Get All Access for $5/mo

"აქ დიდი პოტენციალია" - საქართველო ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის რადარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს მიმართ ბიზნესსერვისების დისტანციურად მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანიების ინტერესი სულ უფრო იზრდება. რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოს ტოპ-ხუთი კომპანიიდან ერთ-ერთმა − ფრანგულმა Teleperformance-მა − საქართველოში ოპერირება დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უკვე იქცა BPO ინდუსტრიისთვის წამყვან ლოკაციად.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზრის ლიდერები გაეცნენ ქვეყანაში ოპერირების უპირატესობებს და შემდეგ გადაწყვიტეს აქ ინვესტირება. მიხეილ ხიდურელის თქმით, ეს სექტორში ქვეყნის პოტენციალსა და მიმზიდველობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მისსავე განცხადებით, მსოფლიოს ტოპ-5 ქვეყნიდან 3 უკვე არის საქართველოში წარმოდგენილი და წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

ფრანგულ გიგანტთან მოლაპარაკებები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ Teleperformance-ის წარმომადგენლები რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ საქართველოში, გაეცნენ ადგილობრივ ბაზარს და პოტენციურ დასაქმებულთა კვალიფიკაციას. მისივე თქმით, ქართველი პროფესიონალების კვალიფიკაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რამაც კომპანია მოიზიდა. Teleperformance მსოფლიო ბაზარზე მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის, კონტენტის მოდერაციის, კომუნიკაციის უზრუნველყოფითა და ტელემარკეტინგის მიმართულებით ოპერირებს. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 410 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოში ინვესტირება გადაწყვიტა, ბრიტანული კომპანია Hives CX-ია. კომპანია IT-სერვისების დისტანციურად მიწოდებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს. კომპანიის დირექტორმა შერიფ კამელმა საქართველოში ბიზნესი უკვე დაარეგისტრირა.

Hives CX-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში მეორედ ჩამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა ბიზნესსაქმიანობა გაეფართოებინა. შერიფ კემელი ამბობს, რომ ქართული მასპინძლობის ტრადიცია "ისევეა ღმერთის საჩუქარი მსოფლიო ხალხთათვის, როგორც თავად ქართველები უყურებენ სტუმარს". მისივე თქმით, ქართული საზოგადოებისთვის მახასიათებელი სტუმართმოყვარეობა, როგორც კულტურის ნაწილი, ძალიან დიდ როლს თამაშობს ინვესტორებისთვის.

"ბოლო ექვს თვეში უკვე მეორედ ვარ თქვენს ქვეყანაში და გადავწყვიტე, ინვესტიცია დამებანდებინა. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი ძალიან დიდია, ამიტომ ვიმედოვნებ, ეს წარმატების მორიგი ისტორია იქნება. გვსურს გაფართოება და დეველოპერების დასაქმება, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ინდუსტრიის, ისე ქვეყნის განვითარებაში", − განაცხადა კამელმა.

გარდა ამისა, კამელი ხაზს უსვამს ბიზნესის დაწყების სიმარტივეს − როგორც ბიზნესმენი ამბობს, მას კომპანიები დაუფუძნებია გაერთიანებულ სამეფოში, პოლონეთსა და ეგვიპტეში, თუმცა არსად რეგისტრაცია ისეთი მარტივი და მოსახერხებელი არ ყოფილა, როგორც საქართველოში.

ქვეყნის პოტენციალის მსოფლიო ბიზნესლიდერებისათვის საჩვენებლად თბილისმა ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების (BPO) ინდუსტრიის სამიტს უმასპინძლა. ღონისძიების საშუალებით უცხოური კომპანიები საქართველოს, როგორც სექტორისთვის მიმზიდველი ქვეყნის, შესაძლებლობებს გაეცნენ. სამიტი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ტარდება და "საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაციას, ემსახურება".

სამიტში აშშ-იდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან BPO ინდუსტრიის წარმომადგენელი 15-მდე კომპანია მონაწილეობდა. მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა PodcastAI, GGA Solutions, Nearshore America, Ventures Consulting და სხვა.

სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ სამიტის საშუალებით უცხოურ კომპანიებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებს აცნობენ. მისივე თქმით, დისტანციურად სერვისების მიწოდების ინდუსტრიისთვის საქართველოში კარგი პირობებია − მაღალი ხელფასები და ზრდის პოტენციალი იზიდავს დასაქმებულებს, ხოლო შეთავაზებული პირობები მომგებიანია ინვესტორებისთვისაც.

"პოტენციურ ინვესტორებს ვთავაზობთ ფართო შესაძლებლობებს და ისეთ უპირატესობებს, როგორებიცაა შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, ბიზნესის სიმარტივე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და რაც ყველაზე მთავარია სტაბილურ გარემო, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია", − აცხადებს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

საქართველოში ჩამოსულმა ბიზნესმენებმა და BPO ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში უკვე მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

მაურისიო ველასკესმა, Velasquez & Co-ის დამფუძნებელმა, აღნიშნა, რომ საქართველოს BPO და IT-სექტორში დიდი პოტენციალი აქვს. ბიზნესმენის თქმით, სამიტი ძალიან კარგი საშუალება იყო უცხოელებისთვის, საკუთარი თვალით ეხილათ, რას სთავაზობს საქართველო და ქართული ბაზარი მათ.

"ჩვენ აქ დავინახეთ უდიდესი პოტენციალი − გარემო მზადაა იმისათვის, რომ სხვადასხვა შესაძლებლობა შემოგვთავაზოს. IT და BPO სექტორში ვმუშაობთ და დავინახეთ, რომ ბიზნესგარემო მზადაა ინვესტიციებისთვის. მე ვეხმარები კომპანიებს, სხვადასხვა ქვეყანაში დააფუძნონ ფილიალები, იქამდე კი ვაფასებ, მასპინძელ ქვეყანაში არის თუ არა საჭირო შესაძლებლობა და სწორი დრო ფულის დასაბანდებლად. ეს საქართველოში ნამდვილად არის − კომპანიებს შეუძლიათ, გააფართოონ მათი მუშაობის ფარგლები და სერვისები", − ამბობს ის.

კონსულტირების კომპანია არსებული პოტენციალით მოიხიბლა. მისი დამფუძნებელი მაურისიო ველასკესი ამბობს, რომ ძალიან ბევრ კომპანიას დახმარებია ბიზნესის გაფართოებაში როგორც ლათინურამერიკულ ქვეყნებში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში. მან საქართველოშიც გამართა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა შესაძლოა იყოს იმ ჩამონათვალში, სადაც სხვებს ბიზნესის დაწყებას ურჩევს.

"მე კომპანიებს კონსულტაციით ვეხმარები − სხვადასხვა პარამეტრს ვაფასებ და ვუკეთებ დასკვნას, რამდენად მომგებიანი იქნება ამა თუ იმ პირობებში ბიზნესის გაფართოება. თქვენს ქვეყანაზე დაკვირვებამ და მახასიათებლების შესწავლამ დამანახა, რომ საქართველო კარგი არჩევანი იქნება უცხოური კომპანიებისთვის, რათა ჩამოვიდნენ და დააფუძნონ ბიზნესი", − განაცხადა მაურისიო ველასკესმა.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც უცხოელი ბიზნესმენებისთვის ადგილობრივ ბაზარს დადებითად ახასიათებს, გამჭვირვალობაა. Ryan Strategic Advisory-ის დამფუძნებელ პიტერ რაიანის თქმით, ღია და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო არის ის, რითაც საქართველო ბიზნესმენებს იზიდავს.

"ისინი ძალიან აფასებენ ფაქტს, რომ სრულიად გამჭვირვალედ, მაგიდაზე დევს პირობები − რას შეიძლება ელოდნენ, რამ შეიძლება იმუშაოს კარგად როგორც უახლოეს, ისე ახლო მომავალში. ამავდროულად, საქართველო მუშაობს იმაზე, რომ ოპტიმალური ადგილი გახდეს და იმაზე უკეთესი პირობები შესთავაზოს ბიზნესს, ვიდრე ახლაა", − ამბობს რაიანი.

სექტორის ერთ-ერთმა დიდმა წარმომადგენელმა, PodcastAI-ის დამფუძნებელმა შონ დუნაკომბმა, სხვა სტუმრების მსგავსად ქვეყნის თვალსაჩინო პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ პოლიტიკისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყანა სწორ გზაზე დგას. დუნაკომბის განცხადებით, მეტი ინვესტიცია იმ დროიდან შემოვა, როცა კომპანიები საქართველოს BPO-სექტორისა და IT-სფეროს უფრო აქტიურად აითვისებენ − ამ სტარტაპების დაფუძნებასთან ერთად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაც უფრო და უფრო გაიზრდება.

"ეს ბუნებრივად მოხდება, როცა სტარტაპები დაიწყებს შემოდინებას. მე მგონია, რომ ყველაზე მეტი კაპიტალი და ინტერესი ინოვაციებისკენ იქნება მიმართული. ქართველები კი აშკარად ძალიან შემოქმედებითი ხალხი ხართ − ამ ულამაზეს ქვეყანაში ყველაფერში იგრძნობა ხელოვნების გავლენა. თუკი რაიმეს ნაკლებობაა, ეს ტექნიკური შესაძლებლობებია და ტრადიციული მარკეტინგის სფერო − ფუძნდება საუნივერსიტეტო პროგრამები, მეტი დეველოპერის მომზადებაზეა ორიენტირი და ასეც უნდა გაგრძელდეს", − ამბობს შონ დუნაკომბი.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორსაც მიაჩნია, რომ უკვე არსებული საერთაშორისო კომპანიების ოპერირება და ფილიალების გახსნა ჩვენს ბაზარზე სხვებისთვისაც ერთგვარი მოტივაცია შეიძლება გახდეს. ამ სექტორის უმსხვილესი მოთამაშეების − "მეიჯერელის", "კონსენტრიქსის", "გირტეკასა" და სხვების წარმატებული ისტორიები სულ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ხოლო ამის დასტური კიდევ ერთი დიდი კომპანიის − Hives CX-ის მიერ ბიზნესსაქმიანობის აქ რეგისტრირებაა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?