Get All Access for $5/mo

Agile SCRUM მიდგომა ქართულად - ახალი სასწავლო კურსი Udemy-ზე უკვე ხელმისაწვდომია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და შესაბამისად, ამ ცვლილებებმა სამუშაო პროცესების უფრო სწრაფად და მოქნილად წარმართვის საჭიროება გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზით, ტრადიციული ორგანიზაციული მართვის საპირისპიროდ, ჩამოყალიბდა Agile-მიდგომა და მისი ე.წ. ფრეიმვორქი − SCRUM, რომელმაც სრულიად შეცვალა ორგანიზაციული იერარქია. კომპანიებში ჩამოყალიბდა თანამშრომელთა პატარა გუნდები, სადაც სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები არიან გაერთიანებულნი − შედეგად, ორგანიზაციას გაუჩნდა შესაძლებლობა, სწრაფად აუწყოს ფეხი ცვლილებებს და უფრო ეფექტიანად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები.

დღესდღეობით SCRUM-პროექტების მართვის Agile-მიდგომა სულ უფრო მზარდი მიმართულება ხდება, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა კადრებზეც. ამ მიზნით, ეჯაილ-ქოუჩმა სქრამ მასტერმა და ტრენერმა მარია ღლონტმა, მსოფლიოში აღიარებულ სასწავლო პლატფორმა Udemy-ზე ახალი სასწავლო კურსი განათავსეს. "Agile SCRUM-მიდგომა ქართულად" − სწორედ ასე ჰქვია კურსს, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კომპლექსური პროექტების მართვის მსოფლიოში აღიარებულ მიდგომებს შეასწავლის.

რას მოიცავს ახალი ქართულენოვანი სასწავლო კურსები და რატომ უნდა შევისწავლოთ Agile & Scrum? − ამ შეკითხვებზე საპასუხოდ Entrepreneur მარია ღლონტს ესაუბრა:

ბოლო დროის ყველაზე რეიტინგული მიდგომაა Agile და Scrum. როდის გახდა ეს მიმართულებები პოპულარული საქართველოში და რამდენად რთულად დაინერგა ქართულ კომპანიებში?
დავაზუსტებ − Agile უფრო "სიყვარული და გაგებაა", ანუ Agile წარმოადგენს ღირებულებების/პრინციპების ერთობას, რომელიც, სხვათა შორის, ქართულადაც არის ნათარგმნი და განთავსებული ოფიციალურ ვებგვერდზე: agilemanifesto.org რაც შეეხება Scrum-ს, ის უკვე მარტივი პრაქტიკული წესებია და სამუშაო ჩარჩოს დონეზე იზიარებს Agile ღირებულებებს, პრაქტიკაში კონკრეტული გუნდების მიერ ამ ჩარჩოს ფარგლებში კი ახალი სამუშაო პრაქტიკების მიგნების საშუალებას იძლევა.

თავად Scrum-მიდგომაზე ადაპტირების პროცესს არასდროს აქვს დასასრული და მუდმივად დახვეწადია, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში სულ უფრო მეტი გუნდი იყენებს პროექტების მართვისას ამ მიდგომას, მე კი სწავლების პროცესშიც ვხელმძღვანელობ Scrum for Edu-წესებით და სტუდენტების უკუკავშირით მივხვდი, რომ სწორი გზა ავირჩიე სწავლების პროცესშიც ამ მიდგომის გამოყენებისას.

Manifesto for Agile Software Development

რა სახის ბენეფიტების მომტანია ამ მიდგომების დანერგვა კომპანიებში?
მთავარი უპირატესობა არის "თვალის ახელა", ანუ სრული გამჭვირვალობის შექმნა კომპანიაში, რათა ვიცოდეთ სად ვართ, რა პროგრესი გვაქვს, რა გვიჭირს, რა გვილხინს, რისკენ მივისწრაფვით, დროულად დავსვათ დიაგნოზი, თუ რა შევცვალოთ, არ შეგვეშინდეს ცვლილების, შევცვალოთ, თუ რაიმე შესაცვლელია და დავადგეთ ობიექტურად მუდმივი გაუმჯობესების გზას.

რამდენად დიდი მოთხოვნაა ბაზარზე კადრების მხრივ Agile & Scrum-მიმართულებით? რატომ უნდა შევისწავლოთ ეჯაილი და სქრამი?
ჩემი პირადი დაკვირვებით, მოთხოვნა მზარდია და შეიმჩნევა კადრების დეფიციტიც. ამასთან, ვინც უკვე არის დასაქმებული, საჭიროებს დამსაქმებლის მხრიდან გადამზადებაში სერიოზული ინვესტიციის განხორციელებას.

გვიამბეთ მეტი თქვენი ახალი კურსის შესახებ, რომელიც Udemy-ზე უკვე ხელმისაწვდომია. ვისთვისაა ის განკუთვნილი და ომელ ძირითად თემებს მოიცავს?
კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის და ასევე მათთვის, ვისაც უკვე ჰქონია შეხება, თუმცა პრაქტიკულ გააზრებაში მეტი ჩაღრმავება სჭირდება. კურსი Scrum მთავარი სახელმძღვანელო Scrum Guide 2020-ში "მშრალად" მოცემული წესების მარტივად, მშობლიურ ენაზე გააზრებაში დაეხმარება სტუდენტს. კურსში არსებული ქვიზები მას მისცემს შესაძლებლობას, შეამოწმოს საკუთარი ცოდნა, ასევე მასალის თვალსაჩინოებისთვის კურსში მოცემულია რეალური გუნდის სამუშაო პროცესის სიმულაცია და განთავსებულია ინფორმაცია კონკრეტული ტექნიკური ინსტრუმენტების შესახებ − როდის, რა შემთხვევაში სჯობს ამა თუ იმ ინსტრუმენტის გამოყენება.

რატომ გადაწყვიტეთ ამ კურსების შექმნა?
Udemy-ის თავად ვიყენებ პროფესიული კურსების გასავლელად და ასევე მას აქტიურად იყენებს ჩემ გარშემო უამრავი პროფესიონალი. კურსის გავლა ნიშნავს წინასწარ ატვირთული და თანმიმდევრულად დალაგებული ვიდეოლექციების მოსმენას, საკითხავი მასალის წაკითხვას, ქვიზების გაკეთებას, როცა გსურს, რა ტემპითაც გსურს და როცა მოგიხერხდება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ახალი კურსები მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ახალი მოთხოვნადი მიმართულებების შესწავლა.

უკვე დაინტერესდნენ მომხმარებლები თქვენი კურსით?
3 დღეში 40-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა სოციალურ ქსელში გაზიარების შედეგად და კმაყოფილი ახალგაზრდების მადლობის წერილებს ყოველდღიურად ვიღებ, რაც ძალიან მახარებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა? აპირებთ თუ არა კიდევ მსგავსი კურსების განხორციელებას?
პირველი სასწავლო კურსის წარმატება მაძლევს ენერგიასა და მოტივაციას, დაწყებული საქმე გავაგრძელო. რაც მთავარია, უნდა გვქონდეს მშვიდობა და ჯანმრთელობა. სხვა მხრივ, დროს რთულად, მაგრამ ალბათ მაინც გამოვძებნი ახალი კურსებისთვის.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.