Get All Access for $5/mo

Alphaland - ინტერაქციული აპლიკაცია, რომელიც ბავშვებს ქართული ანბანის შესწავლას უმარტივებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, სწავლის ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, განათლებაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ტექნოლოგიები და თამაშებზე დაფუძნებული სწავლის მეთოდები. ტექნოლოგიების დახმარებით, განათლება უფრო მიმზიდველი, ინტერაქციული და ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ხდება. სწორედ ამ მიზნით, 2023 წლის დეკემბერს ბიძინა საზანდრიშვილმა შექმნა Alphaland - საგანმანათლებლო ინტერაქციული ანბანი, რომელიც ბავშვებს ქართული ანბანის შესწავლაში ეხმარება.

"ქართველი მომხმარებელი არც ისე განებივრებულია მაღალი ხარისხის ქართულენოვანი აპლიკაციებით, განსაკუთრებით საბავშვო თემატიკის დეფიციტია და ყოველთვის მქონდა სურვილი, ბავშვებისთვის რაიმე განსაკუთრებული შემექმნა. ელექტრონული ანბანის იდეა გარკვეული პერიოდი მიტრიალებდა თავში, თუმცა, უბრალოდ, ანბანის გაკეთებაც არ მინდოდა. მსურდა აპლიკაცია სახალისო, ინტერაქტიული, ცოცხალი და, რაც მთავარია, ხარისხიანი ყოფილიყო. გარკვეული პერიოდის მერე ეს ყველაფერი "ალფალენდის" სამყაროს იდეაში გადაიზარდა და დაახლოებით 2 წლის ინ ამ დეის განსახორციებლად პირველი ნაბიჯები გადავდგი", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ბიძინა საზანდრიშვილი, Alphaland-ის დამფუძნებელი.

Alphaland განკუთვნილია დაახლოებით - 3-დან 7 წლამდე, სკოლამდელი ასაკისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. ანბანის მთავარი გმირები ცხოველები არიან, ვინაიდან, Alphaland-ის იდეის ავტორის აზრით, ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ ცხოველების ხმის ამოცნობა და მათი მოსმენა. მსგავსი ტიპის სწავლება დამახსოვრების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და შედეგად ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, დააკავშირონ ილუსტრაციები ასოებთან, გაიმეორონ თითოეული ბგერის ჟღერადობა და ეს ყველაფერი ვიზუალურადაც იხილონ.

"Alphaland მშობლებს თავიანთი პატარებისთვის აძლევს ქართული ანბანის უნიკალური სწავლების გამოცდილებას. მოგეხსენებათ, საბავშვო სეგმენტი არის ყველაზე სათუთი და საპასუხისმგებლო და ყველა დეტალი მაქსიმალურ ყურადღებას და დაკვირვებას მოითხოვს. პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვაპირებ ტრადიციულ მეთოდებთან კონკურენციას, უბრალოდ, შევქმენი ალტერნატივა, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია, რადგან აპლიკაცია სრულიად უფასო.

მსგავსი რამ მხოლოდ თავის საქმისადმი და კონკრეტული პროექტისადმი დიდი სიყვარულით შეიძლება აკეთოს ადამიანმა, რასაც, ვფიქრობ, გავართვი თავი და შედეგად მივიღე ის ხარისხი, რაც აპლიკაციების პირველივე ვერსიაში საკმაოდ რთული მისაღწევია. "ალფალენდი" მუდმივად იქნება განახლებადი და დინამიური, ეს კი მომცემს საშუალებას, უამრავი ახალი გამოცდილება გავუზიარო ალფალენდის ყველაზე ლამაზ და საყვარელ მომხმარებელს", - განმარტავს ბიძინა საზანდრიშვილი.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბაზარზე ქართული საგანმანათლებლო და ინტერაქციული პროდუქტების ნაკლებობაა, Alphaland-ის გამოჩენას საზოგადოება ძალიან დადებითად შეხვდა. აპლიკაციას უკვე ჰყავს აქტიური და ერთგული მომხმარებლები, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.

"დადებითი შეფასების გარდა ჯერ არაფერი შემხვედრია და მომისმენია. ძალიან მახარებს ეს ფაქტი და მაძლევს უდიდეს სტიმულს იმისთვის, რომ ამ საქმისთვის კიდევ უფრო მეტი რესურსი და ძალა გამოვყო და აპლიკაცია ანბანის შესწავლის სრულყოფილ ფორმულამდე მივიყვანო.

აპლიკაციას ყოველდღიურად იწერს ხალხი და შესაბამისად, იზრდება მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ასევე ძალიან მახარებს. ვფიქრობ, ჩვენი ემიგრანტი ბავშვებისთვის "ალფალენდი" კიდევ უფრო მეტად საყვარელი და საინტერესოა, რადგან შესაძლებელია ნაკლებად ჰქონდეთ ყოველდღიურობაში ქართულ ანბანთან შეხება. დიდი სურვილი მაქვს, რომ მაქსიმალურად გავაგებინო მათ "ალფალენდის" არსებობის შესახებ", - აღნიშნავს "ალფალენდის" დამფუძნებელი.

როგორც ყველა ადამიანს, ვისაც სიახლის დანერგვა სურს ბაზარზე, აპლიკაციაზე მუშაობისას ბიძინა საზანდრიშვილსაც შეხვდა გამოწვევები. ქართული ანბანის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო მათი დაკავშირება ცხოველების ილუსტრაციებთან ისე, რომ ქართულ ასოებს არ დაეკარგათ პირვანდელი სახე და ამავდროულად, ანბანი პატარებისთვის ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. თუმცა ბიძინას ენთუზიაზმითა და მისი საქმისადმი დიდი სიყვარულით გამოწვევები ახალ შესაძლებლობად იქცა "ალფალენდისთვის".

"ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის, რომ მინდოდა პირველივე ვერსია ყოფილიყო სრულყოფილად და უზადოდ შესრულებული, რაც საკმაოდ ართულებდა ამოცანას.

რთული პროცესი იყო ანბანის ილუსტრირებულ პერსონაჟებად გადაქცევა ისე, რომ არ დაკარგულიყო თითოეული ასოს მოხაზულობა და ბავშვებისთვის მარტივად ამოსაცნობი ყოფილიყო.

მითუმეტეს, როდესაც მარტო გიწევს UI/UX, გრაფიკა, ანიმაცია, პროგრამირება, საჭიროა კომპლექსური ცოდნა, რათა თავი მოუყარო ყველაფერს ერთად და გარდასახო ეს ყველაფერი ლამაზ პროდუქტად, რომელსაც ხალხი მიიღებს. პროცესში ჩაერთო ჩემი შვილი, ლიზი, რომელიც დამეხმარა გრაფიკულ დიზაინში, რაზეც დიდ მადლობას ვუხდი მას.

გარე ძალის ჩართვა მომიწია გახმოვანების კუთხით. მადლობა ხმის ჩამწერ სტუდიას და ლიზიკოს, რათა ზუსტად ის ტემბრი და ჟღერადობა მივიღეთ, რომელიც ალფალენდის ვიზუალს ჰარმონიულად შეერწყა.

მინდა ისიც აღნიშნო, რომ თავად შემეძლო ხმის ჩაწერა, გახმოვანება, რედაქტირება, მაგრამ არ იქნებოდა პროფესიონალური დონის და შესაბამისად, ვერ დავუშვებდი, რომ რაიმე რგოლში აპლიკაცია უხარისხოდ შესრულებული ყოფილიყო.

თუმცაღა, დევლოპმენტის პროცესში, როდესაც აპლიკაცია სატესტო ხმებს საჭიროებდა, თავად ჩავწერე ისინი და სატესტოდ ვიყენებდი. იმასაც გეტყვით, რომ საკმაოდ ბევრი კურიოზი მოჰყვა ამ ყველაფერს", - აცხადებს ბიძინა საზანდრიშვილი.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვას, "ალფალენდის" დამფუძნებლის დიდი სურვილია, აპლიკაცია საგანმანათლებლო სპექტრში პატარებისთვის ალტერნატიული სწავლების მეთოდი გახდეს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ადაპტაცია შენი ბიზნესის გადასარჩენად!

Optimo - ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად!