Get All Access for $5/mo

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე, იმაზე, თუ როგორ ვრეაგირებთ სოციალურ სირთულეებზე და როგორ ვიღებთ პირად გადაწყვეტილებებს. ადამიანები განვითარებული ემოციური ინტელექტით უფრო ეფექტიანად ურთიერთობენ, უმკლავდებიან სტრესსა და კონფლიქტებს და რაც მთავარია, შეუძლიათ ცვლილებებთან მარტივად ადაპტირება.

ემოციური სტაბილურობისა და პიროვნული განვითარებისთვის, ემოციური ინტელექტის მნიშვნელობას დღეს არაერთი ადამიანი იაზრებს. სწორედ ამიტომ, ემოციური ინტელექტის პრაქტიკოსმა (EQCP), პროფესიონალმა ქოუჩმა (PCC) და ტრენერმა თამუნა ჩიჩუამ, საქართველოში "ემოციური ინტელექტის სკოლა" დააარსა, რომელიც ადამიანებს ემოციური ინტელექტის ამაღლებაში ეხმარება. სკოლის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur-თან თამუნა ჩიჩუამ ისაუბრა.

თამუნა, როგორ დაიბადა ემოციური ინტელექტის სკოლის შექმნის იდეა?

მე თვითონ საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ და ამ მიმართულებით ცხოვრებაში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩენილვარ, ამიტომ ყოველთვის მაინტერესებდა ემოციური ინტელექტის ფენომენი − ემოციების შეგრძნების, მართვის, გამოხატვისა და სხვების მიმართ თანაგრძნობის საკითხები. შესაბამისად, როგორც პროფესიონალმა ქოუჩმა, სპეციალიზაციად ავირჩიე ემოციური ინტელექტი − 2017 წელს მივიღე სერტიფიცირებული EQ-ქოუჩის და ტრენერის აკრედიტაცია (EQCP) და შევქმენი ჩემი საავტორო პროგრამები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის გარდა, ასევე კონკრეტულად ქართული ბაზრის საჭიროებებსა და თავისებურებებს ითვალისწინებდა.

წლების განმავლობაში რეგულარულად ვატარებდი ამ პროგრამებს კორპორაციული კლიენტებისთვის − ქართული კომპანიების ლიდერებისა და მენეჯერებისთვის. პარალელურად, მუდმივად ვახორციელებდი ჩემი პროგრამების განახლებას/შევსებას ახალი კონცეფციებით, ნეიროფსიქოლოგიური მიგნებებით და პრაქტიკული სავარჯიშოებით. ტრენინგები მოწონებას იმსახურებდა და მონაწილეები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რამდენად საჭირო იყო ჩემი საავტორო პროგრამების გადატანა ღია, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ფორმატში.

თუმცა ცალკე კომპანიის გახსნის იდეა მაინც საკმაოდ სპონტანურად წარმოიშვა. 2022 წლის სექტემბერში ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კომპანიისგან მივიღე მოთხოვნა და მივხვდი, რომ თემის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, უკვე დროული იყო ცალკე, სპეციალიზებული ტრენინგ-კომპანია − ემოციური ინტელექტის სკოლა დამეარსებინა, რომელიც არა მხოლოდ ლიდერებს, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზებდა თანამედროვე გამოწვევების შესაბამის EQ-პროგრამებს, რომლებიც მაქსიმალურად გამოყენებადი და ეფექტიანი იქნებოდა.

თქვენ ახსენეთ საკითხის მნიშვნელოვნება. კონკრეტულად რა მიმართულებით არის ემოციური ინტელექტი აქტუალური დღეს ქართული საზოგადოებისთვის?

ემოციური ინტელექტი უპირველესად არის ზომიერება, ბალანსი ემოციებსა და აზროვნებას შორის, რისი დაცვაც დღევანდელ სტრესულ და ცვალებად გარემოში ძალიან რთულია და ამიტომ ემოციური ინტელექტის კომპეტენციებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სფეროსა და პროფესიის ადამიანებისთვის. EQ-განვითარება ეხმარება ადამიანებს უკეთესად გაერკვნენ საკუთარ თავში, მართონ თავიანთი ემოციები, იყვნენ უკეთესი კომუნიკატორები, მიიღონ დაბალანსებული გადაწყვეტილებები და შეძლონ ემოციების გამოყენება უკეთესი შედეგებისთვის − ჰარმონიული პირადი ცხოვრებისა და კარიერული მიღწევებისთვის.

გარდა ამისა, ემოციურ ინტელექტს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მთლიანად საზოგადოებისთვის − ეს ზრდის თანაგრძნობას და ურთიერთგაგებას სხვადასხვა ჯგუფს შორის, ხელს უწყობს სოციალურ ჰარმონიას და კონფლიქტების მოგვარებას. ადამიანები ვითარდებიან მშვიდ გარემოში, ახალ ხედვებსა და ინოვაციურ აზროვნებას ხელს უწყობს დადებითი ემოციების სიჭარბე. ამიტომაც, თანაგრძნობისა და ურთიერთგაგების გარეშე, შეუძლებელია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება, განვითარება და მისი პროგრესი. ემოციური ინტელექტი საზოგადოების წევრებს წინააღმდეგობრივ სიტუაციებთან გამკლავებაში, სანდო ურთიერთობების შექმნასა და ურთიერთთანამშრომლობაში ეხმარება, მნიშვნელოვანი საერთო საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად.

რა არის სკოლის მისია, ღირებულებები? რას სთავაზობს საზოგადოებას?

ემოციური ინტელექტის სკოლის მისიაა თანამედროვე, ხარისხიანი ტრენინგებისა და ქოუჩინგის საშუალებით ხელი შეუწყოს საქართველოში ინდივიდების პიროვნულ განვითარებას, გააუმჯობესოს ემოციური ინტელექტის კომპეტენციები მიზნობრივ ჯგუფებში და ამით გახადოს საზოგადოება ემოციურად უფრო დაბალანსებული, ენერგიული, მოტივირებული, ემპათიური და პროდუქტიული. სკოლის მთავარი ღირებულებებია ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული. ბალანსი, რადგან ემოციური ინტელექტი არის უპირველეს ყოვლისა ბალანსი გონებასა და გულს შორის, ბალანსი რაციონალურ აზროვნებასა და ემოციებს შორის. უპირობო სიყვარული − რომელიც გახლავთ მეგობრებს, თანამშრომლებს, მშობლებს, შვილებს, წყვილებს შორის ჯანმრთელი ურთიერთობის, მენტალური სიჯანსაღის გარანტი და გამოსავალი ყველა სიტუაციიდან. ავთენტურობა კი, რაც ასეთი დეფიციტური გახდა, არის კავშირი ნამდვილ "მე"-სთან − მოჩვენებითობის, მიბაძვისა და შეჯიბრის გარეშე − რაც არის ჰარმონიული ცხოვრების საწინდარი.

სამომავლოდ რას გეგმავთ? როგორი ხედვა გაქვთ ახალი სკოლის განვითარებისთვის?

უკვე ვმუშაობ ჩემი პროგრამის ადაპტირებაზე სხვადასხვა სპეციალიზებული სფეროსთვის, მაგ. მედიცინისა და განათლების მიმართულებით, რომელიც სხვადასხვა სამიზნე სეგმენტის გამოწვევებზე იქნება ფოკუსირებული. ამისათვის უპირველესად შევქმენი ემოციური ინტელექტის მოდელი, ჩარჩო, რომელზეც იქნება აგებული მთელი სწავლება. ოთხი ასპექტი, რომელზეც მექნება კონცენტრირებული ყურადღება, არის: 1) საკუთარი თავის ცოდნა და ყველაფერი, რაც უკავშირდება ადამიანის მიერ თავისი თავის შეცნობას; 2) საკუთარი თავის მართვა, რომელიც მოიცავს ემოციების ნავიგაციას, სტრესის მართვას და განწყობის რეგულირებას; 3) ადამიანის თვითმოტივაცია − შინაგანი ენერგიის წყაროს ძიება, ცხოვრებისეული ხალისის, ქმედების მუხტის შექმნა; 4) ჰარმონიული ურთიერთობები − კონფლიქტების პრევენცია, ემპათია, გულისხმიერება, კომუნიკაციური უნარები და სხვა აქტუალური საკითხები.

სამომავლოდ, გარდა საკუთარი საავტორო პროგრამებისა, ვგეგმავ სკოლის მოდელის ამ 4 მიმართულებით ჩავრთო ჩემი ადგილობრივი და უცხოელი კოლეგები, ქოუჩები და ტრენერები. თუმცა, სკოლა ჯერ განვითარების ეტაპზეა და გეგმებზე ნაკლებად ვსაუბრობ, რადგან ჩემი ხედვები დროდადრო იცვლება და გეგმების დაკორექტირებაც ჩვეულებრივზე ხშირად მიწევს. როგორც გამოცდილ ანტრეპრენერს, ეს ცვლილებები ენერგიასა და შემართებას კიდევ უფრო მმატებს და ვიმედოვნებ, შევძლებ სკოლის მისიის მაქსიმალურად რეალიზებას.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია