Get All Access for $5/mo

აღმოაჩინე ქართული გასტრონომია "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ" ახალი პროექტი წამოიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო კანკავა

"საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ" USAID-ის ეკონომიკის უსაფრთხოების პროექტის მხარდაჭერით, ვიდეოპროექტი "აღმოაჩინე ქართული გასტრონომია" წამოიწყო, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სტუმრობასა და ადგილობრივი უნიკალური ტრადიციების აღმოჩენა-შესწავლას, ამავე მიზნით კი მათი ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად, ვიდეოსერიების შექმნას გულისხმობს.

პროექტმა ქვეყნის 7 რეგიონი მოიცვა: კახეთი, აჭარა, გურია, ლეჩხუმი, იმერეთი, მესხეთი, რაჭა, და მათთვის დამახასიათებელი ახალი გემოების რეცეპტები გაგვაცნო. თანაც ეს ყველაფერი ქართველ შეფმზარეულებთან ერთად, რომლებიც ადგილობრივების თანხლებით ცალკეული კუთხეების ყოფით თუ სადღესასწაულო გასტრო-კულტურულ ტრადიციებსა და მახასიათებლებს ახლებურად გვაცნობენ. პროექტი უნიკალური ტრადიციების მივიწყების ერთგვარ პრევენციასა და ამასთანავე, ტურიზმის მხარდამჭერ ნაბიჯსაც წარმოადგენს, რომელიც საქართველოს უნიკალური კუთხეების გასტრონომიული და კულინარიული თვალსაზრისით პოზიციონირებას ხელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ აქტიურად შეუწყობს.

"საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" მიზანი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და რეგიონული სამზარეულოს წარმოჩენაა. პანდემიური შეზღუდვებიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ 2020 წელს ქართველები საქართველოში იმოგზაურებდნენ. გადავწყვიტეთ შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები შეგვექმნა. პროექტის განმავლობაში არაერთი განსაკუთრებული შთაბეჭდილება და აღმოჩენა გვქონდა. მოგზაურობა 6 რეგიონში, ერთიმეორის მიყოლებით, სულ სხვაგვარად და მძაფრად წარმოაჩენს ამ კუთხეთა მრავალფეროვნებას, ხასიათსა და განსხვავებულობას. მაგალითად, ერთ დღეს სამცხე-ჯავახეთის, ხოლო მეორე დღეს იმერული სუფრა ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ფილოსოფია და ფენომენია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დაშორება 200-300 კილომეტრია, გამაოგნებელია ასეთი მრავალფეროვნება.

გასტრონომიული ტურიზმი ერთადერთი და ყველაზე სწორი გზაა შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, საქართველო ქართველებს ცუდად გვაქვს ნანახი, არადა უამრავი რამაა აღმოსაჩენი. ვიდეოპროექტმა ძალიან კარგი გამოხმაურება ჰპოვა. აგვისტოსა და სექტემბრის თვეში უამრავმა ადამიანმა დაგეგმა მოგზაურობა ჩვენს ვიდეოებში განვლილი მარშრუტით. ეს ვიცით იმ საოჯახო სასტუმროებიდან, რომელთაც ვესტუმრეთ. სხვადასხვა რეგიონიდან იქაური მკვიდრები დიდ მადლობას გვიხდიან მათი ცნობადობის ამაღლებისთვის. პროექტის შედეგებზე ეს ყველაზე კარგად მეტყველებს", − გვიყვება "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანია "ბორჯომმა" და "ვისოლ ჯგუფმა". მასშტაბების ზრდისა და ტემპის წარმატებით შესანარჩუნებლად კი მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი კომპანიის ჩართულობა, რაც საერთო ძალისხმევით არა მხოლოდ გასტრონომიული და კულინარიული სფეროს, არამედ ტურიზმისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში