმებულ თაბაშირის ქოთნებს, სასანთლეებსა და კედლის დეკორაციებს აერთიანებს. ბავშვობის გატაცებამ უკვე 2 წელია, რაც ბიზნესის სახე მიიღო. წამოწყების ინსპირაცია აფხაზეთია, რომლის თემატიკას ამიდას ნამუშევრებზე მრავლად შეხვდებით. თითოეული ნივთის შექმნის პროცესი კონცეფციის გააზრებას, ტექნიკისა და დეტალების სწორ შერჩევას და შემდეგ მათ ოსტატურად კომბინირებას მოიცავს. თითქოს შეუსაბამო მასალების სინთეზით კი, ნაირფერი ნივთები იქმნება, რომელიც ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანს ერგება.
"ბავშვობიდან მიზიდავდა და მქონდა მისწრაფება, საჭირო აქსესუარები ჩემი ხელით დამემზადებინა. ორი წლის წინ გადავწყვიტე, სხვებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი ნამუშევრები. ასე დავიწყე მათი გაყიდვა.
ამჟამად ამ საქმიანობაში უკვე აქტიურად ვარ ჩართული და მუდმივად ვიღებ შეკვეთებს. ამავდროულად, ძალიან ბევრს ვსწავლობ, ვვითარდები და მომხმარებლებსაც სიახლეებით ვანებივრებ. სამეწარმეო სკოლა ძალიან დამეხმარა, დავუფლებოდი მარკეტინგს, ბიზნესის საკითხებს და პროდუქციის სწორი რეალიზება მესწავლა. ყველაფერი კი ისე დაიწყო, რომ სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელში სამეწარმეო სკოლის შესახებ ვნახე ინფორმაცია. დამაინტერესა და შევავსე განაცხადი. მივიჩნიე, რომ ზედგამოჭრილი იყო ჩემთვის მისი ტრენინგები და შემდგომში გრანტის გამოყენების შესაძლებლობაც. პროექტი დამეხმარა, უფრო თავდაჯერებული გავმხდარიყავი. მომცა ცოდნა, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა. განმივითარა სხვადასხვა უნარ-ჩვევა, რომელსაც აქტიურად ვიყენებ ჩემს სამეწარმეო საქმიანობაში. შემიძლია ვთქვა, რომ მეწარმეთა სკოლის ტრენინგები იდეალურად იყო გათვლილი, რათა მეწარმეებს სწორი ხედვა ჩამოყალიბებოდათ და ასევე, სწორად ემართათ საკუთარი ბიზნესი. მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები და სხვადასხვა საკითხი, საკმაოდ გასაგებად იყო ახსნილი და მოწოდებული, რაც ნებისმიერ მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს, სწორი მიმართულებით მართოს თავისი ბიზნესი. ამ პროექტით მე ნამდვილად მივიღე ის ღირებული ცოდნა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ", − ამიდა ახალაია.
სამომავლო განვითარების გეგმებთან ერთად კი, ამიდა შესაბამისი აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვილი სახელოსნოს გახსნასაც გეგმავს, რომელშიც ხელოვნებით გატაცებულ ადამიანებს დაასაქმებს და Amida Handmade-ის ბიზნესსაქმიანობას გააფართოვებს.
სტატია შექმნილია პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.