Get All Access for $5/mo

AlterSocks – ორიგინალური, ფერადი და სახალისო წინდები თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებული საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელსაც ტრადიციისამებრ, თუმცა უჩვეულო ფორმატში გაიმართა. ქვეყნის უმსხვილესმა საფინანსო და ტექნოლოგიურმა კომპანიამ 2020 წლის გამარჯვებულები შეკრებების აკრძალვის ფონზე ონლაინ გვამცნო. წლევანდელ რჩეულებს კი სწორედ ის ქართული ბიზნესკომპანიები წარმოადგენენ, რომლებმაც განსაკუთრებულად რთული წლის მიუხედავად, თავს მოდუნების უფლება არ მისცეს და საქმიანობის უწყვეტად გასაგრძელებლად, სწრაფი რეაგირებით ალტერნატიული გზები გამონახეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც განვითარებაზე ორიენტირებული ყოველდღიური მუშაობით ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ძალისხმევას არ ზოგავენ და ამით სხვებსაც დიდ მოტივაციას სძენენ. 2020 წლის ბიზნესდაჯილდოების ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულებს ENTREPRENEUR-ი გაგაცნობთ.

AlterSocks-ი ორიგინალური, ფერადი და სახალისო წინდების ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც ყოველდღიურ ჩაცმულობას მეტ ფერადოვნებას ანიჭებს.

ბიზნესის წამოწყება რეზი ბესელაშვილმა და ნინა მენთეშაშვილმა 2015 წლიდან გადაწყვიტეს, რის შემდეგაც იდეის საქმედ გარდაქმნისთვის ძალისხმევა არ დაიშურეს და არაერთი მცდელობის შემდეგ, პირველი პროდუქტიც მიიღეს. წინდის პირველი დიზაინი ფიროსმანის "მებადურით" იყო გაფორმებული, რის შემდეგაც ტექნოლოგია და ხარისხი მნიშვნელოვნად დაიხვეწა. პირველ კოლექციაში 21 დიზაინი იყო, რომელშიც ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს 7-7 მოდელი ეთმობოდათ. თუმცა, შემდეგ მომხმარებლების ქცევაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ სჯობდა წინდები ერთიანი მიდგომით ეწარმოებინათ და არა სქესის ან ზომის მიხედვით. გადაწყვეტილებამ გაამართლა.

დღეს კი AlterSocks-ის პროდუქცია მრავალფეროვანი პოპულარული თემატიკით გაფორმებულ წინდებს წარმოადგენს, რომელსაც სხვადასხვა გემოვნების მქონე უამრავი მომხმარებელი სიამოვნებით ირგებს, მოსაწყენ წინდებს კი ალტერნატიული, თემატური წინდებით ანაცვლებს. AlterSocks-ს შეხვდებით თბილისის არაერთ სავაჭრო ცენტრში, ბათუმსა და უკვე ქუთაისში, რომელიც ყურადღებას მხიარული ფერებითა და საინტერესო ნახატებით იპყრობს. განსხვავებულ პროდუქციასთან ერთად კი, ბრენდი განვითარების საინტერესო სტრატეგიითაც გამოირჩევა. სწორედ AlterSocks-მა შექმნა საქართველოში წინდების პირველი "ვენდინგ"-მანქანა, რომელიც 2018 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული და მომხმარებლებს პროდუქციას ამ გზითაც სთავაზობს. გადაწყვეტილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. AlterSocks-ის წინდების შეძენა მსურველებს საზღვარგარეთაც შეუძლიათ. ამისთვის ონლაინსავაჭრო პლატფორმებს უნდა მიმართონ, მათ შორის ევროპულ და ამერიკულ Amazon-ს. 2020 წელი, ისევე, როგორც ყველასთვის, ამ კომპანიისთვისაც რთული აღმოჩნდა და მისგან სწრაფი, გონივრული რეაგირება მოითხოვა.

"მთავარი გამოწვევა არსებული სიტუაციიდან გამოძრომა იყო. ყველა ის მიმართულება, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, ექსპორტი, ზაფხულში ტურისტულ ნაკადზე მუშაობა, აეროპორტში განთავსებული წინდების "ვენდინგ"-მანქანა თუ კორპორაციული გაყიდვები, ფაქტობრივად გაჩერდა. მთავარი ადაპტაცია, ადგილობრივ თუ საექსპორტო ბაზარზე ონლაინვაჭრობის გააქტიურება იყო. მაგალითად, ჩვენს ფრანგ პარტნიორთან ერთად, გავაკეთეთ "ალტერსოქსის" ფრანგული ვებგვერდი და ელექტრონული კომერციის მიმართულებით დავიწყეთ გააქტიურება. ადგილობრივ ბაზარზეც, ყველა მსხვილ ონლაინ პლატფორმაზე ვიყიდებით, ასევე გვაქვს პირდაპირი გაყიდვები სოციალური მედიის საშუალებით, Wolt-იდან, ჩვენი საიტიდან და ა.შ. ასევე, საკმაოდ ბევრ ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიასთან ვითანამშრომლეთ კორპორაციული შეკვეთების მიმართულებით. გერმანიაში საკმაოდ კარგად ვიყიდებოდით და ჩვენი ბრენდი, წინდების ერთ- ერთი კატეგორიის #1 ბესტსელერი, ანუ ყველაზე გაყიდვადი ბრენდი გახდა. ახლა მთავარი გამოწვევა, ელექტრონულ კომერციაზე ადაპტირება და იმდენი შემოსავლის გენერირებაა, რომ თავი შევინახოთ და გაყიდვების უკეთეს დინამიკას მივაღწიოთ", − ამბობს რეზი ბესელაშვილი.

2021 წელს კი AlterSocks-ი მიზნად საზღვარგარეთ რაც შეიძლება ბევრი ახალი პარტნიორის შემატებას, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და საცალო თუ ონლაინსავაჭრო მიმართულებით უფრო უკეთესი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი