Get All Access for $5/mo

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" - USAID YES-Georgia პროგრამის მე-13 დასკვნითი რაუნდი წარმატებით დასრულდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმე წელია, რაც USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (YES − Georgia) არაერთ მსხვილ პროექტს წარმატებით ახორციელებს, მათ შორის ერთ-ერთი "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაა".

პროექტი 16-იდან 29 წლამდე ასაკის ქალებს მეწარმეობისთვის საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს, მათ ბიზნესპროექტის წერას, ფინანსურ დაგეგმარებას, პრეზენტაციისა და ფიჩინგის ხელოვნებას ასწავლის. რაც მთავარია, პროექტის ბოლოს დამწყებ თუ გამოცდილ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. ახლახან პროექტის მე-13 რაუნდი დასრულდა, რომლის ფარგლებში სკოლის 10-მდე წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად და გასავითარებლად მთლიანობაში 45 600 ლარის მოცულობის დაფინანსება მოიპოვეს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან".

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მე-13 რაუნდი პროექტის დასკვნითი ეტაპია, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანობაში 6 000 განაცხადი შემოვიდა, 1 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ-კურსი, 500-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა წარმოადგინა ბიზნესპროექტი, რომელთაგან 113-მა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან" თანადაფინანსება მიიღო.

Entrepreneur-ს სურს "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მე-13 რაუნდის სწორედ ის მონაწილეები გაგაცნოთ, რომლებმაც პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი დაფინანსება მოიპოვეს და დღეს აქტიურად მუშაობენ ამ იდეების განხორციელებაზე.

მარიამ ჭანკოტაძე − "წვეთი"

"წვეთი" − ასე ჰქვია მარიამ ჭანკოტაძის ბრენდს, რომელიც მაჯისა და შუბლის მანჟეტ-პირსახოცების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს და საშუალებას გვაძლევს ისინი სასურველი ინიციალებით დავბრენდოთ. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც "წვეთი" სასტუმროებისთვის, სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის სააბაზანოს ბრენდირებულ ნაკრებს ამზადებს, როგორებიცაა ხალათი, პირსახოცი და სხვა.

"სახის მოვლის რუტინის შესრულებისას ყოველთვის მისველდებოდა თმა, მაჯები და ხშირად ტანსაცმელიც კი. 2 წლის წინ ამ პრობლემის მოგვარებაზე დავიწყე ფიქრი, ბაზარზე მხოლოდ სპორტული მანჟეტები აღმოვაჩინე, რაც არაპრაქტიკული აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე თავად შემექმნა მაჯისა და შუბლის მანჟეტ-პირსახოცები, რომლებიც ძალიან კარგად გვიცავს არასასურველი წყლის წვეთებისგან", − იხსენებს მარიამ ჭანკოტაძე.

Entrepreneur-თან საუბრისას მარიამი აღნიშნავს, რომ ბიზნესის დაწყების პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსების მოძიება იყო, თუმცა მაგისტრატურის სტიპენდიამ ეს გამოწვევა აღმოფხვრა.

"მინდოდა ჩემი იდეისთვის მალევე შემესხა ფრთები და ალბათ, ამაშიც გამიმართლა. მაშინ მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ზუსტად მეორე თუ მესამე დღეს მივიღე შეტყობინება, რომ სტიპენდია მოვიპოვე. სწორედ ამ თანხით დავიწყე ჩემი საქმიანობაც", − იხსენებს იგი.

მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრია ბიზნესის მიმართულებით. მართალია, აქ მიღებული ცოდნა წარმოების დაწყებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა, თუმცა პრაქტიკაში საკუთარი ბიზნესის დამოუკიდებლად დაწყება არცთუ მარტივი იყო. "ბრენდის მიღმაკულისებში დამქანცველი დღეები, გადაღლილი გონება და ბევრი გათენებული ღამე იმალება, მაგრამ პირადად მე ყოველივე ეს დადებითი ენერგიით მავსებს. თავდაპირველად ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობდი და მიმაჩნდა, რომ სამსახურში გატარებულ თითოეულ წუთს ასმაგად ვაკლებდი ბრენდს. საბოლოოდ საკუთარი სტარტაპი ვარჩიე, ახლა კი მთელ სულსა და გულს ჩემ საქმეში ვდებ".

საკუთარი თავისა და ბრენდის განვითარების მიზნით მარიამი მუდმივად ესწრება სხვადასხვა ტრენინგს მეწარმეობის, სტრატეგიული ბრენდინგის, ციფრული მარკეტინგისა თუ სხვა მიმართულებებით, სადაც თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებს. სწორედ ასე აღმოჩნდა იგი "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში", რომლის შესახებ ინფორმაცია მას საკუთარმა მომხმარებელმა გაუზიარა. სწავლების თითოეული საფეხურის წარმატებით გავლის შემდეგ, მარიამმა კომისიას ბიზნესგეგმა წარუდგინა, გაფართოებისთვის კონკრეტული თანხა მოითხოვა და დაფინანსებაც მოიპოვა.

"ალბათ, სიტყვა "გამოღვიძებას" დავუკავშირებდი YES-georgia- პროექტს. სამი თვის განმავლობაში მენტორთან ერთად ვიმოგზაურე მეწარმეობის დიდ პლანეტაზე, აღმოვაჩინე უამრავი ახალი შესაძლებლობა, რომლის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდიდი და პრაქტიკაშიც გადმოვიტანე. სწორედ აღნიშნული პროგრამის დამსახურებაა, რომ ინდივიდუალური შეკვეთებიდან კორპორაციულ თანამშრომლობაზე გადავედი, გავზარდე პროდუქტის ასორტიმენტი, სხვაგვარად დავიწყე კომუნიკაცია, რაც საბოლოო ჯამში მეტ კმაყოფილ მომხმარებელზე აისახა", − აღნიშნავს იგი.

სამომავლოდ "წვეთი" საფრანგეთში ექსპორტზე გასვლას გეგმავს, რისთვისაც მარიამი საკუთარ გუნდთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობს.

მარიამის თქმით, ანტრეპრენერი უპირველესად რისკიანი უნდა იყოს − "ვინც არ რისკავს, არ იმარჯვებს", თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას ამ რისკების სწორი შეფასებაც შეეძლოს. გარდა ამისა, გარკვეულწილად მომთმენიც უნდა იყოს, რადგან შესაძლოა დასაწყისში სასურველი შედეგი ვერ მიიღოს და ამის გამო ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს.

"ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ცხოვრებაში, რომ ის არ ვაკეთოთ რაც გულით გვინდა. ალბათ ბიზნესის დაწყებაშიც გამოერევა ხოლმე ცხოვრებისეული სირთულეები. მთავარია მონდომება, მიზნების დასახვა და ჩვენც გავოცდებით, ისე სწრაფად დაიწყებენ ისინი განხორციელებას.

ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, რომ იდეის გაჩენიდან ხორცშესხმამდე რამდენიმე ადამიანმა იცოდა ჩემს მომავალ საქმიანობაზე, რათა შეკითხვა "ეს რამ მოგაფიქრა?" შეკითხვად "ეს როგორ მოიფიქრე?" ქცეულიყო და ასეც მოხდა.

მეწარმე ქალებს ვურჩევ, არასდროს დანებდნენ! არ უსმინონ ადამიანებს, რომლებიც მათ დემოტივაციას შეეცდებიან. ირწმუნონ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია", − აღნიშნავს მარიამ ჭანკოტაძე.

ანა ნადირაძე − Horsetours

Horsetours საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტაა. ეს არის მარკეტფლეისი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს. საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს საკუთარი სერვისი გააციფრულონ, ხოლო მომხმარებლისთვის ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის ერთიანი პლატფორმაა.

Horsetours ანა ნადირაძემ და ლაშა გაგოიძემ ჯერ კიდევ 2021 წელს შექმნეს. ანას 6-წლიანი გამოცდილება აქვს დეველოპერული პროექტების მართვაში ელექტრონული კომერციის ექსპერტად. განხორციელებული აქვს მსხვილი ელექტრონული კომერციის პროექტები USAID-თან, VISA-სთან და EBRD-თან თანამშრომლობით. ამ დრომდე იგი 500-მდე კომპანიას დაეხმარა გაციფრულების პროცესში. ანა Google-ის ადგილობრივი გიდია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს გაციფრულებაში. რაც შეეხება ლაშას, იგი ტურიზმის ექსპერტი და საცხენოსნო ტურიზმის სპეციალისტია 11-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ლაშამ შექმნა პირველი აგროტურისტული მეურნეობა "აგროშენაქო" თუშეთში. ამასთან ერთად, მუშაობდა გიდად და ტურმენეჯერად საქართველოს წამყვან ტურისტულ კომპანიებში.

"მაშინ, როდესაც ჩემი პარტნიორი, ლაშა გაგოიძე 1000-კილომეტრიან ტრანსკავკასიურ ბილიკს გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიონის გასწვრივ კახეთიდან სვანეთამდე, გზაში დამგზავრებისას გამაცნო Horsetours-ის თავდაპირველი იდეა, რომელმაც ძალიან დამაინტერესა", − იხსენებს ანა ნადირაძე.

Enrepreneur-თან საუბრისას ანა აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, Horsetours სხვა მოტივით შეიქმნა − მათი მიზანი საკუთარი უნიკალური საცხენოსნო ტურების გაყიდვა იყო, რომელიც მანამდე, როგორც ტურისტული პროდუქტი, არავის გაუყიდია. თუმცა, მზარდი მოთხოვნისა და დაინტერესების შედეგად მიხვდნენ, რომ მომხმარებლებს მხოლოდ მრავალდღიანი საცხენოსნო ტურები კი არ სურდათ მთაში, არამედ საათობრივი და ერთდღიანი ტურებიც ესაჭიროებოდათ მარტივად ხელმისაწვდომ ადგილებში.

დღეს მსოფლიოში ტურიზმისა და განსაკუთრებით სასტუმროების სფეროს გაციფრულება დიდი სისწრაფით მიმდინარეობს. სასტუმროები საკუთარ სერვისებს ყიდიან როგორც OTA-ების მეშვეობით (მაგალითად, booking.com), ასევე საკუთარი ვებგვერდებიდან. საცხენოსნო ტურებთან დაკავშირებულ მეწარმეებს კი იმავე კომფორტის შეთავაზება არ შეუძლიათ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ასე მიეჩვივნენ ციფრულ გამოცდილებას. რანჩოებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა და რესურსი საკუთარი ელექტრონული კომერციის გვერდების შესაქმნელად, ასევე არ არსებობს ალტერნატივა შესაბამის სექტორზე მორგებული მარკეტფლეისის სახით.

"კვლევის შედეგად მივხვდით, რომ Horsetours- ბევრად დიდი პოტენციალი ჰქონდა, ვიდრე უბრალოდ ცალკეული საცხენოსნო ტურების გაყიდვაა. ფაქტობრივად ამოვატრიალეთ თავდაპირველი იდეა და ნულიდან დავიწყეთ ბაზრის კვლევა, ანალიზი, კონცეფციის შექმნა, სამოქმედო გეგმის შემუშავება და სხვა. ჩვენი უნარები საცხენოსნო ტურიზმის მიმართულებით გავაერთიანეთ, აქტიურად დავიწყეთ საცხენოსნო ტურიზმის გაციფრულება და ცნობიერების ამაღლება მომხმარებლებში. დღეს მუდმივად ვატარებთ სხვადასხვა ექსპერიმენტს, რაც პროდუქტის დახვეწასა და მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებაში გვეხმარება", − ამბობს ანა ნადირაძე.

როგორც ანა აღნიშნავს, სტარტაპზე მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა საცხენოსნო გიდების მოძიება იყო, რადგან ბევრი მათგანი სოციალურ ქსელში აქტიური არ არის, თუმცა სხვადასხვა კონტაქტის გამოყენებითა და ადგილობრივებთან გასაუბრებით ეს დაბრკოლება წარმატებით გადალახეს. დღეს გიდები უკვე თავად უკავშირდებიან კომპანიას საკუთარი სერვისის განსათავსებლად.

"როდესაც სტარტაპს იწყებ, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ მუდმივად სხვადასხვა სახის გამოწვევისა და დაბრკოლების წინაშე დადგები. მთავარია, გიყვარდეს პრობლემები, რომლებსაც ჭრი და გამოწვევებთან გამკლავებაც საინტერესო პროცესი გახდება", − ამბობს ანა ნადირაძე.

Horsetours-ის მომხმარებლების 90% ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან, ხოლო მერჩანტები ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოდან არიან. პლატფორმა ორიენტირებულია ადამიანებზე, რომლებისთვისაც საცხენოსნო ტურები და ჯირითი აქტიური დასვენებისა და თავგადასავლების ძიების კარგი საშუალებაა. გარდა ამისა, თანამშრომლობენ უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან, რათა ბევრ უცხოელს გააცნონ საქართველოში არსებული უნიკალური ადგილები. კომპანიის ვებგვერდზე შესაძლებლობა გაქვთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია ტურებისა და მარშრუტების შესახებ. სარეკლამო ვიდეორგოლებთან ერთად, ციფრული ვიდეომარშრუტების დათვალიერებაც შეგიძლიათ. საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლებს გადახდის მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ − იქნება ეს კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება, PayPal, განვადება თუ საბარათე გადახდები.

ანა ნადირაძე "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ერთ-ერთი მონაწილეა. პროგრამის ფარგლებში არაერთი ტრენინგი გაიარა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სტარტაპის შექმნის დროს დამფუძნებლებმა, რა ხელსაწყოები არსებობს ეფექტიანობის გასაზრდელად და სხვა.

"პროცესი საინტერესო და პროდუქტიული იყო, პარალელურად ვცდილობდი პროექტში მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის სტარტაპში ინტეგრირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მოვიპოვეთ ფინანსური მხარდაჭერა, რაც სტარტაპის განვითარების მოცემულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია", − ამბობს ანა ნადირაძე.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, Horsetours-ის მიზანია, წლის ბოლომდე სრულად აითვისონ და გააციფრულონ საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალი. მომდევნო წელს კი საქართველოს ფარგლებსაც გასცდნენ. პირველი სამიზნე ქვეყნები ყაზახეთი და თურქეთია, თუმცა ამ ბაზარზე გასასვლელად დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა და ინიციატივები ესაჭიროებათ.

როგორც ანა აღნიშნავს, ანტრეპრენერები ხედავენ ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც სხვებმა ვერ ან არ შეამჩნიეს. ამიტომაც, იყო ანტრეპრენერი, მოითხოვს უდიდეს ძალასა და ენერგიას.

"ვიტყოდი, რომ მეწარმეობა არის ხანგრძლივი მოგზაურობა. წარმატებული მეწარმეების თვისებები და მოტივაცია შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა ხედვის, ვნების, ადაპტირებისა და გამძლეობის ერთობლიობა ხშირად წარმოადგენს მათ შესაძლებლობებს, შექმნან და მართონ წარმატებული ბიზნესი", − ამბობს ანა ნადირაძე.

ანი ბურდული − "ბამბარა"

"ჩემთვის ბამბის ნაყინი ბავშვობის საყვარელი მოგონებაა. დღემდე მახსოვს ის კადრი და ემოცია, როდესაც ეს ნუგბარი პირველად გავსინჯე. როგორც ბამბის ნაყინის მოყვარულ მშობელს, მსურდა ჩემი შვილებისა და სხვა ბავშვებისთვის სადმე ისეთი ბამბის ნაყინი ყოფილიყო, სადაც ყველაფერი სუფთად, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო არომატებითა და საკვები საღებავებით დამზადდებოდა, თან კომფორტული შეფუთვა ექნებოდა, რათა ნებისმიერ ადგილას წამეღო. ისე ვიყავი ამ იდეით მოცული, რომ ოჯახის წევრებმა დაბადების დღისთვის ბამბის ნაყინის პროფესიული აპარატი მაჩუქეს. სწორედ ასე დაიწყო თავგადასავალი", იხსენებს ანი ბურდული, "ბამბარას" დამფუძნებელი.

თავდაპირველად ანი მის მიერ დამზადებული ბამბის ნაყინის ხარისხში რომ დარწმუნებულიყო, იგი ლაბორატორიულად შეამოწმა, შემდეგ კი ხარისხი, კომფორტულობა და ხელმისაწვდომობა "ბამბარას" ბრენდის ქვეშ გააერთიანა. დღეს "ბამბარა" GMO-სა და გლუტენის გარეშე, ვეგანურ ბამბის ნაყინს გვთავაზობს, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას წაიღოთ, ჩანგლით მიირთვათ და ხელებიც არ დაისვაროთ.

"ბამბარა" პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ბამბის ნაყინის ბრენდია, რომელიც ერთ-ერთ დიდ ქსელურ მარკეტში იყიდება. ამ ეტაპზე სამი არომატია წარმოდგენილი − მარწყვის, საღეჭი რეზინის და პიტნა-ტროპიკული ხილით. ამჟამად არომატების სახეობების გაფართოებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ქსელური მარკეტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გარდა, "ბამბარა" ქმნის ბამბის ნაყინის სასაჩუქრე ნაკრებსაც და ცალკეა სასმელში ჩასაგდები "ბამბარას ბრჭყვიალების" ხაზი − კორპორაციული წვეულებებისთვის, ქორწილებისთვის, სქესის გაგების ცერემონიისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის.

"გაყიდვები შობას, 2022 წლის 7 იანვარს ბამბის ნაყინის სასაჩუქრე ნაკრებით დავიწყეთ, სადაც ხუთი სხვადასხვა არომატის ბამბის ნაყინი და "ბამბარას ბრჭყვიალები" შედიოდაეს არის მცირე ფორმის ბამბის ნაყინი ბრჭყვიალებით, რომელიც სასმელში ჩაგდებისას აფერადებს და ალამაზებს ჭიქას", − ამბობს ანი ბურდული.

"ბამბარას" შექმნის პროცესში ანიმ არაერთი გამოწვევა გადალახა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა წარმოების დაწყება იყო. ფაქტობრივად ყველა ნიუანსი, რაც ნაყინის წარმოებას ეხებოდა, პრაქტიკაში ისწავლა, ამერიკული და ევროპული გამოცდილების გაზიარებითა და გათვალისწინებით.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა სუპერმარკეტების ქსელებთან ურთიერთობა გახლდათ, რადგან არც ამის გამოცდილება ჰქონდა "ბამბარას" გუნდს. როგორც ანი აღნიშნავს, თავიდან ზოგიერთ კომპანიას უჭირდა იმის წარმოდგენა, თუ როგორ გაიყიდებოდა კონტეინერში მოთავსებული ბამბის ნაყინი, თუმცა "ბამბარამ" ძალიან მალე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ანა პროფესიით ჟურნალისტია, 7 წელია "რადიო თავისუფლებაში" მუშაობს, თუმცა პანდემიის დროს, "ბამბარას" იდეის გაჩენასთან ერთად, მთავარი საქმე "ბამბარა" გახდა და ახლა მხოლოდ დროდადრო უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობს.

"მართალია, კომუნიკაციების სფეროში გარკვეული გამოცდილება მქონდა, თუმცა ბიზნესში ნაბიჯების გადასადგმელად და იმისთვის, რომ დიდი შეცდომები თავიდან ამერიდებინა, ვხვდებოდი, რომ მეტი ცოდნა მჭირდებოდა, განსაკუთრებით ფინანსების მიმართულებით. როდესაც ამ ცოდნის მიღების გზებს ვეძებდი, YES GEORGIA გამოჩნდა სხვადასხვა კომპონენტით, სადაც არაერთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე, დასაფასებელი ქალი მეწარმე გავიცანი, რაც ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემი გახდა", − აღნიშნავს ანი ბურდული.

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" დასრულების შემდეგ, "ბამბარამ" დაფინანსება მოიპოვა, რომლის მეშვეობით საწარმოსთვის განკუთვნილი ახალი ადგილი გარემონტდება და განვითარებისთვის შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება. ახალი სივრცის მოწყობის შემდეგ, "ბამბარას" საიტიც ჩაეშვება და მომხმარებლებს საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს. გარდა ამისა, იგეგმება, რომ "ბამბარა" უფრო მეტ ქსელურ მარკეტში იყოს წარმოდგენილი.

როგორც ანი აღნიშნავს, ანტრეპრენერს თავგადასავლების არ უნდა ეშინოდეს, რადგან ნებისმიერი გამოწვევა ახალი გაკვეთილია. ანტრეპრენერმა უნდა გაითავისოს, რომ ეს დაუსრულებელი პროცესია, რაც საშუალებას გაძლევს ისწავლო რაღაც ახალი, გაიზარდო შენც და გაზარდო შენი საქმიანობაც.

ირინე ბართია − "ტობაეკო სოფელი"

ირინე ბართიამ და მისმა ოჯახმა ჯერ კიდევ 2019 წელს მარტვილში, სოფელ ბალდის მთებში, საქართველოს უმაღლეს ჩანჩქერთან ახლოს, მცირე კაპიტალითა და დიდი ენთუზიაზმით ღია ტიპის აგროკაფე − "ვაკოს ქოხი" ააშენეს. ირინეს ოჯახი კაფეს შორიახლოს მესაქონლეობას, მეფუტკრეობასა და მებაღჩეობას ეწევა, "ვაკოს ქოხის" სტუმრებს კი ადგილზე წარმოებული პროდუქტებითა და მომზადებული კერძებით უმასპინძლდება. გასულ წელს საოჯახო ფერმა და აგროკაფე ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და "ტობა − ეკო სოფელი" ეწოდა.

"ჩვენთან, ეკო სოფელში მოსულ სტუმრებს მეგრულ გამოცდილებას ვუზიარებთ. მათ აქვთ შესაძლებლობა მეგრული ავთენტური კერძების მომზადების სრულ ციკლში მიიღონ მონაწილეობარძის მოწველით დაწყებული, სულუგუნის გაწელვით დასრულებული. ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი ქართველ და უცხოელ ტურისტებზე გადის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გასტრო და სათავგადასავლო ტურიზმით, მათ კი სხვადასხვა არხით ვუკავშირდებით, როგორიცაა სოციალური ქსელები, Google და Airbnb", − აღნიშნავს ირინე ბართია.

ირინე პროფესიით ბიოლოგია. როგორც თავად ამბობს, როდესაც მიზნად მეწარმეობა დაისახა, სამეწარმეო საქმიანობის არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონია, გარდა მომსახურების სფეროში მუშაობისა. თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი რესურსი იმ საქმისთვის დაეთმო, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობდა.

"USAID-ის პროგრამა YES-Georgia ჩემთვის იყო უდიდესი შესაძლებლობა, სამი თვის განმავლობაში ვყოფილიყავი მუდმივი გადამზადების რეჟიმში. ლექციებს წამყვანი მენტორები გვიტარებდა, ამიტომ ჩემთვის თითოეული ვორქშოფი დატვირთული იყო ცოდნით, ახალი შესაძლებლობითა და წარმატებისკენ სწრაფვით", − აღნიშნავს ირინე ბართია.

"ტობა − ეკო სოფლის" გუნდი არცთუ დიდია და მხოლოდ ოჯახის წევრებისგან შედგება. ირინეს გარდა, პროცესში ჩართულია მამამისი, რომელსა 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს და ეკო სოფლის ფერმას უძღვება. დედა 2015 წლიდან ტურიზმის სფეროშია და მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. რაც შეეხება ირინეს ძმას, იგი რამდენიმე უცხო ენას ფლობს და გიდობას უწევს სტუმრებს. ამასთან, მათ უსაფრთხო გადაადგილებასაც უზრუნველყოფს.

"მცირე სტარტაპებს ხშირად არ გვაქვს დელეგირების ფუფუნება, ამიტომ ყველაფრის კეთება თავად გვიწევსდაწყებული მარკეტინგით, დასრულებული მენეჯმენტით. აქედან გამომდინარე, მცირე ბიზნესის მართვა კიდევ უფრო შრომატევადია. ტობაეკო სოფელში, სეზონურობიდან გამომდინარე, საქმიანობას გვიან გაზაფხულზე ვიწყებთ და ადრეულ შემოდგომაზე ვასრულებთ. პარალელურად, სხვადასხვა ბიზნესპროექტში ვმონაწილეობ, რათა ცოდნის ხარისხი გავაუმჯობესო და საკუთარი საქმე წარმატებით ვმართო, პატარა ნაბიჯებით დიდი მიზნისკენ", ამბობს ირინე ბართია.

საწყის ეტაპზე "ტობას" მთავარი გამოწვევა სოფლამდე მისასვლელი გზა იყო. ვინაიდან იგი მთაშია, გზა რთული და დამღლელია. "ჩვენამდე მოსული სტუმრების ერთადერთი წუხილიც ფეხით სავალი 6-საათიანი დამღლელი გზა იყო. ამიტომ შევიძინეთ ცხენები და დამღლელი გზა დამატებით თავგადასავლად ვაქციეთ".

სამომავლოდ ირინეს ეკო სოფლის კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება სურს. მისი მიზანია, მომავალ წელს ეკო სოფელს მეგრული, ოდას ტიპის სახლი დაემატოს, კიდევ უფრო გააფართოოს ფერმა და "ტობა" ყველაზე ეკომეგობრულ მოსასვენებელ სივრცედ აქციოს სამეგრელოში.

ნათია მექერიშვილი − "ნასაკე"

"ნასაკე" ხელნაკეთი საქორწინო, სადღესასწაულო გვირგვინებისა და თმის აქსესუარების ბრენდია, რომელიც გასულ წელს ნათია მექერიშვილმა YES-Georgia-ს პროექტის ფარგლებში დააფუძნა და დღემდე წარმატებით უძღვება საქმეს. ბრენდის ოფიციალურად ჩამოყალიბებამდე ნათიასა და მის აქსესუარებს საზოგადოება მხოლოდ Facebook-გვერდის სახით იცნობდა და მათგან მოწონებასაც იმსახურებდა.

"ნასაკეს ჩამოყალიბებას წინ უძღოდა საკუთარი ფინანსების ფლობის ბავშვური სურვილი. 16 წლის ასაკში დამოუკიდებლად დავიწყე თმის სხვადასხვა აქსესუარის დამზადება. მოტივაციის წყარო კი ერთ-ერთი ჩემი მასწავლებელი გახლდათ, რომელმაც შთამაგონა, რომ აქსესუარები ულამაზესი იყო და განვითარებას იმსახურებდა", − იხსენებს იგი.

ნათიას თქმით, ბიზნესის დაწყების საწყის ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი ნაბიჯების გადადგმისას არსებული უხერხულობის შეგრძნება იყო, რასაც მისი ასაკი იწვევდა. თუმცა, ამ გამოწვევის გადალახვა მან მალევე შეძლო. თითქმის ორი წელია, რაც ნათია გვირგვინებსა და თმის აქსესუარებს ამზადებს და ამ ეტაპზე ბრენდს დამოუკიდებლად ქმნის და მართავს.

"უშუალოდ ამ ხაზის პროდუქტის დამზადების 2-წლიანი გამოცდილება მაქვს. სხვა ყველანაირი გამოცდილება USAID-ის პროგრამა YES-Georgia- დამსახურებაა. სწორედ ამ პროგრამამ მიმიყვანა დამოუკიდებელი ბიზნესის წარმოების სურვილამდე. მეწარმეთა სკოლის შესახებ Facebook-პოსტიდან შევიტყვე, ვიყავი მე-11 რაუნდისა და მე-13 რაუნდის მონაწილე. აღნიშნული პროექტი აბსოლუტურად ყველა საკითხის გააზრებაში დამეხმარა, მომცა ძალიან დიდი მოტივაცია და დამანახა რამდენად დიდი შესაძლებლობები გვაქვს სამყაროში", − აღნიშნავს ნათია მექერიშვილი.

ახალგაზრდა ანტრეპრენერი სამომავლოდ ბრენდის კიდევ უფრო განვითარებასა და დახვეწას გეგმავს, რისთვისაც მაქსიმალურად მუშაობს. როგორც ნათია აღნიშნავს, ანტრეპრენერი ენერგიული, თამამი, თავდაჯერებული, შეუპოვარი, რისკიანი ადამიანია, რომელიც დაუღალავად შრომობს, ბევრ შეცდომას უშვებს და ასე აღწევს წარმატებას. თავადაც სწორედ ეს გზა აქვს მიზნად დასახული და დარწმუნებულია, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს.

თაკო ქველიძე − LitKid

LitKid საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმაა, რომელიც მშობლებს შვილის ასაკის, ინტერესებისა და გემოვნების შესაბამისი წიგნების შერჩევაში ეხმარება. რაც მთავარია, პროცესი მარტივი, სწრაფი და კომფორტულია, სურვილის შემთხვევაში კი წიგნის შეძენა საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ.

"ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ნაცნობი პროცესია ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა წავუკითხო ბავშვს ადრეულ ასაკში, როგორ ვიყო თანმიმდევრული, როგორ არ გამომრჩეს საინტერესო ავტორები და ტექსტები, მათ შორის ქართული საბავშვო წიგნები, რომელიც ხშირად დაუმსახურებლად გვრჩება ხოლმე ყურადღების მიღმა. დღეს მშობლები ამას თვითდინებით აკეთებენ, ამიტომ ძალიან გვინდა LitKid- სწორი გზამკვლევი გახდეს მათთვის ამ პროცესში და საამისოდ ძალისხმევას არ ვიშურებთ", − აღნიშნავს თაკო ქველიძე, პროექტის თანადამფუძნებელი.

LitKid-ზე ფიქრი თაკომ და მისმა მეგობარმა ანა მაისურაძემ ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყეს, ხოლო პირველი ნაბიჯები Impact Hub Tbilisi-ის პრეაქსელერატორის ფარგლებში გადადგეს. თავდაპირველად, ერთ-ერთ პლატფორმაზე პროდუქტის სატესტო ვერსია შექმნეს და 80-მდე წიგნის რეკომენდაცია გასცეს, ამდენივე გაყიდეს კიდეც. LitKid-ს Facebook-ის დახურული ჯგუფიც აქვს, რომელსაც მოკლე დროში 1 000-ზე მეტი მომხმარებელი შეუერთდა.

LitKid-ის გუნდი აქტიურად ზრუნავს ბრენდის ზრდასა და განვითარებაზე. თანამშრომლობენ გამომცემლობებთან, მუშაობენ წიგნების კატეგორიზაციაზე და სულ მალე ახალ ვებგვერდსაც ჩაუშვებენ. როგორც თაკო აღნიშნავს, ბრენდი ჯერ კიდევ გამოწვევების დაძლევის პროცესშია, თუმცა წინ დიდი გზა აქვთ გასავლელი, რისთვისაც ძალებს არ იშურებენ. ამჟამად LitKid-ის გუნდი იმ ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებაზე მუშაობს, რაც სტარტაპეკოსისტემაში საარსებოდ სჭირდებათ. "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაც" ერთ-ერთი შესაძლებლობა იყო ამ უნარების განვითარებისთვის.

"USAID-ის პროექტი და მეწარმეთა სკოლა ძალიან სასარგებლო გამოცდილება აღმოჩნდა. ფინანსების მიმართულებით აქტიური მენტორობის ფარგლებში შევქმენით პირველი ფინანსური დოკუმენტი. გავიცანი საინტერესო ადამიანები და ძალიან მოტივირებული ქალი მეწარმეები საქართველოში, რომელთაც რეალური ცვლილების მოტანა შეუძლიათ ბევრ სფეროში", − აღნიშნავს თაკო ქველიძე.

ამჟამად LitKid-ის გუნდი სამი წევრისგან შედგება: თაკოს მედიისა და კომუნიკაციების მიმართულებით 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, თუმცა ანტრეპრენერობა სრულიად ახალია მისთვის; ანო მარკეტერია, რომელსაც საქართველოში წამყვან ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას ფლობს; გასულ წელს Litkid-ის გუნდს დიანა ანფიმიადი შეუერთდა, რომელიც საბავშვო მწერალი და საბავშვო ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნეა.

"რაც ყველაზე მეტად მიხარია, ერთი ფასეულობების, პრინციპებისა და იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები ვართ და გვიყვარს და გვჯერა, რასაც ვაკეთებთ", − აღნიშნავს თაკო.

ვებგვერდის ჩაშვების შემდეგ, LitKid საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს გვპირდება, მათ შორის წიგნის კლუბს ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

"გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევით, დღეს ბავშვების 44%- საქართველოში ხელი არ მიუწვდება საბავშვო წიგნებზე. ამიტომ ძალიან გვინდა, მათ რეგიონებს მივწვდეთ წიგნებითა და საჭირო რესურსებით. ეს პროცესი მათ შორის დონაციაზე იქნება დაფუძნებული და ნებისმიერ ადამიანს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა", − აღნიშნავს თაკო ქველიძე.

მელანო ხუბუა საქელეხო ინვენტარის გაქირავება

მელანო ხუბუამ მცირე ბიზნესი გალის რაიონში 2023 წლის ივლისში დააფუძნა და მას შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე მუშაობს. როგორც მან Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნა, გალში ხშირად ხვდებოდა ადამიანები, რომლებსაც საქელეხო ინვენტარის ქირაობა უჭირდათ, ხოლო ვისაც მსგავსი ინვენტარი ჰქონდა, ის ხალხის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. სწორედ ამ რეალობამ უბიძგა მას ჩამოეყალიბებინა საქელეხო ინვენტარის გაქირავების სერვისი.

"მე, როგორც დიასახლისი და სამი შვილის დედა, მუდამ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისე, რომ შვილებისთვის სათანადო ყურადღება არ მომეკლო და პარალელურად მცირე შემოსავალი მქონოდა. როდესაც ჩვენს საზოგადოებაში მსგავს პრობლემას წავაწყდი, გავითვალისწინე რა ჩვენებური წესები და პირობები, მივხვდი, რომ ამ იდეის განხორციელება აუცილებლად გაამართლებდა", − აღნიშნავს მელანო ხუბუა.

იდეის განსახორციელებლად მელანო შეძლებისდაგვარად გარკვეულ თანხებს ზოგავდა, თუმცა ეს დანაზოგი საკმარისი არ იყო. სწორედ USAID YES-GEORGIA-ს მხარდაჭერით შეძლო მან შესაფერისი ინვენტარის შეთავაზება გალის მოსახლეობისთვის.

"როდესაც მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს იდეებს ვუზიარებდით, მან მომიყვა, თუ როგორ გახდა USAID YES-GEORGIA- პროგრამის გამარჯვებული. ისეთი აღტაცებით მიყვებოდა გუნდის თანადგომასა და პროფესიონალიზმზე, მეც დავინტერესდი. ისე მოხდა, რომ პროექტში შემარჩიეს და ჩვენ არაერთი საფეხური გავიარეთ დიდი შრომით. მადლობელი ვარ იმ ცოდნისთვის, რაც ამ პროექტის ფარგლებში მივიღე", − აღნიშნავს მელანო ხუბუა.

საქელეხო ინვენტარის გაქირავებას ამჟამად მელანო უძღვება. მასთან ერთად პროცესში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები არიან ჩართული ლოგისტიკოს-მენეჯერი, ინვენტარის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი, მტვირთავი და სხვა. როგორც მელანო აღნიშნავს, ყველაზე რთული საზღვარზე ინვენტარის გადმოტანა აღმოჩნდა. "მართალია, ნელ-ნელა ეს პრობლემა მოგვარდა, თუმცა ბიზნესის წამოწყება დროში გამეწელა და შემაფერხა. ამასობაში პოტენციური კონკურენტებიც გამოჩნდნენ და ახლა უფრო მეტი ძალისხმევით მიწევს საქმის უკეთ წარმოჩენა".

სამომავლოდ მელანოს ბიზნესის გაფართოება სურს. მისი მიზანია ჰქონდეს დარბაზი, რესტორანი, სადაც დაინტერესებულ პირებს სრულფასოვან მომსახურებას შესთავაზებს და ამით გარკვეულწილად ადგილობრივ მოსახლეობასაც დაეხმარება.

ნუკა კაკაურიძე − "მოსვენებისა და კვების სივრცე ორმუხა"

ნუკამ და მისმა მეგობრებმა 2021 წელს წყალტუბოში, ტურისტულ ზონაში, პრომეთეს მღვიმის გზაზე 1000 მ2 მიწის ნაკვეთი ერთობლივად შეიძინეს და მოგვიანებით "მოსვენებისა და კვების სივრცე ორმუხა" შექმნეს.

"იდეა COVID-19-ის პანდემიის ფონზე გაჩნდა. შინ გამოკეტილი ადამიანებისთვის ბუნებასთან ახლო კონტაქტი, ღია სივრცე და სუფთა ჰაერი პრიორიტეტულად იქცა. ჩვენი მცირე დანაზოგით და მეტწილად ემიგრანტი დედის დახმარებით შევუდექით ნაკვეთის გასუფთავებას, მოწყობა-მოპირკეთებას", იხსენებს ნუკა კაკაურიძე.

"ორმუხას" შექმნაში ნუკას ოჯახის ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული. მათ ამ პერიოდის განმავლობაში დამოუკიდებლად შეძლეს ტყედ ქცეული მიწის ნაკვეთის დასუფთავება, კომუნიკაციების შეყვანა, საპარკინგე ადგილის, საპირფარეშოების, სამზარეულოს მოწყობა და კაფეს აშენება. ამ ეტაპზე "ორმუხა" ავეჯისა და სხვადასხვა ინვენტარის შესაძენად დამატებითი ფინანსების მოძიების პროცესშია. მათი მიზანია, დაინტერესებულ პირებს ახალი წლიდან სრულყოფილი სერვისი შესთავაზონ, კერძოდ საკუთარი სივრცე, საკარვე ადგილები და ადგილზე დამზადებული უგემრიელესი იმერული კერძები.

"გასულ ზამთარს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე Facebook-ზე USAID YES GEORGIA- პროექტი, 3-თვიანი უფასო ტრენინგ-კურსი გავიარე. სწავლება ონლაინ მიმდინარეობდა, ძალიან საინტერესო სპიკერებით, გვქონდა დავალებები და შემდეგ საერთო განხილვები. პროექტში ბევრი დამწყები მეწარმე ქალი გავიცანი საინტერესო ისტორიებით. კურსის დასრულების შემდეგ ჩემმა პროექტმა ფონდ "კრისტალისგან" მოიპოვა დაფინანსება, რითაც საჭირო ინვენტარი შევიძინე მომავალი ობიექტისთვის. ამ დაფინანსებამ კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა, ვიბრძოლო და არასოდეს დავნებდე ჩემი მიზნების განხორციელებისთვის", − ამბობს იგი.

როგორც ნუკა აღნიშნავს, ანტრეპრენერი სიახლეების შემქმნელი, მუდმივად ძიებაში მყოფი ადამიანია, რომელიც რისკავს, იბრძვის და მიზანს წარმატებით აღწევს. "იმავეს ვურჩევ ყველა ქალს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ. ყველაფრისთვის, რაც ძალიან გინდათ, აუცილებლად უნდა იბრძოლოთ, არ დანებდეთ, არ შეგაშინოთ დაბრკოლებებმა და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს".


USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"